მგზავრობის მასობრივი გაძვირება - ფასი გაიზარდა თითქმის ყველა მიმართულებით

მგზავრობის მასობრივი გაძვირება - ფასი გაიზარდა თითქმის ყველა მიმართულებით

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ფასები ნახტომისებურად გაიზარდა. ძვირდება არა მარტო მიკროავტობუსებით მგზავრობა, არამედ შორ მანძილზე მოძრავი კერძო ტაქსების მომსახურება. საწვავის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი გაიაფების შემდეგაც დიდი ალბათობით მგზავრობის ტარიფს არავინ გააიაფებს.

„დიდუბის ავტოვაგზლის“ ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან თბილისი-ტყიბულის მიმართულებით მგზავრობის ფასი 10-დან 14 ლარამდე გაიზარდა. ბოლო პერიოდში გაზრდილი ტარიფით მოძრაობენ სამეგრელოსა და იმერეთის მიმართულებით მოძრავი სხვა მიკროავტობუსებიც. მაგალითად, წალენჯიხის მიმართულებით მგზავრობის ფასი 15-დან 20 ლარამდე გაიზარდა, ხონის მიმართულებით კი - 12-დან 15 ლარამდე.

2018 წლის შემდეგ ჯერ არ გაძვირებულა თბილისი-ქუთაისის მიმართულება (12 ლარი); ასევე, 12 ლარი ღირს წყალტუბოში მგზავრობა. ბათუმის მიმართულებით კი, მგზავრობის ფასი 20 ლარია. რაც შეეხება თბილისი-გორის მიმართულებას, ამ ხაზზე მძღოლებმა მგზავრობის ფასი 3-დან 4 ლარამდე წელს, გაზაფხულზე გააძვირეს.

უფრო ადრე მოიმატა ფასმა ზუგდიდი-თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობაზე და ის ერთბაშად 5 ლარით გაძვირდა. კარგა ხანია სადგურიდან მიმავალი ტრანსპორტის მგზავრებს 15-ის ნაცვლად 20 ლარის გადახდა უწევთ. როგორც მძღოლები ამბობენ, საწვავზე ფასის გაზრდის გამო იძულებული გახდნენ, მომსახურების ღირებულება თავადაც გაეზარდათ.

პირველად კი გაძვირების „სეზონი“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა გახსნეს. ჯერი კიდევ აგვისტოში ორ ქალაქს შორის მიმოსვლის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

როგორც „დიდუბის ავტოვაგზლის“ გენერალური დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, ტარიფების გაზრდა მძღოლების მომართვის საფუძველზე მოხდა. მიზეზად კი, სავალუტო რყევა სახელდება.

„ფასი დამოკიდებულია მძღოლებზე, რადგან მანქანა მათია და ხარჯებიც მათზეა. თუ მოითხოვენ ფასების ზრდას, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით. ტყიბულის მიმართულებით მგზავრობა 10 ლარი ღირდა, მაგრამ 1 ოქტომბრიდან 14 ლარი გახდა. ტარიფების ზრდა შეთანხმებულად, სადგურებთან თანამშრომლობით ხდება. ამ გაძვირებას თვენახევრიანი კონსულტაციები უძღოდა წინ. გაყიდული ბილეთებიდან ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ 20%-ს, დანარჩენი 80% არის მძღოლის.

ამ ეტაპზე ოფიციალურად მეტი მომართვა არ გვქონია, ამიტომ ვერ გეტყვით კონკრეტული ლოკაციიდან მძღოლები რა ტარიფს ახდევინებენ მომხმარებლებს, თუმცა თუ ასეთი მოთხოვნა იქნება მძღოლების მხრიდან, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვექნება“, - განაცხადა „ბიემთან“ მიქატაძემ.

არა მარტო საქალაქთაშორისო ხაზებზე მოძრვი მირკოავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა, არამედ მომსახურების საფასური შეცვალეს კერძო ტაქსებმაც, რომლებიც შორ მანძილზე გადაადგილდებიან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თელავი-თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსით მგზავრობამ 3 ლარით მოიმატა. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 ლარის ნაცვლად თბილისში მგზავრობაში ახლა უკვე 15 ლარს იხდიან.

ტაქსის მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაზრდას საწვავის გაძვირებას უკავშირებენ. თელავი-თბილსისი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ შეიცვალა, თავდაპირველად 10-ის ნაცვლად 12 ლარი გახდა, ამჟამად კი 15 ლარი ღირს.