ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი განახლდა - 15-მდე მუშა მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.
მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა. მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს ის, რომ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ საკუთარ საცხოვრებელ ბინებში შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირმა მოუწოდა ბანკებს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ გაზს“, რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.
სახარბიელო მდგომარეობა არც შახტების მფლობელ კომპანია „საქნახშირს“ აქვს. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც.
„ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.
მიუხედავად ამისა, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.
ამ დროისათვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო „საქნახშირის“ ადმინისტრაციას მოუწოდებს, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების დაფარვა.
„ამასთან, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.
კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.
პრობლემის სათავე ისაა, რომ ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT-მ შეისწავლა და მათი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ უკვე ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს. ჯერჯერობით ამ კუთხით ცვლილებები არ განხორცილებულა, შესაბამისად, შახტებში სამუშაო პროცესი არ აღდგენილა.
აქციის მონაწილეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა მალე შედგა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეების თქმით, რადგანაც შეთანხმება ვერ შედგა, მათი პროტესტი გრძელდება. ადმინისტრაცია დამატებით დროს ითხოვს, რაც გაფიცულთათვის მიუღებელია. ამიტომაც მეშახტეებმა პროტესტის გააფართოვეს და ტყიბულის მერიის წინ გადაინაცვლეს.
როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და მათ სხვადასხვა დაწესებულებები შეუერთდებიან. ადმინისტრაციასა და მეშახტებს შორის შეხვედრას ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა. მისი თქმით, მეშახტეების მოთხოვნა გასაგებია და ის სოლიდარობას უცხადებს მათ, ასევე იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.