"რადგან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები და მოთქმა-მოთქმა გია ქავთარაძის პერსონასთან დაკავშირებით, მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა მინისტრის მოადგილის პოსტი, რადგან არ უნდოდა, ჩემთვის ჩრდილი მოეყენებინა. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩემს მიმართ დღემდე გრძელდება ის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. რომელი სამინისტროს ხელმძღვანელადაც არ უნდა დავენიშნე, ეს მაინც გამოიწვევდა მითქმა-მოთქმას. ცხოვრებაში ამაზე რთული ბარიერები შემხვედრია, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და მომავალშიც თავაწეული ვივლი", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კალაძე: გაზზე, ელექტროენერგიასა და საწვავზე ტარიფების შესამცირებლად აქტიურად ვმუშაობთ. ნამდვილად არსებობს იმის შესაძლობლობა, რომ ტარიფებმა დაიწიოს და ეს ზამთრისთვის მოხერხდება.
"ყველას შევახსენებ, რომ ენერგეტიკის მინისტრი ეს არის პოლიტიკური თანამდებობა და სულაც არ არის აუცილებელი ამ თანამდებობის პირი ენერგეტიკის საკითხებში დეტალურად იყოს ჩახედული. რაც შეეხება ენერგეტიკასთან ჩემს კავშირს, ვიყავი კომპანია "საქჰიდრომშენის" 45%-იანი წილის მფლობელი. აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ეს კომპანია ფლობდა ჰესებს და ა.შ. სინამდვილეში ეს არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ჰესების დაპროექტებითა და შენებით არის დაკავებული. სხვათა შორის, "საქჰიდრომშენი" უძველესი ქართული კომპანიაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ენგურჰესის მშენებლობაშიც. მინისტრობის კანდიდატად წარდგენისას არ ვიყავი ვალდებული ამის შესახებ წინასწარ განმეცხადებინა, მით უმეტეს არ ვიყავი ვალდებული წინასწარ გამესხვისებინა ჩემი წილი კომპანიაში, რადგან არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ნორმა: მინისტრად დანიშვნიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს კერძო კომპანიაში წილის გასხვისება - ხომ შეიძლებოდა პარლამენტს არ დავემტკიცებინე და წინაწარ რატომ უნდა გაიყიდოს ბიზნესი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კალაძე.
"გაზზე, ელექტროენერგიასა და საწვავზე ტარიფების შესამცირებლად აქტიურად ვმუშაობთ. აქტიური შეხვედრები გვაქვს იმ კომპანიებთან, რომლებიც ენერგოსექტორში საქმიანობენ. ნამდვილად არსებობს იმის შესაძლობლობა, რომ ტარიფებმა დაიწიოს და ეს ზამთრისთვის მოხერხდება... რაც შეეხება საბოტაჟს - მე ვაფრთხილებ ყველას - ვინმეს აზრადაც არ მოუვიდეს მსგავსი რაღაცის გაკეთება, თორემ უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე!" - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "აპირებთ თუ არა, თქვენი ძმის გატაცებისა და მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართოთ პროკურატურას?" - პასუხობს:
"ჩემს ძმასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად გამაჩნია, უბრალოდ, ამას აქამდე საჯაროდ არ ვამბობდი, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში აზრი არ ჰქონდა. მაგრამ ახლა ჩემი ძმის საქმის ობიექტური გამოძიება დღის წესრიგში დადგება".
"მზადდება ამნისტია და ბევრ უდანაშაულო ადამიანთან ერთად გიორგი დემეტრაძეც ძალიან მალე დატოვებს ციხეს! დემეტრაძეც მიიღებს მონაწილეობას ფეხბურთიდან ჩემი გაცილების მატჩში, რომელიც გაზაფხულზე შედგება. თბილისში "მილანის" ის თაობა ჩამოვა, რომელთან ერთადაც მე დიდ წარმატებებს მივაღწიე", - დასძენს კახა კალაძე.