ჯონდი ბაღათურია გამოჩნდა! შესაძლოა, მისი პაუზა არც ისე დიდი იყო, თუმცა მისგან პარლამენტში ყველა ისეთ ჰიპერაქტიურობას მიეჩვია, ორკვირიანი დუმილიც კი თვალშისაცემი გახდა. ,,კოალიციისგან უარყოფილი'' და ,,გულუასთან გარიგებული'' _ ასეთი იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე პოპულარული შეფასება, თუმცა დღეს ჯონდი ბაღათურია ,,ვერსიის'' რესპოდენტია და გვიამბობს _ რა მოხდა სინამდვილეში ,,ქართულ დასსა'' და ,,ქართულ ოცნებას'' შორის, რატომ თქვა უარი საოცნებო სიის პირველ ათეულზე, წაუყენა თუ არა ულტიმატული ივანიშვილს, საბურთალოს ოლქს დაგითმობ და 2014 წელს თბილისის მერი გამხადეო, რა მასალებს აწვდის ახალ გენპროკურორს და რა სამომავლო სტრატეგია აქვს დასახული:
_ არსადაც არ დავიკარგე, უბრალოდ, პატარა პაუზა ავიღეთ და მიხარია, რომ ეს მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის ასე თვალშისაცემია. გაგიმხელთ, აქამდე მთავრობის დამტკიცებას ველოდი, რათა სახელმწიფო სტრუქტურები ქმედითი გახდეს. ახლა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო _ ქვეყანა სრულად უნდა გათავისუფლდეს იმ კრიმინალური ბანდისგან, რომელიც მას ძალადობით, შანტაჟითა და ქურდობით მართავდა!
_ მანამდე თქვენი საარჩევნო მოღვაწეობა შევაჯამოთ: ახსენით ტაბუ ივანიშვილის განცხადებას _ ,,ჯონდი რაღაცამ აცდუნა'' და გვითხარით, ასე რით გაანაწყენეთ ბიძინა ივანიშვილი, რომ თქვენი ამდენი აქტიურობის მერე პარლამენტში, კოალიციის სიაშიც კი ვერ მოხვდით?
_ ჩემთვის არც ერთ თემას ტაბუ არ ადევს! შეიძლება, ივანიშვილმა იგულისხმა არა ,,ცდუნება'', არამედ ,,შეცდომა'', მაგრამ მე ყველაფერს გეტყვით, რაც შემიძლია ჩემი და ბიძინას პრივატული საუბრებიდან ვთქვა _ დიახ, თანახმა ვიყავი ჩემი პარტია, ,,ქართული დასი'' კოალიციაში გაწევრიანებულიყო, მაგრამ ეს ჩემი აქტიურობის საზღაური არ იქნებოდა. რაღაცას თუ აკეთებ, უნდა გააკეთო და გაიარო! მე ჩემი გაკეთებული წინ დამხვდა _ რეჟიმი შეიცვალა! ეს პათეტიკა არაა, რეალობაა, რომლის შეცვლაში მეც მივიღე მონაწილეობა.
_ რეალობა ისაა, რომ, ალბათ, თქვენ ვერ მიიღეთ სასურველი შემოთავაზება.
_ ვამბობ ღიად _ მე მივიღე შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ კოალიციის პარტიულ სიაში ვყოფილიყავი, პირველ ათეულზე იყო საუბარი, დანარჩენი 6 პარტიის ლიდერთან ერთად! მან ასეთი კითხვა დამისვა _ მაინცდამაინც შენი პარტიიდან გინდა იყარო კენჭიო? მას მერე, რაც შუაში მდგომ ძალებთან ერთად დეტალები გავიარე, აღმოჩნდა, რომ სიაში ადგილს ჩემი პარტიის გარეშე მთავაზობდნენ. არ ვიცი, სხვამ რა ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მე ჩემს მეგობრებს ვერ მივატოვებდი! ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ, მათთვის როგორ ამეხსნა, იმის გამო, რომ სიაში ჩავჯდე, თქვენ გტოვებთ და მე შევდივარ პარლამენტში-მეთქი? მე საერთოდ უარი ვთქვი სიებზე, ნული კვოტა მოვითხოვე, სამაგიეროდ, პარტიას შევიყვანდი კოალიციაში და კენჭს საბურთალოზე ვიყრიდი. იცით, რომ არ დამეთანხნენ და მე პარტია არ მივატოვე _ ეს თუა ცდუნება, არ ვიცი! ჩვენს შორის ეს საუბარი 20 ივლისს შედგა.
_ და ხმაც გავრცელდა, ბაღათურიამ ივანიშვილის გამოუცხადა, საბურთალოს ოლქსაც დავთმობ, ოღონდ თბილისის მერი მინდა ვიყოო. ასე იყო?
_ ჩემთანაც მოვიდა ეგ ხმა და კოალიციაშიც იყო ასეთი აზრი, ეგონათ, მერობა მინდოდა. არადა, მერობასა და პრეზიდენტობაზე საერთოდ არ მიფიქრია, რომ იცოდეთ! ქალაქშიც ასეთი ხმა დადიოდა და ვიცი საიდან _ ერთ ჩემ კოლეგასთან მქონდა საუბარი და ვიკითხე, ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ და კოალიციას თანამშრომლობის რა პერსპექტივა გვექნება-მეთქი. შეიძლება, იმ ადამიანს დარჩა აზრი, რომ მერობა მინდა, თუმცა ეს არც მიხსენებია. არ გამოვრიცხავ, სწორედ მისგან გავრცელდა ეს ხმა ხალხშიცა და კოალიციაშიც და ამის მერე მე და ივანიშვილი აღარც შევხვედრივართ. რაც შეეხება არჩევნებს საბურთალოზე _ ერთადერთი პარტიაა ,,ქართული დასი'', რომელმაც იმ რაიონში, სადაც რეალურად ჩაატარა კამპანია, ბარიერი გადალახა. საბურთალოს საზღვრებსგარეთ კი ერთი ბუკლეტიც არ გამიტანია. ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რათა ,,ქართული ოცნებისთვის'' ხმები არ გაგვეყო. მიუხედავად იმისა, რომ ორმა პოლუსმა, რეიტინგის თვალსაზრისით, ყველა პარტია ჩაყლაპა, ,,ქართულ დასს'' იგივე არ დამართნია.
_ რატომ მხოლოდ ,,ქართული დასი'', როცა მინდია გულუას ,,განახლებულ საქართველოსთვის'' ბლოკი გქონდათ? რა მოხდა თქვენ შორის რეალურად და უპასუხეთ გავრცელებულ ჭორს _ გულუამ ჯონდი ,,გადააგდოო''!
_ ჩვენ შორის ეს კავშირი ვერ შედგა! ჩვენ დავგეგმეთ მასშტაბური პროექტები, მაგრამ გულუა მეუბნებოდა, ვანო მერაბიშვილის ზეწოლის ქვეშ ვარ, მემუქრებიანო, თუმცა ისიც მითხრა, არ გიღალატებო. არც უღალატია, არც ,,გადავუგდივარ'', უბრალოდ, ვატყობდი, რომ გაჩერდა და საერთოდ აღარ მოქმედებდა. მაგალითად, 20 დღე რჩებოდა არჩევნებამდე, როცა მისი და, ნანა გულუა, მაჟორიტარობის კანდიდატი ჩხოროწყუში, რაიონში ნამყოფიც არ იყო.
_ მაგრამ როცა გუნდურობაზე მესაუბრეთ და ახლა გულუას პარტიის პასიურობას უსვამთ ხაზს, თქვენ არ განაცხადეთ, 72 ოლქში კანდიდატურას ვხსნი და მარტო მე ვრჩები კანდიდატად საბუთალოზეო, თან ეს გადაწყვეტილება გულუას პარტიას არც მოსწონდა?
_ იცით რა, ან მოგებაზე უნდა იმუშაო, ან საერთოდ არ უნდა იმუშაო. თუ წაგებაზე მუშაობ, ე.ი. ხმებს ყოფ. მე კი ერთადერთი გამსვლელი კანდიდატი ვიყავი და ამიტომ დავტოვე ჩემი თავი, სხვა არაფრის გამო! პოლიტიკოსების ამბიციებმა ქვეყანა დაიმხო თავზე _ მე კი ამბიციაზე მაღლა დავდექი და სხვა ოლქებში მტრის საქმე არ გავაკეთე! ტაქტის ამბავი იყო ისიც, რომ მათი მოხსნის საკითხი სხვა მაჟორიტარებთანაც გავიარე _ ხალხი არ მუშაობდა, აქ მესხდნენ, თბილისის ცენტრალურ ოფისში და რა აზრი ჰქონდა მათ მონაწილეობას არჩევნებში?! არ მეთანხმებოდნენ, მაგრამ მე ამაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება მივიღე.
_ მინდია გულუას ოფისები, მის მიერ დაფინანსებული საარჩევნო კამპანია და თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება? ეს სწორია?
_ როგორ გეკადრებათ?! ჯერ ერთი, მინდია ქვეყნის მოქალაქეც არაა და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, საარჩევნო კამპანიია დაეფინანსებინა. ზუსტად გეტყვით, რომ სულ 14 434 ლარი გვქონდა, რაც კანონით ბიუჯეტიდან გვეკუთვნოდა მთელი წლის განმავლობაში. ამას ემატება ფონდიდან 50 ლარი თითო საარჩევნო უბანზე და სულ ეს იყო. ერთი თეთრი არ მიგვიღია შემოწირულობის სახით.
_ ანუ მავანს სულ ტყუილად ჰგონია, რომ ბაღათურია არჩევნებში გამდიდრდა?
_ გეუბნებით, თეთრი არ ყოფილა შემოწირულობა. აი, გამდიდრებასა და სისხლის სამართლის დანაშაულზე კი ბევრი საინტერესო საქმე მაქვს _ ველოდები, როდის დაინიშნება გენერალური პროკურორი, რადგან მისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ კონკრეტული მასალების გადაგზავნას ვაპირებ, სადაც ყოფილი უმრავლესობის მაღალი ეშელონები არიან ჩართული. ამ მასალებზე ,,ქართული დასის'' ექსპერტთა ჯგუფი თვეებია მუშაობს და ახლა, ახალ რეალობაში, უკვე აზრი აქვს მათ გამოძიებას.
_ დააკონკრეტეთ, რა საქმეებზე და რომელ ეშელონებზე საუბრობთ?
_ შს სამინისტროსგან მანამდეც ვითხოვდით, საქმე აღეძრათ იმ მაღალჩინოსნებზე, ვინც ადამიანთა უკანონო დაპატიმრებაში, წამებაში, ცემა-ტყეპაში, კორუფციაში მონაწილეობდა. კორუფციულ სქემებში, რაიონული თანამდებობის პირიდან რომ იწყება, მინისტრამდეც კი ადის დანაშაულის კვალი. ეს ყველაფერი გამზადებული და გაცხრილული გვაქვს. ასე რომ, ახალ პროკურორს ბევრი საქმე ექნება. ახალი ხელისუფლება, რომელიც მოწადინებულია, ეს საქმეები გამოიძიოს, ამას დღეიდანვე დაიწყებს! ეს უპასუხისმგებლო ცუნდრუკი უმცირესობის მხრიდან კი მაშინვე გაჩერდება, როგორც კი გამოძიება დაიწყება. საერთოდ, ,,ნაცებისთვის'' ტონი და ლექსიკა დიდი ხანია შერჩეული მაქვს _ ახლა სრულიად უსინდისოდ, მაგრამ რიხიანად რომ გამოდიან პარლამენტის სხდომებზე, ეს მათი მცდელობაა, თავი ,,გაიპრავონ'' ოპოზიციაში! ეს მათი ერთგვარი იმუნიტეტია, რადგან ხვალ, როცა ვინმეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, თქვან _ ჩვენ ოპოზიცია ვართ და ეს პოლიტიკური დევნაა, სხვა არაფერიო! მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ეს ოპოზიცია კი არა, ჩვეულებრივი ბანდაა, რომელმაც ბევრი რამ დააშავა! ჰოდა, როგორც კი ფაქტები დაიდება, იქ დასრულდება ,,ნაცების'' რიხიანი საუბარი. თუ ასე არ მოხდა, საქართველოს მძიმე მორალური დაღი დაესმევა. რაც ბოლო წლებში ვნახეთ, გნებავთ, ბოლო დღეებში, ცოცხებს და ციხეებს ვგულისხმობ, ამათ რომ შერჩეთ, ერს თავმოყვარეობა შეელახება _ ეს ქართველმა ერმა არ უნდა შეიტყაპუნოს, თორემ მერე დამცირებულ მდგომარეობაში იქნება და შეტყაპუნებას შეეჩვევა!
_ გისმენთ და ფაქტია, პარლამენტმა ბაღათურიას სტილი დაკარგა...
_ ახალ პარლამენტს ბაღათურიას სტილი აღარ სჭირდება! ახლა სხვაა უმრავლესობაში და თუ ეს სტილი დასჭირდებათ, შეიძლება, ბაღათურიას დეფიციტიც იგრძნონ.
_ ყველაზე მეტად, ალბათ მიხეილ მაჭავარიანს დააკლდით _ კასტინგი გრძელდებაო, თქვენ დანახვაზე ამბობდა, მაგრამ კი დარჩით კასტინგის გარეთ.
_ მაჭავარიანს ეგ პასუხი ჰქონდა მაშინ, როცა პრეზიდიუმში იჯდა! სიმართლეს პასუხს რომ ვერ სცემდნენ, მაშინ ყველაფერს კასტინგის აბრალებდნენ, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი კასტინგს არ ჰქონია ადგილი?! პარლამენტში ჩემ არშესვლას, სხვათა შორის, ასე მტკივნეულად არ აღვიქვამ. ახლა, რომ გითხრათ, არ მინდოდა დეპუტატობა-მეთქი, მართალი არ იქნება, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა და მე ამის მონაწილე ვარ!
_ ახალი უმრავლესობა თუ ხედავს, თორემ?
_ მე ხომ ვიცი. ალბათ, ხედავენ, მაგრამ აუცილებლად რამე უნდა შემომთავაზონ?
_ არაბუნებრივად მშვიდი და კმაყოფილი ხართ _ ცილს არ გწამებთ, რომ აუცილებლად რაღაც მიიღეთ, უბრალოდ, ყველაზე აქტიური, ერთადერთი საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც მხარს ,,ოცნებას'' უჭერდა, ყველაზე მეტად დაიჩაგრა, არადა, თვეების მანძილზე წარმოუდგენლად აქტიური იყავით.
_ ჰოდა, ასეთივეს მნახავთ ახლა არასაპალმენტო ოპოზიციაშიც. რატომ უნდა ვიყო ახალი ხელისუფლების მიმართYგაბრაზებულის პოზიციაში? საბურთალოზეც მესმის მათი, თავისი კანდიდატი ჰყავდათ და თავისი ინტერესი ჰქონდათ. მადლობა ღმერთს, მეც მაღალი რეიტინგი მქონდა, რომელიც შევინარჩუნე. საბურთალოზეც და მთელ საქართველოშიც, ხალხმა 41 ნომერი შემოხაზა და ,,ოცნებას'' მისცა ხმა, ხოლო როცა ჯონდი ბაღათურია შემოხაზეს, ხმა სახელსა და გვარს და მისი პარტიის ცნობიერებას მისცეს. აი, ეს განსხვავებაა. აღმოჩნდა, რომ შუაგასაკრეფებში ხარ, მაგრამ გაკრეფილი არ ყოფილხარ და საბურთალომ აჩვენა, რომ თურმე, არც მე ,,ვიკრიფები''. ეს ივანიშვილის პრაგმატული გათვლა იყო და მის ადგილას, შესაძლებლობა რომ მქონოდა, მეც ისე მოვიქცეოდი, როგორც ბიძინა მოიქცა! ამიტომ მათ ვერ ვამტყუნებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა, ერთი რაიონი დაეთმოთ...
_ ბრძანებთ, როგორი აქტიურიც პარლამენტში ვიყავი, ასეთივე ვიქნები მის გარეთაცო. რა არის თქვენი სტრატეგიული გეგმა, როგორ აპირებთ, ამ პროცესმა არ დაგძიროთ და ისევ აქტუალურ პოლიტიკოსად დარჩეთ?
_ პირველ რიგში, პროცესი ჯერ ბოლომდეა მისაყვანი. სააკაშვილი, დამნაშავე, რჩება პრეზიდენტის პოსტზე _ მან აუცილებლად უნდა დატოვოს ეს თანამდებობა და პასუხი აგოს, რა თქმა უნდა, 2013 წლის არჩევნებამდე. არჩევნებამდე მარტო მაშინ შეიძლება დარჩეს, თუ ნამუსი არ აქვს, როცა ხედავს, საკუთარ ხალხს ასე სძულს, მაგრამ დანაშაულიც არ აქვს ჩადენილი. ახლა კი სააკაშვილს, როგორც ჩანს, არც თავმოყვარეობა აქვს და არც იმის განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინა. პრეზიდენტზე სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს და არავის, არავითარ კოალიციას არ აქვს უფლება, გამოძიებას ხელი შეუშალოს, როცა მასალები არსებობს! მოკლედ, სახელმწიფო სტრუქტურები გასაწმენდია ამ დამნაშავე ელენეტებისგან და გასატარებელია სასამართლო, პოლიტიკური სისტემისა და საპენსიო რეფორმა. ეს ის თემებია, რაზეც ახლა ვმუშაობთ.