მარცვლეულის წარმოება - სასურსათო დამოუკიდებლობის გარანტი

მარცვლეულის წარმოება - სასურსათო დამოუკიდებლობის გარანტი

„ჩვენ მარტო, იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“.

ილია ჭავჭავაძე

ქართველი ხალხი ხორბალს იცნობდა ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში და უკვე მოჰყავდათ ხორბლის რამდენიმე სახეობა („იფქლი“, „ასლი“, „დიკა“, „მახა“, „ზანდური“, „დოლი“, „ხულოგო“). ხორბლის ამგვარი დიფერენცირებული სახეობრივი სახელწოდება არც ერთი ქვეყნის ხალხს არ გააჩნია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ხორბლის კულტურულ სახეობათა ფორმირებაში ქართველმა ერმა უმნიშვნელოვანესი მონაწილეობა მიიღო. აკადემიკოს ნ. ვავილოვის აზრით, ხორბლის ფორმათა წარმოქმნაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

სადღეისოდ მსოფლიოში აღწერილი და რეგისტრირებულია ხორბლის ბოტანიკურ გვარში შემავალი 23 კულტურული და 4 ველური სახეობა. ამათგან საქართველოში წარმოდგენილია 14 კულტურული სახეობა. გარდა ამისა, ქართული ხორბლის სახეობებისაგან მიღებულია კიდევ 4 კულტურული სახეობა, რაც, ერთად აღებული, შეადგენს ხორბლის გვარში შემავალ სახეობათა 65%-ს. ქართულ კულტურულ ხორბალთა შორის აღწერილია 150-ზე მეტი სახესხვაობა და ჯიშთა დიდი მრავალფეროვნება (160-მდე). მათ წარმოქმნას და ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქართველოს ბიოგეოკლიმატურმა მრავალფეროვნებამ, ქართველი კაცის გარჯამ, შემოქმედებითმა უნარმა და ხალხურმა სელექციამ. ქართველ ერს ხორბლის მოვლა-მოყვანის დიდი ისტორიული გამოცდილება გააჩნია.

მარცვლეულის მეურნეობის განვითარების პრობლემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ნებისმიერი მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მარცვლეული წარმოადგენს უალტერნატივო საფუძველს პურისა და პურპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის და რძის პროდუქტების, კვერცხისა და სხვა ძირითადი პროდუქტების წარმოებისთვის.

ახლო მომავალში სასურსათო პრობლემის გამწვავების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ავტორიტეტული ჟურნალი თუ სასურსათო პრობლემატიკასთან ახლომდგომი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი აფრთხილებდა მთელ მსოფლიოს. კერძოდ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება სურსათზე 50%-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს განაპირობებდა.

ეს ოფიციალური განცხადება სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გამხდარიყო სურსათის იმპორტიორი განვითარებადი ქვეყნებისათვის, რადგან გლობალური სასურსათო კრიზისის ნეგატიური შედეგები, როგორც წესი, პირველ რიგში, ასეთი კატეგორიის ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე აისახება.

მსოფლიოში ბოლო ორ ათწლეულში გამოიკვეთა მარცვლეულის წარმოების შემცირების და მასზე ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია. ამ უკანასკნელს კი ისიც განაპირობებს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა ბევრად წინ უსწრებს მოსახლეობის ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების ზრდის ტემპს. ბოლო 4 ათეული წლის განმავლობაში 1 ტონა ხორბლის საერთაშორისო ფასი 80,4 აშშ დოლარიდან 173,4 აშშ დოლარამდე გაიზარდა. მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.

ცხრილი 1

წყარო: https://www.macrotrends.net/2534/wheat-prices-historical-chart-data

ამიტომაა, რომ მარცვალი, როგორც სტრატეგიული საქონელი, ითვლება არამარტო თითოეული ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარ გარანტად, არამედ მარცვლის იმპორტიორ ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების მძლავრ იარაღადაც.  თუ ამას დავუმატებთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მიერ გაკეთებულ არაოპტიმისტურ პროგნოზს მარცვლეულის მოყვანა-მიწოდებასთან დაკავშირებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარცვლის „სასურსათო და პოლიტიკური ფასი“ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ორგანიზიციის მონაცემებით, ხორბლის მსოფლიო წარმოებამ 2018 წელს შეადგინა 736,1 მლნ. ტონა, რაც 2,7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. არასასურველი კლიმატური პირობები, განსაკუთრებით დსთ-ს ქვეყნებში, შემცირების ძირითადი მიზეზია, რაც ნაწილობრივ იქნება კომპენსირებული სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მცირე ზრდით. 2019 წელს ხორბლის მოსავალი რუსეთში 10 მლნ. ტონით ნაკლები მოვიდა, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2018 წლის 1,9 ტონიდან 1,5 ტონამდე შემცირდა, ხოლო ყაზახეთში, იგივე მაჩვენებელი 0,7 ტონამდე დაეცა. ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნა მისი წარმოების შემცირების პირობებში 2019 წლის ბოლოსათვის გამოიწვევს მსოფლიო მარაგების 3,3%-ით შემცირებას.

ამ კონტექსტში ერთობ საინტერესოა FAO-ს და ევროკავშირის პოზიცია განვითარებადი ქვეყნების მიმართ სურსათის მ.შ. ხორბლის იმპორტის თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ მიმართულებით მკვეთრად და კატეგორიულად უარყოფითია. ისინი აღიარებენ, რომ მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე დასავლეთის სახელმწიფოებში ფერმერთა სუბსიდირების სისტემა, მართალია, ეხმარება შედარებით ღარიბ იმპორტიორ ქვეყნებს იმპორტის გაიაფებაში, მაგრამ დაბალი ფასები სურსათზე, მათ შორის მარცვლეულზე, ბევრ განვითარებად ქვეყანას აიძულებს უგულებელყოს საკუთარი წარმოება, რაც საბოლოო ანგარიშით, მსოფლიოში სურსათის წარმოების შემცირებას და მასზე ფასების გარდაუვალ ზრდას იწვევს.

შექმნილი სიტუაციის გამო ქვეყნები, რომელთაც შესაბამისი მიწის რესურსები გააჩნიათ, სურსათის თვითუზრუნველყოფის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, ძალისხმევას არ იშურებენ ადგილზე მარცვლეული მეურნეობის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მისი წარმოების შედარებითი თუ აბსოლუტური უპირატესობანი. ფაქტია, რომ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდება აგროწარმოების „ბიოლოგიზაციის“ ტემპების დაჩქარების კვალობაზე კიდევ უფრო შემცირდება, რაც მასზე ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.

კარგადაა გასაცნობიერებელი, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება მოშიმშილეთა რიცხოვნობა და ამდენად, საჭიროა ადგილებზე მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება, პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით.

თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უშიშროების ორი ძირითადი კრიტერიმია აღიარებული და ორივე მათგანი მარცვლეულს უკავშირდება. ესენია მარცვლეულის გადაუდებელი მარაგები და მარცვლის წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით. პირველი ქმნის აუცილებელ გარანტიასა და სიმყარეს საგანგებო სიტუაციების დროს, ხოლო მეორე აჩვენებს მარცვლეულის იმპორტზე ამა თუ იმ ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხსა და დონეს (ქვეყანაში პუპროდუქტების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე).

ამასთან, საყოველთაოდ მიღებულია, რომ ხელუხლებელ მარაგს წარმოადგენს მარცვლის ის გარდამავალი მოცულობა, რომლებიც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით საკმარისია მოხმარების 55-60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ მოთხოვნილების 17-18%-ის ოდენობით (რა თქმა უნდა მისასალმებელია, თუ უფრო მეტი რაოდენობის მარაგი აქვს შექმნილი ქვეყნის მთავრობას).

საქართველოში მარცვლეულიდან, როგორც ხორბალს ასევე სიმინდს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ იგი ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მოხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული.

დამოუკიდებლობის მოპოვებას ე.წ. “საკავშირო ფონდებიდან” მარცვლის ცენტრალიზებული მოწოდების პრაქტიკის გაუქმება მოჰყვა. რის გამოც საქართველოში მუშაობა ერთბაშად შეწყვიტა კომბინირებული საკვების მწარმოებელმა ქარხნებმა, ინდუსტრიულ საფუძველზე გადაყვანილმა მეფრინველეობის ფაბრიკებმა, მეხორცული და მერძეული მიმართულების სპეციალიზებულმა კომპლექსებმა და სხვ. შედეგად, კატასტროფულად შემცირდა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, რამაც სერიოზული გავლენა იქონია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებაზე. კერძოდ, მკვეთრად შემცირდა ამ პროდუქტების სულადობრივი მოხმარების დონე, გაუარესდა კვების რაციონის სტრუქტურა და სხვ.

სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს პოზიციები მკვეთრად დათმო. ამას ადასტურებს შემდეგი ციფრობრივი მასალა. 1950 წლისთვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის 1 სულზე 223 კგ-ს, (მოსახლეობის რიცხოვნობა ამ პერიოდში 3.5 მლნ. ადამიანს შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის 1 სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ, შეადგინა (მომდევნო ათ წლედში სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1990 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 5.4 მლნ ადამიანი და მოსახლეობის 1 სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული). 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება მართალია გაიზარდა 150-155 კგ-მდე მოსახლეობის 1 სულზე, მაგრამ იგი მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე მოდის - ამ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მლნ. კაცით შემცირდა (მარცვლეულის სტრუქტურაში სიმინდს პირველი ადგილი, ხოლო ხორბალს მეორე ადგილი უკავია. მათზე მოდის მთლიანი მარცვლეულის საშუალოდ 90%, ხოლო დანარჩენზე (ქერი, შვრია და ა.შ) 10%)

ცხრილი 2

ამდენად, რეალურ პირობებში, უკიდურესად რთული მდგომარეობა შეიქმნა: მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით 2018 წლის შედეგები ხორბლის წარმოებით 7,8-ჯერ ჩამორჩება 1950 წლის მაჩვენებელს, 4,2-ჯერ 1980 წლის მაჩვენებელს, და 5,4 ჯერ 2003 წლის მაჩვენებელს (იხ.ცხრ. 2).

ზემოთ აღნიშნული ტენდენციებისა და მონაცემების ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, პოტენციურად დგას სასურსათო საფრთხის წინაშე. უდაოა, რომ ხორბლის წარმოებისა და მოხმარების ბალანსში არსებობს მწვავე დეფიციტი. რის გამოც მასზე გადახდისუნარიანი მოთხოვნა იმპორტის ხარჯზე, უნდა შეივსოს ე.ი. საფრთხე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარაა. ასეთ ვითარებაში საქართველო ობიექტურად ხდება დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაზე, რომელიც განახორციელებს იმპორტს ან ჰუმანიტარულ დახმარებას, რაღაც სარგებლის ხარჯზე.

დადგენილია, რომ ქვეყანას ყოველწლიურად სჭირდება 1500-1700 ათასი ტონა მარცვლეული, საიდანაც უშუალოდ სასურსათო დანიშნულების უნდა იყოს 750 ათასი ტონა. პურზე და პურპროდუქტებზე გადაანგარიშებით ეს მოცულობა 680-690 ათასი ტონას შეადგენს, რომლისთვისაც საჭიროა 525-530 ათასი ტონა ფქვილი. აქედან ადგილზე წარმოებული ხორბლიდან შესაძლოა მიღებული იქნეს 120-140 ათასი ტონა ფქვილი (140-150 ათ. ტონა საშუალოდ, სასაქონლო ხორბლის წარმოებიდან გამომდინარე). დანარჩენი ოდენობა კი იმპორტით უნდა იქნეს შემოტანილი (იხ.ცხრ. 3).

ცხრილი 3

აშკარაა, რომ მარცვლეულის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე სისტემატურად მცირდება, მაშინ როცა პურზე და პურპროდუქტებზე მოხმარება ქვეყანაში ფიზიოლოგიურ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს (ნაცვლად ნორმით გათვალისწინებული 350 გრამისა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად მიოხმარს 420-450 გრამს, რაც სხვა პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობით უნდა აიხსნას).

მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა ყოველთვის ვერ გაუსწორდება საკვების ფასის ზრდას, ეს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას სხვადასხვაგვარად ეხება. ყველაზე მძიმე პერსპექტივა ამ მხრივ აქვს ღარიბი ქვეყნების ღარიბ მოსახლეობას (საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 20,1%-ია, ხოლო ჯინის კოეფიციენტია 0,37).  ყველა ქვეყნისთვის ხსენებული პროცესის შედეგი დამოკიდებული იქნება ერთზე – მთავრობის პოლიტიკის ხარისხზე. წააგებს ყველაზე მეტად ის, ვისაც აგროსასურსათო პოლიტიკა ყველაზე ცუდად ორგანიზებული ექნება.

ამდენად, პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება, რისთვისაც, უპირველესყოვლისა, საქართველოში მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა „მარცვალი“, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალხარისხოვანი თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.

მეცნიერებისა და სპეციალისტების გათვლებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰექტრით, ანუ 350 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალება იძლევა საქართველოში საშუალო ვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,0-1,1 მლნ. ტ. მარცვლეული, რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისთვის (საკმარისობის კოეფიციენტის მიხედვით). საკუთრივ ხორბალი შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების 60-65%-ის ფარგლებში.

ი. ლომოურის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტისა და საწარმო გაერთიანების “ლომთაგორა” ტექნოლოგიურ რუკებზე დაყრდნობით შესრულებულმა გაანგარიშებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული 1 ტონა ხორბლის ღირებულება 25-30 აშშ დოლარით ნაკლები იქნება იმპორტირებულთან შედარებით.

ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობის გათვალისწინებით მომავალში აქცენტი აღებული უნდა იქნეს ძირითადად მარცვლის მოსავლის გადიდების ინტენსიურ ფაქტორებზე. ხორბლისა და სიმინდის ინტენსიური (მაღალმოსავლიანი) ჯიშების დანერგვა საშუალებას მოგვცემს პერსპექტივაში მივიღოთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონა ხორბალი და 8 ტონა სიმინდი.

საქართველს სერიოზული რეზერვები გააჩნია, მელიორირებული მიწების ფართობების გადიდების, არსებული სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის, მათი ტექნიკური მოდერნიზაციის და წყალუზრუნველყოფის ამაღლების ხარჯზე. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი მარცვლეული მეურნეობის, როგორც დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიმართულებით, ნიადაგების დაცვის, აგროქიმიური მომსახურების და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების კუთხით. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში არსებული დამლაშებული და ბიცობი ნიადაგების გაკულტურების და სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის ღონისძიებები.

შეუძლებელია ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანა ხელგაწვდილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, როცა ხორბლის წარმოების გაზრდის ყოველგვარი საშუალება არსებობს. ეს კი აუცილებელია არსებული რეალობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მოსავლიანობის ამაღლებას უნდა დაექვემდებაროს მარცვლეულის (ხორბლის, სიმიდნის, ქერის, შვრიის) ელიტური თესლის წარმოების, მინდვრად სწორი თესლბრუნვების დანერგვის, პროგრესული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის და საერთოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის დონის ამაღლების საქმე.

პროგნოზი

ეკონომიკური გათვლების შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წლისათვის ხორბლის ფართობის ოპტიმალურ ზღვრად მიჩნეულია: 114,0 ათასი ჰა, მოსავლის – 421,8 ათასი ტონა, სამარცვლე (120,0 ათასი ჰა) და საფურაჟე (50,0 ათასი ჰა) სიმინდის სულ – 170,0 ათასი ჰა და 714,0 ათასი ტონა,  ქერის – 50,0 ათასი ჰა და 160,0 ათასი ტონა, შვრიის – 20,0 ათასი ჰა და 50,0 ათასი ტონა (მიწის კონსოლიდაციის განხორციელების შემთხვევაში ხორბლის ნათესი ფართობი შეიძლება გაიზარდოს 150,0 ათას ჰექტრამდე).

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობი (ათასი ჰა)

(ოპტიმიზირებული, 2025 წ.)

ცხრილი 4-5

ამასთან, მისაღებია კანონები - „საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ“, „მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების

შესახებ“, და სხვ. რომლებიც უნდა გახდეს გარკვეული ორიენტირი აგროწარმოების აღორძინებისა და სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. საკითხის დაძლევა მხოლოდ მთავრობას ძალუძს. თქმულიდან გასაგები ხდება, რომ:

_ სასურსათო უშიშროება ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა;

_ მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენისთვის.

ჩვენი აზრით, მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში (ისევე როგორც საკუთარი თესლეულის, ნერგის, ჯიშიანი პირუტყვისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოების სხვა საშუალებათა წარმოება). აღნიშნულს ობიექტურად მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის ამოცანა.

DDDzia ოხ, ოხ, ოხ
გეპეის კაბინეტიდან რა კარგად ჩანს როგორი მოსავალი მოდის შირაქში?!?!?!
რა "ქართული კულტურული ხორბალი", რას ლაპარაკობთ?
თქვენ სად შეგხვედრიათ "კულტურული ხორბალი" დათესილი?
სათესლე ხორბალი საერთოდ აღარ არსებობს საქართველოში და ე.წ. "ფერმერები" თესავენ იმას, რაც აქვთ.
შესაბამისია მოსავალიც.
რატომ ადარებთ 1950, ან 1980 წელს?
თუ ციფრები გაქვთ და რო არ შეადაროთ, არ იქნება კარგი?!
1950-ში, ისევე, როგორც 1980-ში კოლმეურნეობები ყვაოდა. შრომა კოლექტიური იყო და შედეგიც შესაბამისი. შქამ-ქომიკატები თითქმის უფასო, საწვავი უფასო, შეწამვლა ავიაციით თითქმის უფასო და მიდიოდა გრიხინ-გრიხინით. თან კიდევ - 1950-ში ხვნა-თესის კომპანიას შსსკ-ი აკონტროლებდა. გუთანს უკან კომისარი მისდევდა და ხნულის სიღრმეს სინჯავდა. ჰო, კინაღამ არ დამავიწყდა - სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები გუგუნებდა, სასოფლო ინსტიტუტი აგრონომებს ძერწავდა და ასეთი შტურმის შედეგად კი იქნებოდა შესაბამისი მოსავალი!
ხალხს 25 მეასედები დაურიგეს, სასოფლო მიწები დაანაწევრეს, დაყვეს, სარწყავი სისტემა მოშალეს, სოფლის მეურნეობისადმი მეცნიერული მიდგომა გადააგდეს, კოლექტური შრომა გაათახსირეს, საწვავ-საცხები მასალები ის ფასები საბაზრო ეკონომიკაზე გადაიყვანეს, სასოფლო ინსტიტუტი ახლა ე.წ. "იურისტებს" ამზადებს, მიწები უცხოელებზე გააჩუქეს, ქარსაცავი ზოლები გაკაფეს და წელს საერთოდ გადაწვეს უცხოელების ფულით დაფინანსებული, ახალგახარებული ნარგავები და ა.შ. და რა მოსავალი უნდა მივიღოთ?
ძვირფასო პროფესორ-მასწავლებლებო!
სანამ ასეთ სტატიას გამოაცხობთ, კახეთშიც ჩააკითხეთ, ხალხს, ანუ ე.წ. "ფერმერებს" დაელაპარაკეთ, ჰაერი ჩაისუნთქეთ.
4 წლის უკან
გრიგორი უბრალოდ არითმეტიკაც კი არ იცის ავტორმა. თუ 1 ბუშელი (დაახლოებით 25 კგ) 4,91 დოლარიდან 2,66 დოლარამდე დაიწია, ერთი ტონის ფასი რატომ აიწია 80,4 დოლარიდან 97,7 დოლარამდე ?! კიდევ იმდენი უზუსტობაა, რომ სტატიის წაკითხვაც კი უაზრობაა.
4 წლის უკან