„რუსეთს საქართველოსთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა აუცილებლად მოუწევს“

„რუსეთს საქართველოსთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა აუცილებლად მოუწევს“

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დანიშნა. მისი წარდგენისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, რადგან ვითარება ამ ეტაპზე ძალიან რთული და ჩიხურია.

„მოჯადოებული სამართლებრივი წრეა შექმნილი მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული სამართლებრივი წრიდან, ამის თაობაზეა საჭირო საუბარი რუსეთის მხარესთან. მათ აქვთ გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადალახვას არ აპირებენ. მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვიან. ჩვენც გვაქვს ასეთი წითელი ხაზები, მაგრამ ვიდრე იქამდე მივალთ, არსებობს სხვა პრობლემები, სადაც საერთო შეხების წერტილების შეიძლება ვიპოვოთ და ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვაროთ – თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები და ა.შ. შეიძლება პერსპექტივაში გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობებიც, რაც ჯერ არ ჩანს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჯერად რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელის. აბაშიძის დანიშვნის საპასუხოდ რუსული მხარისგან ჯერჯერობით მხოლოდ საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადება გავრცელდა. „რია ნოვოსტი“-სთან საუბრისას ლუკაშევიჩი ამბობს, რომ მოსკოვი ყურადღებას აქცევს თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და შესაბამის საკადრო დანიშვნებს, თუმცა მოსკოვში საქართველოს ახალი მთავრობისგან, პირველ რიგში, კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.  

რას გადაწყვეტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა და რა სირთულეების გადალახვა მოუწევს მას ამ პროცესში, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძე ესაუბრება.

ვაჟა ლორთქიფანიძე: „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, შემდეგ კი სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენის თაობაზე ახალი ხელისუფლების ლიდერმა საკუთარი პოზიცია გამოხატა. ეს პოზიცია მან არჩევნებამდე არაერთხელ დააფიქსირა, ხოლო არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია. პრემიერ-მინისტრმა დანიშნა თავისი წარმომადგენელი, რომლის მეშვეობითაც იგი მზად არის, რუსეთთან დიალოგი დაიწყოს.

ახლა ვნახოთ, რუსეთის მხრიდან რა ნაბიჯი მოჰყვება ამას, შესაძლოა, ამას რუსეთის მხრიდანაც ასეთივე წარმომადგენლის დანიშვნა მოჰყვეს. ვინ იქნება ეს ადამიანი, ამას დრო გვაჩვენებს და ალბათ, გარკვეული დიალოგი ამ ორ ქვეყანას შორის დაიწყება. ვითარება ძალიან რთულია. მე წინააღმდეგი ვარ, რომ საუბრის დაწყებისთანავე დიდი მოლოდინები გაჩნდეს, რადგან დიდ მოლოდინს გამართლება უნდა, ხოლო როდესაც ეს გამართლება არ არის, ვითარება რთულდება ხოლმე.

მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და გამწვავდა, არის ბევრი საკითხი, რომელიც ძალიან მწვავედ დგას და ასეთი პრობლემების დათმობა არც ერთ მხარეს არ შეუძლია. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხი. მოგეხსენებათ, რუსეთის სამხედრო კონტიგენტი საქართველოს ტერიტორიებზე არ უნდა იყოს და სწორედ ეს ფასდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციად როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი, მაგრამ, ალბათ, რაღაციდან, როდესღაც ეს ურთიერთობები უნდა დაიწყოს.

ბატონო ვაჟა, რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნა პიროვნულად რომ განვიხილოთ, როგორ შეაფასებდით ამ კანდიდატურას?

- ზურაბ აბაშიძე გამოცდილი დიპლომატია, ცხრა წლის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩად მუშაობდა, ასევე სამი წლის განმავლობაში რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. ამდენად, მას სათანადო გამოცდილება აქვს და ნუ დავუსახავთ მიზნად ამ ადამიანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შეცვლას. ეს ამოცანა მის წინაშე არ დგას და არც უნდა დავსვათ. ზურაბ აბაშიძე გამოცდილი დიპლომატია და რუსეთთან ურთიერთობაში როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, ისე მიიღებს მონაწილეობას. ამ დანიშვნით ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამისათვის პირადი წარმომადგენელიც დანიშნა. რა თქმა უნდა, ზურაბ აბაშიძე კოორდინაციაში იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ პირადი წარმომადგენელი იმასაც ნიშნავს, რომ იგი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

ზურაბ აბაშიძეს საზოგადოების წინაშე ჩემი წარდგენა არ სჭირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იგი სამი წლის განმავლობაში რუსეთში ელჩად იყო და ალბათ ამ ნიშნით შეაჩერა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მასზე არჩევანი. რის გაკეთებას შეძლებს ზურაბ აბაშიძე, ეს მხოლოდ მასზე დამოკიდებული არ იქნება. ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ პრობლემასა და საერთოდ ვითარებაზე. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც გარკვეულ როლს ითამაშებს ამ ურთიერთობების დარეგულირებაში, მაგრამ სწორად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირველი ნაბიჯი სწორედ ორმხრივი დიალოგისკენ გადადგა. იმას ვგულისხმობ, რომ არსებობს მიდგომა - საერთაშორისო თანამეგობრობა შეიძლება რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლად მოგვევლინოს. მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პირდაპირი, ორმხრივი დიალოგით უნდა მოგვარდეს. სხვა ქვეყნების ჩარევას კი შეიძლება დამატებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩემი აზრით, სწორედ ამაზე მინიშნებაა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნისას ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთისთვის არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადალახვას ის არ აპირებს და ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რის უკან წაღებასაც რუსეთი არ აპირებს. აბაშიძის განცხადებით, საქართველოსთვისაც არსებობს ასეთი წითელი ხაზები და ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა სანამ ამ პრობლემებამდე მივალთ, შესაძლოა საერთო შეხების წერტილების პოვნა, მაგალითად სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობების აღდგენა. სწორად მიგაჩნიათ დიალოგის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებების წამოწევით?

- ჩემს აზრს გეტყვით, თავის მოტყუებას არ უნდა ვეცადოთ, მთავარი საკითხის მიმართ დამოკიდებულების გარკვევის გარეშე, ეს ძალიან რთული იქნება. კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა აღდგეს, მაგრამ ეს პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. არ გამოვა ისე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადავდოთ და კულტურულ ურთიერთობებს მივხედოთ. კულტურულ ურთიერთობებს რა უდგას წინ? ისინი ხომ ახლაც არსებობს? ამ ურთიერთობების გააქტიურება სხვა საკითხია და ამას რა თქმა უნდა, მივესალმები. რაც მთავარია, უნდა შეწყდეს აგრესიული რიტორიკა და ჯინაზე რაღაცეების კეთება, სამეცნიერო ურთიერთობები და კონტაქტები უნდა აღდგეს, ასევე მასმედიამ უნდა დაალაგოს ერთმანეთთან ურთიერთობები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ ძირითადი პრობლემის განხილვას ხელს შეუწყობს. ამ ნაწილში ზურაბ აბაშიძეს ვეთანხმები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მასთან და აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა გვაქვს. იგივე ვითარებაა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი იმ მთავარი პრობლემის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და ეს არის დამოკიდებულება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედებებსა და საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში ისინი თბილისის მხრიდან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.  ივანიშვილმა კი განაცხადა, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯს ველითო. ამდენად, სიტუაცია ისეთია, რომ ორივე მხარე ერთმანეთისგან ელის ქმედით ნაბიჯებს და როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებას?

- სწორედ ეს არის ის სირთულე, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე და სწორედ ეს სირთულეები უნდა გაარკვიოს ზურაბ აბაშიძემ. საინტერესოა რუსეთი თუ დანიშნავს მსგავს სპეციალურ წარმომადგენელს და ვინ იქნება ის პიროვნება, რომელთან მოლაპარაკებაც ზურაბ აბაშიძეს მოუწევს. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ასეთი წარმომადგენელი საერთოდ არ დაინიშნოს და აბაშიძეს ზოგადად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობა მოუწიოს. ეს უკვე რუსეთის პოლიტიკური ნებაა, დანიშნავს თუ არა სპეციალურ წარმომადგენელს. მოკლედ, მხარეებს ერთმანეთს შორის მოუწევთ იმის გარკვევა, ვინ რას გულისხმობს.

თქვენ სრულიად ლოგიკურად დასვით კითხვა, უნდა გაირკვეს მხარეები ქმედით ნაბიჯებში რას გულისხმობენ. რუსეთის მხრიდან აქ შეიძლება მოთხოვნების ძალიან ფართო სპექტრი იყოს, დაწყებული საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებითა და რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნიდან, და საქართველოში ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებით დამთავრებული, რაც საკმაოდ ხშირად ისმის მათი მხრიდან. ჯერჯერობით გაუგებარია, რას მოითხოვს რუსეთი და რას გულისხმობს ქმედით ნაბიჯებში. ამდენად, თუკი ურთიერთობების აღდგენა გვინდა, ორივე მხარემ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოსთან საუბარი. აქამდე მოსკოვი აცხადებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან არ ილაპარაკებდა, თუმცა მის ხელისუფლებასთან ეკონომიკურ სფეროში შესანიშნავად თანამშრომლობდა. კერძოდ, საქართველოს ძალიან ბევრი რესურსი რუსული კომპანიების საკუთრებაშია, მათგან ბევრი სახელმწიფო კომპანიაც არის. მაგალითად, „თელასი“ „რაოესის“ კუთვნილებაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი კი რუსული სახელმწიფოა. ამდენად, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა შესანიშნავად ხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობების დასარეგულირებლად დიალოგი არ მიმდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დიალოგზე არ დაჯდებოდა. ახლა ეს ხელისუფლება შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, შეიცვალა საკანონმდებლო ხელისუფლება და მინისტრთა კაბინეტი. ამდენად, რუსეთს ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებლად მოუწევს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი დროული და სწორია და ის შედეგს აუცილებლად მოიტანს, მაგრამ ამ შედეგის მიღწევას ძალიან მძიმე და ხანგრძლივი შრომა დასჭირდება.