გახარია ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა

გახარია ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა

ბოდიშის შემდეგ - მადლობა. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე დაასახელა და პარლამენტში სამთავრობო პროგრამაც წარადგინა. პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით გახარიას მთავრობის ხედვებს მოიცავს. გახარიას პროგრამაში ერთ–ერთ მიმართულებად საქართველოზე, როგორც რეგიონული ჰაბზეა საუბარი.

პროგრამაში საუბარია ანაკლიის პორტის საკითხზე, სადაც ხაზგასმულია, რომ გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოჯისტიკურ ჰაბად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობაში გიორგი გახარია ყველაზე პოპულარული და ამავე დროს გავლენიანი მინისტრი იყო. იგი არ ერიდებოდა როგორც ჟურნალისტების მწვავე კითხვებს, ასევე კომუნიკაციას ოპოზიციასთან და ურთიერთობას საზოგადოებასთან.

გიორგი გახარიასთვის, როგორც შს მინისტრისთვის გამოწვევა იყო 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები. ხეობაში ჰესის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა, რასაც მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მეორე გამოწვევა ეს იყო 21 ივნისის აქციის დაშლა, რა დროსაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები. ოპოზიცია პოლიციას დღემდე ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში ადანაშაულებს და გახარიას გადადგომას საპროტესტო აქციების ფონზე ითხოვს. გახარია გადადგა, თუმცა სახლში წასვლის ნაცვლად, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელად მოვიდა. ცვლილებას მხარს არ უჭერს ოპოზიცია.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრად და ძალოვან მინისტრებად უფრო პრორუსული მთავრობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე გვყავდა.

„როგორც ჩანს, მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს. პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არა მგონია რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი, იმიტომ, რომ დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება 2012 წლიდან მოყოლებული და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს – „უკან წარსულში“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი თვლის, რომ პირველი ოქტომბრის მონაპოვარს, ფასეულობებს დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა და ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ავტორიტარიზმისკენ. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოებს შორის ურთიერთბალანსის მთავარი კონსტიტუციური პრინციპი დარღვეულია.

„აღარაფერი დარჩა 1–ელი ოქტომბრის მოცემულობიდან. ამ ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ავტორიტარიზმისკენ. ფაქტობრივად, მთავარი კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოებს შორის ურთიერთბალანსის. დღეს ერთი ხელით იმართება სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტი. არ იცავს არანაირ ინსტიტუციურ ღირსებას პარლამენტი. კითხვას გისვამთ – პარლამენტის ლიდერებს, განსაკუთრებით სპიკერატს – რატომ არ მოვიდა გენერალური პროკურორი მოხსენებით? რატომ არ იყო პრემიერ–მინისტრის მოხსენება? რატომ არ იცავთ პარლამენტის ღირსებას და რეგლამენტს“? – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სასესიო დარბაზში დაბრუნებას ჯერჯერობით აღარ აპირებს, სამომავლო გეგმებზე კი, გუნდის შიგნით იქნება მსჯელობა. სერგი კაპანაძის განცხადებით, გახარია, ნაცვლად იმისა, რომ სახლში გაეშვათ, დააწინაურეს. შესაბამისად, კაპანაძე ამბობს, რომ არ აპირებენ შეეგუონ ამ უსამართლობას და ძალადობას.

„საზოგადოება არ შეეგუება გახარიას გაპრემიერებას და შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმება. ივანიშვილმა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას, პრემიერად დანიშნა გახარია. ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდების თვალების დათხრასთან. გახარია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სახლში გაეშვათ, დააწინაურეს. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტის შიგნით პოლიტიკური ძალების მხრიდან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოება ამ გამოწვევას მიიღებს და „ოცნების“ პოლიტიკური ბედი ცუდად დამთავრდება. მისი თქმით, მთავრობა, რომელიც მივიღეთ, ფაქტობრივად, გავრილოვის მთავრობაა.

„ივანიშვილი უფრო მეტ პატივს სცემს მის ზებრასა და ზვიგენს, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პროტესტი გაეთვალისწინებინა და გახარია თანამდებობიდან მოეხსნა, ის საზოგადოებას „თავზე დაასვა“. ეს არის საზოგადოების გამოწვევა და ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბედი. ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ფაქტობრივად არის გავრილოვის მთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება, საქართველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ განწყობითა და სულისკვეთებით, რასაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. ყველა ქმედება, რაც კი მან 20 ივნისის ღამის შემდეგ ჩაატარა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა გაიმაგროს პლაცდარმი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ექსპერტებს, რომლებიც პრემიერის ცვლილებას მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ რეინკარნაცია მოხდა იმ სახეების და ღირებულებების, რითაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს წარსდგა. ლაგაზიძე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტის ამ სახეებით თავის „ძირძველ ამომრჩეველს“ დაანახა, რომ მათი დაპირებები ძალაში რჩება.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამ საკადრო ცვლილებებით, „ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი გააკეთა იმ ამომრჩეველზე, რომელიც თვლის, რომ მისი ძირძველი ამომრჩეველია და მინისტრთა კაბინეტში ღარიბაშვილის და გომელაურის დაბრუნებით, ფაქტობრივად, მესიჯი გაუგზავნა, რომ ეს ისევ ის ძველი „ოცნებაა“.

„დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის სახეები არის ყველაზე ნათელი მესიჯი, რომ ამითი „ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლის სეგმენტი მოხაზა. რატომ გაკეთდა აქცენტი გახარიაზე, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილი იყო, მე ვფიქრობ, რომ აქ ორ ვერსიას აქვს თანაბრად არსებობის საშუალება. პირველი არის ის, რომ პროპორციული არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თვალნათლივ დაინახა, რომ ის დიდი ალბათობით, 2020 წელს დაემშვიდობებოდა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფინანსური ჯგუფი დაინტერესდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნით, ძალიან ბევრი მედიასაშუალების შექმნა დაანონსდა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ პროპორციული არჩევნები ამ პირობებში იყო გზა ხელისუფლებასთან დამშვიდობების – დიდი ალბათობით, ამიტომაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს მიმართონ „ძლიერი ხელის“ პოლიტიკას, როგორც ოპონენტებთან ურთიერთობაში, ისე „ქართული ოცნების“ წევრებს და საზოგადოებას დაანახონ, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის არამც თუ ჩამოშლას არ აპირებს, არამედ ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასდროს“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძეს შეფასებით, ამ ცვლილებით ვბრუნდებით იმ კალაპოტში, როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით. მისი თქმით, ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. როგორც ძაბირაძე აცხადებს, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის შს მინისტრის გაპრემიერების თაობაზე მოლოდინები უკვე დიდი ხანია არსებობს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, რომ მას შეუძლია არა მარტო გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღსრულებაც და რომ ქვეყანაში არის ძლიერი, მოქმედი პრემიერი, რომელიც აღკვეთს ყველანაირ ზღვარგადასულ თუ ზღვართან მიახლოებულ პროტესტს. ჩემი აზრით, ეს მაინც გათვლილია 2020 წლის არჩევნებზე. ე.ი. თუ მიუღებელი იქნა ამ არჩევნების შედეგები და ამას მოჰყვა პროტესტი, ყველამ იცოდეს, რომ გახარიას გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლია.

ქვეცნობიერად, ალბათ, ამას უკავშირდება. ვნახოთ, თუ ხელისუფლებას აქვს რაღაც რეალური პროექტი, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში შედეგს დადებს, მაშინ ეს იქნება წარმატებული გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვბრუნდებით ჩვეულებრივ იმ კალაპოტში, რომელშიც ამ 30 წლის განმავლობაში ვიმყოფებით - როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით... ხელისუფლება სულ გვაშინებდა, რომ ის გამოიყენებს ძალას და იქნება მკაცრი და შეუვალი. ვნახოთ, რა როგორ განვითარდება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი ვა–ბანკზე მიდის. მიაჩნია, რომ ცვლილებები ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში აუცილებლად განსახორციელებელი იყო და იგი წლის დასაწყისში უნდა მოეხდინა ივანიშვილს.

„თუმცა, სჯობს გვიან. რაც აუცილებელია, ის ადრე თუ გვიან მოხდება. მოხდა კიდეც. ე.წ. „გავრილოვის ღამემ“ ივანიშვილი აიძულა ირაკლი კობახიძე გადაეყენებინა. ახლა პრემიერის ჯერი დადგა. ეს განათლებული და მშვიდი ახალგაზრდა კაცი, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე დიდი პოლიტიკისთვის მზად არ აღმოჩნდნენ და წავიდნენ. ორივე მათგანს საამისოდ ერთი მთავარი მიზეზი ჰქონდათ – ისინი პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ, მით უმეტეს ბახტაძე - ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად. პრემიერის გადაყენება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ერთი წლის პრემიერობის შემდეგ, მაინც მარცხია, გუნდის მარცხი. ივანიშვილი იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. მას სხვა გამოსავალი არ აქვს. 25–30% ელექტორალური მხარდაჭერა ივანიშვილს მომავალ არჩევნებში უშანსოდ ტოვებს, რადგან „ოცნებას“ მოკავშირეები არ ჰყავს. „პატრიოტებთან“ ალიანსი მისთვის წამგებიანი იქნება, თუმცა გარკვეულ ვითარებაში გამორიცხული არ არის“, – აცხადებს ვაჟა ბერიძე.