დიდი შეთანხმება ტყიბულში - ინვესტორმა ვალებიც გადაიბარა და შახტებსაც აამოქმედებს

დიდი შეთანხმება ტყიბულში - ინვესტორმა ვალებიც გადაიბარა და შახტებსაც აამოქმედებს

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა და ახალი ინვესტორიც გამოჩნდა. კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ხელმძღვანელობა ინფორმაციას ადასტურებს. კომპანიის აქტივები ახალ ინვესტორს - „სთილ ინტერნეიშენელ თრეიდ კომპანის“ გადაეცემა. ახალი ინვესტორი ნოემბრის თვეში გეგმავს წიაღისეულის მოპოვების დაწყებას, ხოლო ორშაბათიდან სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.

ტყიბულში მყოფი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთელი დღე მოლაპარაკების პროცესში იყო ჩართული და საბოლოო ჯამში მეშახტეებს პირობა მისცა, რომ 3 დღეში დავალიანება იქნება დაფარული.

„ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტებში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას. მზადყოფნაა, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება იქნას გასტუმრებული. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ დაფაროს გარკვეული სოციალური გადასახადებიც, მათ შორის დაზარალებული ოჯახების წინაშე.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიდო გეგმა, აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად, ერთ წელიწადზე მეტია შახტა გაჩერებულია. დაიწყება მოპოვება და უახლოეს 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ახალი ინვესტორი კომპანიის ვინაობას, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის კომპანია, რომელსაც „გამოცდილება აქვს სხვადასხვა წიაღისეულის ვაჭრობაში. ეს არის საკმაოდ გამოცდილი ქართული კომპანია, მათ ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები, ვისაც ასევე დიდი გამოცდილება აქვთ უკრაინაში ნახშირის შახტების მართვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განუცხადა „ბიემს“ მინისტრმა.

ახალი ინვესტორი უკვე ნოემბრიდანვე გეგმავს წიაღისეულის მოპოვების დაწყებას. ამასთანავე კომპანია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ობიექტის სტრატეგიული განვითარების გეგმას წარადგენს. რასაკვირველია კომპანია იღებს ვალდებულებას მეშახტეების სახელფასო დავალიანებებიც გადაიხადოს, რაც 1,2 მლნ ლარს შეადგენს.

ტყიბულის შახტების ახალმა ინვესტორმა „ჭიათურის მანგანუმთან“ კავშირი სასწრაფოდ უარყო „სთილ ინტერნეიშენელ თრეიდ კომპანის“ წარმომადგენელმა ალესანდრე ჩოჩიამ აღნიშნა, რომ ჭიათურის მაღაროებთან მათ კომპანიას არ აქვს კავშირი.

„ჩვენი პარტნიორი არის უკრაინული კომპანია, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს შახტების მართვასა და გადაიარაღებაში. რამდენიმე უკრაინული შახტა, რომელიც გაჩერებული იყო, აღადგინეს. ეს ხალხი ჩამოვიყვანეთ მენეჯმენტში. ისინი 4 თვეზე მეტია მუშაობენ არა მარტო კოლექტივთან, არამედ ტოპმენეჯმენტთან. იციან მთავარი პრობლემები რა არის. შახტის თანამშრომლებიც მოწადინებული არიან, რომ ის რეგლამენტი და უსაფრთხოების ნორმები, რაც მათთან ერთად შემუშავდება, შესრულებული იყოს“, - აცხადებს ალექსი ჩოჩია.

კითხვაზე, რა გამოცდილება აქვს თავად ქართულ კომპანიას, ის პასუხობს, რომ ბაზარზე 2 წელია არსებობენ, თუმცა გუნდის წევრებს უფრო დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი უკვე დიდი ხანია ნახშირის ვაჭრობით არიან დაკავებული არა მარტო პოსტსაბჭოთა, არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებშიც.

„კოლექტივს შევხვდით, გავაცანით ჩვენი გეგმა. პირველ რიგში, მიმდინარეობს იურიდიუოლი საკითხების მოგვარება ძველ მფლობელ კომპანიასთან. დაახლოებით 2 დღეში ეს პროცედურები დასრულდება. მზად ვართ და რესურსი გაგვაჩნია, რომ დავფაროთ სახელფასო დავალიანება. ინვესტიციის გეგმას წარვუდგენთ სახელმწიფოს, საინვესტიცოო პროგრამა რამდენიმე ეტაპს ითავლისწინებს. პირველი ეტაპი 2 წელიწადსა და 8 თვეში უნდა განხორციელდეს. მიახლოებით 8-დან 10 მილიონამდე იქნება ჩადებული. დეტალური შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ტექნიკის განახლება იქნება საჭირო. ასევე ვაპირებთ კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის გაკეთებას, რომ მოხდეს არსებული თანამშრომლების გადამზადება, რადგან ახალი ტექნიკა ითვალისწინებს ახალ მიდგომებს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.