კახა ბაინდურაშვილი იფიცება, მაგრამ მისი ფიცი-მტკიცის არც საზოგადოებას სჯერა და არც ექსპერტებს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გულდაგულ ამტკიცებს, რომ შარშანდელთან შედარებით, საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთი საგრძნობადაა შემცირებული. მინისტრმა ამის დასტურად ის სტატისტუკური მონაცემები დაასახელა, რაც საკონტროლო შესყიდვებისა და შემდგომ გამოვლენილი დარღვევების შედეგად გამოიკვეთა.
მინისტრის ინფორმაციით, საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილმა დარღვევებმა და დაჯარმებმა 2009 წლის 10 თვეში 60% შეადგინა, ხოლო 2010 წლის 10 თვეში დაჯარიმებები 10%-მდეა დასული.
„სხვადასხვა ინიციატივებსა და ეკონომიკური გაჯანსაღების შედეგად გადასახადის გადახდის კულტურა უკეთესად ჩამოყალიბდა და ჩვენ გადასახადების მობილიზებისათვის ნაკლები ადმინისტრირების გატარება გვჭირდება. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლებია შემოწმებულ მეწარმეებს შორის დაჯარიმებულ მეწარმეთა რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ გასატარებელი საგადასახადო იძულებითი ღონისძიებები ნაკლებია. 2009 წელს 10 შემოწმებული ადამიანებიდან 6 ჯარიმდებოდა, ხოლო 2010 წელს 10 შემოწმებული ადამიანიდან მხოლოდ 1 დაჯარიდა“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ადმინისტრირების წნეხის შემცირებას ორ ფაქტორს უკავშირებს. „ერთია გადამხდელების მხრიდან თანხების ნებაყოფლობითი გადახდა და მეორე შემოსავების სამსახურის მხრიდან ბიზნესისათვის დამატებითი სერვისებისა და სხვადასახვა ტიპის სიახლეების შეთავაზება, რამაც გადამხდელების სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაუმარტივა“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტები კი საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის შემცირების ტენდენციას სკეპტიკურად უყურებენ. როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ბიზნეს-კომპანიების დაჯარიმებები უფრო ხშირი იყო, ვიდრე - 2009 წელს.
„საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთის ზრდის ან შემცირების შესახებ ზუსტ სტატისტიკას არ ვფლობ, მაგრამ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წელს დაჯარიმებები უფრო ხშირი იყო, ვიდრე - 2009 წელს. ამდენად, საგადასახადო წნეხის შემცირების შესახებ სტატისტიკის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
საგადასახდო წნეხის კლების ან ზრდის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას არც „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის“ ექსპერტი დავით ნარმანია ფლობს, თუმცა ხუხაშვილის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საგადასახადო წნეხის შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა.
„მიმდინარე წელს საგადასხადო სამსახურების მიერ შემოწმებული ბიზნეს-კომპანიებიდან მხოლოდ 10% თუ დაჯარიმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემოწმებული ათი კომპანიიდან საგადასახადო სანქცია მხოლოდ ერთზე განხორციელდა. ვფიქრობ, აღნიშნული მაჩვენებელი ეჭვის საფუძველს ბადებს, რადგან თითქმის ყველა ბიზნეს-კომპანია, რომელშიც ფინანსური შემოწმება განხორციელდა, დაჯარიმდა“, - განაცხადა ნარმანიამ.
ფინანსთა მინისტრის სიტყვების არამართებულობაში ბოლო რამდენიმე კვირის მაგალითის მოყვანაც საკმარია, როდესაც მეწარმეები მასობრივად დააჯარიმეს. ლილოს, „პასაჟის“, „კიდობანის“ მოვაჭრეებს მხოლოდ ჯარიმები არ აკმარეს და ერთხანს იზოლატორშიც აყურყუტეს. 2 დღის წინათ კი ტოტალიზატორების მეპატრონეებს 53 მილიონი ლარის ჯარიმა წამოჰკიდეს.