რისი დეფიციტი ჰქონდა ბავშვობაში ლეო მესის

რისი დეფიციტი ჰქონდა ბავშვობაში ლეო მესის

2011-2012 წლების საფეხბურთო სეზონი სულ ახლახან დაიწყო, თუმცა საუბარი იმაზე, თუ ვინ გახდება წლის ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი, უკვე მიმდინარეობს და ყველა ერთხმად ერთ მოთამაშეზე თანხმდება. ის თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება და ნამდვილად იმსახურებს, რომ ეწოდოს „საუკეთესო საუკეთესოთა შორის“. საუბარია „ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების მეათე ნომერზე, ადრეულ ასაკშივე ლეგენდად ქცეულ ლიონელ მესიზე, რომლის ფენომენალური თამაშით ფეხბურთის მილიონობით ფანატი არის აღტაცებული.

ლიონელ მესის იტალიური ფესვები აქვს. მისი წინაპარი – ანჯელო მესი 1883 წელს გადასახლდა იტალიური ანკონადან არგენტინაში. თავად მესი კი 1987 წელს, არგენტინის სიდიდით მესამე ქალაქში, როსარიოში დაიბადა. არგენტინის ამ ინდუსტრიული ცენტრიდან, მესის გარდა, არგენტინული ფეხბურთის ახალი თაობის არაერთი წარმომადგენელი გახლდათ: ანხელ დი მარია, ეზეკილ ლავეცი, ეზეკილ გარაი, ევერ ბანეგა და სესარ დელგადო. ლეო საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში იზრდებოდა. მამამისი – ხორხე ჩვეულებრივი მუშა იყო, დედა კი – სელია ოჯახისგან თავისუფალ დროს დამლაგებლად მუშაობდა.

ხორხე მესი, გარდა იმისა, რომ მუშა იყო, თავისუფალ დროს პატარა ბიჭებს ფეხბურთში ავარჯიშებდა. სწორედ სამოყვარულო გუნდ „გრანდოლში” დაიწყო 5 წლის ლეოს კარიერა. 8 წლის ლეო ფეხბურთის თამაშში იმდენად გამოირჩეოდა თანატოლებისგან, რომ ხორხემ ის „ნიუელს ოლდ ბოიზის” აკადემიაში მიიყვანა. აკადემია მათი სახლიდან 60 კილომეტრით იყო დაშორებული და ლეო ხშირად მარტოც კი დამჯდარა მატარებელზე და წასულა. თუმცა, 11 წლის ასაკში ლეოს სერიოზული პრობლემა გაუჩნდა. ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს დიაგნოზად სიმაღლეში ზრდის ჰორმონის დეფიციტი დაუდგინეს, რომლის მკურნალობა დიდ თანხებს მოითხოვდა (სხვადასხვა მონაცემებით 700-1 000 დოლარს თვეში), ლეოს ოჯახს ეს თანხა არ გააჩნდა და არც მისი ნიჭით დაინტერესებული არგენტინული კლუბები აპირებდნენ პატარა ბიჭში ფულის ჩადებას. რომ არა კარლეს რექსაჩი – „ბარსელონას” სპორტული დირექტორი, რომელმაც მესის ნიჭი დაინახა, შესაძლოა, თანამედროვე ფეხბურთს არც ჰყოლოდა დიდი „ათიანი“ – ლეო მესი. უნდა ითქვას, რომ ლეოს კატალონიაში გადასვლას დიდად შეუწყვეს ხელი მისმა ნათესავებმა, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ. ცნობისთვის, ლეო მესი ამჟამად 169 სანტიმეტრია, არც ისე ბევრი, თუმცა საკმარისი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავური დარტყმით გოლი გაუტანოს პლანეტის მეორე საუკეთესო გუნდს – „მანჩესტერ იუნაიტედს”.

„მე ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებს არგენტინულ ფეხბურთში“, – ეს სიტყვები არც მეტი არც ნაკლები, ლეო მესის კერპს და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო მარადონას ეკუთვნის. თანამედროვე არგენტინულ ფეხბურთში ლეო მესი უპირველესი ვარსკვლავია, რომელსაც ჯერაც არ უთქვამს თავისი სიტყვა ეროვნულ ნაკრებში. თუმცა, მისი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო „კოპა ამერიკას” შემდეგ მესის კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. უნდა ითქვას, რომ ბოლო ორი ტურნირი, რომელშიც მესი ნაკრებთან ერთად იღებდა მონაწილეობას – მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში და მშობლიურ არგენტინაში ჩატარებული „კოპა ამერიკა”, წარუმატებელი გამოდგა მისთვის. გუნდი თითქოს მსოფლიო დონის ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მაინც უფერულ ფეხბურთს თამაშობდა. ვერც მარადონამ და ვერც მისმა შემცვლელმა, მწვრთნელის ადგილზე – ბატისტამ ვერ უპოვეს მესის მოედანზე ადგილი რათა ის ფეხბურთი ეთამაშა, რომელსაც იგი „ბარსაში” აჩვენებს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ მესის უღიმღამო თამაშისთვის აკრიტიკებენ, მას ასევე, არგენტინის ჰიმნის უცოდინრობაშიც დასდეს ბრალი.

მესიზე საუბრის დროს არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ მის პირად ცხოვრებას. პრესისთვის ცნობილია, როგორც მინიმუმ, მისი სამი რომანის შესახებ. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 19 წლის მესის რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა 14 წლის მაკარენა ლემოსთან, რომელიც მას მამამ გააცნო. თუმცა, საქმე ფლირტის იქით არ წასულა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაკარენა არასრულწლოვანი იყო. მეორედ მესის გვარმა „ფლეიბოის” მოდელთან, ლუსიანა სალაზართან გაიელვა. წყვილმა ერთმანეთი ბარსელონაში, საერთო ნაცნობების წრეში გაიცნო და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ლუსიანა ლეოზე ასაკით დიდი იყო, ლეო ბედნიერად გრძნობდა თავს. თუმცა, საბოლოოდ, ისინი დაშორდნენ. სხვათა შორის, ეს სწორედ ის ლუსიანა სალაზარია, რომელიც სრულიად არგენტინას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუკი არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს მოიპოვებდა, იგი გაშიშვლდებოდა და ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობასთან, ქალაქის დაარსების 400 წლისთავისადმი მიძღვნილ, ობელისკთან აღნიშნავდა საყვარელი გუნდის გამარჯვებას. ლუსიანას შემდეგ ლეომ რომანი გააბა თავის თანაქალაქელ ანტონელა როკუცისთან, რომელსაც ხუთი წლის ასაკიდან იცნობდა და რომლის ნათესავთან ერთადაც, ერთ გუნდში თამაშობდა. ამბობდნენ, რომ წყვილი დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ცნობა მესის ქორწინებაზე ჯერჯერობით პრესაში არ გამოჩენილა.

ლეო მესის ამჟამინდელი კონტრაქტი „ბარსელონასთან” 2016 წლამდეა განსაზღვრული, ხოლო ფეხბურთელის ფასი სატრანსფერო ბაზარზე ფანტასტიკურ თანხას, 250 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ლეოს ესპანეთის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი აქვს და გუნდში იგი ირიცხება როგორც ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი და ლიმიტები მასზე არ ვრცელდება.

უკანასკნელად კი, სატრანსფერო ბაზარზე მესის სახელი უცნაურ ვითარებაში გახმაურდა. რამდენიმე ხნის წინ, შოტლანდიაში ლატარია „ევრომილიონის” ჯეკპოტი გათამაშდა და მავანმა კოლინ ვეირმა 185 მილიონი ევრო მოიგო. ვეირი ნახევრად პროფესიული შოტლანდიური კლუბის „ლაგს ფისტლის” ქომაგი აღმოჩნდა და თავის მშობლიურ კლუბს დაჰპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარდა, რათა მოგებული ფულით ლიონელ მესის ტრანსფერი გამოესყიდა კატალონიური „ბარსელონიდან”. ჯერჯერობით „ბარსელონისთვის” არავის მიუმართავს მესის ყიდვის თაობაზე. თუმცა, ფაქტი, რომ კოლინ ვეირი ესპანეთში იმყოფებოდა დადასტურებულია, ის კი უცნობია, შესთავაზა თუ არა მან მილიონები კლუბის ხელმძღვანელობას.