როგორ უნდა დამშვიდდეს ვითარება ციხეებში

როგორ უნდა დამშვიდდეს ვითარება ციხეებში

სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში ვითარება კვლავაც დაძაბულია. ქსნის #15 და #19 დაწესებულებებში პატიმართა ნაწილი შიმშილობას განაგრძობს. მათი ნაწილი ციხის ხელმძღვანელობის შეცვლას მოითხოვს, ნაწილი სამედიცინო პირობების გაუმჯობესებას, მედიკამენტების მიწოდებას და ციხის მთავარი ექიმის მოხსნას. ბოლო ხანებში დღე ისე არ გავა, რომ რომელიმე ციხეში სიტუაცია არ აირიოს. პარალელურად, სულ უფრო მეტი პატიმარი ლაპარაკობს ღიად წამების იმ ფაქტებზე, რაც ციხეებში ხდებოდა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. 6 ნოემბერს სწორედ ამ მოთხოვნით საგანგებო პრესკონფერენცია ერთ-ერთი პატიმრის, რატი რეხვიაშვილის დედამაც გამართა და თქვა, თუ როგორ აწამებდნენ მის შვილს ციხეში. სასჯელაღსრულების სისტემის ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დამნაშავეებს გამოძიება გამოავლენს და ისინი მკაცრად დაისჯებიან, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

საპროტესტო კერები ციხეებში ჯერ ისევ რჩება. 5 ნოემბერს, საღამოს, შიმშილობა გამოაცხადეს ორთაჭალის #1 საპყრობილის პატიმრებმა, თუმცა, როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, მალევე მიიღეს პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება. სამაგიეროდ, 6 ნოემბერს გაიზარდა ქსნის ციხეში, კერძოდ კი, #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში მოშიმშილეთა რაოდენობა. სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არეულობას არც ციხის შიგნით და არც მის გარეთ არ დაუშვებს. სუბარი ამბობს, რომ თუ რომელიმე ციხეში კონკრეტული დარღვევა გამოვლინდა, ყველა მკაცრად დაისჯება, მაგრამ ყოველ ჯერზე პატიმართა კონკრეტული ჯგუფის მოთხოვნებს ადამიანების თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებს:

”ძველი ადმინისტრაციიდან, ცხადია, სისტემაში დარჩნენ კადრები, მაგრამ 5000 თანამშრომელი რომ ერთბაშად გავუშვათ, სისტემა ჩამოიშლება. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ ვითარებას და ვახდენთ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვისი იქ ყოფნაც პატიმრებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს დროის ამბავია და ერთ და ორ დღეში ეს ვერ მოხდება. მაგრამ თუ ვინმეს, უბრალოდ, ის უნდა, რომ ისეთი დირექტორი ჰყავდეს, ვისაც თავის ჭკუაზე გაატარებს, ცხადია, ამას არ დავუშვებთ”.

ეს განცხადება სოზარ სუბარმა 5 ნოემბერს გააკეთა. იმავე დღეს რამდენჯერმე შეიცვალა ინფორმაცია ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის, ნუკრი ხუხუას, გადადგომის თაობაზე. პირამოკერილი პატიმრების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქსნის ციხეში სწორედ ხუხუას თანამდებობიდან დათხოვნა იყო. ციხის უფროსმა თავდაპირველად წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით შეცვალა:

”ახლა რომ წავიდე, შესაძლოა საზოგადოებას ეგონოს, რომ რამე დანაშაული მართლაც მიმიძღვის. მე თუ წავალ, შემდეგ სხვის გადადგომას მოითხოვენ, მერე კიდევ სხვის და ასე. ახლა აქ გენერალური ინსპექციაა ჩვენთან შემოსული, დაწყებულია მოკვლევა და როგორც კი რამე გამოიკვეთება, ნებისმიერი თანამშროლის ბრალეულობა, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ერთ ფაქტს მაინც იპოვიან ჩემი მხრიდან უმნიშვნელო გადაცდომის, გადავდგები კი არა, თუნდაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააყენონ ჩემი”.

როგორ უნდა დამშვიდდეს ვითარება ციხეში? ამ დრომდე ასეთია მთავარი კითხვა. როგორი იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა მიიღებს?

უფლებადამცველი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო დროს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტები აღარ დაფიქსირებულა, პატიმრები ძირითადად წარსულზე ლაპარაკობენ უფრო თამამად. თუმცა ციხეში იგივეს განმეორების შიში მაინც არსებობს - მით უმეტეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა კვლავაც ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული. სწორედ ამიტომ ნანუაშვილი ახალი ადმინისტრაციისგან მოელის რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს სასჯელაღსრულების სისტემა იმ პირებისგან, ვინც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ ახალ ხელმძღვანელობას ამისათვის გარკვეული დრო სჭირდება:

”სანამ გამოძიებას არ ექნება მასალები ციხის უფროსის თუ ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობის შესახებ, ასე ყოველდღე ადამიანების გადადგომა და შეცვლა შედეგს, ალბათ, ვერ მოიტანს. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოაცხადოს გარკვეული მორატორიუმი, რომ აქციები შეწყდეს და ახალ მინისტრს მიეცეს რაღაც კონკრეტული დრო, რომ მოაგვაროს პრობლემები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ შეგვიძლია საპროტესტო აქციაც მოვაწყოთ. კრიტიკას მე ამ სფეროში ვერავინ დამასწრებს და თუ დავინახავ, რომ არაფერი გაკეთდა, ჩუმად ნამდვილად არ ვიქნები”.

6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდა ხუთი პატიმარი ქალი - მათ შორის, ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, რომელსაც უფლებადამცველები პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ.