მოსახლეობა გაზის გაძვირებასაც გადაურჩება?!

მოსახლეობა გაზის გაძვირებასაც გადაურჩება?!

მომხმარებელი წელს, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაძვირებასაც გადაურჩეს ანდა ტარიფი იმდენად უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს, რომ საგრძნობი არ იყოს. ასე მოხდა შარშან, თუმცა მაშინ ლარის გაცვლითი კურსი გაცილებით სტაბილური იყო. წელს ამ მხრივ უმძიმესი მოცემულობაა და სემეკს ბეწვის ხიდზე გავლა უწევს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრისა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის.

„ბუნებრივი აირის მიმართულებით კომპანიებს უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რამე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ვნახოთ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, როცა სემეკის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განაცხადების შეფასებას, კალკულაციას და ამის შემდეგ მოგვიანებით იქნება საკითხი ცნობილი, თუმცა რაღაც განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას აზრით, მიუხედავად ელექტროენერგიის იმპორტის ზრდისა, ამ მიმართულებით ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

„ელექტროენერგიის ტარიფები დადგენილია სამი წლის ვადით და ამ ეტაპზე მისი გადახედვის, ან რამე სახით ზრდის საჭიროება არ არსებობს“, - აღნიშნა მან.

როგორც ჩანს, საარჩევნო წლის წინა პერიოდში ხელისუფლების ყველა შტო ერიდება გაძვირებაზე საუბრასაც კი. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯმდომარე რომან კაკულიაც ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით დღეს პირდაპირი მინიშნება არ არსებობს. საერთოდ, ტარიფის ზრდას ლოგიკური დასაბუთება სჭირდება.

„ლარის კურსის გათვალისწინებით ყოველთვის არსებობს გარკვეული ცვლილებების შესაძლებლობა. მთავარია, ეს იყოს ლოგიკურად დასაბუთებული. ამასთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს პირდაპირი მინიშნება“, - განაცხადა კაკულიამ.

ენერგეტიკოსებიც ამბობენ, რომ ტარიფის მატების პირობა არ არსებობს და რომ არა ლარის მკვეთრი და მოულოდნელი გაუფასურება, ამაზე საუბარი არც კი დაიწყებოდა. დევალვაცია კი დიდ პრობლემებს უქმნის ტარიფებს, მით უფრო ბუნებრივი აირის სექტორში, რადგან გაზი მთლიანად იმპორტირებულია. ამავე აზრისაა დავით ნარმანიაც, რომელმაც ტარიფზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები დაასახელა.

„არსებობს ფაქტორები, რომლებიც დამძიმებას იწვევს. მაგალითად, ელექტროენერგეტიკის სექტორში გენერაციის შემდგომ განვითარებაზე აქტიურად თუ არ ვიმუშავებთ, ეს უკვე მოქმედებს და მომავალშიც გააგრძელებს ტარიფზე უარყოფით მოქმედებას, ისევე როგორც ვალუტის კურსთან დაკავშირებული საკითხები. ელექტროენერგიის იმპორტისა და გაზის იმპორტის ნაწილში, კურსზე დამოკიდებულება არის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ცალსახად ტარიფებზე. ამიტომ ამ ყველაფრის შეწონვა ხდება, როცა კომისიას ტარიფების გადახედვა უწევს და ამ მოცემულობების ერთობლიობით საბოლოოდ კალკულირებული ტარიფი მიიღება, რომელსაც კომისია ადგენს“, - აღნიშნა ნარმანიამ.

სოციალისტი გაზი ჯერ არ გაძვირბულა, მაგრამ მინერალური წყალი "ნაბეღლავი" გაძვირდა! გურიაში, ლანჩხუთში მაღაზიაში გაძვირდა, 1 ლიტრიანი პლასტმასი ღირდა 1 ლარი, გახდა 1,2 ლარი. ვინ გააძვირა, მწარმოებელმა, დისტრიბიუტორმა, თუ თითონ მაღაზიებმა მიდი და გაიგე?! მაღაზიებში კონტროლი მოშლილია, ჩეკს სანახევროდ არ ჭრიან! ასეთი უთავბოლობა, ქაოსი ალბათ სადმე ვენესუელაში თუ იქნება?! ყველი მაღაზიაში რომელიც შარშან ამ დროს ღირდა 7 ლარი, დღეს 8,5 ლარი ღირს! არ ვიცი რა ვიფიქრო, რა ვთქვა?! სამწუხაროდ პარლამენტს, მთავრობას არ სცალია! დღე და ღამ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და ბოკერიას საქართველოს მოგერიებით არიან დაკავებული. მიდის გაუთავებელი ტელეშოუები მოსამართლეთა დანიშვნაზე, ვითომ ვინმეს აინტერესებდეს ვინ იქნება მოსამართლე?! არ არის ხალხი უკმაყოფილო სასამართლო სისტემის მუშაობით! რა გააჩმახეთ საქმე მართლა და მართლა?!
5 წლის უკან
სოციალისტი ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატია არ მუშაობს საქართველოში, დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა და გახრწნა საზოგადოება! ან რა საზოგადოება უნდა იყოს იქ სადაც ცნებები სამშობლო, პატრიოტიზმი, ადამიანის უკვდავი სული, მშობლიური-დედა ენა, ტრადიაცია... ჩანაცვლებულია მხოლოდ ერთი ცნებით კ ე თ ი ლ დ ღ ე ო ბ ა" ??!! რა იგულისხმება ამ კეთილდღეობის ქვეშ? მოვახდენ უტრირებას გამოტენილი მაცივარი, კაი ბიინა თბილისში, მაგარი მანქანა და მეტროსექსუალის ან ლამბერსექსუალის მიხვრა მოხვრა, ჩაცმა დახურვა, შვილებთან ძიძები, სტუდიებში და ოფისებში თუ კლუბებში ყავა სიგარეტი და მარიხუანა??!!
5 წლის უკან