კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს „m2“ გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2“ უძრავი ქონებას“ შორის უკვე გაფორმდა. რიგში დგას „ცენტრ პოინტის“ წარმოუდგენლად რთული საკითხის მოგვარება, რომელიც მრავალი მცდელობის მიუხედავად, ისევ პრობლემად რჩება. ათასობით დაზარალებული უკვე უიმედო მდგომარეობაშია.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.
„მშენებლობების დასრულების მიზნით „m2“ კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის N9-11, ნუცუბიძის ქუჩის N125ა, ჭყონდიდელის ქუჩის N22). სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2000-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და „„m2““-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება „m2“-ს მიერ.
კომპანია მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. იგი დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში“, - აცხადებენ მერიაში.
„m2“-ის მმართველმა პარტნიორმა და BK Construction-ის გენერალური დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა ახალ შეთანხმებას უმნიშვნელოვანესი პროექტი უწოდა. კომპანიამ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო.
„აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
„სვეტის“ პრობლემის მოგვარება მერიის ერთადერთი პროექტი არ იქნება. მუნიციპალიტეტი ისევ გეგმავს მიუბრუნდეს „ცენტრ პოინტის“ საკითხს, რომლის მოგვარებაც ერთხელ უკვე წარუმატებლად დასრულდა. ამჯერად კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას დაწყებული აქვს მუშაობა, „სვეტის“ მსგავსად ეს პრობლემა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვისაც გადაწყდეს.
„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და იმ შემართებით, რაც მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც ანალოგიურად იქნება მოგვარებული, როგორც ეს იყო „სვეტის“ მიერ დაზარალებულების შემთხვევაში. მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ ბინები ამ კომპანიაში. სამწუხაროდ, მათაც დაკარგეს ფული და უიმედოდ იყვნენ, თუმცა დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველას პრობლემა არის მოგვარებული“, - განაცხადა კალაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას მყისვე გამოეხმაურა და დადებითი შეფასება მისცა.
„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა. კახა კალაძის ბრიფინგიდანაც ჩანდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ჩანს, პროცესში იყო გარკვეული უიმედობაც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა არის ქალაქის მერიის და პროცესში ჩართული ყველა მხარის დიდი წარმატება. ეს კარგი ამბავი იმედს იძლევა, რომ მსგავსი წარმატებით დასრულდება სხვა ანალოგიური საკითხები და ოჯახები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ, მიიღებენ თავის კუთვნილს. ვულოცავ ყველა ოჯახს, ვისი პრობლემაც უკვე გადაწყდა“, - განაცხადა მდინარაძემ.