აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თალიბანთან“ მოლაპარაკებები მკვდარია, - ამის შესახებ foxnews წერს. ტრამპმა ეს განცხადება მედიასთან დღეს „თეთრი სახლიდან“ გამოსვლისას გააკეთა.
ტრამპის განცხდებით კემპ-დევიდის სამიტზე დაგეგმილი საიდუმლო გეგმების ჩაშლის შემდეგ აშშ-ისა და „თალიბანის“ სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მკვდარია.
გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის პრეზიდენტი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება გასულ კვირას ქაბულში მომხდარი დაბომბვის გამო შეცვალა. ინციდენტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
„თალიბანი“ აშშ-ს ემუქრება. რადიკალური მოძრაობა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოლაპარაკების გაუქმების გამო შეერთებული შტატები ბევრს დაკარგავს. მისივე განცხადებით, ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ამერიკელი შეეწირება.
ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო მომენტამდე ყველაფერი კარგად იყო. მოძრაობამ აშშ-ს გამოცდილება დაუწუნა.
ტრამპმა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები გააუქმა.
7 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, „თალიბანთან“ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიოს.
„თალიბანთან“ აშშ-ის შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაყვანას გეგმავდა. ამის შესახებ 2 სექტემბერს შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა განაცხადა. შეთანხმება მოლაპარაკებების 9 რაუნდის შედეგი გახდა.
ხალილზადის ინტერვიუს ეთერში გასვლისას ქაბულში აფეთქება მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. როგორც BBC წერს, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის შეთანხმებით ავღანეთში ყოველდღიური ძალადობა არ შეწყდება.
„თალიბანის“ დაჯგუფება აკონტროლებს ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს. აშშ-მ ეს ტერიტორია 2001 წელს დაბომბა.
ბოლო მონაცემებით, ავღანეთში 20 000 უცხოელი სამხედრო იმყოფება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის 7 თვეში ავღანეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1500 ადამიანი დაიღუპა.