ლევან უჩანეიშვილი დაბრუნდა

ლევან უჩანეიშვილი დაბრუნდა

ბოლო ხანს, ტელე და კინოეკრანებზე, ამერიკელი ვარსკვლავების გვერდით ხშირად ჩანს მსახიობი, რომელმაც მიაღწია იმას, რისთვისაც არც ერთ ქართველ მსახიობს არ მიუღწევია.

კინემატოგრაფის მექისკენ მიმავალი გზის გაკვალვა ყველასთვის რთულია, ზოგჯერ თითქმის შეუძლებელიც. ლევან უჩანეიშვილმა ეს შეძლო. დღეს ჰოლივუდის „პირველი ტერორისტი და მოძალადე“ სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში პირველი პრეს-კონფერენცია გამართა.

ბაკულას ღორების დეკორაციის ფონზე, ოთარ კობერიძის, ქეთი დოლიძის, ბუბა კიკაბიძის, თეატრის მსახიობების, თაყვანისმცემლებისა და მას-მედიის წარმომადგენლობითი ჯგუფის გარემოცვაში, ლევან უჩანეიშვილი თავს ლაღად გრძნობდა. ხოლო ჰოლივუდური იერი, ჰოლივუდური თავდაჭერა და ასეთივე ღიმილი ძალიან წააგავდა კუკარაჩას, ვაჟიკას, ზურაბისა თუ შაშას განუმეორებელ მომხიბლაობას... ოღონდ, ოდნავ ხანმომატებულს.

შვიდი წელი მსახიობის ბიოგრაფიისათვის საკმაოდ ბევრია. ამ ბევრის, ამასთან, უფრო შორეული წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ ყვებოდა მასწავლებლის, მიხეილ თუმანიშვილის პორტრეტის ქვეშ მჯდომი ლევან უჩანეიშვილი.

იგი საუბრობდა იმის თაობაზე - თუ, როგორი რთულია ჰოლივუდში ნებისმიერი როლის მიღება, რომ იქ პრაქტიკულად, თითქმის ჩამოსათვლელია მსახიობი, ვინც როლზე უარს ამბობს, თუ, როგორ კინაღამ „დააგლიჯა“ ჰარისონ ფორდს თმა გადაღებისას და თუ როგორ „შერჩა“ ეს საქციელი მასაც და ეკრანსაც.

ლევან უჩანეიშვილმა უარყო ინტერნეტში არსებული ჭორები მისი პერსონის გარშემო (მაგალითად, რობერტ დე ნიროს ქალიშვილის ცოლად მოყვანის თაობაზე), თუმცა კი აღიარა, რომ ჰოლივუდში ყველა რეკლამა რეკლამაა. ქართველი გოგონების გასახარად კი ის აღიარა, რომ ცოლად თანამემამულეს მოყვანას აპირებს და არა ჰოლივუდის რომელიმე ვარსკვლავის ან მისი შვილის.

ლევან უჩანეიშვილმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ თბილისში მისი ჩამოსვლა ნანა ჯორჯაძის ფილმში მონაწილეობამ დააჩქარა, რომ ოთარ კობერიძემ „შესანიშნავი შვიდეულის“ ქართული რიმეიქის გადაღება შესთავაზა, რომ ახალი ფილმისთვის პროექტი ქეთი დოლიძესაც აქვს, რომ ის და მისი ძმა ირაკლი უკვე ორი წელია, იღებენ ფილმს, რომ მათ კიდევ ორი ფილმის სცენარი აქვთ გამზადებული, რომ მათ დაწერეს სიმღერა იმ ხალხზე, ვინც დიდხანს ცხოვრობს უვხოეთში, რომელსაც ბუბა კიკაბიძესთან ერთად შეასრულებენ, რომ იგი წლების მანძილზე ჩანაწერებს აკეთებდა, დიდი მასალა დააგროვა და მათ წიგნად გამოცემას აპირებს.

ყველაზე მთავარი და გასახარები, რაც ლევან უჩანეიშვილმა ამცნო მას-მედიას, ისაა, იგი და ირაკლი თბილისში დიდი ხნით ჩამოვიდნენ და არა დროებით. ხოლო თუ ჰოლივუდიდან მიწვევა კვლავ ექნება (ტერორისტის თუ რომელიმე სხვა როლზე), საქართველოდან ივლის.