ტაქსების რეფორმა თანდათან პოლიტიკურ დაძაბულობამდე მივიდა

ტაქსების რეფორმა თანდათან პოლიტიკურ დაძაბულობამდე მივიდა

ტაქსების რეფორმის ირგვლივ ვითარება ძალიან დაიძაბა. მძღოლები პროტესტს გამოთვამენ, მერიის პოზიცია უცვლელია, ხოლო ოპოზიცია, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

პირველი ოქტომბრიდან შექმნილმა რეალობამ, პოლიტიკოსების გააქტიურება გამოიწვია. საქმე ეხება ე.წ. თეთრი ტაქსების თემას. ​პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დედაქალაქის მერიას მოუწოდებს, ძველი თბილისში მოქალაქეების დაჯარიმება „წითელი ხაზების“ დადგენამდე შეწყვიტოს. მართალია, ლიცენზიის ვადა იწურებოდა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, მაგრამ იმის გამო, რომ ტაქსის მძღოლები არ იყვნენ ინფორმირებული, მოხდა ისე, რომ ტაქსების უმრავლესობა, რომლებსაც არ ჰქონდათ თავიანთი მანქანები გადაღებილი და არ იყვნენ დაქვემდებარებული მერიის მიერ გაცემულ განკარგულებას, ისინი დააჯარიმეს.

„ეს არასწორია, რადგან, მაშინ საკმაო მკაფიო მითითება უნდა ყოფილიყო, მათ ჰქონდათ უფლება ესარგებლათ თავიანი ლიცენზიით 30 სექტემბრის ჩათვლით“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

​როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის დაიწყებს პარლამენტის წევრებს შორის ხელმოწერების შეგროვებას, რომ მივმართოთ მთავრობას და თბილისის მერიას, რათა ეს ადამიანები გუშინდელი უსამართლო ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ.

პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დედაქალაქში მართლაც დაიწყო ტაქსების დაჯარიმება. უმრავლესობას, რომლებიც სპეციალური ტრაფარეტის გარეშე მოძრაობდნენ და ქუჩიდან მგზავრების აყვანასაც არ ერიდებოდნენ, 200-ლარიანი სანქცია დააკისრეს. მძღოლები პროტესტს გამოთქვამენ, რომ მათ საქმიანობას უკრძალავენ. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ სატაქსო მომსახურება არავისთვის აუკრძალავს, უბრალოდ, მოხდა მანქანების კატეგორიებად დაყოფა.

„ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის. პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რეფორმის მეორე ფაზა, რაც ნებართვის მქონე ტაქსებს „ა“ და „ბ“ კატეგორიებად ყოფს. როგორც იცით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ორჯერ უწევთ სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა.

ტაქსის მძღოლებისთვის ჩვენ გამოვყავით სპეციალური ვაუჩერები, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, ან გადაღებონ ავტომობილი ან თეთრი ფირი გადააკრან, ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ასევე, ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით ესარგებლათ, რათა მათი ავტომობილი სუფთა ყოფილიყო და მგზავრს პრობლემა არ შექმნოდა. ესეც უფასო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვაუჩერია გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ტაქსების რეფორმის ერთიანად წამოწყება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც მუნიციპალიტეტმა მისი ეტაპობრივად განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.

„პროცესი ისევ გრძელდება. ტაქსით მომსახურების გაწევა არავისთვის აგვიკრძალავს. უბრალოდ ორ კატეგორიად დაიყო. „ა“ კატეგორიისთვის ფერი არის მნიშვნელოვანი. მან უნდა გაიაროს ტექდათვალიერება. მათთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება პარკირების უფასო ადგილები. შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთ ავტომობილებზე რეკლამა განათავსონ და აქედან შემოსავალი მიიღონ. ასევე, გადასახადებისგან გათავისუფლებულნი არიან.

ამით რეფორმა არ მთავრდება და მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმა გავაგრძელოთ. ამასთან დაკავშირებით, უახლოესი დღეებში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის ის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, მათთვის გადაადგილება იყოს კომფორტული, ხოლო სისუფთავე - დაცული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. ვიცით, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ და ასეთ სოციალურ ფონზე შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის ერთდროულად დაწყება. ამას გარკვეული წლები და მომზადება სჭირდება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა ეტაპობრივად განგვეხორციელებინა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში, ლიცენზირებულ ტაქსებს ვალდებულება აქვთ წელიწადში ორჯერ ტექდათვალირება გაიარონ. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით კი, ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

„ტექდათვალიერების გავლის შემდეგ 30%-მა ვერ მოახერეხა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც არის კანონით გათვალისწინებული. 70-71% დარჩა, ვინც გაიარა ტექდათვალირება. მათ ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია გავლილი აქვს, დანარჩენი ახლა გადის“, - აცხადებენ მერიაში.

ამასობაში გააქტიურებას გეგმავს ოპოზიცია. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რეალურად ტაქსების რეფორმა ჩავარდა. თვითონ მერია ადასტურებს, რომ რეალურად გადაღებილია არაუმეტეს ტაქსების 10%-სა. ამიტომ საჭიროა მძღოლების დაცვა.

„ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ დანარჩენი 90%-ის ტაქსის მძღოლების დევნა და დაჯარიმება, იმიტომ, რომ 25 ათასზე მეტი ტაქსის და მათი მძღოლის დევნა ნიშნავს მათი ოჯახების წევრი 100 ათასი ადამიანის მშივრად დატოვებას და ამას არ შეეგუებიან არც მძღოლები და არც ჩვენ, ლეიბორისტები, როგორც მათი მთავარი მხარდამჭერი ძალა.

თუკი ისინი გაბედავენ ამას ჩვენ ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

იმედია, კეთილგონიერება ეყოფა კალაძე-ივანიშვილს და სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობაზე ხელს აიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდებათ მათ და სავარაუდოდ, ხელისუფლების ნაადრევ დაკარგვადაც კი, იმიტომ, რომ ამხელა საზოგადოებრივ თემასთან ჭიდაობა მათ ნამდვილად არ გამოუვათ“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.