„შსს–ს და სუს–ის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა, ავნებს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და გაუგებარი იქნება სტრატეგიული პარტნიორებისთვის“

„შსს–ს და სუს–ის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა, ავნებს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და გაუგებარი იქნება სტრატეგიული პარტნიორებისთვის“

იმდენად დინამიურია პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, შსს–ს და სუს–ის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა, ავნებს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და თან სერიოზულად. მისი თქმით, ორი უწყების გაერთიანება მიუღებელი და და გაუგებარი იქნება სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

თავდაცვასა და შსს-ს, ორ ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები. ვთანხმდებით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ რამდენად სწორია ჯარისა და პოლიციის პოლიტიზირება?

ბესიკ ალადაშვილი: თუ ბოლო საკადრო ცვლილებებს შევხედავთ, ის, მხოლოდ და მხოლოდ, სამართალდამცავ ბლოკს შეეხო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამწუხაროდ, უკვე მერემადენედ, საკადრო ცვლილებს არ მოჰყვება სტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებები, არადა ამის აუცილებლობა ნამდვილად არის.

როდესაც ვსაუბრობთ ეფქტიანობაზე, მხედველობაში მაქვს სპეცსამსახურები და ისმის კითხვა, რადენად არის ეროვნული უსაფრთხოება დაცული? – აქაც სამხწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას უწევს უკვე მომხდარზე რეაგირება. ეს იქნება ბორდერიზაცია, თუ ეს იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვითომ ხელისუფლების ულტიმატუმები. სამწუხაროდ, საგანგაშოდ მიმაჩნია ის პროცესი, რაც ამ პოლიციის საგუშაგოების აშენებას და მოწყობას მოჰყვა.

როგორ ფიქრობთ, ეს პროცესები, ხომ არ მიგვიყვანს .. საზღვრის შექმნამდე?

– რთული კითხვაა. ისინიც აკეთებენ საგუშაგეობს, ჩვენც ვაკეთებთ, რაღაცა ლეგიტიმაცია ხომ არ ხდება? სამომავლოდ ამან არ გამოიწვიოს დე–ფაქტო ადმინისტრაციული საზღვრის დაკანონება. მინდა, რომ ამ კუთხით ღრმად გააანალიზოს ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება.

დღეს, იმდენად დინამიურია პოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში, მით უმეტეს შიგნით და გარეთ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ახლად შექმნილი უსაფრხოების საბჭო დღე–ღამე უნდა მუშაობდნენ არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე. იმიტომ, რომ ყოველთვის წამგებიანია, როდესაც აკეთებ სვლას მხოლოდ საპასუხოდ. ანუ, იძულებული ხარ უპასუხო მოწინააღმდეგის სვლას.

ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკა სამწუხაროდ არ არის სტრატეგიულად გააზრებული...

– გეთანხმებით. თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ არ არის მარტივი საკითხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ დაქირავებული აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ქვეყნის დაცვა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსახლეობის კეთილდღეობა.

რაც შეეხება კონკრეტულად კითხვის პირველ ნაწილს, აქამდე ვინც იყვნენ, ყველა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები არ იყვნენ? თუ არ ჩავთვლით პირველი ეშელონის მთავრობას, როდესაც იყო მრავალფეროვნება და აზრთა სხვადა,სხვაობა, როდესაც ირაკლი ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი, შემდეგ თინა ხიდაშელი. თუ არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ჯანსაღი კრიტიკა, ბუნებრივია საქმე არ გაკეთდება.

ამ ხნის მანძილზე იკვეთებოდა სუსის და შსს დაპირისპირება, მუდმივად ჟონავდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ოფიციალურად არ ადასტურებდნენ. არსებული ინფორმაციით, იგეგმება ამ ორი უწყების გაერთიანება. ორი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი უწყების გაერთიანება რამდენად სწორია?

– ზოგადად, ეს ორი სფერო იმდენად სხვადასხვაა, რომ ამაზე საერთოდ კამათიც არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ მკვეთრად გამოყოფილია შსს–ს ფუნქციები, ეს არის კრიმინალთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. რაც შეეხება სუს–ს, მისი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბროლა, ყველა ქვეყანაში ასეა. თუ ანტიტერორისტულ საქმიანობასაც დაუტოვებ, კი ბატონო. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ანტიტერორისტული ცენტრი, ან სტრუქტურა უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი, იმდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. უშუალოდ ცალკე სამსახური უნდა შეიქმნას, პატარა და მობილური, რომელიც უშუალოდ პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. შემდეგ, უკვე, სუს–ის მთავარი ფუნქცია არის, ზუსტად, უცხო ქვეყნის მიერ მტრული მოქმედებების აღკვეთა. რასაც დღეს ვუყურებთ, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ კონტრდაზვერვის არსებობას ვერ ვიგებთ. ანუ, ყველამ ვიცით, გვესმის, ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და აგენტურა მოქმედებს, მაგრამ მათ წინააღმდეგ რა კეთდება? - არაფერი.

შეგახსენებთ, 2015 წელს დაჭრეს ხანგოშვილი, ისე ჩაიფარცხა ეს ამბავი, თითქოს არაფერი, მაგრამ სწორედ ეს იყო ნიშანდობლივი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ნადირობდნენ ამ კაცზე. მაშინ თბილისში ჩაატარეს ეს ოპერაცია, მაგრამ წარუმატებლად. ამიტომ ვამბობ, რომ სუს–ის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს კონტრდაზვერვა, კი ბატონო ანტიტერეორისტულიც.

ავიღოთ იგივე ანტიკორუფციული სააგენტო, ესეც დუბლირებაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის. სამწუხაროდ, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ანტიკორუფციული სააგენტო მართლა ხომ არ არის პოლიტიკური ანგარისწორების იარაღი, ისეთი ბიზნესემენების წინააღმდეგ, რომელიც ხელს არ აძლევს ხელისუფლებას. სხვა ახსნა არ აქვს. ასე რომ, ეს ფუნქციები იმდენად განსხვავებულია, რომ ამ ორი უწყების – სუს–ის და შსს–ს გაერთიანება ქნება დომხალი, უფრო უარეს შედეგამდე მიგვიყვანს.

რატომ უნდა წავიდეს ამ ნაბიჯზე ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ნამდვილად გვჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები?

– როცა ვსაუბრობთ სპეცსამსახურების გაერთიანებაზე, მხარს ვუჭერდი, რომ გაერთიანებულიყო სუს–ი და დაზვერვის სამსახური, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფინანსური და საკადრო ფუფუნება, რომ ეს ორი უწყება მაღალეფექტიანად მაღალ დონეზე შეინახოს. თითქოს შეტანილი იყო ეს საკითხი პარლამენტში და გარკვეული რეკომენდაციები წამოვიდა. ყველა ქვეყანაში ასეა, გაერთიანებულია ერთი სტრუქტურის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიუღებელი და გაუგებარი იქნება შსს–ს და სუს–ის გაერთიანება. ეს იქნება ის მონსტრი, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის დროს და ეს იყო ვერტიკალი, რომელიც ემორჩილებოდა ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის – სააკაშვილის და რამდენიმე ადამიანის ინტერესებს, ხოლო სახელმწიფო ინტერესები სადღაც იყო გადაგდებული. მოხდა სწორი გადაწყვეტილება, როდესაც 2015 წლის აგვისტოს შსს–ს გამოეყო სუს–ი და ჩამოყალიბდა ცალკე უწყებად.

სუსის და შსს ერთ ქოლგაში მოქცევა რამდენად დაასუსტებს თვითონ სახელმწიფოს?

– იმდენად განსხვავებულია ფუნქციები, დაწყებული ანალიტიკურით და დამთავრებული ოპერატიული სამსახურებით, რომ შსს–ს მთელი პირადი შემადგენლობა უნდა იყოს კრიმინალთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის ფუქნქცია. რაც შეეხება სუს–ს, მისი ფუნქცია არის სახელმწიფო უსაფრთხოება და მას სულ სხვა ანალიტიკური სამსახური უნდა ჰყავდეს, სულ სხვა ოპერატიული თანამშრომლები უნდა ჰყავდეს, მისი ფუნქცია განსხვავებულია.

დღეს სუს–ში 5 ათასი თანამშრომელია და უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს, ესეც ნონსესია, არ უნდა იყოს მისი ბიუჯეტი ამხელა. შსს–ს თავისი უამრავი პრობლემა აქვს და როგორ შეიძლება მას დავუმატოთ კიდევ სხვა უწყება. სუს–ი როდესაც დაექვემდებარება შსს–ს, ეს გამოდის სახელმწიფო უსაფრთხოების დაკნინება და ეს ავნებს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და თან სერიოზულად.

 

Katana . გინახავთ, ალბათ, ქუჩაში მავალი უსინათლო, ცალ ხელში რომ მისი მეგზურის - გაწვრთნილი ძაღლის - საბელი უჭირავს და მეორე ხელით ჯოხს იქნევს, რომ არაფერს დაეჯახოს.
მესამე ათეული წელია, საქართველო უმეგზუროდ დაბორიალობს, როგორც უსინათლო კაცი ტაიგაში - არც ძაღლი, არც ჯოხი...
200 წელი სხვისი ძლიერი ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული, ის დაატარებდა თავის ჭკუაზე. აწუხებდა და გამოგლიჯა ხელი. გამოგლიჯა და დარჩა დაბნეული და გზაკვალარეული უსიერ ტყეში...
უთხრეს, სულ დასავლეთისკენ უნდა იარო, სუულ დასავლეთისაკენ, არსად არ გადაუხვიო და სამშვიდობოს გახვალო... მაგრამ რა იცის უსინათლომ, საით არის დასავლეთი ან რომელ წუთს რა ხიფათი გამოუხტება გზაზე?
ჰოდა, დადის ეგრე, დაჩეჩქვილ-დასისხლიანებული, ხელის ცეცებით - ხან რას მიეხეთქება, ხან რას შეასკდება, ხან სად წამოჰკრავს ფეხს და წადღავდება... აღარ იცის რა ქნას, საით მიბრუნდეს, რას ჩაეჭიდოს...
ღმერთო, შენ უშველე ამ ქვეყანას!
4 წლის უკან
სოციალისტი ყოჩაღ Katana! მადლობა.
"... გაუგებარი იქნება სტრატეგიული პარტნიორებიასათვის", ... დღეის ამას იქეთ აღარ გავიგონო ასეთი დამამცირებელი ფრაზები!
4 წლის უკან
Serapina მედიაში წავაწყდი, ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერის ინციდენტს...
მე, ირმა ინაშვილი მიმაჩნია ქართველ პოლიტიკოსად (თავის პლიუს მინუსებით ...მაგრამ ქართველ პოლიტიკოსად... )რომელიც დასავლეთის საამებლად, ათას სისულელეს არ ბოდავს. მიუხედავად, ჩემი მისადმი სიმპათიისა, არ იციან ქართველმა პოლიტიკოსებმა დასავლეთის პოლიტიკოსებთან რა და როგორ ისაუბრონ! ამის ნათელი დასტური იყო ეს... და მერე, არასწორია სხვაზე გაბრაზება!!!
პოლიტიკაში, ინგლისურის ან ფრანგულის ცოდნა მეორე ხარისხოვანია. პირველ რიგში, პოლიტიკის ენა უნდა ვიცოდეთ და ეს უკანასკნელი, იმდენ ნიუანსს მოიცავს... რომ სკოლის მერხიდან უნდა ისწავლებოდეს.
პ.ს. ახლა, ახალი ქოლგებიო.... მათ ქვეშ შესაყუჟებელი სანათესაო ღვინოზე და პურ-მარილზე ბჭობს ალბათ...
ვახ, როდემდე კაცო, როდემდე?!
4 წლის უკან