გია ბარამიძე - „სად გვქონდა ხელისუფლება?“

გია ბარამიძე - „სად გვქონდა ხელისუფლება?“

„ცოტა უცნაურია მამუკა გიორგაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიამ „მრგვალ მაგიდას“ უღალატა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად მოსკოვში „დარბოდა“, - თქვა პარლამენტის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმით, სწორედ გიორგაძესა და მის მეგობრებს „მრგვალი მაგიდა“ და მისი ლიდერი ზვიად გამსახურდია შერაცხული ჰყავდათ იუდად, სატანად, ჩაუშესკუდ. სწორედ ისინი იყვნენ „მრგვალი მაგიდის“ ყველაზე თავგამოდებული მტრები.

„მრგვალ მაგიდასთან“ საწყის ეტაპზე მეც ვთანამშრომლობდი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ „მრგვალმა მაგიდამ“ ღიად დაუჭირა მხარი საპარლამენტო - დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის იდეას, რასაც პრაქტიკულად ეწინააღმდეგებოდნენ ეროვნულ - დემოკრატები და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები“, - აღნიშნა ბარამიძემ.

„თავდაპირველად „მრგვალი მაგიდა“ ბევრ ისეთ პრინციპს იზიარებდა, რომელიც მისაღები იყო საქართველოს გამთლიანებისთვის. მას შემდეგ, რაც დაიწყო გადახრა პოლიტიკური ექსტრემიზმისკენ, ჩვენ „მრგვალი მაგიდის“ სხდომაზე, რომელსაც ვესწრებოდით როგორც დამკვირვებლები, ოფიციალურად უარი ვთქვით მასთან თანამშრომლობაზე და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ბლოკ „თავისუფლებაში“ მივიღეთ“, - აღნიშნა ბარამიძემ.

რაც შეეხება განცხადებას, რომ ჟვანია „მოსკოვში დარბოდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, პარლამენტარის თქმით, ამაზე საუბარი საერთოდ სასაცილოა, რადგან მაშინ ისინი უბრალო დისიდენტები და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ იქნებოდნენ.

„მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ხელისუფლების მართვის სადავეები ჯერ კიდევ კომუნისტებს ეკავათ“, - განაცხადა ბარამიძემ.