ქართული პოლიტიკის ფრანგული კავშირები

ქართული პოლიტიკის ფრანგული კავშირები

ამ კავკასიური რესპუბლიკის ახალი პრემიერი საფრანგეთის მოქალაქეა, ისევე როგორც ყოფილი სამთავრობო გუნდის ბევრი წევრი.

საქართველო საფრანგეთის პროვინცია გახდა? საქმე ის არის, რომ ამ კავკასიური რესპუბლიკის ახალ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ფრანგული პასპორტი აქვს. ამ ოპოზიციონერმა, რომელსაც პრორუს პოლიტიკოსად წარმოაჩენენ, ახლახან სახელმწიფო მეთაურის მიხეილ სააკაშვილის გუნდი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. იმავდროულად, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც შესანიშნავად ფლობს ფრანგულს და ყოველთვის პროამერიკული პოზიციების ერთგული იყო, კონსულტაციებს უწევს ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანის შვილი. ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული – 56 წლის მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. ის საბჭოთა საქართველოში დაიბადა და მოსკოვში სწავლობდა, სადაც საკუთარი ქონება სსრკ-ს დაშლის და რუსული პასპორტის მიღების შემდეგ დააგროვა. 1990-იან წლებში მან ექვსი წელი პარიზის შემოგარენში თავის მეუღლესთან ეკატერინესთან (ისიც ქართველია) ერთად გაატარა. იქ მათ ოთხი შვილი შეეძინათ და მოქალქეობა მის მეუღლესაც მიანიჭეს. მაგრამ 2004 წელს საქართველოში დაბრუნდა. იმისთვის, რომ მის შვილებს თბილისში სწავლა გაეგრძელებინათ, მან ფრანგული სკოლის მშენებლობა დააფინანსა. ასეთი გულუხვობის დემონსტრირების შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა შესთავაზა მას, საფრანგეთისთვის მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიემართა.

მოლიერის ენას მისი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილიც შესანიშნავად ფლობს. რა არის ეს, უბრალო დამთხვევა? როგორც ჩანს, ქართულ-ფრანგული ტროპიზმის მორიგი გამოვლენა: ამ კავკასიური რესპუბლიკის პოლიტიკურ წრეებში საკმარისად არიან ფრანგები ან ფრანგული ენის მცოდნეები.

ყველაფერი 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის დანიშვნით დაიწყო, რომელიც იმ დროს თბილისში საფრანგეთის ელჩად მუშაობდა. საფრანგეთში „თეთრი“ ქართველი ემიგრანტების შვილიშვილი და ისტორიკოს ელენ კარერ დანკოსის ნათესავი ენთუზიაზმით დათანხმდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვებას და საკუთარი წინაპრების ქვეყანაში მოღვაწეობას პრეზიდენტ შირაკის კურთხევით, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკანოფილიის საპირწონეს ქმნიდა. თუმცა, ურთიერთგაგება ფრანგს (მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებულებით მიანიჭეს) და სახელმწიფოს მეთაურს შორის ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია შექმნა. დღეს ის ნიუ-იორკშია და იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს, რომელიც გაეროს დავალებით ირანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს.

ამ ფრანგული კავშირების ახალი ეპიზოდი 2008 წელს უკავშირდება. ზაფხულში გაჩაღებული რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სცენაზე რაფაელ გლუქსმანი გამოჩნდა, ცნობილი ნეოკონსერვატორი ფილოსოფოსის შვილი. ამ ახალგაზრდა ჟურნალისტს პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდა: მან მასთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი „მე გელაპარაკებით თავისუფლებაზე“ და აცხადებს, რომ ელისეს სასახლესთან მოლაპარაკებებში შუამავლად მუშაობს. მეტიც, მან ცოლად შეირთო ეკა ზღულაძე, რომელიც სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა!

რაფაელ გლუქსმანი, როგორც ჩანს, ძალიან არის დაახლოებული ხელისუფლებასთან. „მან არ ისურვა ქართულ ოპოზიციაში ერთადერთ „ფრანგს“ შეხვედროდა“, – ამბობს ზურაბიშვილი. „და რადგან ის იმ ადამიანის მეუღლეა, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრიც, მართლაც არ იცოდა მან არაფერი პოლიციის ექსცესებზე, წამებაზე ციხეებში და უმძიმეს მდგომარეობაზე ადამიანის უფლებების სფეროში?“ თავად გლუქსმანი აცხადებს, რომ დარწმუნებულია საქართველოს „ევროპულ ბედისწერაში“, და ამტკიცებს, რომ ცდილობდა დემოკრატიის ხელშეწყობას სახელმწიფოში „ყველა დონეზე“.

ყველა შემთხვევაში, მან შეძლო ამაში ბერნარ კუშნერის დარწმუნება, რომელმაც Libération-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფრანგ ივანიშვილს ბრალს სდებდა იმაში, რომ ძირს უთხრის „პოლიტიკურ პროცესს და დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ შექმნილ ინსტიტუტებს“. საქართველოში ფრანგი ფრანგს უპირისპირდება.
foreignpress.ge