ბაჩო ახალაიას დაიჭერენ?!

ბაჩო ახალაიას დაიჭერენ?!

"ადრე ეს კაცი ძებნილი არ ყოფილა, თორემ, რომ ყოფილიყო, დავაკავებდით! ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ჯერჯერობით, არანაირი სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. თორემ თუ თუ გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები და ფაქტები, ჩვენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმართ სამართალწარმოებას დავიწყებთ!", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბაჩო ახალაიას დაიჭერენ?!

"ჩვენ უნდა დავიცვათ კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მას არ დაუმტკიცდება დანაშაული. კი ბატონო - პრესით ან ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები არის იმის საფუძველი, რომ დავიწყოთ გამოძიება, ხოლო გამოძიების დაწყების შემდეგ საჭიროა მოვიპოვოთ კონკრეტული ინდივიდუალური მტკიცებულება - ეს მოხდა, ის მოხდა, ეს მოხდა - ამ წუთის მდგომარეობით ასეთი შედეგი არ გვაქვს და თუ მსგავსი შედეგი გვექნება, აუცილებლად ვიმოქმედებთ! იცით ალბათ, ჩემს უწყებაში რეორგანიზაციის პროცესი მაქვს დაწყებული, რომელიც ხვალ მთავრდება და ჯერჯერობით მსგავსი გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა სტრუქტურაში თქვენი საგაზეთო მასალის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია! ამჟამად კი ეს ადამიანი ჯერჯერობით თავისუფალია, - ამ რეალობის წინაშე ვართ!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.

"გეთანხმებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევაა იმდენად, რამდენადაც ვიმოქმედებთ თუ არა კანონის შესაბამისად! სხვა ტიპის მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება სერიოზული შეცდომა და ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი გვავალდებულებს. ყველაფერი, თვით გონივრული ეჭვიც უნდა მოდიოდეს მტკიცებულებიდან - მტკიცებულება თუ არ არის, პირს ვერ დავაკავებთ და ამ ეტაპზე ჩემს უწყებაში, მსგავსი მტკიცებულება, როგორც გითხარით. ჩვენ არ გვაქვს. გასაგებია, რომ საზოგადოება ბაჩო ახალაიას საქართველოში შემოსვლას განგაშით ხვდება, საზოგადოებას უფლება აქვს, იყოს შეშფოთებული, იყოს მიკერძოებული, მაგრამ მე არ მაქვს მიკერძოების და შეშფოთების უფლება. მე უნდა ვიმოქმედო კანონის შესაბამისად", - განმარტავს რესპონდენტი.

"არავითარი განხილვები ამასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდში არ არსებობს. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და არავის დაურეკავს. არ ვიცი ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ბაჩო ახალაიასთან ასეთი სამართლებრივი სიტუაციაა. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალაიაზე რამე ტიპის ინდულგენციაა გაცემული. თუ ხვალ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ გვექნება კონკრეტული ფაქტი, მაგრამ მე არ ვიცი რა იქნება ხვალ! ბაჩო ახალაიას შესახებ საზოგადოებაში რა აზრიც არსებობს, ამაში არც ახალი ხელისუფლებაა დამნაშავე და არც სხვა ვინმე. ეი. საზოგადოება ასე მიიჩნევს საჭიროდ დაამას ვერავინ უშველის", - დასძენს არჩილ კბილაშვილი და შეკითხვას - "თუ საზოგადოება ითხოვს ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას და "ამას ვერავინ ვერ უშველის"! მაშინ როგორ იქნება საქმე?" - პასუხობს:

"საზოგადოება რომ ითხოვს, გასაგებია, მაგრამ საზოგადოება რასაც ითხოვს, ის რომ ჩვენ გავაკეთოთ, მაშინ ახალაია უნდა გავასამართლოთ ლინჩის წესით. კონკრეტული საქმისა და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არაფერი გამოვა და ამაზე ლაპარაკი მორჩა. რაც გინდა უარყოფითი მუხტი იყოს საზოგადოებაში ბაჩო ახალაიას მიმართ, კანონი ამ განწყობის ქვემდებარე ვერ გახდება! მე არ ვიხილავ საკითხს ასე - "ბაჩო ახალაია დაუსჯელი დარჩება". კანონის მიხედვით, როგორც იქნება, ისე იქნება. როცა გვექნება შესაბამისი მონაცემები, ბაჩო ახალაიას კი არა ნებისმიერს დავსჯით... ახალაია საქართველოში რომ შემოვიდა და მე ის დამეჭირა, რა უნდა გვეთქვა - საზოგადოებაში ეგ აზრი არის და ამიტომ ვიჭერ-მეთქი? მოგეწონებოდათ ეგ პასუხი?"