სერვერის პარლამენტში დაბრუნება 100 00 დოლარი დაჯდება

სერვერის პარლამენტში დაბრუნება 100 00 დოლარი დაჯდება

საქართველოს პარლამენტსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ქსელურ მომსახურებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სმარტ ლოჯიკი“ უწევს. იუსტიციის სახლშია განთავსებული პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტისა და სამინისტროების სერვერებიც. როდესაც ორი წლის წინ „სმარტ ლოჯიკი“ იქმნებოდა, ითქვა, რომ სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაინერგა, რაც ელექტრონული მონაცემთა ბაზების სრულყოფასა და დაცვას უზრუნვბელყოფდა.

მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. როდესაც ახალ პარლამენტში ახალმა ხელისუფლებამ დეპუტატების სამუშაო კომპიუტერებში პროგრამების ჩატვირთვა და სამუშაო რეჟიმში მოყვანა გადაწყვიტა, აღმოჩნდა, რომ ამისი გაკეთება ქუთაისიდან შეუძლებელი იყო.

პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე ამბობს, რომ არ სურს იმაზე საუბარი, რატომ გადაწეყვიტეს მაშინდელმა პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ საკითხი ასე, თუმცა მისივე თქმით, ეს არც არის ძნელი მისახვედრი.

„ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, რომ სერვერი სადაც დგას, იქიდან კონტროლდება ყველაფერი“,- აცხადებს მარაქველიძე, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „შეიცვალა ყველაფერი, ახალი მინისტრი და ახალი ხელისუფლებაა, სიტუაცია ანომალიურია, მაგრამ, ალბათ, ცოტა ხანში ყველაფერი მოწესრიგდება ისე, როგორც უნდა იყოს“.

რა ტექნიკური პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, მარაქველიძე განმარტავს, რომ თუ სერვერს ვინმე გამორთავს იუსტიციის სახლში ქუთაისში კომპიუტერესის ქსელი გაითიშება. ამავე დროს, სერვერიდან შეიძლება წაკითხვა უამრავი ინფორმაციის.

„თავის დროზე, ალბათ, ტოტალური კონტროლი იყო ყველაფრის, იუსტიციის სამინისტროს მიერ ბევრი რამ კონტროლდებოდა და როგორც  ჩანს, ესეც ერთ-ერთი მექანიზმი იყო, ვგულისხმობ, ელექტრონული მიმოწერის გაკონტროლებას და ა.შ.“

მარაქველიძე აღნიშნავს იმასაც, რომ არა მხოლოდ პარტლამენტის, არამედ, თითქმის, მთელი მთავრობის მომსახურებას ახორციელებდა იუსტიციის სახლი.

„მაგრამ ერთია როდესაც ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით ხდება, ასეა თუ ისე, ეს კიდევ შეიძლება გაიგოს ადამიანმა, როდესაც საუბარია, რომ პარლამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს კონტროლია, მაგრამ, ამ დროს, ყველაფერი პირიქით ხდება“.

მარაქველიძის განცხადებას იუსტიციის ახალი მინისტრიც გამოეხმაურა.

„იუსტიციის სამინისტრო უარს აცხადებს მართოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების კომპიუტერული ქსელები და სერვერები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

თეა წულიკიანის განმარტებით, ცვლილება  უარყოფითად არ აისახება საქართველოს კიბერუსაფრთხოების ხარისხზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

იგივე მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

„ცხადია  სააკაშვილს ყველაფერი აგებული ჰქონდა იმ პოლიტიკურ რეჟიმზე,  რაც მას და მის კლანს წაადგებოდა. ეს მისი მმართველობის ფორმატში ჯდებოდა. როგორც ჩანს, ადეიშვილს ჰქონდა დავალებული, დეპუტატებზე, მათ შორის საკუთარ დეპუტატებზე კონტროლი. როგორც ჩანს, მათი გათვლებით, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი იქნებოდა როგორც ოპოზიციისთვის ასევე უმრავლესობაზეც. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მუდმივ კონტროლზე იმისათვის, რომ არ გადაედგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისთვის მუღებელი იქნებოდა“, - აცხადებს სესიაშვილი.

მისივე განმარტებით, სადაც  ტექნიკური საშუალებებია განთავსებული და საიდანაც იმართება, ის აკონტროლებს კიდევაც ყველაფერს, რითაც მთავარი პრინციპია დარღვეული.

„პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, საკანონმდებლო ხელისუფლება და არ შეიძლება მისი კონტროლის რაიმე მექნიზმი ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც რეალურად სწორედ პარლამენტის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. თავის დროზე ეს პრინციპი რომ დაარღვია სააკაშვილმა და ადეიშვილმა, ეს თავისთავად მიანიშნებს, რა ტიპის მმართველობასთან გვქონდა საქმე და როგორ აპირებდა ახალ პარლამენტთან მუშაობას“, -  ამბობს სესიაშვილი.

თავის მხრივ, თეა წულუკიანიც ამბობს, რომ „ქვეყნის სწორი, სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების სერვერების, ქსელების, პროგრამებისა და კომპიუტერების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელი უწყება აკონტროლებდეს ხელისუფლების სხვა შტოს ან შტოებს“.

ეს კი ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე.

„ამას შეიძლება ერთი-ორი თვე დასჭირდეს. ამ ყველაფრის მოწესრიგებას დაახლოებით 100 ათასი დოლარი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს საერთასორისო ორგანიზაციების მზადყოფნა, რომ დაგვეხმარონ ამ პრობლემის მოგვარებაში“, - აცხადებს ზურაბ მარაქველიძე.

ღირს თუ არა ამ 100 ათასი დოლარის დახარჯვა, მაშინ, თუკი ახალი პარტლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად ემზადება, ამაზე ზურაბ მარაქველიძეს ერთადერთი პასუხი აქვს: „სადაც უნდა იყოს პარლამენტი, ქუთაისში, თბილისში თუ თელავში, სერვერები უნდა იყოს პარლამენტის შენობაში“.

ირაკლი სესიაშვილს კი ჯერჯერობით პასუხი არ აქვს, რადგან ეს საკითხი პარლამენტის მსჯელობის საკითხია, პარლამენტს კი ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მოკლედ, ახალი პარლამენტი და ახალი მთავრობა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად კიდევ ერთი ახალი დილემის წეინაშე დადგა - დაელოდოს, როდის შეძლებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, თუ სერვერი პარლამენტის შენობაში დააბრუნოს. როგორც ჩანს, ამ თემაზე მსჯელობას საკანონდებლო ორგანოში შემდეგი კვირიდან უნდა ველოდოთ.