ბიზნესმენებისთვის უკვე მთავარი და ლამის ყოველდღიური საფიქრალი ლარის კურსია. ისინი მთავრობას და ეროვნულ ბანკს სასწრაფოდ ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ მოუწოდებენ. გარდა იმისა, რომ ყველაფერი ძვირდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მინიმუმზე დაეცა და მათთან ერთად ბიზნესიც კატასტროფისკენ მიექანება.
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მხოლოდ საბანკო რეგულაციებზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება. მისი აზრით, ახლად დანიშნული პრემიერის, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის მთავარი გამოწვევა ლარის კურსია და პრემიერ-მინიტსრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, პირველ რიგში, სწორედ ამ საკითხს უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება.
„თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მხოლოდ ბანკების რეგულაციებს აკეთებს და ლარის კურსს არ მიჰყვება, შეიძლება, უცხოეთში აუდიტორული კომპანია დავიქირავოთ, რადგან რეგულაციებს აუდიტორული კომპანია უფრო განახორციელებს, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ახლა მთავარი გამოწვევა ლარის კურსია და ამაზე უნდა იფიქრონ, პირველ რიგში, ქვეყნის პირველმა პირებმა“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
მის აზრს იზიარებენ სხვებიც, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარია ლარის გამყარება და არა სტაბილურობა, რადგან ნიშნული ძალიან მაღალია. მისი აზრით, ახალმა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა რა ბერკეტებიც აქვს ყველაფერი უნდა გამოიყენოს, რათა ლარის კურსი ნორმის ფარგლებში მოიყვანოს.
ბიზნესმენი ახალი პრემიერის გიორგი გახარიას გამოწვევად ლარის კურსთან ერთად ბიზნესისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასაც ასახელებს.
„წინა პრემიერების დროს კომუნიკაცია არ გვაკლდა. ჩვენ სისწრაფე და სწორი გადაწყვეტილებები გვაკლდა. გახარიას ცოდნის მხრივ საკითხის თავიდან შესწავლა არ მოუწევს. პირველივე დღეებში გამოჩნდება კომუნიკაცია როგორ დაიწყება.
დღეს ქვეყანაში დამღუპველი ლარის კურსი გვაქვს, რაც მისახედია. ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ამ წუთას დამღუპველი სწორედ ლარის კურსია. სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაცემულია“, - განაცხადა პაპაშვილმა.
ცოტათი განსხვავებული პოზიცია აქვს კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელს რევაზ ვაშაკიძეს. როგორც ბიზნესმენმა „ბიზნესმედიას“ განუცხადა, იგი დევალვაციაში ცალსახად ეროვნულ ბანკს არ ადანაშაულებს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოში წარმოება არ არის განვითარებული.
„საქართველოში არ ხდება დამატებითი ღირებულების შექმნა, ის პროდუქციაც არ იქმნება, რომელიც უნდა მოიხმარო. როდესაც მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, თუ ქვეყანაში უცხოური ვალუტა არ შემოვიდა, ეს ლარის კურსზეც აისახება.
მე ლარის გაუფასურებას ველი იმიტომ, რომ ქვეყანაში დამატებითი ღირებულების მქონე არაფერი იქმნება, იმპორტით ვართ დაკავებულები. ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი როგორი იქნება ვალუტის კურსი და არც შეიძლება იყოს. ლარის კურსზე პასუხისმგებელი საქართველოს ეკონომიკაა.
სანამ საქართველო იმ დონეზე არ განვითარდება, რომ საქართველოში რამე ვაწარმოოთ, იქამდე სპირალზე ვივლით“, -განაცხადა ვაშაკიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასის ზრდის ახალი ტალღა დაიწყო. ამ ტენდენციას ადასტურებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია. მისი თქმით, გაძვირების ეს ეტაპი მოსალოდნელი იყო და ბიზნესი ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდა. ახლა გაძვირების მეორე ეტაპია და თუ კურსი 3,0-ს გადასცდება, დაახლოებით თვენახევარში მესამე ეტაპი დაიწყება.
თავში ქვაც უხლია ყველა ხაზარაძეს
..მიტინგიიიიი?--
--პაჟალუსტა!!!!!!!!!!!!!