როგორ შევიდა ქართული პოლიცია გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დაცვის საბაბით
"გთხოვთ, ეს ინტერვიუ მიიღოთ ოფიციალურ ჩვენებად"
ლეონარდო დევდარიანი: "ბრალს ვდებ საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ღალატში"
"ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ დილის 11 საათზე თბილისისკენ დაძრულიყო"
"ასავალ-დასავალში" გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ბევრი უპასუხო კითხვა გაჩნდა. გენერალი ბორისოვი ასახელებდა ლეონარდო დევდარიანს და ამბობდა, რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასა და ყველა საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ დავუკავშირდით ლეონარდო დევდარიანს, რომელიც დაგვთანხმდა ექსკლუზიურ ინტერვიუზე. მეტიც, განაცხადა, რომ ითხოვს. ეს ინტერვიუ გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიიღონ როგორც მისი ოფიციალური ჩვენება.
ლეონარდო დევდარიანი, აფხაზეთის ომის დროს სოხუმის გარნიზონის სამხედრო კომენდანტ გია გულუას მოადგილე, 2001 წლამდე საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი:
- აგვისტოს ომში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიულმა ბოსებმა გვიღალატეს. ამას ვაცხადებ საჯაროდ და მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემს თითოეულ სიტყვაზე. ამ ბანდამ სააკაშვილის წინამძღოლობით ხელისუფლების უზურპაცია და ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია მოახდინა. ხელისუფლება აქციეს სამართლის, ქართველთა ჯიშის, გენის და ქართული ტრადიციების განადგურების საშუალებად, ყაჩაღთა მაფიად. 9 წლის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებდნენ ქვეყანას, კონსტიტუციას, ხალხსა და სამართალს! საქართველოს ამ ახალი ტიპის მაფიას "ნაცმოძრაობა" ჰქვია! დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ.
მინდა შევახსენო მთავრობას, რომ მიუხედავად რუსეთთან ომის დაწყებისა, ტერიტორიების ჩაბარებისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისა, არსებობს საქართველო-რუსეთს შორის სახელმწიფო და სამთავრობო ჩარჩო-ხელშეკრულებები და შეთანხმებები სავაჭრო-ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური, კულტურული და სპორტული ურთიერთობების დამყარების შესახებ, რომლებიც დღემდე არ არის დენონსირებული და ძალაშია.
მეტიც, 2011 წლის საქართველო-რუსეთის შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ უფლებას გვაძლევს, სასწრაფოდ ავამუშაოთ და გამოვიყენოთ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ზუგდიდი-ადლერის და გორი-ლარსის საბაჟო დერეფნები, ტვირთების გაცილების პასუხისმგებლობის რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაკისრება-დავალებით! ყოველივე ეს ძალზე აქტუალურია და მიმაჩნია უპირველეს საკითხად რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად და ქართველი გლეხობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ოქტომბერში პირადი ინიციატივით შევხვდი რუსეთის ეკონომიკის, ფინანსთა, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის ორ კვირაში გადაწყვეტასა და ციტრუსებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანის მიმართულებით პროცესები შეიძლება სწრაფად დაიძრას.
რაც შეეხება სააკაშვილის მთავრობის კორუფციასთან ბრძოლას, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, შემოგთავაზებთ ერთ მაგალითს: 2010 წლის მარტში ამერიკელ, ყაზახ და რუს მსხვილ ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად შევიმუშავე საინვესტიციო ბიზნესპროექტი აბრეშუმის გზის დერეფანზე, შავი ზღვის სანაპიროზე ახალი საერთაშორისო პორტისა და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე. ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდზე მეტ დოლარს შეადგენდა. ოფიციალურად მივმართეთ სააკაშვილს, პირადად შევხვდით ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას, ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურსა და პრეზიდენტის ჯიბის ბიზნესმენ კეზერაშვილს. აღფრთოვანდნენ ჩვენი პროექტით, მაგრამ დღემდე არც ერთისგან, სააკაშვილის ჩათვლით, ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. ჩემი ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა პირადი ინტერესების გამო შეაჩერა პროექტის რეალიზება. მეტიც, იმავე პერიოდში ჩემთან უცნობი პირი მოვიდა. როგორც მითხრა, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გამოგზავნეს, რომ ეთქვა, პროექტის განხორციელებაში მწვანე შუქს ამინთებდნენ, თუ წინასწარ გადავიხდიდით 2 მილიონ დოლარს და პროექტის 30%-ს, 700 მილიონ დოლარს, სააკაშვილის ოჯახს დავუთმობდით. ბუნებრივია, არ დავეთანხმეთ.
მოგიყვანთ ელიტური კორუფციის მეორე ტიპურ მაგალითსაც: 2001 წლამდე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი ვიყავი. წარმომადგენლობა მოსკოვის ცენტრში, ძველ არბატზე, ქალაქის მერიის კუთვნილ იჯარით აღებულ შენობაში (3000კვმ) გვქონდა. დიდი ძალისხმევით შენობა საქართველოს მთავრობის საკუთრებად გავაფორმეთ, რასაც მთავრობის ნაცვლად ოფიციალურად მე მოვაწერე ხელი. 2005 წელს სააკაშვილის მთავრობამ 60 მილიონ დოლარად ღირებული შენობა 18 მილიონად გაყიდა. სად და ვის ჯიბეებში და ანგარიშებზე დაილექა 42 მილიონი დოლარი? - ეს კითხვა პროკურორმა სააკაშვილსა და მის მთავრობას უნდა დაუსვას.
ზემოთქმული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დანაშაულებისა, რაც სააკაშვილმა და მისმა პარტიულმა ნომენკლატურამ ჩაიდინა ქვეყნისა და ერის წინაშე.
მე ვიყავი აგვისტოს ომის მოვლენების უშუალო მონაწილე და მოწმე იმისა, თუ როგორ ღალატობდნენ სამშობლოს სააკაშვილი და მისი პარტიული ბოსები.
მივმართავ გენერალურ პროკურორს, ბატონ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ დავით უსუფაშვილს, რომ ეს ინტერვიუ ოფიციალურ ჩვენებად მიიღონ.
თბილისში 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში ჩამოვფრინდი (ვაკეში სახლი მაქვს და ზაფხულობით ჩამოვდივარ ხოლმე) და ის ავადსახსენებელი ომიც მალე დაიწყო. ტელევიზორთან მანამდე ვიყავი მიჯაჭვული, სანამ ჩვენი ხელისუფლება პიარით იყო დაკავებული. სააკაშვილი, უგულავა, ლომაია და სხვა პარტიული ბოსები 7 აგვისტოს საღამოს გულში მჯიღებს ირტყამდნენ, გავიმარჯვეთ, ცხინვალი ავიღეთ, მტერმა ჯავას შეაფარა თავი, ვაცხადებთ სამსაათიან მორატორიუმსო. ამასობაში "რუსთავი 2"-ზე ვნახე ამაზრზენი ვიდეოფირი, როგორ დასდევდა ცხინვალში ბე-ტე-ერი ჟურნალისტებთან ერთად მშვიდობიან მოქალაქეებს.
8 აგვისტოს რუსები შემოვიდნენ საქართველოში და ჩვენი "გულადი" ხელისუფლება ხალხს დანებითა და ჩანგლებით თავდაცვისაკენ მოუწოდებდა. ტელევიზორს ვუყურებდი, რუსები გორში რომ შემოვიდნენ, რუსი გენერლის ინტერვიუს გადმოსცემდნენ. ჩემი მეგობარი ბორისოვი შევიცანი. გამიკვირდა, აქ რა უნდა-მეთქი, მაგრამ გაკვირვების დრო არ იყო. ტელეფონს ვეცი და საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთა საბჭოში, სააკაშვილის ადმინისტრაციაში, გივი თარგამაძის მისაღებში დავრეკე და ყველას ჩავაწერინე, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ჯარის სარდალი ვიაჩესლავ ბორისოვი ჩემი მეგობარი იყო და ამის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება შემეძლო. ვეხვეწებოდი, რაც გინდათ, დამავალეთ, გამომიყენეთ ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში-მეთქი. მთელი დღე ვიჯექი და ველოდებოდი, რომ ვინმე დამირეკავდა. რამდენჯერმე დავრეკე და ვიკითხე, თუ მოახსენეთ ჩემი ინიციატივის შესახებ უფროსობას-მეთქი. მოვახსენეთო, მაგრამ კაციშვილი არ შემომხმიანებია. რადგან არავინ იყო მომკითხავი, გამახსენდა ჩემი ძველი მეგობარი ანზორ მარგიანი, პოლიციის მაღალჩინოსანი. დავურეკე, კოდორის ხეობაში მეგულებოდა, მაგრამ მისგან შევიტყვე, რომ ბრძანებით უბრძოლველად დაუტოვებიათ ხეობა, რომელსაც 20 წელი მოსახლეობა იცავდა. ანზორ მარგიანი იგოეთში ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა გამწესებული. ვუთხარი, ბორისოვი ჩემი მეგობარია და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია-მეთქი.F ფრონტის წინა ხაზზე მდგარ ჯგუფს ირაკლი კოდუა ხელმძღვანელობდა. მაშინ კოდუას არ ვიცნობდი. ანზორს ვუთხარი, სასწრაფოდ კოდუას მოახსენე, რომ შემიძლია შუამავალი ვიყო ბორისოვთან-მეთქი.
40 წუთში დამირეკეს. ბორისოვს ვკითხეთ და შენზე გვითხრა, ასეთს არავის ვიცნობო. იგოეთში წასვლა გადავწყვიტე. მარგიანსა და კოდუას ვუთხარი, გამოცდილი პოლიციელები ხართ და აბა, მტერი თავის მეგობარზე რას გეტყოდათ, იმან რა იცის, რატომ ეკითხებით, შეიძლება იფიქრა, რომ დაჭერილი გყავართ ან უნდა დამიჭიროთ-მეთქი. ტელეფონის ნომერი ხომ გაქვთ, დავურეკავ-მეთქი. დავურეკე. გენერალი ბორისოვი გისმენთო, - მიპასუხა. ლეონარდო დევდარიანი ვარ, ფრონტის ხაზიდან, იგოეთიდან გირეკავ-მეთქი. მოკლედ, დიდი მოკითხვის შემდეგ ბორისოვმა თავად ჩამომაკითხა იგოეთში(!). წავედით, გორში გენერალი ალექსანდრ კალპაჩენკო, ფსკოვის 76-ე დივიზიის მეთაური ალექსანდრ ლენცოვი (საჰაერო-სადესანტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე) და სხვები გელოდებიანო. ასე ვერ წამოვალ-მეთქი. ირაკლი კოდუასთან დავბრუნდი, იქით მეძახიან-მეთქი. წადი, გაიგე, რა ხდებაო. ვუპასუხე, ვიცი თქვენი მთავრობის ამბავი, დაბრუნებულს შეიძლება ბორკილები დამადოთ და სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადოთ, ამიტომ თქვენი კაცი გამაყოლეთ, რომელიც გვერდიდან არ მომშორდება და მისი მოწოდებული ინფორმაციით იმუშავეთ-მეთქი. აირჩიე, ვინც გინდაო. ანზორ მარგიანს ვიცნობდი როგორც გამოცდილ და უღალატო კაცს, აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით და ის გამაყოლეს.
ჩავედით გორში. რესტორანში სუფრა დამხვდა გაშლილი. გენერლები ისხდნენ. მივესალმეთ ერთმანეთს. მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. საქმე ჩემს ქვეყანას ეხებოდა. უცხო ჩექმა როგორ შეიძლება ქართველ კაცს გულს არ უკლავდეს. გენერალ ბორისოვს ვეტაკე, არა გაქვს სინდისი, არ შეგეძლო თვითაცილება გაგეკეთებინა, რომ ჩემს სამშობლოზე იარაღით ხელში არ წამოსულიყავი-მეთქი. ბორისოვმა მიპასუხა, იცი, რას გეტყვი, 7-8 აგვისტოს ღამეს როსტოვში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩვენს ჯარებს საქართველოში გზავნიდნენ. თავად დავრეკე გენერალურ შტაბში და მე თვითონ ვთხოვე, რომ საქართველოში გამოვეშვი. რატომ-მეთქი, გამიკვირდა. რა, გერჩივნა ჩემს ნაცვლად აქ ისეთი კაცი მოსულიყო, რომელმაც არაფერი იცის საქართველოზე. 5 წელი ბათუმში ვიმსახურე და არ მძულს ეს ქვეყანა. ამიტომაც გადავწყვიტე აქ წამოსვლაო. ახლა სხვა გენერლებს მივუბრუნდი, არ გრცხვენიათ, თქვენი დამაარსებლის, სახელგანთქმული მთავარსარდლის, გენერალისიმუსის სტალინის ქალაქში ხართ და ესეც არ გახსოვთ? მისი მუზეუმიც კი დაცვის გარეშე დატოვეთ-მეთქი. ეს რომ ვთქვი, ბორისოვმა თავში ხელი წაიშინა, ეს როგორ გამომეპარაო. პოლკოვნიკს დაუძახა, ახლავე დააყენეთ დაცვა, მუზეუმსა და ძეგლთან სადღეღამისო მორიგეობა დააწესეთო! პოლკოვნიკი ის იყო ბრძანების შესასრულებლად მოემზადა, რომ ანზორ მარგიანმა ხელი მკრა, უთხარი, ჩვენი პოლიციელებიც დააყენონ დაცვაშიო. ბორისოვს მოვთხოვე, ჩვენი პოლიციელებიც მიეხმარებიან თქვენს ჯარისკაცებს სტალინის სახლ-მუზეუმის დაცვაში-მეთქი. რას ამბობ, ეს როგორ დავუშვაო, გაუკვირდა.
არ დაგავიწყდეთ, ამ დროს გორიდან გაქცეულია გუბერნატორი და ყველა ხელისუფალი. ბედის ანაბარაა ხალხი, დიდი ქაოსია. ისევ გავუმეორე ბორისოვს, შენს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენი პოლიციელები დააყენე-მეთქი. ნაომარი კაცი ვარ, სოხუმის ომის დროს სოხუმის გარნიზონში კომენდანტის პირველი მოადგილე ვიყავი. ვიცი, რა გაჭირვებაშია მშვიდობიანი მოსახლეობა ომის დროს. ყველაზე უმწეო ის არის, ვინც ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს. ვიცი, ასეთ დროს თავისიანი პოლიციელის გამოჩენა რას ნიშნავს. ბორისოვი დამთანხმდა, მითხრა, მხოლოდ ერთს გთხოვ, ავტომატების გარეშე, მხოლოდ პისტოლეტებით შეიარაღებული შემოვიდნენო და საპატრულო პოლიციის 10 ეკიპაჟის შეშვების ბრძანება გასცა. გახარებულმა მარგიანმა დაურეკა ირაკლი კოდუას, რომ გორში შესასვლელად ქართული პოლიცია მოემზადებინათ. ასე შევიდა 10 ქართული ეკიპაჟი სტალინის სახლ-მუზეუმის დაცვის საბაბით ქალაქ გორში. ასე მოვახმარეთ 60 წლის წინ გარდაცვლილი სტალინის სახელი საქართველოს!
ჩაშლილი მოლაპარაკება(?!)
10 თუ 11 რიცხვში მერაბიშვილმა დარეკა ანზორ მარგიანის ტელეფონზე. მერაბიშვილს ბორისოვთან უნდოდა შეხვედრა. რა პრობლემაა, ჩამოვიდეს, შევახვედრებ-მეთქი. მერაბიშვილმა იუარა გორში ჩამოსვლა. ბორისოვი როგორმე მცხეთაში უნდა ჩამოიყვანოთ, იქ შევხვდებიო. შეხვედრის ადგილი რომელიღაც რესტორანში დაგვითქვა. ეს იყო პირველი მცდელობა მოლაპარაკების დაწყებისა. ფაქტობრივად, ბორისოვს სთავაზობდნენ, მიეტოვებინა ჯარი და მტრის ზურგში წასულიყო. ამის თქმა არ გინდოდა არმიის სარდლისთვის? განზე გავიხმე და შორიდან დავიწყე, - ჩემთან ერთად თუ წამოხვალ-მეთქი. სადაც გინდა, იქ წამოვალო. იმას როგორ იფიქრებდა, რომ ჯარის მიტოვებასა და მტრის ზურგში წასვლას ვთავაზობდი. ნელ-ნელა შევაპარე მერაბიშვილის წინადადება. ბორისოვმა მკითხა, შენ თუ ენდობი საქართველოს მთავრობასო. საერთოდ არ ვიცნობდი მერაბიშვილს, ნდობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ გავრისკე, ვენდობი-მეთქი. მაშინ წავედითო, მითხრა. გზაში ვკითხე, მოლაპარაკების უფლება ხომ გაქვს-მეთქი?
მოკლედ, რომელიღაც რესტორანში დაგვითქვეს შეხვედრა. გენერლებს უთხრა, ლეონარდოსთან ერთად ნახევარი საათით გავალ და მალე დავბრუნდებითო. ჩავსხედით ანზორ მარგიანის მანქანაში. მე და ბორისოვი - უკან, ანზორი საჭესთან.
იგოეთიდან რომ გამოვედით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ბორისოვმა მკითხა, ლეონარდო, კიდევ ერთხელ გეკითხები, ენდობი მათო? უკვე მეც შევფიქრიანდი, ხომ ვიცოდი მათი ამბავი. ვიფიქრე, არ დაიჭირონ ეს კაცი და მერე მთელ მსოფლიოში არ ატეხონ ამბავი, აი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის სარდალი დავიჭირეთო! ომი წაგებული ჰქონდათ და მოვიგეთო, გაიძახოდნენ და განიარაღებული რუსი გენერალი ჩამყავდა ჩემი ხელით მცხეთაში.…ამან ძალიან შემაფიქრიანა.
ანზორ მარგიანმა მითხრა, ამათ მართლა მტერი ენდო, თუ გვიღალატეს, ჩემი და შენი გვარი ისტორიულად დარჩება როგორც მოღალატეო. კაცი გვენდო, ჯარები მიატოვა, ჩვენთან მანქანაში უიარაღოდ ჩაჯდა და იქ რომ მძევლად აიყვანონ, ამაზე მეტი სირცხვილი რაღა იქნებაო. ადგა და ორივეს იარაღი მოგვცა: ბორისოვს - სტეჩკინი, მე - მაკაროვი. თუ დავიღუპებით, ერთად დავიღუპებით, თუ გადავრჩებით, ერთად გადავრჩებითო. მეცოდებით, ბიჭებო, რაკი წამოვედით, წავიდეთო, - გვითხრა ბორისოვმა და გზა განვაგრძეთ. ის-ის იყო, დათქმულ ადგილს მივუახლოვდით მცხეთაში, ვანო მერაბიშვილმა ისევ დარეკა. მოიბოდიშა და Mმარგიანს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფოდ უკან გაიხმო(!). მართალი რომ გითხრათ, მე კი ამოვისუნთქე, მაგრამ მერაბიშვილი რომ არ გაეხმო სააკაშვილს, შესაძლოა ამ მოლაპარაკებას ბევრად სასიკეთო ნაყოფი გამოეღო ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სარკოზისა და მედვედევის შეთანხმებას.
ერთი სიტყვით, მოლაპარაკება ჩაიშალა და ისევ გორში დავბრუნდით.
ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები დამთავრებული იყო, მაგრამ ჩვენი დაღუპული ბიჭები ბრძოლის ველზე, რომ იტყვიან, ლპებოდნენ. ამის გამო ოსები საწვავს ასხამდნენ და წვავდნენ. გენერლებს მივუბრუნდი, მებრძოლი ხალხი ხართ და არ გრცხვენიათ, მიცვალებულებს რატომ არ ატანთ ქართულ მხარეს. ომი ომია, მაგრამ მიცვალებულებს რომ ასე ეპყრობით, ეს არც ომის კანონში წერია და არც ადამიანობაში-მეთქი. ეს რომ ვთქვი, ერთი ამბავი ატყდა, რას ჰქვია, არ ვატანთ, არავინ შემოგვხმიანებია, არც სარდალი, არც მხედართმთავარი, არც გენერალი... კაციშვილს არ მოუთხოვია მიცვალებულები. ყველამ მოუარა თავის მიცვალებულებს: ჩეჩნებმა, ოსებმა, ჩვენ, მხოლოდ ქართველი ბიჭები ყრიან ქუჩებში და ორმოებში ლპებიანო. მხოლოდ ისინი არ მოუკითხავს თავის ხელისუფლებასო.
ბორისოვმა მითხრა, რეფრიჟერატორიანი მანქანები გამოაგზავნინე, მე გამოვყოფ დამკრძალავ რაზმს, ავკრეფთ ყველას, ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ დაკრძალვასო. სახელმწიფო მინისტრ ჯამბულ ბაკურაძეს დავურეკე, გორში ვარ და რეფრიჟერატორებს თუ შეგიძლია მოუყარო თავი და გორისკენ გამოუშვა-მეთქი. დამპირდა, რომ სასწრაფოდ მიიღებდა ზომებს. რადგან საქართველოს ხელისუფლების იმედი ბოლომდე არ მქონდა, საპატრიარქოს სამდივნოში დავრეკე და ვუთხარი, ჩვენს უწმინდესს გადაეცით, რომ რუსები თანახმა არიან დაღუპულების გადმოცემაზე-მეთქი. მითხრეს, ჩვენც ვმუშაობთ მაგ საკითხზე, მოსკოვს ველაპარაკებითო. არადა, რად უნდოდა მოსკოვი ამ ამბავს. მეორე დღეს ბორისოვს მოახსენეს, რომ ჩვენი პატრიარქი მობრძანდებოდა. უდიდესი პატივისცემა გამოიჩინა ბორისოვმა. უნდა გენახათ, დამპყრობელი ჯარის სარდალი მუხლმოდრეკილი როგორ შეეგება ჩვენს სულიერ მოძღვარს. პატრიარქმა ჯვრები ჩამოგვკიდა მე და ბორისოვს.
- ამბობენ, რომ პატრიარქმა ბორისოვს სოლიდური თანხა გადაუხადა მიცვალებულების გადმოცემის სანაცვლოდ.
- პატრიარქმა ბორისოვს უთხრა: აბა, შენ იცი, მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი დაუშავო, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მოუარე ჩვენს ხალხსო. მერე უბეში ხელი ჩაიყო და პაკეტი ამოიღო. "აი, აქ 20 ათასი დოლარიაო და გაუწოდა ბორისოვს, - ბორისოვი გაშეშდა... - ამას გაძლევ იმიტომ, რომ გორში ყველაზე გაჭირვებულებს და უმწეოებს მოუარო და შენი ხელით გაუნაწილო ეს თანხაო". ბორისოვმა ფული გამოართვა, დაეცა მუხლებზე, კალთაზე აკოცა და უთხრა, გეფიცებით, უწმინდესო, ყოველი კაპიკი მივა გაჭირვებულ და უმწეო მოსახლეობასთან, ყველა კაპიკზე ჩაგბარდებათ სრული ანგარიშიო. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა.
მოგვიანებით ბორისოვმა მართლაც სია შეადგინა და პატრიარქს გაუგზავნა.
დაღუპულების გადმოსვენების საკითხი რომ მოგვარდა, კოდუას გავუარე და ვკითხე, აწი რა დავალებას მომცემთ-მეთქი? კოდუამ მითხრა, უფროსობამ დამავალა, თუ შეგიძლია, ბორისოვს დაელაპარაკო, ძალიან ბევრი სამხედრო ტექნიკა აქვს ხელში ჩაგდებული, დაგვიბრუნოს და რამდენსაც გვეტყვის, იმდენს გადავუხდითო(!). ბორისოვს კოდუას დანაბარები გადავეცი. მითხრა, უკვე გვიანია, ნაალაფარი ტექნიკა დღეს დილის 5 საათზე ვლადიკავკაზში გავგზავნეო. მერე მითხრა, იცი რა, გული რომ არ დაგწყდეს, 20-25 ერთეული ტექნიკა, ბე-ტე-ერი, ბმპ-ები ტყეებში ყრია. ზოგი გაფუჭებულია, ზოგს საწვავი გამოელია. ხვალ მათ შეკეთებას და ვლადიკავკაზში გაგზავნას ვაპირებდი, მაგრამ არავითარი ფული არ მინდა, მათ შენ გაჩუქებო.... მართლაც ორ-სამ დღეში მოაწესრიგეს ტექნიკა და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
ტყვეების გათავისუფლება
იმავე დღეს ტყვეების გათავისუფლება მოვითხოვე. ბორისოვმა მითხრა, გადმოგცემთ ტყვეებს, მაგრამ ჩვენი მფრინავები დაგვიბრუნეთო. კოდუას დავურეკე, სიები შეადგინეთ და ტყვეების გაცვლაზე, პრინციპით - "ყველა ყველაზე" - თანახმაა რუსული მხარე-მეთქი. კოდუამ, კი ბატონო, გავუკეთებ მაგ საკითხს ორგანიზებასო. ბორისოვმა ჩრდილო კავკასიის სარდალთან დარეკა, ტყვეების გაცვლაზე მოვილაპარაკეთ და გამომიგზავნე მოადგილე აღმზრდელობით დარგშიო. იმას ეხებოდა ტყვეების საკითხი. მეორე დღესვე ჩამოფრინდა სარდლის მოადგილე, გენერალი პერეპელიცა სიით ხელში. კოდუას ვკითხე, როგორ არის საქმე-მეთქი? ახლა ვამზადებთ სიებსო. იგოეთში სიების გასაცვლელად წამოვედით.
ამ პაპანაქება სიცხეში კარგა ხანს ვიდექით. ამასობაში კოდუა მოვიდა, განზე გამიხმო და მეუბნება, რეინტეგრაციის მინისტრმა იაკობაშვილმა რომ გაიგო, ტყვეების გაცვლა მიდის, პიარის გაკეთება მოინდომა, ეგ ჩაეკვეხა ამ სიტუაციაში და აქ ჟურნალისტებთან ერთად მოდისო. მივხვდი, კოდუას არ მოსწონდა ეს ამბავი. მერე რა გინდა, ირაკლი-მეთქი? როგორმე პიარი არ გამოუვიდესო. ბორისოვს ვუთხარი, ამ ომის გაჩაღებაში იაკობაშვილს ლომი წილი უდევს და ახლა სიები მოაქვს, გამოართვი და უთხარი, რომ მასთან არ ილაპარაკებ-მეთქი. მართლაც, კოდუას ბორისოვმა უთხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მაგას ქართულ-რუსულ საკითხებზე არ დაველაპარაკებიო. კოდუამ ეს აცნობა უფროსობას. იაკობაშვილი კი დააბრუნეს უკან, მაგრამ რად გინდა, კეზერაშვილი გამოგზავნეს. 3-4 საათი ვიდექით და ველოდებოდით. პერეპელიცამ ვლადიკავკაზიდან ჩამოასწრო(?). ვდგავართ, ვიხრუკებით მზისგულზე და უცბად ორი ახალი ლექსუსის ჯიპით შემოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი ამერიკული კინოფილმის გმირი კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდათ. რაღა ნაპოლეონი და რაღა კეზერაშვილი. ბორისოვმა მკითხა, ეს ვინ არისო. თავდაცვის მინისტრია-მეთქი. კეზერაშვილი მარიაჟი სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე დაცვას მიუტრიალდა, რა არის, ბიჭებო, ახალი ბატინკები ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმლისკენ ხელით მიუთითა. Bბორისოვს ქართული ესმის, 5 წელი ბათუმში მსახურობდა, თანაც ბატინკი რუსულადაც ბატინკია. ხელით ისე მიუშვირა, რომ ყველაფერი გასაგები იყო ნებისმიერ ენაზე. შევხედე, ბორისოვი გაფითრდა. კეზერაშვილი მოგვიახლოვდა და თავისი "გამართული" რუსულით არ დაუწყო ჩხუბი ბორისოვს?
ბორისოვმა კბილებში გამოცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეიარაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობ, შე წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამ ასოზე გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო, უთხრა. მოტრიალდა, სტაცა ხელი პერეპელიცას და მანქანაში ჩაჯდა. ვიფიქრე, ახლა რაღა ვქნა, ძლივს მოგვარებული საქმე მეშლება-მეთქი. მივვარდი ისევ ბორისოვს, სად მიდიხარ-მეთქი? ვის ველაპარაკო აქ, ნორმალური არავინ არის, ერთი სერიოზული კაცი ვერ ვნახეო, - მიპასუხა გაღიზიანებულმა. მოკლედ, ვეხვეწე, ერთი სულელის გულისთვის ნუ ჩავშლით ამ საქმეს, ტყვეებს შველა უნდათ-მეთქი. ბორისოვმა ხათრი ვერ გამიტეხა, მანქანიდან გადმოვიდა და კეზერაშვილს მიუახლოვდა. კეზერაშვილმა უცბად შეცვალა ტონი. ბატონო გენერალო, თქვენ არასწორად გამიგეთო. "ყველაფერი სწორად გავიგე", - უკმეხად უპასუხა ბორისოვმა, - გაცვლა ხვალ 11 საათზე შედგება. ვცვლით ყველას ყველაზე - მერე მობრუნდა, წავედითო, მითხრა და მანქანაში ჩავსხედით.
თბილისში ღამის პირველ საათზე დავბრუნდი. ანზორ მარგიანმა მკითხა, ხვალ რომელ საათზე გამოგიაროო. ვუთხარი, ყველაფერი მოგვარებულია და უჩვენოდ გაცვლიან ტყვეებს, ჩვენ 12 საათისთვის მივიდეთ-მეთქი. დათქმისამებრ, მეორე დღეს 12 საათისთვის გავემგზავრეთ. იგოეთში რომ შევედით, ვხედავ, კოდუა ზის მარტოდმარტო ქვაზე დაღონებული, აშკარად ემჩნეოდა, რომ ხასიათზე ვერ იყო. რა ხდება-მეთქი? რაღა რა ხდება, ტყვეები არ გაცვალესო. მინისტრის მოადგილე მოეთრია (სამწუხაროდ, არ ვკითხე რომელი მინისტრის), უფროსის (პრეზიდენტი იგულისხმა) დავალებით და რუსებს ულტიმატუმი წაუყენა, - თუ გინდათ, თქვენი მფრინავები დაგიბრუნოთ, ახალგორის რაიონი და კარალეთში სამხედრო ტექნიკის ბაზა უნდა დაგვიბრუნოთო. მერე რუსებმა რა ქნეს-მეთქი? მოიყვანეს ტყვეები და ყველა გაათავისუფლეს. ეს ულტიმატუმი რომ გადავეცით, გვითხრეს, მოვახსენებთ ჩვენს მთავარსარდლობას და უკან გაბრუნდნენო. სხვათა შორის, Kკოდუა ძალიან განიცდიდა ამას. ეტყობა, მიხვდა, რომ ულტიმატუმით ლაპარაკი რუსებთან არ ღირდა.
კოდუას ვუთხარი, წავალ ისევ გორში, იქნებ რამე გამოვადნო ამ საქმიდან-მეთქი. რაღას იზამ, ულტიმატუმი შეუთვალეს მთავარსარდლობას, ახალგორის რაიონში კიდევ ოსი მაროდიორები არიან შესული და ვინ დაგვიბრუნებსო, - ხელი ჩაიქნია კოდუამ. ამ დროს ჩვენი ხელისუფლებისგან მიტოვებულ ახალგორში ჯერ კიდევ არ იყვნენ შესული რუსები, მხოლოდ ოსები მაროდიორობდნენ. ისევ გორში წავედი. პირველი თუ ორი საათი იქნებოდა, რომ ჩავედი. ბორისოვს სასტუმროში ეძინა. საძინებელში შევუვარდი მძინარეს. რა ვქნათ-მეთქი? რა უნდა ვქნათ, მე რაღა შემიძლია, ხედავ რა ხალხია? არავითარი პასუხისმგებლობა მაგათ არ გააჩნიათ, სიტყვისა და მოლაპარაკების ფასი მაგათ არ იციან და სხვა რა დამრჩენოდა, მოვახსენე უმაღლეს მთავარსარდლობას მაგათი ულტიმატუმი, მე აქ ვეღარაფერს გავხდებიო, - მიპასუხა. რამე მოვიფიქროთ-მეთქი. არ შემიძლია, ეს ჩემს უფლებამოსილებას აღემატებაო, - იუარა ბორისოვმა. ამ დროს ტელევიზორში აჩვენებდნენ კურსკის ბრძოლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას. იქ იყო ჩასული მედვედევი გენშტაბის უფროსის, არმიის გენერალ მაკაროვის თანხლებით. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთის ომზე დაუსვეს ჟურნალისტებმა. მედვედევმა თქვა, ჩვენს გეგმაში არ შედის თბილისის აღება, მაგრამ სააკაშვილმა ჩვენთან ულტიმატუმით დაიწყო ლაპარაკი, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთო. ბორისოვმა მითხრა, ხომ ხედავ, რაც ხდება, რა უნდა გავაკეთო ასეთ სიტუაციაშიო?
ვინ ჩააბარა ახალგორი
იძულებული გავხდი, მთელი რუსული გენერალიტეტი ამეწრიალებინა. ჯერ პავლე გრაჩოვს (მისი შვილი ჩემი ნათლულია და ფაქტობრივად ჩემს ოჯახშია გაზრდილი. მამამისი ხუმრობით პატარა გრუზინჩიკსაც ეძახდა). დავურეკე, ვეხვეწე, რამე მიშველე, გენერალიტეტში შენი გამოზრდილი ხალხია, იქნებ რაღაც გაახერხო-მეთქი, მერე სხვა გენერლებსა და თანამდებობის პირებს ვესაუბრე. ვუმტკიცებდი, ახალგორში ოსური ბანდები არიან შესული, ჩვენი პოლიცია გამოგდებულია, ახალგორი ყოველთვის ქართული ტერიტორია იყო, მაროდიორები აწიოკებენ მოსახლეობას და ყველაფერი რუსებს ბრალდება, ეს არა მგონია ხელს გაძლევდეთ-მეთქი. სააკაშვილის ულტიმატუმით გაღიზიანებულებმა მიპასუხეს, ჰო, მაგრამ ჩვენ ულტიმატუმს არ მივიღებთო. თქვენ ცდებით, რაღაც სწორად ვერ გაიგეთ, ეს თხოვნა იყო-მეთქი. ჩვენი მთავრობა გთხოვთ, რომ გაწმინდოთ ეს რაიონი მაროდიორებისგან, რომ ჩვენი პოლიცია მოსახლეობის დასაცავად შევიდეს ახალგორში-მეთქი. ეს თხოვნაა თუ ულტიმატუმიო, რამდენჯერმე მკითხეს, თხოვნაა, თხოვნაა-მეთქი, ვუმტკიცებდით მე და ბორისოვი.
თანაც როდის იყო, თავდაცვის სამინისტრო ომის დროს შინაგან საქმეთა ძალებს ეომებოდა-მეთქი? კარალეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა რომ ჩაიგდეთ ხელში, იმ ბაზაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შეიარაღება და ტექნიკა თავმოყრილი და საქართველოში კრიმინალების თარეში დაიწყება-მეთქი, ამიტომ ბაზის დაბრუნება ჩვენი მხარისთვის აუცილებელია-მეთქი. მოკლედ დავარწმუნე, რომ თხოვნა იყო. 15-20 წუთში გაისმა საიდუმლო მობილური კავშირის ტელეფონის ზარი, წამოხტა ბორისოვი, გენშტაბის უფროსი არმიის გენერალი მაკაროვი მირეკავსო. გენშტაბის უფროსმა ჩემ თვალწინ უბრძანა ბორისოვს, გაეგზავნა რაზმი ახალგორის რაიონში, გაეწმინდათ მაროდიორებისა და ბანდფორმირებებისაგან და კარალეთის ბაზასთან ერთად ქართული პოლიციისთვის დაებრუნებინათ.
გახარებული ვეცი ტელეფონს და კოდუას დავურეკე, საქართველოს მთავრობის ულტიმატუმები შესრულებულია-მეთქი. არ დაიჯერა. ვუთხარი, გაამზადე რაზმი და გადმოგცემენ ბაზას-მეთქი. ახალგორში ახლა რაზმს გზავნიან, გაწმენდენ ოსი მაროდიორებისაგან, გაამზადე პოლიცია, რომ ორ საათში შეიყვანოთ ახალგორში და ქართული დროშა აღმართოთ-მეთქი. გახარებული კოდუა დიდხანს არ მიჯერებდა, ახლავე მოვახსენებ უფროსობას ამ ამბავსო. 10-15 წუთში ისევ დამირეკა კოდუამ და რაღაც ხმა არ მომეწონა, ლეონარდო, კარალეთის ბაზის გადმობარებაზე მზად ვართ, მეორე საკითხზე მინდა გელაპარაკოო. უფროსობას მოვახსენე ეს ყველაფერი, იმათ მოახსენეს პირველს და დამირეკეს, გადაითამაშე უკანო. რას ჰქვია უკან გადათამაშება-მეთქი? ასეთია უფროსის ბრძანებაო. უფროსი სააკაშვილი იყო. კოდუამ გამიმეორა, უფროსმა და პოლიტიკოსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღესო. გადავირიე, რას ნიშნავს გადათამაშება-მეთქი, გაწმენდენ ახალგორს მაროდიორებისაგან და ჩვენია უკვე ახალგორი, ჩავაბაროთ ეს სიმწრით გამოგლეჯილი ახალგორი რუსებს-მეთქი? თუ კაცი ხარ, შენ მაინც ნუღარ მეჩხუბები, ისედაც ჩხუბი მქონდა ამ საკითხზე, პოლიტიკოსებმა ასე გადაწყვიტეს და რა ვქნაო. ტელეფონში ვყვიროდი, ვინ ხართ, რა ხართ, მოღალატეები ხართ თუ რა ხდება-მეთქი? ვინ გიბრძანა, რომელმა პოლიტიკოსმა ამისთანა სისულელე-მეთქი, ვღრიალებდი. თარგამაძეზე იყო ლაპარაკი, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე და თავისთავად პრეზიდენტისაგან მოდიოდა ბრძანება. ეს პირველი კაცის ბრძანებააო. რატომ, რა მიზეზია-მეთქი...
ასე გადაწყვიტეს პოლიტიკოსებმაო, მეასედ გამიმეორა კოდუამ. ამასობაში ბორისოვი გაშტერებული მიყურებდა, რა ხდება, გამაგებინეო. არაფერი-მეთქი. როგორ უნდა მეთქვა რუსის გენერლისთვის, არ გვინდა, ბატონო, ახალგორი, წაიღეთ თქვენი იყოსო. ბორისოვს ვუთხარი, ახლა წავალ და გთხოვ, არ გაგზავნო ცოტა ხანი რაზმი ახალგორში-მეთქი. ვუთხარი, რაღაც გაუგებრობაა და გავარკვევ რაღაც-რაღაცებს-მეთქი. მე და ანზორ მარგიანი სასწრაფოდ გამოვიქეცით გორიდან. იგოეთთან არეულ-დარეულობა დაგვხვდა. რუსული რაზმი ორი БТР-ით უკვე მიდიოდა ახალგორისაკენ. ლამისყანის ასახვევი პოლიციისა და სამხედრო მანქანებით იყო ჩახერგილი. პოლკოვნიკი გაშმაგებული ყვიროდა, გამიშვით, გენშტაბის ბრძანება მაქვს, ახალგორის რაიონი უნდა გავწმინდო მაროდიორებისაგანო. ბორისოვს დავურეკე, რა ხდება, ხომ შემპირდი, ჯერ რაზმს არ გამოგზავნიდი-მეთქი. ბორისოვმა მითხრა, ეს გენშტაბის ბრძანებაა და ჩემ გარეშე ავტომატურად სრულდებაო. ვთხოვე, ცოტა ხანს გაეჩერებინა. ყურმილი გადავეცი პოლკოვნიკს. ბორისოვმა უთხრა, არაფერი მოიმოქმედო ჩემს ბრძანებამდეო.
კი მაგრამ, ეს ხომ გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებაა, ტრიბუნალს გადაგვცემენო, - ყვიროდა შეშინებული პოლკოვნიკი. მაშინ ასე გავაკეთებ, ავალ ახალგორში, უბრალოდ შემოვივლი იქაურობას და უკან დავბრუნდები, სხვანაირად არ გამოვაო.
ამასობაში, ჩვენებს პატრულის მანქანებით ჩაეხერგათ გზა. ვიფიქრე, ვიდრე ეს ახალგორს მოივლის, რამეს გავარკვევ-მეთქი. ის იყო, ტელეფონი დამიბრუნა და გასცა ბრძანება - "წინ!" მაშინ იყო, ჩვენი პატრულის მანქანებს რომ გადაუარეს. გაცოფებული გორის პოლიციის უფროსს მივვარდი, სად არის ირაკლი კოდუა-მეთქი. ქვემოთ, რიყეზეო (კასპში პატარა ჭალაა). რიყეზე რა უნდა, აქ წყდება ქვეყნის ბედი-მეთქი. ჩავირბინე რიყეზე, კიდევ იმედი მქონდა, რომ გაუგებრობა იყო და სანამ ახალგორს რუსები მოივლიდნენ, შევძლებდი საქმის გამოსწორებას. რიყეზე ირაკლი კოდუა და გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა ისხდნენ.
რას შვრებით, რას აკეთებთ, ახალგორი არ გინდათ-მეთქი?! საჩქაროდ გაარკვიე ეს ამბავი, შენ თუ ვერ არკვევ, მომეცი ტელეფონი, რომელ პოლიტიკოსებს ელაპარაკები, ვინ გადმოგცა სააკაშვილის ბრძანება-მეთქი. ვერ მოგცემ ტელეფონსო. მაშინ შენ დაურეკე და დაელაპარაკე კატეგორიულად-მეთქი. ირაკლიმ დაურეკა ვიღაცას, ყვიროდა, ბოლოს და ბოლოს, ვინ გგონივართ, ვერ დაუმტკიცებთ მაგ კაცს, რომ აქ ქვეყნის ბედი წყდებაო...
- ვის ელაპარაკებოდა კოდუა?
- არ ვიცი, ამას თვითონ იტყვის. მაშინ მე ვხსნი სოდ-ს და თბილისში ვბრუნდებიო. რადგან გენშტაბის უფროსი ომის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ მთავარსარდალს ემორჩილება, გოგავას მივდექი, რადგან 200 მეტრში ქართული რაიონის საკითხი წყდებოდა და ის კი ჭალაში დამალული არაფერს აკეთებდა. გოგავას უხეშად ველაპარაკე, ვეჩხუბე, მაგრამ ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია. თავჩაღუნული იჯდა, ვლანძღე, ვაგინე, რა არ ვუთხარი, სინდისი, ნამუსი, ქართველობა და რა ვიცი, რა არ გავიხსენე, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, მისთვის ერთადერთი რამ იყო მთავარი - შეესრულებინა სააკაშვილის ბრძანება. ასე თვალსა და ხელს შუა ჩააბარეს ახალგორი... კოდუამ მოხსნა თავისი სოდ-ი და თქვა, თბილისში ვბრუნდებიო. აბა, მე რაღა მინდა აქ-მეთქი?
დავიხურე ქუდი, ჩავჯექი ანზორ მარგიანის მანქანაში. რა ხდებაო, გაკვირვებულმა მკითხა. რა და სახელმწიფო ღალატია ჩვენი პრეზიდენტისა და პოლიტიკური ბოსებისგან-მეთქი. ჰკითხეთ მარგიანს, გოგავას, კოდუას და გეტყვიან, რომ ასე იყო. თუ არ იტყვიან, სახელმწიფო ღალატში მონაწილეობაზე აიღებენ პასუხისმგებლობას...
ასე დავბრუნდი თბილისში.
თბილისში მთელი კორპუსი მელოდებოდა. ყველას აინტერესებდა, რუსები თბილისში შემოვიდოდნენ თუ არა. ვიცოდი, რომ არ აპირებდნენ, თუმცა ბორისოვი გაფრთხილებული მყავდა, თუ თბილისის აღებაზე ბრძანებას მიიღებდა, უნდა დაერეკა და ლაპარაკში ჩემოდანი ეხსენებინა. ღამის ორ საათზე ბორისოვმა დარეკა, რატომ არ დაბრუნდიო, გაკვირვებული იყო. ვუთხარი, წნევამ ამიწია და ვეღარ დავბრუნდი-მეთქი, აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ გვიღალატა?! ბორისოვმა მკითხა, ჩემოდნები თუ გაქვს, რომ დამჭირდესო? როდისთვის გჭირდება-მეთქი, ხვალ 11 საათისთვისო. გასაგები გახდა ყველაფერი. ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ დილის 11 საათზე თბილისისკენ დაძრულიყო. მეზობლებს ვუთხარი, არიქა, დაურეკეთ ყველას და დატოვეთ თბილისი, ხვალ დილის 11 საათისთვის რუსები თბილისში იქნებიან-მეთქი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავიც ატყდებოდა.
ნახევარ საათში ისევ დარეკა ბორისოვმა და უკვე ღია ტექსტით მითხრა, - ლეონარდო, გენერალური შტაბიდან ბრძანება მივიღე, ამაღამ უნდა წავუყენო ულტიმატუმი სააკაშვილსა და მის მთავრობას, რომ თუ ხვალ 11 საათზე ჩვენი მფრინავები მოლაპარაკების თანახმად არ გადმოგვეცემა, გავხსნა ცეცხლი თბილისის მიმართულებით ყველა სახის იარაღით, ზარბაზნებით თუ ტანკებით. შემდგომ შევიდეთ თბილისში, გავათავისუფლოთ ჩვენი მფრინავები, რომელთა ადგილსამყოფელი ცნობილია ჩვენთვის და უკან დავბრუნდეთ. საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით ჩვენიანებს არასოდეს ვტოვებთ. გირეკავ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფალთაგან არავისთან მაქვს კავშირი. მიიღე ზომები, რომ ეს ულტიმატუმი როგორმე მივიდეს მათ ყურამდეო(!).
უკვე ღამის 3 საათია, ვეცი ისევ ტელეფონს და ისევ კოდუას დავურეკე. კოდუას სიტყვასიტყვით გადავეცი რუსების ულტიმატუმი. კოდუამ მითხრა, ახლავე დაგირეკავო და ეს ულტიმატუმი მთავრობას გადასცა. კოდუამ 5 წუთში დამირეკა, ლეონარდო, ყველანი აქ ვართ შეკრებილი, ანზორ მარგიანი გამოგივლის და სასწრაფოდ აქ უნდა მოხვიდეო. ის იყო, წასასვლელად გავემზადე, რომ ისევ კოდუამ დარეკა. აღარ არის საჭირო შენი მოსვლა, ყველაფერი გადავწყვიტეთ, ტყვეებს ხვალ 11 საათზე ჩავაბარებთ რუსულ მხარესო. 5 წუთში ბორისოვმა დამირეკა, ჩემოდნები აღარ არის საჭიროო. როგორც მითხრა, კონსპირაციული ბინიდან კახა ლომაია გამოვათრიე და დავავალე ულტიმატუმის მიწოდება ხელისუფლებისათვის, მაინც თავი დავიზღვიე, ხომ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას შენთვის არ დაეჯერებინა. სხვათა შორის, ლომაიას ბორისოვი მთელი ამ ომის დროს დასცინოდა. გორში ჩასვლის პ[ირველივე დღეს მითხრა, რა სასაცილოები არიან ეს საქართველოს მთავრობის წევრები, უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია გორში ლენინივით კონსპირაციულ ბინებში იმალება, იქიდან იძლევა ინტერვიუებს და ჰგონია, არ ვიცი, ყოველ ღამით რომ იცვლის ეგრეთ წოდებულ კონსპირაციულ ბინებს. სასაცილოდ არ გვყოფნის მათი კონსპირაცია, რას იმალება, რისი ეშინია, მოვიდეს აქ, ათასი პრობლემაა გადასაწყვეტი, მშვიდობიან მოსახლეობას მიხედოს, თავს ნუ ირცხვენსო.
ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ ეს ინტერვიუ მიიღოს როგორც ჩემი ოფიციალური ჩვენება. დაიკითხოს ამ სახელმწიფო ღალატის საქმეზე პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი, გენშტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, ეგრეთ წოდებული პარტიული ბოსები - გივი თარგამაძე, ზურაბ ადეიშვილი. ამ ისტორიის უშუალო მონაწილეები, გენერლები ერეკლე კოდუა და ანზორ მარგიანი, გორის პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი. თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო ღალატის ამ საშინელ ფაქტებს დაადასტურებს გენერალი ბორისოვიც.