მაისაიას საქმეში დიპლომატიური კორპუსის დადანაშაულებასაც აპირებდნენ

მაისაიას საქმეში დიპლომატიური კორპუსის დადანაშაულებასაც აპირებდნენ

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სასამართლომ 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დახურულ პროცესზე მყოფმა ბრალდებულმა სასმართლოს მიმართა და გალაკტიონის ცნობილი ლექსი გაიხსენა: „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე ჩვენი შთამომავლობა და რას იტყვის თქვენზე ჩვენი შთამომავლობა. თქვენზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მონურად ემსახურებოდით 21-ე საუკუნის, იმედი მაქვს, ყველაზე რეპრესიულ ხელისუფლებას... გმადლობთ ყურადღებისთვის! მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ!“

მართალია, სააკაშვილის რეჟიმის გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაისაია სამხედრო ხასიათის ოპერატიულ მონაცემებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა (რისი დამადასტურებელი საბუთებიც არ არსებობს), მაგრამ მაისაია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დღემდე კითხვა კითხვად რჩება - ვისი „აგენტი“ იყო ვახტანგ მაიასია?! ძველი ხელისუფლების წინასწარ ძიებას თუ ვენდობით, იგი ეჭვმიტანილი იყო სლოვაკეთში ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისის“ თანამშრომელ იოსებ (დოდო) დოლეჟალისთვის საიდუმლო ინფორმაციების გადაცემაში. სლოვაკეთი კი ნატოს წევრი ქვეყანაა და არა რუსეთის. ამდენად, ჯაშუშობა არც ამ ბრალდებით გამოდიოდა.

For.ge-ს ესაუბრება ვახტანგ მაისაიას მეუღლე ელენე მაღრაძე.

სულ ახლახანს ითქვა, რომ ახალგაზრდა იურისტებმა ვახტანგ მაისაიას სტრასბურგში გასაგზავნი საჩივარი ხელოვნურად გააჭიანურეს და თქვენ დარჩენილ ერთ დღეში სასწაულებრივად მოასწარით საჩივრის გაგზავნა ევროპულ სასამართლოში. რა იყო ამის მიზეზი?

- არა მგონია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალურად აკეთებდა ამას. უბრალოდ, საჩივრის დაწერა დროში ძალიან გაიწელა. მე მათ სტრასბურგში გასაგზავნი სარჩელისთვის მივმართე და იმდენად დიდი საქმე იყო, ამის ინგლისურად გადათარგმნა და გაგზავნა დროულად ვერ მოხერხდა, რათა იქ მათ ბრიტანელ პარტნიორებს დაეფიქსირებინათ. არა მგონია, მათ შეგნებულად გაეჭიანურებინათ, რატომ უნდა ჰქონოდათ ამის სურვილი?! სულ რაღაც ერთი დღე იყო დარჩენილი და იმ ერთ დღეში, ღმერთის წყალობით, საქმის გაგზავნა მოვახერხეთ, რაშიც ადამიანის უფლებათა ცენტრი დამეხმარა. ახალგაზრდა იურისტებმა საქმე შეისწავლეს, რაღაც მომენტში დიდი საქმე გააკეთეს, მაგრამ ბოლოს მაინც რატომღაც არ მოხდა ამის გაგზავნა. მითხრეს, ტექნიკურად ვერ ახერხებდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრმა კი მოასწრო, წინასწარი სარჩელი გავგზავნეთ, რადგან დროში ვეღარ ვეტეოდით, რომ მთლიანი სარჩელი გაგზავნილიყო. ამიტომ წინასწარი სარჩელი გავგზავნეთ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან. შემდეგ უკვე ორთვიანი ვადა მოგვცეს, მთლიანი სარჩელი მომზადდა და გავგზავნეთ. ძალიან დიდი მადლობა, ნათია კაციტაძე მუშაობდა ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტებიდან და მან ნამდვილად შრომატევადი საქმე გასწია. შემდეგ უკვე მის მიერ დამუშავებული საქმე გამოიყენა ადამიანის უფლებათა ცენტრმა. უბრალოდ, ალბათ, პოლიტიკური ნება არ იყო მათი თუ რა იყო, არ ვიცი, რომ, რადგან სახელმწიფო დანაშაულს მოიცავდა მაისაიას საქმე, ამიტომ ცოტა ფრთხილად მოეკიდნენ. ალბათ, ახალგაზრდა იურისტების პოლიტიკა ცოტა ფრთხილი იყო იმ პერიოდში.

სტრასბურგში გაგზავნილი ეს საქმე რა სტადიაშია?

- უკვე წელიწადნახევარია, რაც ეს საქმე გაგზავნილია სტრასბურგში. ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ დაწყებულა. ალბათ, თავისი რიგითობა აქვს.

ამჟამად რა მდგომარეობაშია პატიმრობაში მყოფი ვახტანგ მაისაია?

- ამჟამად კარგად არის და იმედი აქვს, რომ სიმართლე გაირკვევა. ამისთვის ვიბრძოდით ამდენი წლის განმავლობაში. ახალი ხელისუფლების პირობებში ასეულობით პოლიტპატიმარს სტატუსი აუცილებლად უნდა მიენიჭოს. ისინი რომ პოლიტპატიმრები არიან, უნდა აღიაროს ახალმა ხელისუფლებამ. კერძოდ, სააკაშვილის ხელისუფლებას ჰყავდა პოლიტიკურად რეპრესირებული ხალხი და პოლიტპატიმრები. ამიტომ, მათი უპირობო გათავისუფლება უნდა მოხდეს. თუ გარკვეული შეკითხვები არსებობს, ინდივიდუალურად უნდა გადაიხედოს ეს საქმეები, ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. პირიქით, უკვე სამი წელია, ვითხოვთ, რომ მაისაიას საქმეს გრიფით საიდუმლო მოეხსნას და ხალხმა ნახოს, როგორი შეთითხნილი და ძაფით ნაკერი საქმეა. ახალი გენპროკურორის მიმართ განცხადება არ შეგვიტანია, რადგან, რამდენადაც ვიცი, არასამთავრობოებმა პოლიტპატიმრების სია შეიტანეს. ალბათ, პარლამენტი გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. არც ეს არის პრობლემა, თუ საჭირო იქნება, განცხადებას შევიტანთ. პარლამენტში შეიქმნა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით და მათ მითითებებს ველოდებით. მე ვფიქრობ, ეს საქმე სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. 

პერიოდულად ვახტანგ მაისაია ციხეში შიმშილობდა, ხანდახან მას ლიკვიდაციითაც ემუქრებოდნენ. აქ ფიგურირებდა სხვადასხვა პიროვნებები, რომლებსაც ვახტანგ მაისაია უშუალოდ ადებდა ხელს. თუ შეგიძლიათ, ეს პერიოდი გაიხსენოთ?

- თავიდან მასზე მოდულის შენობაში განხორციელდა ყველაზე მძიმე ზეწოლა, რათა აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. დახვრეტის იმიტაცია გაითამაშეს, პოლიეთილენის პარკით გაგუდვის იმიტაციაც, რომ სუნთქვა არ  შესძლებოდა. იქ ჩვენი ოჯახის, ჩემი ძმის ოჯახისთვის საშიშროების შექმნითაც დაემუქრნენ. ეს ყველაფერი მუქარა იყო და არ განხორციელებულა. ეს უფრო ფსიქოლოგიური მუქარა იყო. შემდეგ უკვე გლდანის ციხეში გადაიყვანეს, ის ოთხჯერ იყო კარცერში, ათ-ათი დღით. ფაქტობრივად, 40 დღე კარცერში აქვს გატარებული. ორი წლის წინ გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს. ვიქტორ ყაჭეიშვილი (გლდანის საპყრობილის დირექტორის მოადგილე) იყო ზუსტად ის ჯალათი, რომელმაც სცემა ვახტანგი. ამიტომ მოგვიანებით ვახტანგმა იგი ამხილა. ცემის მიზეზი ის იყო, რომ ვახტანგი შიმშილობდა და მოითხოვდა, მასთან უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი შესულიყო. ამის გამო ჯერ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ, თუ არ შეწყვეტდა შიმშილს, მაშინ მის მესაკნეებს დასჯიდნენ. კერძოდ, მესაკნეებს კარცერში ჩაუშვებდნენ, ან თვითონ დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს პატიმრები. ვახტანგი ექვს პატიმართან ერთად იხდიდა სასჯელს გლდანის ციხეში. მასზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ამის მიუხედავად, მან არ შეწყვიტა შიმშილი და მოითხოვა ცალკე საკანში გადაყვანა. ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, რომ შენ არაფერს არ დაგიშავებთ, მაგრამ შენთან ვინც ზის 24 საათის განმავლობაში, მათ კარცერში ჩავაგდებთ, ისტორიას გავუფუჭებთ. იქ ერთი პატიმარი იყო, რომელიც ექვს თვეში გათავისუფლებას ელოდა და კარცერში მისი ჩაგდება, ფაქტობრივად, წლების დამატებას გამოიწვევდა. როცა მოითხოვა ცალკე საკანში გადაყვანა, რათა მისი შიმშილობის მიზეზით სხვა პატიმრები არ დაზარალებულიყვნენ, მაშინ უკვე დერეფანში გამოიყვანეს და უშუალოდ ვიქტორ ყაჭეიშვილმა სასტიკად სცემა, კედელზე მიანარცხა, ჩამტვრეული ჰქონდა ცხვირი და სილურჯე ემჩნეოდა.

როგორც ვიცი, ცემის შედეგად მას ცხვირის ძგიდე ჰქონდა ჩამტვრეული.

- დიახ, ცხვირის ძგიდეც და შემდეგ უკვე ხელები გაუკავა ორმა თანამშრომელმა, მათ გვარებს ვერ გეტყვით. იგი ძირს რომ დაეცა, სასტიკად სცემეს.

მისგან ითხოვდნენ, რომ ეღიარებინა, ვითომ თავად დაეცა?

- ამას აღარ სთხოვდნენ, აზრი აღარ ჰქონდა, მაინც არ აღიარებდა, მაგრამ თვითონ მესაკნეებს დააწერინეს ჩვენება, თითქოს იგი გაექანა და თავად მიიყენა დაზიანება. ასე რომ, სხვა პატიმრები დააშინეს.

ცნობილია ის 20 კაციანი სიაც, რომლის თანახმადაც, არაოფიციალურ დაკითხვებზე სამართალდამცავები მისგან ყოფილი მაღალჩინოსნების სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას მოითხოვდნენ. ამ სიაში მოხვდნენ ალექსანდრე ლომაია, გელა ბეჟუაშვილი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, ნიკა ჩიტიძე... რის მიხედვით შეარჩიეს ეს ადამიანები?

- იმის მიხედვით, რომ მისი პირადი კომპიუტერი გატეხილი იყო და პირადი იმეილები, მიმოწერები, კონტაქტი ვისთანაც ჰქონდა, იმ პირებიდან შეარჩიეს ეს სია.

მაგრამ ამ სიაში მოხვდნენ, ასევე, უცხოელი დიპლომატები, საქართველოში აკრედიტირებული მისიების წარმომადგენლები - მათ შორის, რობერტ კენეტი (აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე), ბრიტანეთის მისიის დიპლომატები და აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი. მათი დადანაშულება რაში აწყობდათ?

- ეს ვახტანგზე ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო, რომ ამ პიროვნებებსაც მოუწევდათ პასუხისგება და მისი მეგობრებიც დაისჯებოდნენ მის გამო. ამ ადამიანებს მასთან კავშირის გამო დაიჭერდნენ. დიდი საქმე უნდოდათ შეეკერათ და ამ საქმეში გაეყვანათ ეს ადამიანებიც. ვახტანგი მაშინ არ იყო სახელმწიფო სამსახურში და სჭირდებოდათ რამდენიმე პიროვნება, ვინც გაამყარებდა ამ საქმეს, თითქოს ის იგებდა მისგან ინფორმაციას და შემდეგ ავრცელებდა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებიდან უნდა მიეძიათ ეს ხალხი. ახლა ოპოზიციას ვერ დააბრალებდნენ, რადგან საიდუმლო დოკუმენტთან მათ არ ჰქონდათ შეხება. ამ ხალხს კი საიდუმლო მასალებთან ჰქონდა შეხება და მათ შეეძლოთ, ეს მასალები მიეწოდებინათ ვახტანგისთვის და მას გაევრცელებინა ისე, როგორც უნდოდათ ამის შეთხზვა. ამიტომაც მათ შორის არჩევდნენ კანდიდატურებს.

თუმცა ვახტანგ მაისაიამ მათ ხელი არ დაადო.

- არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. ის აღიარებითი ჩვენებაც დიდი ზეწოლის ქვეშ მისცა, მაგრამ, როგორც კი ადვოკატი შეიცვალა და მას უკვე რეალური სურათი მიეწოდა, რომ შეეძლო სიმართლისთვის ებრძოლა, მაშინათვე შეცვალა. თუმცა პირველ აღიარებით ჩვენებაშიც მას არასდროს უღიარებია, თითქოს იგი იყო რუსეთის ჯაშუში. იგი ამბობდა, რომ, როგორც ნატოს თანამშრომელს, დამოუკიდებელ ექსპერტს, მას ნატოსთან ჰქონდა ურთიერთობა. კერძოდ, სლოვაკეთის რესპუბლიკასთან. სლოვაკეთი კი ნატოს წევრი ქვეყანა იყო. შესაბამისად, ჯაშუშობა არც ამ კუთხით გამოდიოდა, რადგან ის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა იყო და ოფიციალურად ნატოს თანამშრომლად ითვლებოდა.

ვთქვათ, სამშობლოს ღალატში დაედო ხელი ლომაიასთვის და სხვებისთვის, ამ ხალხს რა ელოდა? ასევე, ამ სიაში მოხვედრილ საქართველოში აკრედიტირებული მისიების წარმომადგენლებს? ეს ჯგუფური დანაშაული გამოდიოდა რუსეთის სასარგებლოდ?

- რა თქმა უნდა, მათ არ დაიჭერდნენ, მაგრამ ამ საქმეში დიპლომატიური კორპუსი იმიტომ მოხვდა, რომ, ფაქტობრივად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმე უნდა შეეკერა.

ანუ ამითდანაშაულიუფრო დამაჯერებელი გამოვიდოდა?

- დიახ, დამაჯერებელი რომ გამოსულიყო, ისინი დიდხანს ბჭობდნენ, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშად უნდა გამოეცხადებინათ ვახტანგ მაისაია, რადგან, ფაქტობრივად, რუსეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ამ უკანონო სასამართლომაც კი ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთთან რამენაირი კავშირი ჰქონდა მაისაიას. მას კავშირი ჰქონდა იმ დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. ამიტომ ეძებდნენ პიროვნებას, რომელსაც გადასცემდა მაისაია ამ ინფორმაციას, ეს უნდა ყოფილიყო რომელიღაც საელჩო. მერე, ალბათ, მიხვდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომ აღნიშნული ბრალდება საშინელ სკანდალს გამოიწვევდა. ერთი პერიოდი, ასეც იყო. მოგეხსენებათ, იქ იყვნენ ბრიტანეთის, ამერიკის საელჩოების წარმომადგენლები და როგორ გამოიყვანდნენ მათ რუსეთის ჯაშუშებად?! ეს თვითონაც ვერ წარმოედგინათ. თვითონაც არ იცოდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლებმა, რა უნდა გაეკეთებინათ. 

ისინი მზად იყვნენ, კახა ლომაია და გელა ბეჟუაშვილი ჯაშუშებად გამოეცხადებინათ?

- ამაზე მზად არ იყვნენ. იცით, რაშია საქმე? ვახტანგს ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომი, წერილი, რომელიც მოიცავდა აგვისტოს ომის დროს დაშვებულ შეცდომებს, რაც დაუშვა ჩვენმა სახელმწიფომ. აქ ასახულია წინამოსამზადებელი პერიოდი. ასევე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ უშუალოდ ომის პერიოდში. მან, როგორც სამხედრო ექსპერტმა, დადო ეს დასკვნა და გადაუგზავნა ლომაიასაც, ბეჟუაშვილსაც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასაც. ეს იყო მისი, როგორც სამხედრო ექსპერტის, ანალიტიკურ-მეცნიერული დოკუმენტი. არ ვიცი, ალბათ, ამან გამოიწვია მათი გვარების ამ სიაში მოხვედრა. არც ის ვიცი, ისინი ეთანხმებოდნენ თუ არა მაისაიას მოსაზრებას, რომ ჩვენი მხრიდან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული აგვისტოს ომთან დაკავშირებით. თუ დაეთანხმებოდნენ, ალბათ, არც მათი დაჭერა გაუჭირდებოდათ.

მუხროვანის .. ამბოხებაზეც მინდა გკითხოთ. ზუსტად ამ პერიოდში დააკავეს ვახტანგ მაისაია.

- მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით ვახტანგ მაისაია პირველსავე დღიდან აკეთებდა კომენტარს, რომ ეს დადგმული ოპერაცია იყო სააკაშვილის მთავრობის მიერ, რომ ჩვენი სამხედროების მხრიდან არავითარ ამბოხს არ ჰქონდა ადგილი იმ ბატალიონში, ისინი პატრიოტები იყვნენ და აგვისტოს ომში გმირულად იბრძოდნენ. ფაქტობრივად, აგვისტოს ომის სირცხვილი არის მხოლოდ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებაზე, თორემ იქ ჯარისკაცს ნამდვილად არ მიუძღვის სასირცხვილო. ამიტომ ყოველთვის ფიქრობდა, რომ ისინი ისევ სააკაშვილის ინტრიგებს და ბოროტ ფანტაზიებს შეეწირნენ.

ეს განცხადება გახდა მისი აყვანის მიზეზი?

- დიახ, ეს განცხადება მან ღიად დააფიქსირა რამდენიმე უცხოურ რადიოში და თვით ნატოშიც კი.