„დასასვენებლად“ გაქცეულ შაშკინზე საქართველოში გამოძიება იწყება

„დასასვენებლად“ გაქცეულ შაშკინზე საქართველოში გამოძიება იწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ყალბი ატესტატების საქმის შესწავლის მიზნით პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ყველა კანონდარღვევაზე, მათ შორის ამაზეც მოხდება რეაგირება.

„რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ყალბი ატესტატები ნამდვილად გაიცა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განათლების მაშინდელი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყალბი ატესტატების გაცემაში დაადანაშაულა. შაშკინი წინა ხელისუფლების ერთ-ერთი უნივერსალური მინისტრი იყო, რომელმაც სასჯელაღსრულების სამინისტროდან დაიწყო მთავრობაში მოღვაწეობა, განათლების სამინისტროში გააგრძელა და ოქტომბრის არჩევნებმა მას უკვე თავდაცვის მინისტრის სავარძელში მოუსწრო. სააკაშვილის ხელისუფლება შაშკინს როგორც წარმატებულ რეფორმატორს და ერთ-ერთ ყველაზე კარგ კადრს განიხილავდა, თუმცა ნამინისტრალი შაშკინი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ვრცელი გსამოსამშვიდობებელი წერილი უძღვნა, რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გაიქცა.

22 ოქტომბერს facebook-ის საკუთარ გვერდზე შაშკინმა განცხადება გააკეთა, რომლითაც ქართველ ხალხს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა. ყოფილი განათლებისა და თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მასზე საზოგადოებამ „გაუგონარი ამბავი“ გაიგოს.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი „გაუგონარი ამბავი“ ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას“, - წერს შაშკინი 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მის ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა შეფასებები ახალი ხელისუფლების მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ თუკი შაშკინს სამართალთან პრობლემა არ აქვს, გაუგებარია, რატომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა.

შაშკინის წასვლის შემდეგ ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ გაავრცელა ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტებია ასახული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერები შაშკინის განათლების მინისტრად ყოფნის პერიოდს ეხება. საქმეში ფიგურირებს მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მინისტრის თანაშემწე ვინმე ფელიქს უბირია, რომელიც შაშკინის სახელით საუბრობს. საქმეში ასევე გარეულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

რაც შეეხება თავად გარიგების სქემას, ის ასეთი იყო: განათლების სამინისტროში დაბარებულ ბიზნესმენებს სახელმძღვანელოების შემოტანის ახალი ლიცენზიის მისაღებად ქრთამს სთხოვდნენ, შემდეგ კი მოსყიდვის ბრალდებით ციხეში უშვებდნენ. ფარულ ვიდეოზე 50 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტი არის გადაღებული. მიუხედავად ამისა, გამომძალველის მაგივრად გამოძალვის ობიექტი ბიზნესმენები - კავკასიის აკადემიური ცენტრის დამფუძნებლები დავით ცეცხლაძე და ნიკა ბაქარაშვილი 2011 წლის ივლისში დააკავეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ უცხოეთიდან ინგლისურის წიგნების შემოტანისთვის სპეციალური გრიფის მიღება სურდათ და მოლაპარაკებებს თანაშემწე აწარმოებდა, რომელიც ფელიქს უბირიას სახელით გაეცნო. კადრებში ისმის ფელიქს უბირიას საუბარი, რომ ამ ყველაფერს მინისტრი შაშკინი და მისი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კურირებენ. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად ფელიქს უბირიამ ბიზნესმენი მინისტრის მოადგილეს, კოკა სეფერთელაძეს შეახვედრა. თუმცა კადრებში ის არ ჩანს და მხოლოდ მისი ხმა ისმის.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კორუფციულ გარიგებაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას ამაზრზენს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით მან ისევ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება. მისი თქმით, ყველა ბრალდება რომელიც მისი და მისი გუნდის მიმართ გაჟღერდა ტყუილი და ცილისწამებაა.

„2011 წელს 1-6 კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შევიდა ძალაში, შესაბამისად, კანონის მიხედვით, დღის წესრიგში სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი დადგა. ეს იმას ნიშნავს, მე კი არ გავაუქმე სახელმძღვანელოების ლიცენზიები, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ, კანონის მოთხოვნის მიხედვით, გამომცემლებს მოუწიათ 1-6 კლასების სახელმძღვანელოებისთვის ახალი გრიფირების მიღება. 2011 წელს შუამავლის მეშვეობით, სიუჟეტში ნაჩვენები პიროვნება დამიკავშირდა და პირისპირ შეხვედრა მთხოვა. შეხვედრა პრობლემა არასოდეს არ იყო, რადგან მე გამომცემლებს ყოველთვის ვხვდებოდი, ოღონდ - საჯაროდ. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას უნდოდა ჩემთან პირისპირ შეხვედრა და უკვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას კანონსაწინააღმდეგო წინადადების გაკეთება უნდოდა. ამ განზრახვის შესახებ იმავე დღეს შევატყობინე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილიყო სპეციალური ოპერაცია, რათა აღკვეთილიყო უკანონო ქმედება და დამნაშავეების დაკავება კონკრეტულ ფაქტზე მომხდარიყო“, - ნათქვამია შაშკინის განცხადებაში.

ამ ეტაპზე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შაშკინს უკვე განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ედავება და საზოგადოებას ყალბი ატესტატების გაცემის საკითხის პროკურატურის მიერ შესწავლას ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ ყალბი ატესტატების თემა პირველმა „თავისუფალი დემოკრატების“ განათლების სფეროს ხელმძღვანელმა, ნინო გოგუაძემ გაახმოვანა, მაგრამ მაშინ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გოგუაძე აცხადებს, რომ ბრძანება, რომლითაც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნული ატესტატები გასცა, ბუნებაში არ არსებობს.

„თუ გახსოვთ, დიდი ამბავი იყო ატეხილი, რადგან მაშინ შაშკინმა სკოლებში მინიმალური კომპეტენციის საატესტატო გამოცდები შემოიღო. კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ატესტატი გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე მინიმალური კომპეტენციის რვა გამოცდას ჩააბარებდა. თავიდანვე არასწორად მიმაჩნდა, რომ ასე მოუმზადებლად, უცებ იქნა ეს მინიმალური კომპეტენციის გამოცდები შემოღებული, რადგან სკოლა არ აძლევდა ბავშვს იმდენ ცოდნას, რომ მას ეს გამოცდები ჩაებარებინა. მაშინ რამდენიმე პრეს-კონფერენცია ჩავატარე და მინისტრს ვთავაზობდი, რომ ატესტატის ასაღებად ამ გამოცდების ჩაბარება არ ყოფილიყო სავალდებულო, რადგან ეს ბევრ ბავშვს პრობლემებს შეუქმნიდა, განსაკუთრებით არაქართულენოვან მოსწავლეებს“, - იხსენებს ნინო გოგუაძე.

დიმიტრი შაშკინმა მისი მოწოდება არ მიიღო, მინიმალური კომპეტენციის გამოცდები ჩაატარა და ის დირექტორებიც კი დასაჯა, რომელთა ბავშვებმაც ეს გამოცდები ვერ ჩააბარეს. ნინო გოგუაძე იხსენებს, რომ 2011 წლის სექტემბერში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომლის ავტორიც მას ატყობინებდა, რომ განათლების სამინისტრომ დაიწყო სკოლის ატესტატების უკანონოდ გაცემა, განსაკუთრებით – არაქართულენოვან რეგიონებში. ნინო გოგუაძის თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებში განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებდა ატესტატების გაცემას იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს. ამის საფუძვლად სამინისტრო მინისტრ შაშკინის N453 ბრძანებას უთითებდა, რომელიც 12 ივლისით თარიღდებოდა.

ნინო გოგუაძის განცხადებით, მან სამინისტროს ვებ-გვერდზე მაშინვე დაიწყო ამ ბრძანების ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შემდეგ ვინაიდან ეს საჯარო ინფორმაცია იყო, მიმართა როგორც განათლების სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რადგან ეს იყო ზოგად ადმინისტრაციული აქტი და მთელს ქვეყანას ეხებოდა, ამიტომ ეს ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უნდა ყოფილიყო გატარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ბრძანება უკანონოდ ჩაითვლებოდა.

განათლების სამინისტრომ მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, ნინო გოგუაძეს პასუხი არ გასცა. იუსტიციის სამინისტრომ კი მას მისწერა, რომ განათლების მინისტრის ამგვარი ბრძანება არ არსებობდა და უფრო მეტიც, 2011 წლის 11-დან 20 ივლისის ჩათვლით განათლების მინისტრს საერთოდ არანაირი ბრძანება არ გამოუცია. ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ადადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ატესტატები უკანონოდ იქნა გაცემული.

კითხვაზე – ყალბი ატესტატების საქმე ხომ არ გახდა შაშკინის მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზი – ნინო გოგუაძე პასუხობს, რომ დიმიტრი შაშკინს, როგორც განათლების მინისტრობის, ასევე – სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, იმდენი უკანონობა აქვს ჩადენილი, რომ მის მიერ ქვეყნის დატოვება მხოლოდ ამ ატესტატების გამო არ მოხდებოდა.

„ვერ გეტყვით, სად უფრო მეტი უკანონობა აქვს ჩადენილი და არ მგონია, ქვეყანა მხოლოდ ამ ატესტატების გამო დაეტოვებინა. თუმცა თავად ამ ატესტატების გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ შაშკინის პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაშინ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ახლა იმედი მაქვს, რომ მისი ყველა უკანონობა გამოძიებული იქნება“, - ამბობს ნინო გოგუაძე.

და ბოლოს, ამ მასალის მომზადების დროს, ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ გადმოსცა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობს დიმიტრი შაშკინი ოჯახთან ერთად ამერიკაში, ფეშენებელურ ბინაში და ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ იგი ქვეყნიდან არ გაქცეულა, რადგან საამისო მიზეზი არ ჰქონია. შაშკინი აცხადებს, რომ ამერიკაში იგი უბრალოდ ისვენებს.