"გია ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენებას უამრავი ადამიანი მისცემს".

"ღმერთი დიდია და მჯერა, რომ ყველა დაისჯება ამ უსამართლობისთვის, მოხდება ამ საქმის ხელახალი გამოძიება და ყველა აგებს პასუხს. მე და ჩემი ოთხი შვილიშვილი ნათესავის ბინაში ვართ შეკედლებული. ჩემს მეტი არავინ ჰყავთ, ჩემი რძალი იმ ოპერაციის დროს გაგიჟდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია, ხანდახან მოგვყავს საწყალი სახლში. იქ აღარაფერი გვაქვს. ოპერაციის დასრულების შემდეგ ორივე სახლი გადაწვეს, ოღონდ ჯერ ნივთები გაზიდეს", - აცხადებს ევგენი აფრასიძის მეუღლე დოდო სიდიანი-აფრასიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დოდო აფრასიძე: "გია ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენებას უამრავი ადამიანი მისცემს".

"ეს სპეცოპერაცია იმიტომ ჩაატარეს, რომ ხალხი დაეშინებინათ. მაშინ ახალმოსულები იყვნენ ხელისუფლებაში, რატომღაც ჩემი ოჯახი ამოირჩიეს. ომეხის რაღაც დანაშაულები ჰქონდა, ის მზად იყო ჩაბარებოდა პოლიციას. ომეხმა ბევრი რამ იცოდა და არ სურდათ, ეს ინფორმაცია სხვასაც გაეგო. ამიტომ მოკლეს ჩემი შვილი. საკუთარი ძმის წინ მოკლეს. მოკლული ოქროს ჯაჭვსა და ბრილიანტისთვლებიან ბეჭედს ატარებდა. როცა მოკლეს, სპეცრაზმელმა გულზე ფეხი დაადგა და ასე ჩამოგლიჯა ჯაჭვი, ბეჭედი ვერ მოხსნეს და თითი მოაჭრეს - საინტერესოა, რას იტყვის მერე გია ბარამიძე, რით ახსნის იმას, რომ მიცვალებულს თითი მოჭრილი ექნება. ბარამიძეს ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. მოგვიანებით ის ჯაჭვი და ბეჭედი შმაგის აჩვენეს. დაკითხვაზე რომ ჰყავდათ, ერთ-ერთ პოლიციელს თუ გამომძიებელს შეუტანია - ხომ არ გეცნობაო. შმაგიმ, რა თქმა უნდა, იცნო და ძალიან გამწარდა. იმან კი ნიშნის მოგებით უთხრა - თქვენი კი იყო, მაგრამ ახლა ჩვენიაო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დოდო აფრასიძე.

"ეს არ იყო სპეცოპერაცია. ეს იყო ჩვენი ამოწყვეტის ოპერაცია, რომელშიც 12 ვერტმფრენი და 1000-ზე მეტი სპეცრაზმელი მონაწილეობდა. ოპერაცია დილის 7 საათზე დაიწყო და 11 საათამდე გასტანა. წინა ღამეს შემოუყვანიათ სპეცრაზმის ნაწილი სოფელში. მათ სოფლის მამაკაცები დააკავეს და კოშკში ჩაკეტეს, რათა არავინ დაგვხმარებოდა. ჩვენს ოჯახში არავინ მოსულა, სახლზე შეტევა დილაადრიან დაიწყო. ოჯახში მარტო მე მეღვიძა, ყოველთვის დილით ადრე ვდგებოდი. იმ დილითაც ადრე ავდექი, ხმაური გავიგონე და გარეთ გავიხედე. ცაში რამდენიმე ვერტმფრენი ტრიალებდა. უცბად ტყვიების წვიმა წამოვიდა. არავის გავუფრთხილებივართ, მაშინვე სროლა დაიწყეს. მივხვდი, რომ ჩვენს თავს დიდი უბედურება ტრიალებდა. რძალი გავაღვიძე და ოთხი ბავშვი საწოლის ქვეშ შევყარეთ, ზედ გადავეფარეთ ორივე, მოვარდა ჩემი შვილიც, შმაგი - იმ საწოლს ყველაფერს აყრიდა. ტყვიების წვიმა არ ცხრებოდა. ამ საშინელებამ რამდენიმე საათს გასტანა. სნაიპერებიც ჰყავდათ ჩამოყვანილი. ისინი კოშკზე ისხდნენ. პირველად ყველა მხარეს ისროდნენ, შემდეგ კი მარტო ჩვენი სახლი გახდა მათი სამიზნე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია ან სად იყო იარაღი? თუ სავსე იყო ჩვენი სახლი იარაღით, რატომ არ ამოიღეს და არ აჩვენეს ხალხს? ვიმეორებ, არავითარი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. სროლის დაწყებიდან ცოტა ხანში ჩემი მეუღლე ევგენი ხელებაწეული გავიდა გარეთ. სროლა არ შეჩერებულა - არ ვიცი, ვერ შენიშნეს ევგენის ჟესტი, არ ვიცი, ყურადღება არ მიაქციეს ამას. მგონია, რომ მათ სხვა მიზანი ჰქონდათ. ხელებაწეულ ევგენის ესროლეს. მას იღლიაში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. ამ მომენტში ჩვენ ბავშვების გადარჩენაზე ვზრუნავდით. გოჩამ ბავშვი მეზობელთან გაიყვანა, უკან დაბრუნებულს მამა დაჭრილი დახვდა. დაჭრილი ევგენი გოჩამ და ომეხმა შეიყვანეს სახლში და ტახტზე წამოაწვინეს - ის იქ ცოცხლად დაიწვა! ოპერაცია რომ დამთავრდა, ჩემი ორი შვილი დააკავეს. ომეხი მოკლეს. ბარამიძემ გასცა ბრძანება, სახლი გადაეწვათ, ასეც მოიქცნენ. დაჭრილმა ევგენიმ გამოსვლა ვერ შეძლო და ცოცხლად დაიწვა. მისი დამწვარი ძვლები კართან ვიპოვეთ, კარამდე მოვიდა და მეტი ვერ შეძლო. გია ბარამიძე ამაზეც აგებს პასუხს!" - თვლის დოდო აფრასიძე.

"ამ დროს მე მეორე სახლში ვიყავი ბავშვებთან და რძალთან ერთად. გარეთ საშინელება ტრიალებდა. მთელი სოფელი კვამლში იყო გახვეული. ტყვია-წამლის სუნი ერთი კვირა იდგა. ამ სუნმა მესტიამდე ააღწია. მოულოდნელად ოთახში შემოვარდნენ სპეცრაზმელები და გადასაფარებლები გაიტანეს. რომ დაგვინახეს, მკითხეს, კიდევ ცოცხლები ხართო? გადასაფარებლები რომ მიჰქონდათ, მივხვდი, რომ ჩემები ცოცხლები აღარ იყვნენ. ერთ-ერთმა იმათგანმა ირონიულად მითხრა, ქმარი მოგიკალით, შვილი მოგიკალით, სახლი დაგიწვით და ახლა იცხოვრე მშვიდადო. კინაღამ გავგიჟდი. ჩემო ომეხი ხელებშეკრული გაიყვანეს და დახვრიტეს. ეს ჩემი შვილიშვილის თვალწინ მოხდა. ამას თურმე ჩემმა მეორე შვილმა, გოჩამაც უყურა. მაგათ გოჩაც დახვრიტეს, მაგრამ გადარჩა - სპეცრაზმელებს ექიმიც ახლდა თან. გოჩა რომ დაეცა, იმ ექიმს უნახავს და მიმხვდარა, რომ ცოცხალი იყო. ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად. ძალიან მინდა ამ ექიმის ნახვა, მგონი ოთარი ჰქვია, მადლობა მინდა ვუთხრა..." - ამბობს რესპონდენტი.

"მეზობლები ბარამიძეს ეხვეწებოდნენ, ომეხის ცხედარი მოგვეცი, გავაპატიოსნებთო. ბარამიძე უარზე იყო, მეზობლებს უთხრა, სანამ ევგენის ძვლებს არ მომიტანთ, ომეხის ცხედარი არ გადმოგცემთო. უამრავი ადამიანია ამის თვითმხილველი. ისინი ყველაფერს იტყვიან. ბარამიძე მთელი ოპერაციის განმავლობაში იქ იყო. მისი დავალებით მოკლეს ჩემი შვილი და ქმარი, მისი ბრძანებით გადაწვეს ჩვენი სახლი. ეგ ახლა ამბობს ბარამიძე, იქ არ ვყოფილვარო, თორემ ადრე სხვანაირ განცხადებებს აკეთებდა. მახსოვს, თავს იწონებდა - ამბობდა, ძლივს გადავრჩითო. აღშფოთებული ხალხის რეაქციითაც უკმაყოფილო იყო, ამბობდა, ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს ჩვილ ბავშვთა სახლს დავესხით თავსო..." - დასძენს დოდო აფრასიძე და შეკითხვას - "სხვა დიდმოხელეებიდან ვინ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში?" - პასუხობს:

"ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი იყვნენ იქ, მაგრამ ხალხმა მათ ყურადღება არ მიაქცია, იმიტომ, რომ ბარამიძე აქტიურობდა ძალიან. სწორედ მან მოითხოვა კუბდარი. ამას ასეულობით ადამიანი დაადასტურებს. მაგას კუბდარს ვინ გაუკეთებდა, მაგრამ ხალხი გაგზავნა და მესტიიდან მოატანინა ძეხვები და კონსერვები. მიცვალებულის ფეხებთან იდგა და საჭმელს ჭამდა. დაუჯერებლად გეჩვენებათ? საჭმლის ნარჩენები ომეხის ფეხებთან დაყარეს. ასეულობით მოწმე დაადასტურებს, როგორ გაითბო ბარამიძემ ხელები ჩემი სახლისა და მეუღლის ძვლებზე გაჩაღებულ კოცონზე. ბარამიძესთან ერთად პასუხს აგებს მიხეილ სააკაშვილიც. 2009 წელს მან ჩვენს საქმეზე აღიარებითი ჩვენება ფაქტობრივად უკვე მისცა, საჯარო გამოსვლისას აღიარა, რომ აფრასიძეების ამოწყვეტის ბრძანება პირადად გასცა. ჰოდა, აგოს ახლა ამ ბრძანებისთვის პასუხი".