ის, რაც მთელმა საქართველომ იცის «ნაციონალების» ხელისუფლების სამარცხვინო და კრიმინალურ ქმედებებზე, ბენდუქიძემ არ იცის. არ იცის და ... !
კარგა ხანს ვიფიქრე, გამოვხმაურებოდი თუ არა ამ გადაცემას, ანუ «პრეს-პრესში» სტუმრად მიწვეული ისეთი ადამიანის მოსაზრებებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში აშკარად გამოირჩევა თავისი «დახვეწილი» ლექსიკით. ბენდუქიძის «ზრდილობის გაკვეთილებს» შეჩვეულია ტელემაყურებელი, მაგრამ ამჯერად მან ყველა ზღვარს გადააბიჯა არა მარტო ჟურნალისტების მიმართ, არამედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიმართაც. 20 ოქტომბრამდე, ჭკუით გატენილი თუ არა, არც უჭკუო კაცი მეგონა ბენდუქიძე, ჟურნალისტების კითხვებზე გაცემულ პასუხებში კი უზრდელობასთან ერთად იმდენი ტყუილი და სისულელე გადმოაფრქვია პროფესორმა კაცმა (არადა, სულელებს სხვებს ეძახის), რომ გაჩუმება გამიჭირდა და გულის მოფხანვა მომინდა.
მხოლოდ უცოდინრობისთვის და, გნებავთ, «სიტყვა-პასუხისთვისაც» ნამდვილად არ ვაკადრებდი არაკორექტულ გამოთქმებს უნივერსიტეტის რექტორს, მას რომ ძალიან შორს არ შეეტოპა და ყველა ჩვენგანისთვის, ვინც «ქართულ ოცნებას» დავუჭირეთ მხარი, ის შეურაცხყოფა არ მოეყენებინა, რომელზეც წერილის ბოლოს მოგახსენებთ. აქვე კი იმას აღვნიშნავ, რომ მისი პირიდან «შემკობის» ბედნიერება, აქტიურობის პროპორციულად, წილად ხვდა ორ ჟურნალისტს _ წამყვან დიანა ტრაპაიძესა და შორენა შავერდაშვილს (რატომ იტანენ ამდენ შეურაცხყოფას ჟურნალისტები მისგან, ჩემთვის სრულიად გაუგებარია!). ბენდუქიძის ლექსიკის გათვალისწინებით, ვერაფრით წარმომიდგენია მისი ურთიერთობა სტუდენტებთან – მთელი ტელეგადაცემის მანძილზე არცთუ მოუმზადებელი ჟურნალისტების თითქმის ყოველ კითხვას «სისულელედ» აფასებდა და, დავიჯერო, სტუდენტები ამ ჟურნალისტებზე უფრო ჭკვიანურ შეკითხვებს უსვამენ მას ლექციებზე?! დარწმუნებული ვარ, შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით, კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავს (აბა, რომელი თავმოყვარე ბიჭი აიტანს გოგოების წინაშე დამცირებას!) და რაიმე საკითხზე პაექრობა-კამათი, პრაქტიკულად, ხომ გამორიცხული იქნება ამ გაუწონასწორებელ «პედაგოგთან»!
სწორედ ამ მიზეზების ერთობლიობა უფლებას მაძლევს შესაფერისი(!) პასუხი გავცე მართლა ფულისგან გაფუჭებულ და თავგასულ კახა ბენდუქიძეს. ვფიქრობ, შესავლად კმარა, საქმეზე გადავალ. ცხადია, ბენდუქიძის მიერ ერთი საათის განმავლობაში გაცემულ ყველა პასუხს ვერ განვიხილავ, მხოლოდ გამორჩეულად «ჭკვიანურზე» და დასაბუთებულზე (მისი ჭკუით!) შევჩერდები და მკითხველი ადვილად დარწმუნდება მის პატიოსნებაში, გულწრფელობაში, ანალიზის უნარსა და ლოგიკურ აზროვნებაში. მაშ, ასე:
«საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ივანიშვილისთვის აბსოლუტურად სწორად იყო გაკეთებული». მხოლოდ ბოღმის «ბუკეტი» ან ბრმა და ყრუ უნდა იყოს ამის მთქმელი! მეტ კომენტარს ეს ფრაზა არ საჭიროებს.
«ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებები ჩემთვის არ არის ცნობილი» (წინასაარჩევნო პერიოდზეა ლაპარაკი). ის, რაც მთელმა საქართველომ იცის ხელისუფლების სამარცხვინო და კრიმინალურ ქმედებებზე, ბენდუქიძემ არ იცის. არ იცის და ...! აჰ, უკაცრავად, შემეშალა – ეს გამოთქმა მაშინ იხმარება, როცა ზედმიწევნით «კარგად» ერკვევა კაცი რამეში. მაგრამ არა უშავს, ქვემოთ გამოვასწორებ, საკადრის ადგილას!
«თვალს არ ვადევნებდი წინასაარჩევნო კამპანიას, რატომ უნდა დავაკვირდე, მე ვიცოდი, ვის ვაძლევდი ხმას». და ამიტომაც არ სცოდნია თურმე ხელისუფლების უკანონობაზე არაფერი. სამაგიეროდ, აკვირდებოდა გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებს რუსეთში, სადაც, ბენდუქიძის მტკიცებით, საერთაშორისო დამკვირვებლებიც კი არ დაუშვიათ. მართლა სულელი ჰგონია ბენდუქიძეს ყველა, თორემ ვინ დაიჯერებს, რომ იქ, სადაც მისი სათაყვანებელი «ნაცმოძრაობის» და, დიდი ალბათობით, მისი საკუთარი(!) ბედიც წყდება, იგი თვალს არ ადევნებს წინასაარჩევნო კამპანიას და მხოლოდ რუსეთში მიმდინარე ანალოგიური პროცესებით ინტერესდება! ეს, რაც გულწრფელობას შეეხება.
ახლა საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით თქმულ ტყუილზე. გადაცემაში მონაწილე არც ერთი ჟურნალისტი არ იყო რუსეთის ამბების საქმის კურსში, თორემ ბენდუქიძის ტყუილში გამოჭერას რა უნდოდა (სამწუხაროდ, ჩვენთან ობამა-რომნის დებატებზე უფრო მეტი იციან, ვიდრე ის, რაც მეზობლად ხდება).
სინამდვილეში, საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში აკვირდებოდა 685 აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებელი 20-ზე მეტი სახელმწიფოდან, რომელთაგან ბევრს ზედმეტადაც კი მოეჩვენა თავიანთი ყოფნა საარჩევნო უბნებზე _ იმდენად გამჭვირვალედ, ყველას თვალწინ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!) ტარდებოდა არჩევნები. საქმე ისაა, რომ 95 ათასი უბნიდან 91 ათასზე დამონტაჟებული იყო 182 ათასი ვებ-კამერა (ორ-ორი თითოეულ უბანზე) და ინტერნეტით შესაძლებელი იყო ნებისმიერ უბანზე დაკვირვება! ბენდუქიძის საქებარმა სააკაშვილმა კი, რუსეთისგან განსხვავებით, საერთოდ მოხსნა ვიდეოკამერები (მკითხველს შევახსენებ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 3600 უბნიდან მხოლოდ 1200-ზე იყო დამონტაჟებული თითო კამერა, 2012-ში კი ესეც აკრძალა ბენდუქიძის საამაყო რეფორმატორმა პრეზიდენტმა)! აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმასაც, რომ უცხოეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის (1,8 მილიონისთვის) 147(!) ქვეყანაში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები, საქართველოს ხელისუფლებამ, ანუ სააკაშვილმა კი ერთი(!) უბანი არ გახსნა რუსეთში მყოფი ერთ მილიონამდე(!) თანამემამულისთვის! და, სადაც გახსნა, თითებზე ჩამოსათვლელ სახელმწიფოებში, იქაც იმამაძაღლა _ ზოგან ჩაშალა არჩევნები კომისიის წევრის არგამოცხადების საბაბით, ზოგან კი დარეგისტრირებული(!) მოქალაქეებიც არ შეიყვანა სიებში!
ბენდუქიძეს ეკითხებიან ხელისუფლების მიერ წართმეულ წილებზე, ბიზნესებზე (ასეთი საქმეები 2500-ზე მეტია და მას, ხელისუფლებისთვის ნამუსის მოსახოცად მაგალითად მოჰყავს ვიღაც მაქინატორი(!), რომელმაც შევარდნაძის დროს 1,5 ჰა მიწა შეიძინა სახელმწიფოსგან, მერე მძიმე ამოშალა და 1,5-ის ნაცვლად 15 ჰა მიითვისა.!) სხვა მაგალითი, წესიერი კაცის მაგალითი, ვისაც ქონება წაართვეს, ბენდუქიძემ არ იცის. თქვენ წარმოიდგინეთ და, არც «იმედის» წართმევის შესახებ სცოდნია არაფერი! რა გინდათ, ამხელა კაცი ტყუილს ხომ არ იკადრებს, გვეუბნება, არ ვიციო, არ იცის და...! აჰ, ისევ შემეშალა, ისევ უადგილო ადგილას ვიხმარე!
თავისი მოსაზრების გასამყარებლად რომ ხელისუფლება ქონების უკანონოდ მიმთვისებლებს სჯიდა მხოლოდ, ბენდუქიძემ კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა _ გადასახადების დაფარვის გამო შევარდნაძის სიძის დაჯარიმების. როგორც მომდევნო დღეებში პრესიდან გაირკვა, ესეც ამ მულტიმილიონერი კაცის ტყუილი ყოფილა, რომელიც, ნაცვლად იმისა, ივანიშვილისგან იღებდეს მაგალითს და საკუთარ გაჭირვებულ ხალხს, სახელმწიფოს ეხმარებოდეს, პირიქით იქცევა _ აქეთ იძენს ხალხის ქონებას სააკაშვილის დახმარებით, მუქთად!
კაცი რომ ერთხელ აიღებს სინდის-ნამუსზე ხელს, მერე იმისგან არაფერია დასაჯერებელი. ამიტომ მე, უცნობ მაქინატორზე მონაჩმახი ამბავიც ბენდუქიძის მორიგი ტყუილი მგონია, და აი, რატომ: როგორ დაიჯეროს ნორმალურმა ადამიანმა, რომ ყიდვა-გაყიდვის ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში მიწის ფართობი მხოლოდ ციფრებში იყო მოცემული და სიტყვიერად არ იყო მითითებული ფრჩხილებში, ეს ყოვლად წარმოუდგენელია! და მეორეც, ასეთი ლაფსუსი რომც ყოფილიყო დაშვებული საბუთის გაფორმებაში, ის მაქინატორი რაღა მძიმის წაშლა-ამოფხეკას დაიწყებდა, ადგებოდა და 1,5 ჰა-ის წინ 1-იანს ან 2-იანს ჩაამატებდა, ეს ხომ გაცილებით ადვილი იქნებოდა და, თან, ძნელად შესამჩნევიც! ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, არ იცის გვარით ქართველმა კაცმა?!
«თუ დენზე ფასი შემცირდა, გათიშვები გარდაუვალია», _ კატეგორიულად აცხადებს ბენდუქიძე. მისი აზრით, დღესდღეობით, ყველა ხარჯების გათვალისწინებით, ზუსტად იმდენს გვახდევინებენ, რამდენსაც უნდა გვახდევინებდნენ და არც ერთი თეთრით მეტს. ჩვენ კი თურმე ცილს ვწამებთ ამ პატიოსან ხელისუფლებას! ჰოდა, რომ გაგვიიაფებენ, მერე ნახავთ, უშუქოდ რომ ვიჯდებით ბნელში, გვაფრთხილებს ჩვენს მომავალზე მაფიქრალი და ღამენათევი ეკონომისტი და მოდი ნუ დაუჯერებ, იცის კაცმა ენერგეტიკაც, იცის და ...!
არავინ იფიქროს, ვინმეს დაუმსახურებლად რამის ცოდნას ვაბრალებდე! არა, ბატონებო, მხოლოდ ფაქტები და სხვა არაფერი, ფაქტების გარდა! დენის ტარიფების გარდა საწვავის (ბენზინის) ფასწარმოქმნის მექანიზმებიც თავისი ხუთი თითივით სცოდნია ამ ყველას და ყველაფრის დამცინავ კაცს (ამის და ამისთანების დასაცინი რომ გავხდით, სწორედ ესაა ჩვენი დაგლახების მაჩვენებელი!). ბენდუქიძის აზრით, «მონოპოლიები გველანდება», რადგანაც საწვავის ერთნაირად(!) მაღალი ფასები საქართველოში თურმე არაა გამოწვეული მონოპოლიის არსებობით. მონოპოლიები, საერთოდ, ჩვენ ყველას _ სულელებს გველანდება და იმიტომაც გააუქმა ამ მიხვედრილმა კაცმა ანტიმონოპოლიური სამსახური ეკონომიკის მინისტრად ყოფნის პერიოდში. იმ ქვეყნებს, რომლებშიც ანტიმონოპოლიური კანონი მოქმედებს, სად ჰყავთ ბენდუქიძისნაირი ჭკუის კოლოფი ეკონომისტი, ერთი მაინც, თორემ ხომ აყვავდებოდნენ ისინიც ჩვენსავით!
«რატომ გიკვირთ მაღალი და ერთნაირი ფასები ბენზინზე, უსინდისობაა, ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალო. გინახავთ ქვეყანა, სადაც ბენზინზე ფასები სხვადასხვაა?»
ბენზინის სიძვირეს ჩვენთან (მსოფლიო ფასების მიუხედავად), ბენდუქიძე, აი ასე პრიმიტიულად ხსნის _ კომპანია ძვირად ყიდის, როცა მაღალია მსოფლიო ფასები და ძვირად ყიდის მაშინაც, როცა ძვირად აქვს შემოტანილიო, თუნდაც საწვავის ბაზარზე ფასებმა დაიწიოსო. მან ისიც ვერ მოტვინა, რომ სულელებისთვის განკუთვნილი ამ მაგალითით თავის პირით დაადასტურა საწვავზე მონოპოლიის არსებობა! დაადასტურა, რადგანაც ისეთი შეუსაბამობა მსოფლიო ფასებთან, როგორიც საქართველოშია, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი _ როცა საწვავზე ფასებს ერთი კომპანია აწესებს, ვინაიდან არაფრით არ შეიძლება ყველა კომპანიას ერთნაირად ძვირად და ერთ დროს ჰქონდეს შეძენილი საწვავი. ცხადზე უცხადესია, რომ ზოგს ძვირად ექნება ნაყიდი, ზოგს იაფად და ზოგსაც _ საშუალო ფასებში, და ამიტომაც ფასები განსხვავებული იქნება, თუ არ მოხდა, რა თქმა უნდა, შეთანხმება კომპანიებს შორის, ან თუ ყველა კომპანიას ერთი მეპატრონე არ აკონტროლებს. ზუსტად ამაზე მიუთითა ბენდუქიძეს შორენა შავერდაშვილმა, რომელიც ვაჟკაცურად არ ეპუებოდა მისთვის გამეტებულ ბენდუქიძისეულ «ეპითეტებს» და მწვავე კითხვებსაც უსვამდა გაწიწმატებულ სტუმარს. ისე, ჩემი აზრით, ბიზნესთან დაკავშირებით «ბიზნეს-კურიერის» წამყვანს, ერთადერთ მამაკაცს, გოგიჩაიშვილს უნდა ეაქტიურა, მაგრამ მას არც სხვა თემებზე საუბრისას გამოუჩენია მაინცადამაინც თავი, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იგი ხელისუფლების ქმედებების «გასაპრავებლად» უფრო იყო მისული გადაცემაში, ვიდრე მონოპოლიების თაობაზე კრიტიკული კითხვების დასასმელად.
შეკითხვით: «ვინმეს უნახავს ქვეყანა, სადაც ბენზინზე ფასები სხვადასხვაა?», ბენდუქიძემ, შეიძლება ითქვას, «იკაიფა». როცა ნახა, რომ პასუხს ვერავინ ვერ სცემს, ნასიამოვნები თავისი მიგნებით, მიაწვა და მიაწვა შეცბუნებულ ჟურნალისტებს _ გინდა თუ არა, მიპასუხეთ ამ კითხვაზეო. მერე კეთილი ინება და «ახსნა» ფასწარმოქმნა ბენზინზე _ განსხვავებული ფასები ამერიკის შტატებში და სხვადასხვა ქვეყანაში «მიტანის მანძილით» აიხსნება, თორემ ერთ შტატში ან ერთ ქვეყანაში ფასები არ არის სხვადასხვაო. თქვა და ისევ გამოიჭირა საკუთარი თავი ორ რამეში ერთდროულად! უცოდინარობაში (ან ტყუილში!) და წინააღმდეგობრივ მსჯელობაში. საქმე ისაა, რომ ერთ შტატში კი არა, ერთ ქალაქშია განსხვავებული ფასები (10-15 ცენტი ლიტრზე!) იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანიისაა ბენზინგასამართი სადგური! უფრო მეტიც, ერთსა და იმავე კომპანიას აქვს განსხვავებული ფასი ქალაქის ცენტრსა და გარეუბანში!
რაც შეეხება ბენდუქიძის წინააღმდეგობრივ მსჯელობას, მისეული ფასწარმოქმნის წესით სომხეთში არაფრით არ შეიძლება უფრო იაფი იყოს ბენზინი, ვიდრე საქართველოში, რადგანაც, გარდა «მიტანის მანძილში» არსებული სხვაობისა, სომხეთს დამატებით უწევს პორტისა და რკინიგზის მომსახურების არცთუ პატარა ხარჯების დაფარვაც! ეს პარადოქსული მოვლენა, ყოვლისმცოდნე ეკონომისტმა ბენდუქიძემ აქციზის მაღალი გადასახადით ახსნა _ «50 თეთრია მარტო აქციზის გადასახადი ჩვენთან»-ო! წარმოგიდგენიათ, როგორი უგუნური ხელისუფლება და ბიზნესმენები ჰყოლიათ სომხეთში, რომ, მიუხედავად ამხელა გასავალისა, რაც სომხების ჯიბიდან გადის და სომხეთის ყულაბას აკლდება (ჩვენ შემოსავლებს კი, პირიქით, ემატება!), ვერ მოიფიქრეს, აქციზის გადასახადის სათანადოდ გაზრდა და ამის ნაცვლად (ჩვენს ჯინაზე, ცხადია!), ბენზინს მაინც შედარებით იაფად ყიდიან! უგუნურები სომხეთშია თუ ნამუსგარეცხილები – საქართველოში, ამას მკითხველი ადვილად გადაწყვეტს ყველაფრის (ნამუსის ჩათვლით!) გამყიდველი ადამიანის დახმარების გარეშეც!
ახლა გაკვრით _ ბენდუქიძის მიერ გადაცემაში გამოთქმულ ეკონომიკურ ხედვებზე. ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპების ორჯერ შემცირებას (2007 წელთან შედარებით) იგი, ინვესტიციების პროპორციულად, ორჯერ შემცირებით ხსნის, მაგრამ თავად ინვესტიციების შემცირების მიზეზებს _ ვერა. ამ დროს, ყველანაირი ლოგიკით, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახდა მსოფლიოში ბიზნესის წამოწყებისა და კეთების კუთხით (აკი, მსოფლიო ბანკის რეიტინგითაც მეცხრე ადგილზე ვართ!), ინვესტიციები საგრძნობლად უნდა გაზრდილიყო და არა – პირიქით. ამ პარადოქსის ახსნა ბენდუქიძეს არ აქვს, თუმცა გვარწმუნებს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად «უფრო ღრმა (!) რეფორმები უნდა განგვეხორციელებინა» თურმე. სამწუხაროდ, რა სიღრმის, არ გვეუბნება! იგი არც იმას გვეუბნება, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელიც რუსეთსაა(!) მიჯაჭვული და არა – ამერიკას ჩვენსავით, უფრო მეტი ინვესტიციაა შესული, ვიდრე – საქართველოში (დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი ერთ სულზე გადაანგარიშებით!) და რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტიც (ასევე ერთ სულზე) საკმაოდ აჭარბებს ჩვენსას! არადა, 10 წლის წინ, ამ მონაცემებით სომხეთი ჩამორჩებოდა საქართველოს! მაგრამ ასეთი «წვრილმანების» ახსნა ბენდუქიძეს ხელს არ აძლევს!
სამაგიეროდ, იგი რიხით აცხადებს, რომ სოფლად დასაქმებულია მოსახლეობის 100%. ეკონომისტი კაცი (დავიჯერო ВАК-მა, საბჭოთა კავშირის დროს არსებულმა უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა მას რაიმე ხარისხი?!) დასაქმებულს უწოდებს ისეთ გლეხს, რომელიც პატარა ნაკვეთსაც ვერ უვლის (უწყლობის, უფულობის, საწვავის, სასუქის, პესტიციდების, სათესლე მასალის უქონლობის გამო) და, საძოვრების გარეშე დარჩენილი, ერთ ძროხაზე მეტის ყოლის უფლებასაც ვერ აძლევს საკუთარ თავს და, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50%-ს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც ვერ ქმნის!
სხვა თუ არაფერი, სირცხვილია ამ ხალხს დასაქმებული უწოდო, მით უმეტეს, როცა იცი, რომ სახელმწიფოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის 80% იმპორტირებულია!
სამარცხვინოა ისიც, რომ ბენდუქიძე ასევე დასაქმებულად მიიჩნევს ქალაქად «მომუშავე» უმაღლესი განათლების მქონე იმ სპეციალისტებსაც, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და ოჯახის სარჩენად საკუთარი მანქანებით «ტაქსაობენ».
როგორც ზემოთ ვნახეთ, მეტად დასამახსოვრებელი აზრები გადმოაფრქვია ბენდუქიძემ, მაგრამ ერთ-ერთ კითხვაზე პასუხით მართლა «დახურა», თავის თავსაც გადაახტა ლოგიკაში, შორსმჭვრეტელობაში, ერთგულებაში და უზრდელობაში ხომ გადაახტა და გადაახტა! ამიტომ ეს კითხვა-პასუხი ბოლოსთვის შემოვინახე.
კითხვა: _ მაინც რატომ მიეცით ხმა «ნაციონალურ მოძრაობას»?
პასუხი: _ იმიტომ, რომ მოხდა მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების.
სულ ვფიქრობდი, როგორ იშოვა ამ კაცმა მილიონები-თქო, მაგრამ ამ პასუხის შემდეგ დავრწმუნდი _ თითოეული დოლარი (რუბლი) საკუთარი ჭკუით და მხოლოდ ჭკუით აქვს ნაშოვნი! ჭკუა ჭკუად და როგორი ერთგულიც ყოფილა ნაცების, პირდაპირ გული აგიჩუყდება! კაცმა იცოდა, რომ «ნაცმოძრაობა» სასტიკად (მისთვის ვიტყვი _ «პაზორნად») დამარცხდებოდა არჩევნებში და ხმა მაინც მას მისცა! ე. ი. მხარი დაუჭირა არა რაიმე დამსახურებისთვის, არამედ, როგორც ეს მან გადაცემაში რამდენიმეჯერ(!) და ერთნაირად(!), ყველა შტერი ნაციონალისთვის გასაგებად(!) განმარტა, _ «ჯამური შედეგისთვის, რომ ხელისუფლება არჩევნების წაგების შედეგად წავიდა», რომ «შედგა უზარმაზარი პოლიტიკური ნაბიჯი». მიმიქარავს ამასთან «ნაციონალების» ლოგიკა, ერთად აღებული! მაგრამ ბენდუქიძე რის ბენდუქიძე იქნებოდა, აქ შეჩერებულიყო! «ეხლა, _ გააგრძელა მან, _ ამ ნაბიჯის შედეგად რომ განავალში ჩავაბიჯეთ, ნუ, ეს მეორე პრობლემაა»! «ანუ ხელისუფლების შეცვლა არის განავალში ჩაბიჯება?» _ აზუსტებს წამყვანი ტრაპაიძე. პასუხი: «ნუ, რა მოხდა მერე, გადავაბიჯებთ»!
ბენდუქიძემ თავს უფლება მისცა და საჯაროდ, ტელეეკრანიდან გასაგებად გვითხრა «ქართული ოცნების» მომხრეებს, რომ «ქართული ოცნების» არჩევით «განავალში ჩავდგით ფეხი», ანუ «ქართული ოცნება» ხომ განავალია და განავალი, მაგრამ ამ არჩევანით, ამ «ფეხის ჩადგმით», უკვე ჩვენც გავისვარეთ და ჩვენც იგივენი გავხდით! ლოგიკაში ხომ მხეცია ბენდუქიძე, შედარებაშიც უბადლოა, ზრდილობას კი ნუღა იკითხავთ _ ცარიელი ზრდილობაა, ოღონდ სავსე ჩეჩმა უდევს ჩიჩაყვში და პერიოდულად თავისუფლდება პირიდან. უკვე ნამდვილად აღარ მიკვირს, ასეთი და ამდენი თვისებებით შემკულ-გადავსებული კაცი დიდი პატივით რომ სარგებლობდა მისნაირებში, ანუ მასავით სუფთა ნაცებში და მათ ტვინგამორეცხილ მხარდამჭერებში. სავსეა კაცი «პატივით» და ჩვენთვისაც არ იშურებს მას, ოღონდაც ერთი გენიალური შეგონება ავიწყდება – «რასაცა გასცემ, შენია...» ალალ მისი! ალალ მისი! შეარგოს!
P.S. ეს წერილი, რა თქმა უნდა, უტოპიური მიზნისთვის, ბენდუქიძის გამოსასწორებლად არ დაწერილა. უბრალოდ, მას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ლანძღვა-გინება, მართალია, ძალზე ადვილია და ნებისმიერს ეხერხება (მათ შორის, მეც!), მაგრამ გამუდმებით და საჯაროდ ყველას მისამართით თქმული არავის არ ეპატიება და რომ ხანგრძლივ «ვალს», ადრე თუ გვიან, ორმაგად აბრუნებენ!