ქვეყანა ინფლაციის ჭაობში ჩაეფლო, წლის ბოლომდე საგანგაშო სურათი იქნება

ქვეყანა ინფლაციის ჭაობში ჩაეფლო, წლის ბოლომდე საგანგაშო სურათი იქნება

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი აჩვენა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ასეთი ინფლაციაც ქვეყანაში მხოლოდ 2017 წელს იყო. ეკონომისტები ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და დაბეჯითებით ირწმუნება, რომ ინფლაციას შეამცირებს.

ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასი გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. გაძვირებულია თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ტრასპორტის მხრივ დაფიქსირდა ფასების 3.9-პროცენტიანი მატება, რამაც 0.47 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

საკამოდ გაძვირდა დასვენება, გართობა და კულტურა. აქ ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ფასის მატებამ 4.0 პროცენტი შეადგინა, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ეროვნული ბანკი, რომლის კისერზეა ქვეყანაში არანორმალურად გაზრდილი ფასები, ახლა სხვაგვარ ნოტაზე გადაეწყო. თუ აქამდე ინფლაციას მხოლოდ აკვირდებოდა, ახლა ტყვაში ძვრება, რომ კურსი და ფასები როგორმე ქვემოთ დასწიოს. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არის, ჩვენ თანმიმდევრულად იყენებენ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს.

„ზაფხულში რუსეთის მხრიდან ავიასანქციების დაწესებამ გააჩინა მოლოდინი, რომელიც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამას შემდეგ ტურისტული შემოსავლების ფაქტობრივი შემცირებაც მოჰყვა: ივლისში - 13 პროცენტით, აგვისტოში – 11 პროცენტით. აგვისტოს ბოლოს წლიურ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, (შემოსავლების) ზრდა ნული პროცენტია, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა იზრდებოდა. როდესაც ეს დავინახეთ, ძალიან ცხადად ვთქვით, რომ ეფექტური გაცვლითი კურსის ასეთმა გაუფასურებამ, რომელმაც ბუნებრივი ტრენდიდან გადაუხვია, შეიძლება ინფლაციაზე გავლენა იქონიოს. ყოფილა პერიოდი, როდესაც კურსის გაუფასურებას ინფლაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ ახლა, როგორც განვაცხადეთ, ამას ადგილი აქვს და ეს უკვე ქმნის პრობლემას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

თუმცა იგი მიიჩნევს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეროვნულ ბანკი საკმარის ბერკეტებს ფლობს იმისთვის, რომ ინფლაცია მართოს, იგი ამ ბერკეტებს იყენებს და შესაბამისად, ინფლაცია აუცილებლად შემცირდება.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. გამოვიყენეთ რეფინასირების განაკვეთი და ორჯერ გავზარდეთ 0.5 პროცენტით, ბოლო სხდომა რიგგარეშე იყო. ორჯერ გავყიდეთ სავალუტო რეზერვები და ორი დღის წინ 5 პროცენტით შევამცირეთ უცხოურ ვალუტაზე რეზერვების მოთხოვნა. ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რომელმაც უნდა შეამციროს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის პირობები და ინფლაცია აუცილებლად შემცირდება“, – განმარტა გვენეტაძემ.

ლარის კურსი ყოველდღიურად და რეკორდულად უფასურდება და მას მიჰყვება ინფლაციაც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რასაც სტატისტიკა აჩვენებს. პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადგილობრივი პროდუქტია ბაზარზე და როცა ისიც გამოილევა, გაცილებით უარესი შედეგი გვექნება.

„ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. უფრო საეჭვო იქნებოდა რომ არ დაეფიქსირებინათ ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო-სექტემბერში შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, ბაზარზე სიძვირე ძალიან მტკივნეულად ჯერ არ იგრძნობა, რადგან ადგილობრივი პროდუქცია კიდევ არის ბაზარზე.

ფასები იზრდება ყოველდღიურად და საბოლოოდ დადგება კიდეც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის გარდაუვალი.

რთული მდგომარებაა რეგიონებშიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა მიბმულია ტურიზმზე, შესაბამისად, ადგილობრივებისათვისაც ფასები 10-25%-ით მეტია, ვიდრე არასაკურორტო ზონებში“, - ამბობს აროშიძე.

ბოლო ინფორმაციით, ეროვნული ბანკი უცხოერ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნას 17 ოქტომბრიდან შეამცირებს და ლარის გამყარებაც უფრო თვალში საცემი გახდება.

tngh 6,4% წლიური ინფლაციაა, და არა თვის... თანაც სიგარეტის გაძვირების ჩათვლით...
5 წლის უკან
tngh 6,4% წლიური ინფლაციაა, და არა თვის... თანაც სიგარეტის გაძვირების ჩათვლით...
5 წლის უკან