ქუთაისის პარლამენტის შენობას დააკონსერვებენ

ქუთაისის პარლამენტის შენობას დააკონსერვებენ

"დიდი კვლევა-ძიების მიუხედავად, ახალმა ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, რამდენი დაიხარჯა ახალი პარლამენტის აშენებაზე. გია ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ 400 მილიონამდე ლარია დახარჯული. ამის მიუხედავად, შენობა ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ათეულობით მილიონი ლარია საჭირო მისი დასრულებისთვის. მეოცნებეები ღიად ამბობენ, რომ, რომ პარლამენტს თბილისში დააბრუნებენ. ამისთვის მათ საკონსტიტუციო ცვლილება და შენობა სჭირდებათ. რუსთაველის გამზირზე ძველი პარლამენტის შენობა არ გაუყიდიათ, ოღონდ შიგ ისეთი მდგომარეობაა, კაცი იფიქრებს, იქ თემურ-ლენგმა შეიარა თავისი ამალით. გავრცელებული ინფორმაციით, იავარქმნილ პარლამენტის შენობას "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები შეარემონტებენ. ამასაც სერიოზული თანხები სჭირდება. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ უნდა გაიღოს "მაყუთი", ალბათ, ისევ საწყალ ბიუჯეტს მოუწევს ნაციონალების ნაცელქარის გამოსწორება", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ქუთაისის პარლამენტის შენობას დააკონსერვებენ.

"ნაციონალებმა პარლამენტის შენობისთვის ფული გუშინაც მოითხოვეს, ქუთაისის პარლამენტზე ისინი ხომ აფანატებენ. ეგ ღიად, თორემ გულში ისინიც სწყევლიან იმ დღეს, როცა სააკაშვილს თავში ეს იდეა მოუმწიფდა. ქუთაისში პარლამენტის არსებობას ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს აკაკი ბობოხიძე. ის ამჟამად საპარლამენტო უმცირესობაში ერთ-ერთ ფრაქციას უდგას სათავეში. მისთვის ძვირფას შენობაში გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა. ბობოხიძემ მეოცნებეებს ჰკითხა, საიდან აპირებთ იმ 15-20 მილიონის მოტანას, რომელიც პარლამენტს სჭირდებაო. მეოცნებეები ამ კითხვამ ფრიად გააკვირვა. ისინი საპარლამენტოდ არანაირი დამატებითი ხარჯების მოძიებას არ აპირებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, პარლამენტის ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც დასრულებული და ექსპლუატაციაში ოფიციალურად გადაცემული არ არის, შესაძლოა დაკონსერვდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"დავით საგანელიძის თქმით, არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა პარლამენტი ქალაქ ქუთაისში. არავინ არ იცის, იქნება ეს შენობა სასწავლო-საუნივერსიტეტო დაწესებულება თუ სხვა ფუნქციის ობიექტი. ამის გამო მეოცნებეები მიიჩნევენ, რომ შენობა შენარჩუნდეს ისეთი სახით, როგორც დღეს არის. წინა კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე გია ცაგარეიშვილმა თქვა, რომ ახალ პარლამენტს მარტო კომუნალური ხარჯებისთვის თვეში ასეულობით ათასი ლარის გადახდა მოუწევს! ამ თემაზე გუშინაც ისაუბრეს ბიუროს სხდომაზე. უმრავლესობა გაუმართლებლად მიიჩნევს ასეთი ხარჯების გაღებას. მეოცნებეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის აშენებაზე სახარჯული თანხების მიზანმიმართულობა უნდა შეისწავლოს. აქ ბევრი რამეა გასარკვევი. ამ თემაზე წინა კვირაში საგანგებო მოსმენა ზურაბ ტყემალაძემ გამართა, რომლის თქმით, ბევრი დარღვევაა აღმოჩენილი. ასეა თუ ისეა, ახალი პარლამენტის შენობა დაკონსერვდება. ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს პარლამენტის კონსერვი. ისე ეს შენობა გვერდზე წამოგორებულ სამლიტრიან ქილას კი ჰგავს", - დასძენს გამოცემა.