თითქმის გადაწვეტილია, რომ იანვრიდან თუთუნი გაძვირდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონში ცვლილებები განიხილა და მწვანე შუქი აუნთო. მომავლი წლიდან თუთუნი აქციზით დაიბეგრება და მწეველებსაც იაფი პროდუდქტი გაუძვირდება.
ეს ერთადერთი ცვლილება არ არის. საქმე ისაა, რომ ახალი წლიდან უფილტრო სიგარეტზეც გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტის განაკვეთს გაუტოლდება. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სახეობის სიგარეტის ფასი გათანაბრდება და ამავე დროს გაძვირდება კიდეც.
დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ თუთუნის სახით ხდება, რაც ახლა ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.
„პრობლემაა სწორედ ის, რომ კანონმდებლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს უცვლელი ნორმა, რომ გადასახადი თამბაქსოთან მიმართებაში იყო მიბმული შეფუთვის სახეობაზე, კერძოდ - რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ე.წ. გასახვევი თამბაქოს იმპორტი შემოდის დაუბეგრავად, ანუ აქციზის გადასახადის გარეშე. კანონმდებლობაში 10 წელზე მეტია ასეთი ნორმა არის ჩარჩენილი, რომ 500 გრამზე მეტი მოცულობით თუ შემოდის თამბაქო, მისი განაკვეთი არის ნულოვანი.
წინა ცვლილებების შემდგომ საბაჟოზე იმპორტი შემოდიოდა სწორედ ასეთი შეფუთვით და მისი დაბეგვრა არ ხერხდება. შესაბამისად, ამან რამდენიმე ათეული მილიონით დანაკლისი გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხუციშვილმა.
მას შემდეგ რაც თამბაქოზე აქციზი და ადვალური გადასახადი ერთმანეთის მიყოლებით გაიზარდა, თამბაქოს მომხმარებლების დიდმა ნაწილმა თუთუნის შეძენა დაიწყო ფასთა მნიშვნელოვანი სხვაობის გამო. ცვლილებები სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.
საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზია. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.
იგი ჯერ კიდევ გაზაფხულზე აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო თუთუნის გაძვირებაც:
„ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რაც უნდა გაკეთდეს. წელს გაძვირდება, თუ მომავალ წელს, მაგაზე არ არის საუბარი. იაფი და ხელმისაწვდომი თამბაქო არ უნდა იყოს. ფასის ზრდა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანებმა ან ნაკლები მოწიონ, ან თავი დაანებონ“, - აღნიშნავდა ზოიძე, რომლის აზრითაც თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა ფასის ზრდაა. დეპუტატის აზრით, თამბაქოს მოხმარების თავის დანებების შემდეგ მოქალაქეები კმაყოფილებიც კი იქნებიან.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებლის გიორგი ბახტურიძე კი ამბობს, რომ ადამიანების ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია თამბაქოს მოხმარება და იგი არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი:
„თუთუნი სარისკო პროდუქტად რჩება. აქამდე არსებულ რეგულაციებსაც არავინ იყენებდა, რამაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება თუთუნი და ეს სერიზული პრობლემაა, თუმცა გადაუწყვეტელი არ არის. უნდა გამკაცრდეს და ყურადღება მიექცეს ამ რეგულაციებს“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.