წყლის ტარიფის სარჩელმა სასამართლომდე ვერ მიაღწია

წყლის ტარიფის სარჩელმა სასამართლომდე ვერ მიაღწია

წყლის გაძვირების თემა პარლამენტს და საკრებულოს კედლებს ვერ გასცდა, არადა ოპოზიცია ყოველ დღე იქადნება, რომ სასამართლოს მიმართავს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ საკითხი დააყენა და მისი მიზეზების განმარტება ითხოვა. მეტიც, წყალზე ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ქდმ გადაწვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასაც გეგმავს.

 

„მოსახლებას ძალიან უჭირს და მათ ყოფას წყლის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ გთხოვთ, შესაბამის კომიტეტში მარეგულირებელი კომისიის წევრები და ინვესტორი მოვიწვიოთ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ განგვიმატონ, რატომ მოხდა ტარიფების გაზრდა“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

 

ამასთან ქრისტიან-დემოკრატებმა ენერგეტიკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ წყლისა და სხვა კომუნალური გადასახადის გადაუხდელობა ელექტროენერგიის მიწოდებაზე არ უნდა აისახოს.

 

„სანამ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, მოვითხოვთ, აღნიშნულზე მსჯელობა დაიწყოს პარლამენტში“, - ხაზი გასუვა ახვლედიანმა. დეპუტატის ამ განცხადების საფუძველზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დარგობრივ კომიტეტს დავალება მისცა, რომ ის წყლის ტარიფის გაზრდის საკითხით დაინტერესდეს.

 

წყლის ტარიფი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზეც. სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა წყლის ტარიფის გაზრდის აუცილებლობის დასაბუთება მოითხოვეს. ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფის შექმნაც მოითხოვა, რომელიც გაარკვევს, რის საფუძველზე იგეგმება დედაქალაქში წყლის ტარიფის მომატება.

 

როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ფლობს არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ წყლის ტარიფი ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ უნდა გაძვირებულიყო და მაქსიმალური ღირებულება 5,47 ლარი უნდა ყოფილიყო. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა.

 

ხიდაშელმა საკრებულოს წევრებს შესთავაზა, მოხდეს კომპანია

„ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერთან“ დადებული ხელშეკრულების გადახედვა და პირობების შეუსრულებლობისთვის მერმა კომპანიას სასამართლოში უჩივლოს. მან ამ საკითხის სხდომაზე განსახილველად დაყენება მოითხოვა.

 

„გაუგებარია, შეიცვალა თუ არა მერიასა და წყალმამარაგების კომპანიას შორის გაფორმებული პირობები, ხოლო თუ ისინი არ შეცვლილა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კონტრაქტის პირობები დაარღვია. მერიასა და წყალმომარაგების კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნულ კომპანიას ხუთი წლის განმავლობაში წყლის ტარიფის გაზრდის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ ძველი თბილისის საზღვრებში 24-სათიანი წყალმომარაგება იქნებოდა, გამოიცვლებოდა მილების 90% და გაუმჯობესდებოდა წყლის ხარისხი. ეს პირობები შესრულებული არაა. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების პირობები არ გადახედილა, გამოდის, რომ წყალმომარაგების კომპანიამ პირობები დაარღვია.

 

აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ტარიფი აღარ შეიცვლება, მათ უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა ეს შეთანხმება“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

თავის მხრივ, საკრებულოს „ნაციონალი“ წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი სემეკ-ის კომპეტენციას განეკუთვნება და საკრებულოს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

 

„წყლის ტარიფის გაძვირებას თავისი მიზეზები აქვს და ახალი ფასი კერძო კომპანიამ სემეკ-თან ერთად განსაზღვრა. შესაბამისად, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის შეღავათები შენარჩუნდება და მათ წყლის საფასურის 50%-ს კვლავ სახელმწიფო დაუფარავს.  ამასთან, უკვე 2012 წელს თბილისის ყველა უბანს წყალი 24-საათიან რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეს“, - განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ნინო თევდორაძემ.