ვინ გახდება „კომისარი კატანი“ - „ნაციონალი“ თუ „მეოცნებე“

ვინ გახდება „კომისარი კატანი“ - „ნაციონალი“ თუ „მეოცნებე“

ნაციონალურმა მოძრაობამ  დროებითი კომისიების  თამჯდომარეებისა და კომისიებში ქვოტების გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა. ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება მხოლოდ უმცირესობას აქვს. ამავე პროექტით, კომისიებში უმრავლესობის წარმომადგენლებისათვის ქვოტაც დაწესდება. კერძოდ, უმრავლესობა კომისიების წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს უნდა წარმოადგენდეს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ სწორედ კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ სასურველი იქნებოდა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრაზე ოპოზიციის მხრიდან ყოფილიყო წარდგენილი.

დარჩიაშვილი  მიიჩნევს, რომ საჭიროა მაქსიმალურად დაბალანსება და ოპოზიციისთვის უფლებების მიცემა.

„ჩვენ დროს, რეგლამენტში ბევრი ცვლილება შევიდა, რაც ოპოზიციას დამატებით ბერკეტს აძლევდა, მაგრამ ახლა თუკი, დამატებით ბერკეტებზეა საუბარი, რატომაც არა. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ჩვენი ინიციატივის გაზიარება, ვნახოთ, დაველოდოთ. ჩვენს ინიციატივას თუ არ გაიზიარებენ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მათ ასეთი ინიციატივები, თუკი ოპოზიციაში იქნებოდნენ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდათ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ჩვენ მოვისმენთ, თუ რისი გამოძიება სურთ, რადგან ასეთი კომისია დროებით და კონკრეტულ საკითხზე იქმნება. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი საკითხების გამოძიება გვინდა, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგნი, თუკი პროცესი ობიექტურად იქნება წარმართული და ერთად გამოვიძიოთ. მაგრამ მთლიანობაში, ჩვენი, საპარლამენტო უმცირესობის ინტერესები თუ მთლიანად იქნა იგნორირებულნი და მათ გადაწყვიტეს თვითონ აწარმოონ გამოძიება, გასამართლება და განაჩენის გამოტანაც, ამას ბატონი უსუფაშვილის მიერ ნახსენებ ე.წ. პროცედურულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი ექნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

„არ მგონია, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდეს ის რაოდენობა დეპუტატებისა, რომლის მიმართაც კითხვები არ აქვს საზოგადოებას იმისათვის, რომ კომისია უმრავლესობით დააკომპლექტონ და თავმჯდომარეც დაუნიშნონ. ყველა შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. შენ შეიძლება მომთხოვო, რომ მე უმცირესობას, დამინიშნე თავმჯდომარე, მაგრამ მაშინ დამისახელე ისეთი ადამიანი შენი რიგებიდან, ვის მიმართაც კითხვები არ მაქვს. თვითონვე მიხვდებოდნენ, რომ ასეთი ადამიანი არ ჰყავთ გარშემო. რომ არ მითხრან, მჩაგრავ და შენივე საარჩევო პროგრამას ეწინააღმდეგებიო, ამ სრტატეგიას ავირჩევდი“, -აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ასეთი ინიციატივა იმ ლოგიკაზეა დაფუძნებული, რომელიც პირველად არის ქართულ სინამდვილეში.

„გავითვალისწინოთ, რომ ქართულ სინამდვილეში პირველად არის სიტუაცია, რომელიც სხვა დროს არ იყო და ამ სიტუაციის გაცნობიერება იშვიათად ხდება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში და პარლამენტში ამავდროულად ისხდნენ კომუნისტები). არასოდეს არ ყოფილა, რომ უმცირესობით მოსულიყო ის პარტია, რომელიც იქამდე უმრავლესობაში იყო და ქვეყანას მართავდა. ოპოზიციაშიც არასოდეს არ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იქამდე პასუხისმგებელი იყო ქვეყნის მდგომარეობაზე.

დღეს პირველად არის ასეთი პირობები შექმნილი - ოპოზიციაში არიან ისინი, ვისი გასამართლების თემაც ყოველწუთას ისმის მედიიდან. მათთვის ამ ინსტრუმენტის მიცემა, ნიშნავს, რომ მისცე დასაცავი მექანიზმი. ეს საპარლამენტო ჯგუფი ხომ იმისთვის არ იქმნება, რომ დღეს არსებული ხელისუფლების დანაშაული შეაფასოს. მან სწორედ იმ ხელისუფლების დანაშაული უნდა შეაფასოს, რომელიც დღეს ოპოზიციაშია. ეს ნიშნავს, რომ  დამნაშავეს მოსამართლის დანიშვნის უფლება მისცე“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

დარჩიაშვილს თავისი არგუმენტები აქვს - ის აცხადებს, რომ ყოფილი უმრავლესობის საქმეების გამოძიება ვისაც სურს, მათ კანონის უზენაესობითა და უდანაშაულობის პრეზუმფციით უნდა იხელმძღვანელონ.

„და არა ისე, როგორც დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ხელაღებით, წარმოუდგენელ და წარმოსადგენ დანაშაულში ყოფილ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს და განაჩენი წინასწარ აქვთ გამოტანილი. ჩემი აზრით, ეს არაა ობიექტურობა. მეორეც, ახალი ხელისუფლების ხელში მრავალმა ინსტიტუტმა შეიძლება იმუშაოს, მათ შორის, პროკურატურამ და პარლამენტშიც თუ სურთ თვითონ ისხდნენ პროკურორებად, ესეც არ არის სამართლიანი“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

რამაზ საყვარელიძე: „მოუწევს უმრავლესობას ოპოზიციურ ჯგუფს დაუმტკიცოს, ამ წინადადების თავითავად დანაშულებრივი ხასიათი - როდესაც დანაშაულს ფარავ, ეს უკვე დანაშაულია. ჯერჯერობით, შექმნილ სიტუაციაში ასეთი ჟღერადობაა, რომ შესაძლოა, ასეთი სურვილი გამოწვეული იყოს დანაშაულის დაფარვის მიზნით.

კახა კახიშვილი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება, გამოიყენოს უმცირესობის სტატუსი.

„დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის რაოდენობრივად ძალიან დიდი სხვაობა არ არის. მაგრამ ერთით ნაკლები დეპუტატიც რომ ჰყოლოდა, მაინც გამოიყენებდა იმაზე სასაუბროდ, რომ არიან უმცირესობაში და რომ უმცირესობის ინტერესები აუცილებლად ყველგან უნდა იყოს დაცული“, - ამბობს კახიშვილი.

 მისივე პროგნოზით, ამ პათოსს კიდევ ბევრჯერ მოვისმენთ და თუ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ყოველთვის იტყვიან, რომ  თვითონ უმრავლესობიდან დემოკრატიულად გადააბარეს ხელისუფლება და ახლა ისინი ცდილობენ, ყველანაირად პრობლემები შეუქმნან უმცირესობას, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინონ.

„ამ საგამოძიებო კომისიის შექმნმაზე საუბარი იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ გამოიძიოს თუნდაც ის დანაშაული, რომელზედაც საუბრობს საზოგადოება და რომელიც მოხდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. იმ შემთხვევაში თუ კომისიაში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი ნაცმოძრაობა და თავმჯდომარეც მათი იქნება, ბუნებრივია, ვიცით ნაცმოძრაობის პოლიტიკოსების გამოცდილება, ყველაფრის პოლიტიზირებისა და იქ, რეალურად, სამართლებრივ შედეგამდე ვერ მიხვალ. ეს კომისია მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად გადაიქცევა, სადაც ერთი მხარე ბრალდებას წაუყენებს მეორე მხარეს, მეორე მხარე დაიწყებს სხვა დანაშაულებზე ლაპარაკს და ა.შ“.

სხვა სიტუაციაში, დროებითი კომისიების, თუნდაც საგამოძიებო კომისიის ძირითადად ოპოზიციით დაკომპლექტება მისაღებიც იქნებოდა და აუცილებელიც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დანაშაულთა უმეტესობა, რაზეც საზოგადოებაშია საუბარი, სწორედ ყოფილი მმართველი ძალის ლიდერების სახელებთან და იმ რეჟიმთან ასოცირდება, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა, ასეთ შემთხვევაში კი პარადოქსულ სიტუაციამდეც შეიძლება მისვლა.

 „აი, მაგალითად, რომ თქვას როლანდ ახალაიამ, რომ მას სურს კომისიის თავმჯდომარეობა, ის ვერ გახდება კომისიის თავმჯდომარე, რადგან კომისიამ შესაძლოა, მისი საქმიანობა გამოიძიოს და ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. სწორედ ამ მოტივით შეუძლიათ უთხრან უარი. თუ აქვთ საფუძვლიანი მასალა, რის გამოც შეიძლება უარი უთხრან ნაცმოძრაობის რომელიმე წარმომადგენელს, ამ პრინციპით შეუძლიათ გაცხრილონ და თუ რომელიმე დეპუტატი ეყოლება ნაცმოძრაობას ისეთი, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვის ნიშნები, არც საზოგადოების და არც უმრავლესობის მხრიდან, კი ბატონო, დააკომპლექტონ. თუმცა, უკვე მეორე საკითხია, შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას“,- აცხადებს კახიშვილი.

რის შესწავლასა და გამოძიებას აპირებს უმცირესობა, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ და ელოდებიან უმრავლესობა როდის დაასახელებს მისთვის საინტერესო საგამოძიებო თემებს. როგორც დავით დარჩიაშვილი ამბობს, ეს უმრავლესობამ უნდა თქვას, რადგან ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ სწორედ მას ეკუთვნის.

მართლაც საინტერესო იქნება, ნაციონალი თავმჯდომარის პირობებში საგამოძიებო კომისია როგორ შეისწავლის სანდრო გირგვლიანის საქმის მასალებს. როგორ გამოავლენს მკვლელობის შემკვეთებს, როგორ მოითხოვს შემსრულებლებისთვის დამსახურებულ სასჯელს, როგორ დაადანაშაულებს წინა მოწვევის პარლამენტს სპეციალურად გირგვლიანის საქმის გამო რამდენიმე კანონის, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლისათვის, რომელიც შს თანამშრომლებისთვის დანაშაულის შესამსუბუქებლად სჭირდებოდათ. როგორ ამხელს მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს დანაშაულის დაფარვაში და ა.შ.

როგორც კახიშვილი განმარტავს, საგამოძიებო კომისია სწავლობს გარკვეულ საკითხებს, აგროვებს ფაქტებს და შემდეგ რეაგირების მიზნთ აგზავნის პროკურატურაში. კახიშვილისთვის გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს ასეთი თავმჯდომარემ, რომ ამ კომისიამ ვერ შეძლოს მუშაობა.

„რეალურად, თუ საფუძვლიანი მასალები ექნება კომისიას და ექნება მტკიცებულებები, თავმჯდომარე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს კომისიას, მოამზადოს, მასალები და მიმართოს პროკურატურას. ვფიქრობ, რომ ნაცმოძრაობა უფრო ამ საკითხის პოლიტიზირებას შეეცდება, რადგან საბოლოო სამართლებრივ შეფასებას, ეს კომისია არ აკეთებს. მიმართვაზე ხელს მოაწერს თუ არა, თავმჯდომარე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ პროკურატურას ექნება საფუძველი, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებზე, ეს ისედაც მოხერხდება.

სხვა საკითხია, თვითონ კომისიაში არ მოხდეს დეზორგანიზაციის და საბოტაჟის შეტანის მცდელობა, რომ ეს პროცესი არ გადაიზარდოს წმინდა პოლიტიკურ პროცესად, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ტრიბუნად გამოიყენებს ამ კომისიას ნაციონალური მოძრაობა“,- აცხადებს კახიშვილი.

თუ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან  ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ინტრიგაა, საინტერესოა, რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს ამ შემთხვევაში უმრავლესობა.

„იქ ისეთი და იმდენი მასალა, იმდენი მტკიცებულება შევა, ერთი თავმჯდომარე ვერანაირად ვერ დაბლოკავს, მითუმეტეს, როდესაც დეპუტატების გარდა ამ საგამოძიებო კომისიაში იქნებიან მიწვეული კვალიფიციუირი სპეციალისტები. დავუშვათ, პირობითად დანიშნეს მიშა მაჭავარიანი. ის რა, იტყვის, ამ ფაქტებს მე არ მივიღებ მტკიცებულებადო? ხომ ვერ იტყვის, ვინ ჰკითხავს ამას მიშა მაჭავარიანს. ერთი ეგ არის, რომ ვინც იქნება კომისიის თავმჯდომარე, თავს გაიპიარებს და კომისარ „კატანივით“ იქნება -24 საათი ტელეეთერში იჯდება, თუმცა რეალური დასკვნა მაინც პროკურატურამ უნდა დადოს“ ,-აცხადებს კახიშვილი.