გიგლა ბარამიძე: ,,სამცხე-ჯავახეთში იყო ხე-ტყის, ქვის, ჯართისა და გაზის მაფია, რომელიც მათ საარჩევნო კამპანიასა და პიარს აფინანსებდა, ქრთამს კი დოლარებში კი არა, ნიკოლოზის ოქროს თუმნიანებით იხდიდა!'' ,,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არ გვიქმნიდა ისეთ პრობლემებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა გვიკეთებდა სამცხე-ჯავახეთში... სააკაშვილი პირადად აკონტროლებდა სექტების ლიტერატურის განბაჟების გარეშე შემოტანას, ამ საქმეში ხელს უწყობდა ვანო მერაბიშვილი... სამხრეთ საქართველოდან ნაცები ქრთამის სახით დოლარებს კი არ იღებდნენ, ნიკოლოზის თუმნიანები გამოჰქონდათ იქიდან... ერევანში მითხრეს: სააკაშვილს მიხედეთ, ჯავახებს განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას რომ ჰპირდებაო...'' მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი 1998-2002 წლებში გიგლა ბარამიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას იმ დროს იხსენებს, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდა. აქ იყო კორუფციული გარიგებებიც, ანტიქართული გამოხტომებიცა და უამრავი ინტრიგა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, რისი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლიც სწორედ გიგლა ბარამიძე აღმოჩნდა. 2002 წელს მან გუბერნატორის თანამდებობა დატოვა სკანდალური მიზეზით _ გუბერნატორ კაცს გამგებლის ცემა დააბრალეს. გიგლა ბარამიძესთან საუბარიც სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:
_ ბატონო გიგლა, 2002 წელს გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელი კახა წერეთლის ცემაში დაგდეს ბრალი, მაშინ არანაირი კომენტარი არ გააკეთეთ და ამბობდით, რომ ყველაფერს მომავალში ვიტყვიო, რა მოხდა სინამდვილეში, ახლა შეგიძლიათ ამ საკითხზე საუბარი?
_ ცხადია, შემიძლია ყველაფერზე ღიად ვისაუბრო. სამცხე-ჯავახეთი, საერთოდ სამხრეთ საქართველო, იყო ერთადერთი მხარე, სადაც ნაციონალურ მოძრაობას თავისი ოფისი არ გააჩნდა და დასაყრდენი არ ჰქონდა, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდნენ. ამიტომ მათი მხრიდან მუდმივად იყო შემოტევები ჩემს წინააღმდეგ. იმ დღეს კი ასეთი რამ მოხდა: რეგიონში ჩამოვიდნენ ბადრი პატარკაციშვილი და ვანო ჩხარტიშვილი. ბადრი სამხრეთ საქართველოში ინვესტიციების ჩადებას აპირებდა, ბორჯომ-ბაკურიანში ტურისტული ბიზნესი აინტერესებდა. შევარდნაძემ მითხრა, კარგი იქნება თუ შეხვდებიო და, ცხადია, შევხვდი ბაკურიანში. მერე მე თბილისში წამოვედი, ისინი კი დარჩენ. ამ დროს მირეკავს სამხარეო პოლიციის უფროსი და მეუბნება, რომ ახალციხის სამხედრო ნაწილში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ახალციხეში დავბრუნდი, სადაც დამხვდა ჩვეულებრივი დაპირისპირება ნასვამ სამხედროებს შორის. დავიბარე ახალციხის გამგებელი კახა წერეთელი, რომელიც ძალიან წესიერი ახლგაზრდა კაცი იყო და რომელიც ერთი წლის შემდეგ, ინფარქტით გარდაიცვალა, რადგან პირადად მერაბიშვილი და ადეიშვილი აძალებდნენ, ჩემზე კომპრომატები დაედო. წერეთელს ვკითხე, რატომ იყო მის რაიონში ასეთი აურზაური. თავი იმართლა, სამხედროები მე არ მეხება და ზემოქმედებაც არ შემიძლიაო. ხმამაღალი საუბარი გვქონდა და ამით დასრულდა ყველაფერი. იქ არ ყოფილა არანაირი სროლა თუ ფიზიკური დაპირისპირება. წერეთელი წავიდა სახლში, სადაც სტუმრები ელოდნენ, მე წამოვედი თბილისში.
_ ვის სჭირდებოდა ხმის დაყრა, რომ თქვენ მაშინ წერეთელი სცემეთ?
_ მხოლოდ მოქალაქეთა კავშირსა და ნაციონალურ მოძრაობას. როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდა, მაშინვე დაურეკეს სააკაშვილს, რომელმაც რეგიონში გამოგზავნა ჟურნალისტების არმია და მეორე დილით ტელევიზორში ვუყურებ, თითქოს მე სასტიკად მიცემია კახა წერეთელი. ეს ის პერიოდია, როცა მე, ისედაც ვაპირებდი თანამდებობის დატოვებას, რადგან უკვე შევასრულე შევარდნაძის დავალება, გამომესწორებინა რეგიონში პოლიტიკური, ოპერატიული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, იმ მხარეში ეს ყველაფერი გავაკეთე და ისედაც ვაპირებდი წამოსვლას, ამიტომაც დავწერე განცხადება.
_ არადა, ეს რეგიონი ყოველთვის პრობლემური იყო.
_ სამცხე-ჯავახეთი, განსაკუთრებით ჯავახეთის რეგიონი, ტერიტორიულად საქართველო კი იყო, მაგრამ პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად არ ექვემდებარებოდა. რწმუნებულს ჯავახეთში არ უშვებდნენ, შესაბამისად, არც რწმუნებულის ინსტიტუტი მუშაობდა. ახალქალაქთან რომ მიხვიდოდი, იქ იყო შლაგბაუმი. იდგნენ შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც გჩხრეკდნენ და გეკითხებოდნენ, რომელი სახელმწიფოდან იყავი ჩამოსული. ეს ფორმირებები დაბანაკებულები იყვნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ყოფილ პიონერთა ბანაკებში. მათ დაფინანსება ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. იმდენად ძლიერი სამხედრო ძალა და ტექნიკა ჰქონდათ, რომ ახალქალაქში ცხვირსაც ვერ შეყოფდი. ახალქალაქისა და ნინოწმინდას მერიის შენობებზე გამოფენილი იყო ყველა დროშა, გარდა ქართულისა. არ იყო ქართული წარწერები, ქართული ტელევიზია, ავიწროებდნენ აჭარელებს... ეს ყველაფერი მე ჩავაბარე წარსულს, რაშიც სომხეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი დამეხმარა, რადგან სომხურ წრეებში გარკვეული ავტორიტეტით ვსარგებლობდი. პირადად ვიცნობდი ტერ-პეტროსიანს, რომელსაც სერიოზული ზეგავლენა ჰქონდა ჯავახეთში არსებულ სიტუაციაზე. დავიწყე შეიარაღებული ფორმირებების დაშლა, იარაღის ამოღება. ჩემი ხელით ჩამოვხსენი უცხო დროშები და აღვმართე _ ქართული. გავხსენი ქართული სკოლები. ახლა რომ იბრალებს მიშა სააკოვი, რუსის ჯარი გავიყვანეო. ჩვენ დროს გავიყვანეთ ახალქალაქის მე-15 სამხედრო ბრიგადა. დავით თევზაძე იყო მაშინ მინისტრი. ყოველდღე ვაცილებდით რუსეთის სამხედრო ტექნიკას ახალქალაქის 62-ე დივიზიიდან გიუმრში. ეს სააკოვი, როცა მიბრძანდა იქ, რუსის ტექნიკა და ჯარი აღარ იყო.
_ თქვენ ორჯერ ახსენეთ სააკოვი. არმენოლოგი ბრძანდებით. იქნებ მოთხრათ, მართლია თუ არა მოარული ხმები სააკაშვილის სომხობასთან დაკავშირებით?
_ მისი წარმომავლობა ასეთია: მისი ბაბუა იყო წარმოშობით სომეხი _ სააკოვი. მერე გახდა სააკიანი, მერე _ სააკაშვილი. სომხობა, გერმანელობა, თუ თურქობა სირცხვილი არ არის, მაგრამ საკუთარ წარმომავლობასა და გვარს რომ მალავს, ეს არის ძალიან ცუდი.
_ რატომ აამხედრა სააკაშვილმა თქვენ წინააღმდეგ ჟურნალისტები, რა იყო დაპირისპირების მიზეზი?
_ თუ გახსოვთ, კორუფციის წინააღმდეგ პირველი ბრძოლა დაიწყო სამხრეთ საქართველოში. ეს მოხდა ჩვენი ინიციატივით. სამცხე-ჯავახეთში იყო ხე-ტყის, ქვის, ჯართისა და გაზის მაფია. ამ ყველაფერთან უშუალო შეხება ჰქონდა სააკაშვილს, ფინანსურად იყო დამოკიდებული ამ ძალებზე _ კონტრაბანდისტულ კლანებზე, რომლებიც აფინანსებდნენ მის საარჩევნო კამპანიასა და პიარს. იქ ეს კლანები ნაცმოძრაობას ქრთამის სახით ურიგებდა არა ლარებსა და დოლარებს, არამედ ნიკოლოზის ოქროს თუმნიანებს. ტომრებით მიჰქონდათ სააკაშვილთან ეს ფული. რაც ყველაზე მთავარია: სააკაშვილსა და მის გუნდს, ჩემს ჩასვლამდე, ჯავახეთი ჰქონდათ საჯილდაო ქვად. ყველასთან ვაჭრობდნენ: თუ ჩვენ თანამდებობებზე არ დაგვნიშნავთ, გრანტებსა და კრედიტებს არ გამოგიყოფთ, ჯავახეთში პრობლემებს აგიგორებთო. ამით აშანტაჟებდნენ შევარდნაძესაც, ჩემი ჩასვლის შემდეგ, ჯავახეთში მათ შუამავლის ფუნქცია დაკარგეს. ეს მიზეზი იქცა დაპირისპირების სათავედ.
_ შუამავლის ფუნქციას ნაციონალებიდან ვინ ასრულებდა?
_ მოქალაქეთა კავშირის ყველა ლიდერი, მაჭავარიანით დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული. მეტიც, ჩემი დევნილობის დროს, ვიმყოფებოდი სომხეთში, სადაც ვნახე დაბეჭდილი მწარე-მწარე წერილები ჩვენზე. როცა ეს გავაპროტესტე, ერთმა იქაურმა კაცმა მითხრა: თქვენს პრეზიდენტს მიხედეთ, ჯავახეთში რომ ჩადის და ხალხს ეხვეწება _ ოღონდ ახლა მაქსიმალური ხმები მომეცით, ივანიშვილი დამამარცხებინეთ და გამარჯვების შემდეგ, მე თქვენ განსაკუთრებულ სტატუსს მოგანიჭებთო.
_ წარმოუდგენელია, ეს ფაქტიურად სამშობლოს ღალატია!
_ სამშობლოს ღალატია, აბა, რა არის?! იქ არ ყოფილა სიბინძურე, რაშიც ესენი არ იყვნენ გასვრილი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არ გვიქმნიდა ისეთ პრობლემებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქმნიდა სამხრეთ საქართველოში. ჩემი ძირითადი დრო მიდიოდა სააკაშვილისა და მერაბიშვილის განეიტრალებაზე. მერაბიშვილი რადგან ვახსენე: ვკითხოთ მერაბიშვილს, ამხელა თანამდებობა ჰქონდა და რომელ აღმსარებლობას ეკუთვნის? ამას არ გეტყვის. მართლმადიდებელი ნამდვილად არ არის. ეს არის კაცი, რომელიც მოქალაქეთა კავშირისა და შევარდნაძის სიით მოხვდა პარლამენტში. შემდეგ, როდესაც კენჭს იყრიდა სოფელ უდედან, ადიგენის რაიონში, მარტო ერთმა ოჯახმა მისცა ხმა. წარმოიდგინეთ, რა ავტორიტეტის უნდა იყოს კაცი, რომ საკუთარმა სოფელმაც არ მისცა ხმა. როგორც კი იქიდან წამოვედი, ამის შემდეგ აიდგეს ფეხი და ათასგვარ განუკითხაობას ჩადიოდნენ, ამიტომ სჭირდებოდათ ჩემი ჩამოცილება. იქ იყო ვალეს საბაჟო. ჩემს ჩასვლამდე იქ სააკაშვილი აკონტროლებდა სხვადასხვა სექტანტური ლიტერატურის განუბაჟებლად შემოტანას. სამაგიეროდ, ამ სექტებიდან სერიოზულ თანხებს იღებდა. ნაციონალებმა ოფისები რომ შეიძინეს, უფასოდ გადასცეს საოფისე ტექნიკა _ ტელეფონები, ავეჯი, მოსასმენი აპარატურა. ანუ სააკაშვილი გეგმაზომიერად ანგრევდა, სექტების დავალებით მართლმადიდებლობას, რაშიც ყველაზე მეტად ეხმარებოდა მერაბიშვილი. სწორედ ეს კაცი იყო პირველი, ვინც დარბოდა და სექტებისთვის მიწების გამოყოფას ითხოვდა ახალქალაქში. საუბარი იყო ათობით ჰექტარ მიწაზე. რაღაც უცნაური სიტუაცია იყო. საზღვარგარეთ რომ გავიქეცი, ორმოცდაათჯერ მაინც დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს თანამშრომლობა. მერის არჩევნები რომ იყო თბილისში, შემომითვალეს, კენჭი იყარეო. უნდოდათ, ოპოზიციისთვის ხმები გამეყო და სამაგიეროდ მთავაზობდნენ: დაგაბრუნებთ თბილისში და მერე ჩვენი სიით გაგიყვანთ პარლამენტშიო.
_ ჩამოტყუება და დაჭერა ხომ არ უნდოდათ?
_ შეიძლება ასეც იყო, რადგან მე ყველაფერი ვიცოდი მათ შესახებ. 15 მილიონზე მეტი გამოიყო, მიწების კადასტრი რომ კეთდებოდა საქართველოში. სააკაშვილმა უცებ შექმნა არასამთავრობო, რომელსაც სათავეში ჩაუყენა მერაბიშვილი და სად წავიდა ეს ფული? მეორეც: პროკურატურასა და პოლიციაში კადრების დანიშვნა, თუ საქმეების გარიგება, ისე არ გადაწყდებოდა ჯავახეთში, რომ მასში ჩართული არ იყოს მერაბიშვილი და მამამისი. ყველაფერი, რაც იქ არის: ხე-ტყის გატანა, სამხერხაოები, ქვის და გაზის ბიზნესი, მათ ხელში იყო. ყველაფერში წვრილმანდებოდნენ. მეტსაც გეტყვით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ის ჩართული იყო და მთლიანად აკონტროლებდა ნარკოტიკებისა და იარაღის ბიზნესს.
_ სანამ თქვენი და ნაციონალების ომი დაიწყებოდა, მათგან რაიმე შეთავაზება არ მიგიღიათ?
_ რა თქმა უნდა. თავიდანვე მეუბნებოდნენ, ჩვენი რწმუნებული იყავი, თანამდებობაზე დაგნიშნავთ, ყველაფერში წილს მიიღებ, ოღონდ ახლა, როგორც გუბერნატორმა, ჩვენზე იმუშავე და ჩვენს ბიზნესმენებს მიეცი სამცხე-ჯავახეთში საქმიანობის ნებაო. უარი რომ მიიღეს, მერე დაიწყეს გააფთრებული ბრძოლა.
_ მაგრამ მაშინ პრეზიდენტი იყო შევარდნაძე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ და რა მოხდა, შევარდნაძეც თქვენ წინააღმდეგ წავიდა?
_ შევარდნაძე, საერთოდ, ზედმეტად ფრთხილი კაცია. დიდ პატივს ვცემ მის ოჯახს, მაგრამ მან როგორც კი ნახა, რომ მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა ერთად იბრძოდა ჩემს წინააღმდეგ, ბოლო მომენტში მაინც ისინი აირჩია. როცა წასვლის თაობაზე განცხადება დავუწერე, მითხრა: გიგლა, არ იჩქაროო, მაგრამ ხელი მაინც მოაწერა. ცხადია, შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო. გული დამწყვიტა, მაგრამ შევარდნაძეზე აუგის თქმა მაინც არ შემიძლია.
_ მას არჩევანი თავიდანვე სააკაშვილზე ჰქონდა გაკეთებული, თუმცა დღეს აღიარებს, სააკაშვილი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყოო.
_ თავიდან იგი ჟვანიაზე უფრო ამახვილებდა ყურადღებას. ერთ საინტერესო საუბარს გავიხსენებ _ 1999 წელია, ბატონი ედუარდი ლიკანში ისვენებს. როგორც წესი, ეს ნახევრადდასვენება იყო, რადგან რეზიდენციაში 24 საათი მუშაობდა. უბრალოდ, მიღება არ ჰქონდა. როგორც რწმუნებულს, ბუნებრივია, მეტი საშუალება მქონდა მასთან არაფორმალური ურთიერთობისა და ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე. იმ დღეს ეზოში, პატარა შადრევანთან ვსხედვართ ცხონებული მისი მეუღლე ნანული, ბატონი ედუარდი, მათი შვილი პაატა და მე. იქვეა დაცვის გენერალი, რომელსაც ჩვენი საუბარი არ ესმის. იმ პერიოდში სომხეთში ხელმეორედ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდა დემირჭიანი. ქ-ნი ნანული ეკითხება მეუღლეს: ედი, რას ფიქრობ სომხეთში შენი მეგობარი რომ მოდის ხელისუფლებაშიო. ძალიან კარგი კაციაო, _ შეაქო დემირჭიანი შევარდნაძემ. ასაკოვანი რომ არისო, იკითხა კვლავ ქალბატონმა ნანულიმ. მერე, რა, მე უფრო ასაკოვანი არ ვარო _ უპასუხა შევარდნაძემ და განაგრძო _ უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ძალიან მალე უნდა წავიდეო. კი, მაგრამ, საქართველოს ვის უტოვებო, ჩაეკითხა მეუღლე. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, ბევრი კარგი ბიჭია, თუნდაც გიგლა არის აგერ, არავის ეწყინოს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ჟვანია-სააკაშვილს შორის უნდა გავაკეთო არჩევანიო. რა მოხდა, ინგლისური სხვამ აღარავინ იცისო, ისევ ჩაეძია ქ-ნი ნანული. მერე კიდევ უთხრა მძიმე-მძიმე სიტყვები, ადგა და უკმაყოფილომ დაგვტოვა. შევარდნაძემ კი მითხრა _ რა ვქნა, დასავლეთს ეგენი უნდაო! შევარდნაძეს ჟვანია უფრო მოსწონდა. მიშას დასცინოდა.
_ რატომ დასცინოდა?
_ ქარაფშუტა, ცანცარა და არასერიოზულიაო _ ამას არ მალავდა შევარდნაძე და ხმამაღლა აცხადებდა, მაგრამ ამავე დროს, ყველგან შვილივით დაატარებდა და მხარს უჭერდა. იმ საუბრის დროს, ქ-ნი ნანული რომ წავიდა, შევარდნაძე მომიტრიალდა და მკითხა: გიგლა, შენ რას ფიქრობო? თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი: ბატონო ედუარდ, როგორ შეიძლება ძალაუფლება მაგათ ჩავუგდოთ ხელში. ესენი ხომ თითოეული ქართველის ოჯახში შევლენ და დააწიოკებენ-მეთქი. არ მიპასუხა. ეტყობა, დავალება უკვე მიღებული ჰქონდა. მე მაშინ ჟვანია არ მიგულისხმია. ჟვანიას ინტელექტი ჰქონდა და სააკაშვილს რომ შეხედავდი, როგორ შეიძლებოდა, მასზე დადებითი შთაბეჭდილება შეგქმნოდა. ზურა ჟვანიას ყოველთვის კარგი კონტაქტები ჰქონდა ჯავახეთში. იქ იყო რაისიანების და კიდევ რამდენიმე ოჯახი, ვისთანაც მეგობრობდა. ჟვანია შევარდნაძის მისაღებში გავიცანი. ძალიან დაინტერესებული იყო ჯავახეთით, რადგან მაშინ არჩევნებისთვის ემზადებოდნენ და მთელი ჯავახეთი ჯუმბერ პატიაშვილს აძლევდა ხმას. ჟვანია სულ მეუბნებოდა, რომ ჯავახეთში წავსულიყავი რწმუნებულად. ჩვენი ურთიერთობა თავიდან კარგად აეწყო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, მისგან სიცივე ვიგრძენი. სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით ჟვანიას ატყუებდნენ. ვინც კი სალახანა იყო რეგიონში, ყველას რაღაც ენები მიჰქონდა და მათ ენდო. ბოლო ხანებში გამინაწყენდა. არადა, მანამდე მეგობრული საუბრებიც გვქონდა და არც მალავდა, რომ უარყოფითად იყო განწყობილი სააკაშვილის მიმართ. მეუბნებოდა: ეს არის დაუნახავი კაცი, მაგასთან სიტყვის თქმაც არ შეიძლება, ძირს გამოგითხრის, ზურგი თუ მიუშვირეო. ვერც სააკაშვილი, ეს ავადმყოფური ფანტაზიების მქონე კაცი, იტანდა ჟვანიას. სააკაშვილის შესახებ ყველაფერი ვიცით. მისგან გამოსული მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მის ავადმყოფობაზე ყველაფერს ლაპარაკობენ. მთელმა ემიგრანტულმა სამყარომ იცის ამის შესახებ.
_ თქვენც გაქვთ ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს?
_ ცხადია, შეიძლებოდა. მე და სხვა ემიგრანტებმა ასე ვიცით, რომ საწყალი, ჯერ თავში საფერფლის ჩარტყმით გააბრუეს. თავიდან არ აპირებდნენ მის მოკვლას, მაგრამ მერე დაახრჩვეს. სააკაშვილი ამ ყველაფერს უყურებდა და იძახდა: ჩქარა მოათავეთ, ცოცხალია, ცოცხალიო. ამათ სინდისზეა გურამ შარაძის მკვლელობაც. შარაძესთან შეხება მქონდა ჯერ მეცნიერებაში, შემდეგ კი იეღოვას სექტის საქმესთან დაკავშირებით. აქაც სააკაშვილის ხელი ურევია. ის იყო გარანტიების გამცემი სხვადასხვა არასამთავრობო აღმოსავლურ, თუ თურქულ ორგანიზაციებთან. კრედიტები და ფინანსები რომ მიეღო, აპირებდა სამცხე-ჯავახეთში თურქების ჩამოსახლებას. ამ საქმეს ეწინააღმდეგებოდა გურამ შარაძე, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვეწინააღმდეგებოდი მე. პირადად შარაძემ ამხილა, უწმინდესის და უნეტარესის მოწამვლა რომ უნდოდა სააკაშვილს. არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: ესენი მე არ მაცოცხლებენო. უფრო მეტიც, მკვლელობამდე სამი დღით ადრე, იგი ჩემს ოჯახში მოვიდა. ცხონებული მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბატონმა გურამმა საჩუქრად თავისი საიუბილეო წიგნები მიუტანა. მამაჩემმა დამირეკა და მისი სიტყვები გადმომცა: ,,რეზო, ვგრძნობ, რომ მოკვლას მიპირებენ და დიდი დღე არ მიწერიაო'', _ უთქვამს ბატონ გურამს. სამი დღის მერე ხელახლა დამირეკა ატირებულმა მამაჩემმა: ნახე, რა მოხდა, გურამი მოკლეს. ეს კაცი ვერ დავიცავითო. ესენი მკვლელები არიან. თუ წარმოვიდგენთ ნაციონალური გუნდის ფსიქოტიპს, გამოვიტანთ დასკვნას, რომ ესენი არათუ ოჯახიშვილებსა და ზნეობრივ ადამიანებს ვერ იტანენ, ასევე ეშინიათ პრინციპული ადამიანებისა, ვინც ინტელექტუალია და მოქმედების ენერგიაც გააჩნია. ასეთი კაცი იყო გურამ შარაძე. დაუკვირდით, როგორც კი შარაძე მოკლეს, მესამე დღეს უნდოდათ კანონის მიღება თურქი-მესხების ჩამოსახლებაზე, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგან სამაჩაბლოში ატყდა სროლა. იეღოველების შესახებ კანონიც მაგ დროს მიიღეს. შარაძე მოკლა სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ. მსხვერპლად შესწირეს იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ეს კაცი ებრძოდა. ესენი ცდილობდნენ მართლმადიდებლობის დანგრევას. ერი რომ გენეტიკურად დაასუსტო, მას საფიცარი უნდა წაართვა. ასეთი საფიცარი და ენერგიის მომცემი ჩვენთვის არის ,,მამული, ენა, სარწმუნოება''. მართლმადიდებლობა რომ არა, ქართული ოჯახები არ იარსებებდა. როგორც კი იქ სხვადასხვა სექტები გაბატონდება, მაშინვე დასრულებულია ჩვენი საქმე და გამარჯვებულია სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ეს სჭირდებოდათ იმიტომ, რომ უფრო იოლი სამართავი იქნებოდა ერი. საქართველოში აღარ იქნებოდა ავტორიტეტის ინსტიტუტი, რომელიც ნაციონალური იდეოლოგიის საპირწონე იქნებოდა, ანუ სულ ესენი იქნებოდნენ. დღეს რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხი გაჰყვა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხს მართლმადიდებლობამ მისცა საშუალება, არ დაშლილიყო. ხალხის ერთიანობა რომ არ ყოფილიყო, ბიძინა თავისი მილიარდებით ვერაფერს გააკეთებდა, მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი: თუ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გამარჯვებული ბრძოლა მოგებულ ომამდე არ მიიყვანა, ესენი თავიანთი მილიარდებით უკან მოტრიალდებიან.
_ რევანშს ელოდებით ნაციონალების მხრიდან?
_ მკვდარი უნდა დაიმარხოს. სულხან-საბას რომ აქვს მაოხრებელი გზირიო, ხომ გახსოვთ. ასეთი მაოხრებელია სააკაშვილი. რაც უნდა ეცადო, არ შეიცვლება, ამიტომ უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში და ქართველმა ერმა ნაცმოძრაობის სახადი უნდა მოიხადოს. უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ საქართველოში არ შეიძლება ფესვები ჰქონდეს სააკაშვილისნაირ პირებს.
_ სააკაშვილი ხომ მარტო არ იყო, ეს ხომ სისტემაა, რომელიც ვარდების ხელისუფლებამ ააშენა?
_ ცხადია, არც ისინი უნდა დავივიწყოთ, ვინც მას გვერდით ედგა. ვანო მერაბიშვილი არანაირად არ არის სანდო. სანდო კაცის ოჯახს ადიგენის რაიონიდან არ გამოაგდებდნენ. ისინი იძულებულები იყვნენ აყრილიყვნენ და ახალციხეში ჩასახლებულიყვნენ. მის ოჯახზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ კარგს არაფერს. ახლა რომ ამბობენ, ის სალახანა ძმები _ ახალაიები, დავიჭიროთო, სასაცილოა. ახალაია პრობლემა არ არის. პრობლემაა ის, ვინც რეჟიმი შექმნა: სააკაშვილთან ერთად მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია და რამიშვილი. ნაციონალური მოძრაობის ამ აპოლიგეტებიდან უნდა დავიწყოთ, თორემ მარტო მეისრეების დევნას რა აზრი აქვს?
_ ძალიან ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ. ადეიშვილიც, ზოდელავაც, შაშკინიც...
_ შაშკინის საქციელი დეზერტირობაც არის და სამშობლოს ღალატიც. კონსტიტუციიდან კი ამოიღეს სამშობლოს ღალატი, მაგრამ მას სახედრო ტრიბუნალი მაინც ეკუთვნის და არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს. ასევეა ყოფილი თავდაცვის მინისტრი _ კეზერაშვილიც. ის რა, ნაკლები დამნაშავეა? ყველაფერი გაფლანგა საგადასახადოს უფროსი რომ იყო და მერეც. მე შურისძიებას კი არ მოვითხოვ, კანონის დაცვით უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები იმიტომ, რომ თუ არ დაისაჯნენ და მათგან არ ამოიღეს შეჭმული ფინანსები, ამ ფულს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. მე-14 საუკუნის ქართველ მემატიანეს აქვს ასეთი სიტყვები: ,,ჰე, გონებაო, მხეცთა შორის უმძვინვარესო...'' მე ხომ ვიცი ამათი გონება. რა სიბინძურე შეიძლება არსებობდეს, ამათ რომ ვერ მოიფიქრონ. ესენი ყველაფერზე წავლენ: აფეთქებებზე, მოტაცებებზე, მკვლელობებზე და მერე კი ამას ბიძინას დააბრალებენ. კეზერაშვილი რომ ვახსენეთ, მაგან მოასწრო და ისრაელის მოქალაქე გახდა. ისრაელი არ გადმოგცემთ არც ერთ შემთხვევაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა დროულად უნდა მიხედოს ამ საკითხს. მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის მაღალი და შუა რანგის ჩინოვნიკების საქართველოდან გასვლა დროებით უნდა შეიზღუდოს, სანამ გამოძიება არ დასრულდება, რადგან ყველა გაიპარა, ან იპარება და რომ დასჭირდეს, მოწმეც კი შეიძლება ვეღარ მოიპოვონ.
_ ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, მთვარეზე ხომ არ წავლენ, ვინც დამნაშავეა ყველგან მივწვდებითო.
_ კი, მაგრამ მაშინ ჩამოიყვანონ კეზერაშვილი. ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის ის, რომ თავის დამნაშავეს არავის არ აძლევს. არც ჩვენ გამოგვიგზავნის. თან გაითვალისწინეთ, რომ ყველა ესენი მილიონრები არიან. არ არსებობს კონტინენტი, ქონება არ ჰქონდეთ შეძენილი. ამ ფულის წყალობით ისინი შეეცდებიან სიტუაციის გამოსწორებას. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, საქართველოს კონსტიტუციაში ამათ მოსვლამდე რომ არ ამოეღოთ დახვრეტის მუხლი, რამდენ ადამიანს დახვრეტდა სააკაშვილი, ბოკერია და მერაბიშვილი. გამოვიდოდა მერე ბოკერია და ყველაფერს გაამართლებდა: სახელმწიფოს მშენებლობისთვის მოღალატეების დახვრეტა საჭიროაო.
_ ბატონო გიგლა, მინდა ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხო. საქმე ეხება ჯავახეთისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
_ სუსტი სახელმწიფოს პირობებში, ასეთი მშენებლობები ძალიან საშიშია. რა თქმა უნდა, კარგია ინვესტიციები, მაგრამ თვალის დახუჭვა არ შეიძლება, როდესაც გვაქვს ეთნიკური პრობლემები. პირდაპირ თუ ირიბად, ეს პრობლემები მართლაც არსებობს. ცხადია, იქ ყველა ჩვენი მოქალაქეა, მაგრამ როცა რეგიონის მაცხოვრებელთა 98% არაქართული მოსახლეობაა, თავისთავად, არსებობს დაძაბულობის მომენტი. მით უმეტეს, რომ ასევე საუბარია აჭარაზე, სადაც არსებობს ისლამური და ქრისტიანული ელემენტები. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, ეს გზა თუ გაკეთდება, დიდი სიფრთხილითა და ბევრი გარემოების გათვალისწინებით არის გასაკეთებელი და არა ისე, როგორც აპირებდა სააკაშვილი. რატომ არის, რომ დღეს აჭარაში ასეთი მოზღვავებაა და არაქართველებს იქ დასახლების დიდი სურვილი აქვთ? აჭარაში უკვე 12 ათას არაქართველზეა გაცემული მოქალაქეობა. ასე აყვავდება აჭარა? მონტეკარლოა, შვეიცარია თუ კანადა, რომ ჩვენს მეზობლებს უეცრად მოუნდათ იქ დასახლება? გამოდის, რაღაც ინტერესებია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩადებული და სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საკითხი. ახალ პროექტებს შეიძლება ბევრი დოლარი მოჰყვეს, მაგას რა სჯობია, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მივიღოთ. ცალსახად კი იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც სააკაშვილს ჰქონდა განზრახული ამ გზის გაკეთება, ასე არ შეიძლება.
_ ბატონო გიგლა, ემიგრაციაში რა ხდება და თბილისში როდის გიხილავთ?
_ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ემიგრანტთა საერთაშორისო კავშირი და მაქსიმალურად ვცდილობდით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა დასავლეთისთვის. ბარაქ ობამასაც გავუგზავნეთ წერილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის შესახებ. მან მიიღო ეს წერილი და ყველაფრის საქმის კურსში იყო. ცხადია, არჩევნებშიც მივიღეთ მონაწილეობა და ვცდილობდით, ხელისუფლებას აქაც თავის სასარგებლოდ არ გაეყალბებინა ხმები. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას სამშობლოში. საქართველოს პროკურატურაში განცხადებას წარვადგენთ და ჩემს საქმეს განიხილავენ. დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთის ყველა შრეში გაატარეს ჩემი ოჯახი, ჩემს გარშემო ვინც იყო, უფროსი თუ უმცროსი, ყველა სხვადასხვა ბრალდებით არის დაჭერილი. ყოველ დღესასწაულზე ჩხრეკავდნენ ჩემს სახლს, ვითომ მე ჩავიდოდი და უნდა დავეჭირეთ. იყო მუდმივი მუქარა, მოსმენა და თავლთვალი, რასაც გადაჰყვა მამაჩემი _ აკადემიკოსი რევაზ ბარამიძე. დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოვედი. საფლავიც არ მინახავს მისი. სახლში ამდენჯერ მოვარდნის შემდეგ, ჩემს ქალიშვილს ნერვიულობის გამო თვალის ბადურა ჩამოეშალა და ძლივს გადავარჩინეთ. სამშობლოდან მოწყვეტილი რომ ხარ და ახლობლებს ვერ ეხმიანები, ძალიან ძნელია. უამრავი სირთულე გავიარე, მაგრამ ამის მერეც კი შურისძიებას არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა სამართლიანობა აღდგეს.