თურქეთ-სირიის კონფლიქტი – რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრის საბაბი

თურქეთ-სირიის კონფლიქტი – რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრის საბაბი

სანამ საკუთარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტმოვლენებით ვართ გართული, ჩვენ გარშემო არცთუ უმნიშვნელო, თან მეტად დრამატული მოვლენები ვითარდება. სირიის სამოქალაქო ომმა ლამის დატოვოს სირიის ფარგლები: ნატოს წევრ თურქეთისა და სირიის შეიარაღებულ ძალებს შორის უკვე რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. იმავდროულად, სირიის ამჟამინდელი მმართველობა რფ-ის ერთგულ მოკავშირედ არის ცნობილი, თურქეთსა და რუსეთს კი თავ-თავიანთი ინტერესები აქვთ როგორც კავკასიაში, ისე – ახლო აღმოსავლეთში. საქართველო ამ გეოპოლიტიკური ჭიდილის ცენტრშია. ჩვენ გარშემო შექმნილი ამ ერთობ უსიამოვნო კვანძის გახსნას ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად შევეცდებით.

რამ გამოიწვია თურქეთ-სირიას შორის ლამის აქტიური საომარი მოქმედებების დაწყება?

– ჯერჯერობით საომარი მოქმედებები აქტიურ ფაზაში არ გადასულა, რამდენიმე ინცინდენტს თუ არ გავითვალისწინებთ. რეალურად, აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთის რეგიონული ინტერესები, მაგრამ ეს არის თემა, რომელიც ძალიან ბევრ არა მარტო ქვეყანას, არამედ – ორგანიზაციას ითრევს. ამ თემის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც. ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე კვირის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენა, რომ თურქეთის საგარეო საზღვარი, ფაქტობრივად, არის ნატოს საგარეო საზღვარი და, თუ სირია დაარღვევს ამ საზღვარს, ეს ნიშნავს, რომ უნდა ამოქმედდეს ნატოს წესდება და ნატომ უნდა დაიცვას თავისი საზღვრები. ბუნებრივია, ეს ნატოს ამ კონფლიქტში ჩართვას გამოიწევს და გერმანულ პრესაში ამას საკმაოდ არასასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა, უსაფუძვლო არ არის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რადგან თურქეთის საზღვარი, დიახაც, რომ არის ნატოს საზღვარი.

– გეთანხმებით და სწორედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნატო ვალდებული გახდებოდა, აემოქმედებინა თავისი წესდება, გერმანულ პრესაში უნდობლობა გაჟღერდა.

პროვიცირებას ხომ არ აკეთებს თურქეთი სირიის წინააღმდეგ ნატოს ჩართვის მიზნით?

– დიახ, ასეთ შემთხვევაში, თურქეთისა და ამერიკის ინტერესები ხომ არ დგას ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი – ნატოს ევროპული ქვეყნების წევრების ინტერესები. სწორედ ამასაც ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესი იკვეთება ამ კონფლიქტში. იმავდროულად, ამ თემამ დისონანსი შეიტანა რუსულ-თურქულ ურთიერთობაში, არადა ბოლო წლებში რუსეთ-თურქეთს შორის გარკვეული ჰარმონია იყო დამყარებული, რაც 2008 წლის ომშიც გამოჩნდა და არასასურველი ფორმულირებით შემოუტრიალდა საქართველოს. მას შემდეგ პირველად დაძაბულობა რუსეთსა და თურქეთს შორის შეიტანა იმ ფაქტმა, როდესაც სირიაში მიმავალი რუსული სამოქალაქო თვითმფრინავი თურქეთმა იძულების წესით დასვა და იქ აღმოაჩინა რაკეტების სათადარიგო და მომსახურე ნაწილები. ამასაც მოჰყვა აჟიოტაჟი და თურქულ და ირანულ პრესაში ერთდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქტომბერში მწვავე საუბარი შედგა პუტინსა და ერდოღანს შორის, როდესაც პუტინმა პირდაპირ უთხრა ერდოღანს, რომ თუკი თურქეთი სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა სირიის წინააღმდეგ, რუსეთი მას ძალიან მძიმე პასუხს გასცემდა. როგორც ჩანს, ამ საუბარს მუქარის ტონი ჰქონდა. ბუნებრივია, გამიჭირდება იმის მტკიცება, მართლაც, შედგა თუ არა ასეთი ტიპის საუბარი მათ შორის, მაგრამ, რადგან ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, როგორც ჩანს, საამისო საფუძველი არსებობდა.

გავახსენოთ მკითხველს, რომ თურქეთმა და რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს მიმდინარეობისას მოახერხეს თავიანთი გავლენის სფეროების მონიშვნა: რუსეთი არ შევიდა აჭარაში, ბუნებრივია, არც ბათუმის პორტში. რა ვერ გაიყვეს მათ სირიის შემთხვევაშირა წონა აქვს ასეთი სირიას?

– რუსეთისთვის სირიას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, იმ რეგიონში ასადების დინასტია რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ბოლო რეჟიმია; გარდა ამისა, მათ ამ წუთისთვის ერთადერთი ბოლო სამხედრო ბაზა აქვთ ხმელთაშუა ზღვაში და, მესამე – არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სირიის ოპოზიციური ძალები წარმოდგენილნი არიან სუნიტებით, ხოლო სირიაში სუნიტების რადიკალური ფრთის გამარჯვების პერსპექტივა  ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს რუსეთში, რადგან, რუსეთის აზრით, ეს რუსეთის მუსლიმანური ნაწილისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. ამიტომაც იბრძვის ასე გააფთრებით სირიისთვის. აი, აქ შემოდის საქართველოს თემაც: თუკი პუტინსა და ერდოღანს შორის ასეთი მკაცრი საუბარი მართლაც შედგა, უნდა ვიფიქროთ, რომ, თუ თურქეთი შევა სირიაში, რუსეთი განახორციელებს პრევენციულ ღონისიძიებას.

რამე საერთაშორისო შეთანხმება არსებობს სირიასა და რუსეთს შორის, რის საფუძველზეც, რუსეთს შეუძლია ჩაერთოს სირიის მტრის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში?

– არა, ასეთ შემთხვევებში მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებები არ ფუნქციონირებს.

უბრალოდ, დავაზუსტე, რადგან 2008 წელს შემოჭრის საბაბად რუსეთმა გამოიყენა თავის მიერვე მიღებული კანონი, რის ძალითაც მათ მთელ მსოფლიოში საკუთარი მოქალაქეების დაცვის ფუნქცია მიინიჭეს.

– როდესაც თურქეთი ამბობს, რომ თურქეთის საზღვარი ნატოს საზღვარია, ის ხელმძღვანელობს ნატოს წესდებით, მაგრამ, ამ შემთხვევაში, რუსეთი მიიჩნევს, რომ ის დგება ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ. ის, თუ რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება, გაატაროს რუსეთმა, უპირველესად, უნდა აღელვებდეს საქართველოს ტიპის ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენ გარადამავალ პერიოდში ვართ – როდესაც ერთი ხელისუფლება იცვლება მეორით, მაგრამ მსგავის ტიპის გათვლები სასწრააფოდაა გასაკეთებელი. მახსენდება 2008 წლის აგვისტო, რადგან მაშინ რუსეთმა საქართველოს სწორედ პრევენციის მიზნით დაარტყა – დასავლეთისთვის ჭკუის სასწავლებლად.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი აიცილა თავიდან...

– დიახ, ერთი მხრივ, ნატოს გაფართოების პრევენცია იყო და, მეორე მხრივ – კარგი საშუალება იმისთვის, რომ დასავლეთისთვის ძალა ეჩვენებინა. რუსეთმა ევროპისკენ კი არ განახორციელა დარტყმა, არამედ  საქართველოსკენ და ამან რადიკალურად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა. ჩვენი ტიპის ქვეყნებმა გამორიცხვის მეთოდით უნდა ვიაროთ და, ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც იქცეს პრევენციის იარაღად. ამ მრავალწახნაგოვანი პროცესის კიდევ ერთი მთავარი მონაწილეა ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ვიზიტი საქართველოში და მის მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან თურქეთ-სირიის თემაზეცო და დაამატა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი როლი რეგიონში. როდესაც ამერიკის ასეთი დონის ჩინოვნიკი ახალ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე აქცენტს საქართველოს აქტიურ როლზე თურქეთ-სირიის კონფლიქტში აკეთებს და, მეორე მხრივ, გვესმის რუსეთის ტონი თურქეთთან მიმართებაში, ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რეალურად, რა როლი შეიძლება, მოგვენიჭოს ჩვენგან დამოუკიდებლად და, აქედან გამომდინარე, გარკვეული პრევენციული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. აქვე უნდა ითქვას, რომ იმავე პერიოდში ჩამოსულმა აპატურაიმ საქართველოს ნატოში გაწევრიანება პირდაპირ დაუკავშირა ავღანეთის თემას.

ეს რაღაც სავსებით ახალი იყო, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ ძალიან გარკვევით გვითხრა რასმუსენმა, რომ ავღანეთის ოპერაციაშ მონაწილეობას ნატოში გაწევრიანებასთან არანარი კავშირში არ აქვს, თქვენ იბრძვით უსაფრთხო მსოფლიოსთვისო.

– აი, ეს არის ძალიან საინტერესო: კეთდებოდა პირდაპირი განცხადებები, რომ ავღანეთის ოპერაციას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან კავშირი არ ჰქონდა და უცებ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება პირდაპირაა დაკავშირებული ავღანეთთან, და შემდეგ ძალიან დელიკატურად ამბობს, რომ მათი სურვილია, საქართველომ 2014 წლის შემდეგაც განაგრძოს თავისი მისია ავღანეთში. ეს კიდევ სულ სხვა თემაა, მაგრამ ერთიან რეგიონულ კონტექსტში მოიაზრება.

აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირდაპირ დადო თავისი ინტერესები: საქართველოს როლი თურქეთ-სირიის კონფლიქტსა და ავღანეთში, ამიტომ ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხები. 2014 წლის შემდეგ ავღანეთში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლი იქნება გაცილებით დიდი და ამიტომ ეს თემა სერიოზული განხილვის საგანია. გასაგებია, რომ 2014 წლის შემდეგ ჩვენი სამხედროების ფუნქცია იქნება ავღანური კონტინგენტის გაწვრთნა , მაგრამ ისინი იქნებიან გაცილებით დაუცველები და გაცილებით დიდი აგრესიის მსხვერპლნი, ვიდრე არიან დღეს. მეორე თემაა რუსეთის ფაქტორი – ზოგადად, როგორც ძალიან მსხვილი რეგიონული მოთამაშის, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენი სახელმწფიოებრიობისთვის არის ყველაზე დიდი და რეალური საფრთხე. ამდენად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ამ გლობალურ კონტექსტში, ამიტომ ახლა არის დრო, როდესაც საქართველო არ უნდა იჯდეს გულხელდაკრეფილი და ძალიან აქტიურად აანალიზებდეს რისკებს და მათი მინიმალიზაციისა და განეიტრალებისკენ უნდა დგამდეს ნაბიჯებს.

2008 წელს ნატოს გაფართოების თავიდან აცილების მიზნით რუსეთმა პირდაპირი სამხედრო აგრესია გამოიყენა საქართველოს მიმართ. ამ შემთხვევაშიც, სირია-ირანთან მიმართებაშიც, პრევენციის ერთ-ერთ გზად რუსეთისთვის ისევ საქართველოს სამხედრო აგრესიით დასჯა იგულისხმება თუ რაღაც სხვა?

– ამის მტკიცება ძალიან ძნელია, მაგრამ, რადგან გვაქვს ასეთი გამოცდილება, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ჩვენ სიტუაციაში მყოფი სახელმწიფოს ვალდებულებაა მსგავსი რისკების დათვლა. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მიმართულება ეს იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ფაქტორი ამუშავდება, თუ რუსეთი გარკვეულ საზღვრებამდე შემოვა საქართველოში და თურქეთს, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა.

არ მინდოდ მკითხველის შეშინება, მაგრამ, რადგან საუბარმა მოიტანა... თუკი 2008-ში აჭარასთან გაჩერდა რუსული ჯარი და არც თბილისში შემოსულა, ახლა უფრო მძიმე პერსპექტივაა?

– პრევენციაში არ იგულისხმება მაინცდამაინც ის, რომ მიზანი იქნება მთლიანი საქართველოს დაპყრობა. პრევენციისას მათი მიზანი იქნება საქართველოს გამოყენება ნატოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – თურქეთის წინააღმდეგ, რომ შეაჩეროს მისი სვლა სირიისა და ირანისკენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს გასათვლელია. ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში თუ შევხედავთ საკითხს, სირიის დაკარგვა იქნება დარტყმა რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის. რუსულ პრესაში გაჩნდა სტატიები, რომლებშიც წერენ, რომ სირიისა და ირანის შემდეგ ამერიკა უკვე მოიცლის რუსეთისთვის და დღის წესრიგში დადგება რუსეთის დაშლის საკითხი. მე არ ვამბობ, რომ ეს რეალური გეგმაა, მაგრამ, რადგან რუსეთში მსგავსი სცენარები განიხილება, შესაბამისად, რუსეთი ფიქრობს, რომ მსგავსი სცენარების ალბათობა, დიდი თუ მცირე, არსებობს და, რა თქმა უნდა, ის გადადგამს ნაბიჯებს ამ ტიპის სცენარების ნეიტრალიზაციისკენ. ნეიტრალიზაციის ერთ-ერთი გზა კი, რადგან სუსტი რგოლი ვართ, გადის ჩვენზე: თუ ჩვენ დაგვარტყამს, ამოქმედდება ორლესური მახვილის პრინციპი, ჩვენ გავხდებით სწორედ ამერიკისა და ნატოსკენ მიმართული აგრესიის შემაკავებელი ფარი.

ჩვენი ცნობილი როლია ხარი დაკლეს, მე წამაკლესო...

– რუსეთი შემაკავებელი ფარის პრინციპით იმოქმედებს და ყველაფერთან ერთად ის ფაქტიც, რომ ჩვენ სუსტი ქვეყანა ვართ, ზრდის რისკს სხვა მიმართულებით პრვენციასთან შედარებით, რაც რუსეთს გაცილებით მძიმე შედეგებით შეიძლება, შეუტრიალდეს. პრევენციის იარაღად  ჩვენი გამოყენება რუსეთისთვის უფრო მარტივია და, გარდა სისუსტისა, ამას ხელს უწყობს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაც. თუმცა არავის უნდა ფრონტის ორი ხაზის გახსნა, მათ შორის – არც რუსეთს. ამდენად, იმას არ ვამბობ, რომ რუსეთი დღეს მზად არის, საქართველოზე გახსნას ფრონტის ხაზი ნატოსთან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ამას გამოიყენებს პრევენციისთვის, რომ იგივე ამერიკა დააფიქროს ორ ფრონტზე ბრძოლის პერსპექტივაზე.

საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, ყოველ შემთხვევაში, არჩევნების ჩამთავრებამდე ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს უნდა გეგმავდეს, წესით

– წინასაარჩევნო კონტექსტში ძალიან საინტერესოა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები. ამერიკელები თვითონ აღიარებენ ამას და საყოველთაოდ ცნობილი გურუ, ბზეჟინსკიც ამბობს, რომ რუსეთს შეიძლება, უფრო რომნის გაპრეზიდენტება აძლევდეს ხელს, რადგან მისი დღევანდელი რიტორიკა ხელსაყრელია პუტინისთვის.

გადატვირთვის აუცილებლობა აღარ იქნება...

– გარე მტრის ხატი როგორც საქართველოს წინა, ისე რუსეთის დღვევანდელი ხელისუფლებისთვის ყოველთვის ძალიან ხელსაყრელი და ძალიან აუცილებელია ქვეყნის შიდა მობილიზაციისთვის და, თუნდაც, ქვეყნის შიგნით რკინის ხელის დამყარებისთვის. ამდენად, პუტინს შესაძლოა, ხელს აძლევდეს რომნის ტიპის პოლიტიკოსი ამერიკაში, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ რომნის რიტორიკა რეალობად იქცევა, მივალთ ისევ იქ – სირიისა და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებთან. ეს ამერიკისთვისთვისაც დიდი დარტყმა იქნება, თუმცა დარტყმა იქნება რუსეთისთვისაც. ერთი მხრივ, რუსეთმა შეიძლება, იფიქროს, რომ ამ ომებით ამერიკა სუსტდება და ბზეჟინსკიც აღიარებს, რომ ამ ომებმა შესაძლოა, ამერიკას მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს სტატუსიც დაკარგვინოს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ამერიკა სუსტდება, სუსტდება რუსეთიც და ამ დროს ასპარეზზე გამოდის  მესამე ძალა.

ჩინეთი.

– დიახ, ამიტომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე, მსგავს რისკებს უნდა თვლიდეს და ანეიტრალებდეს. ეს მაფიქრებინებს, რომ იმ ქვეყნების გონიერ ელიტას ეს რისკები თავს შეაკავებინებს, გადადგას რადიკალური ნაბიჯები. თუ საღი აზრით ვიმსჯელებთ, იმ ქვეყნების დასუსტება, რომლებიც ბალანსს ქმნიან დღევანდელ მსოფლიოში, უპირველესად, ნოყიერ ნიადაგს შექმნის ისეთი გლობალური ძალის ზედაპიზე ამოსვლისთვის, როგორიცაა ჩინეთი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ეს რისკი დაითვლება და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, რაკი ყველამ თავისი სამრეკლოდან უნდა დარეკოს, ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ ამერიკა გაითვალისწინებს ჩვენს ინტერესს და უფრო ნაკლებად იმის იმედად, რომ რუსენის ხელისუფლება იქნება უფრო გონიერი და ლმობიერი ჩვენ მიმართ. ამ მოლოდინებზე არ უნდა ავაგოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ამ მხრივ, ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანის ბოლო წლების საგარეო პოლიტიკა.

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა ნამდვილად დიდ აღტაცებას იმსახურებს.

– აზერბაიჯანი ახერხებს, რომ ყველა პრინციპულ საკითხში წინ დააყენოს საკუთარი ეროვნული ინტერესი და ამის შემდეგ თავისი პარტნიორები. ამის სულ ბოლო კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ გაანცხადა, რომ არ დაუთმობს არავის თავის ტერიტორიას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ეს განცხადება გამოიწვევდა ამერიკის გულისწყრომას და შეიძლება, თურქეთისაც, თან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანი პრინციპულ საკითხებში ისეთ პოზიციას იჭერს, რაც რადიკალურად განსხვავდება ამერიკის პოზიციებისგან და ინტერესებისგან, მაგრამ ამის გამო აზერბაიჯანთან პარტნიორობაზე არავის უთქვამს უარი და მასზე არანაირი ზეწოლა არ განუხორციელებიათ. პირიქით, ამით აზერბაიჯანი პოლიტიკური პროცესების სრულფასოვანი მონაწილე ხდება.

წონას იძენს, როგორც მოთამაშე, ჩვენგან განსხვავებით.

– რა თქმა უნდა,არაფერი დაუკარგავს აზერბაიჯანს ასეთი პოლიტტკით, თუ არ მოუგია და ძალიან ბევრი რამ მოიგო: მას ანგარიშს უწევს როგორც ამერიკა, ისე რუსეთი. შეიძლება, კონტრარგუმენტად მითხრან, სად ჩვენ და სად – აზერბაიჯანი თავისი უზარმაზარი რესურსებითო. რა თქმა უნდა, ამაში არის გარკვეული ლოგიკა.

მაგრამ რა გზით გადის აზერბაიჯანის ენერგორესურსები ევროპისკენ?

– რა თქმა უნდა. ასეთი ენერგორესურსი ძალიან ბევრია, მაგრამ აზერბაიჯანულის ხიბლი არის ის, რომ მისი გატანა შეიძლება მოხდეს რუსეთისგან გვერდის ავლით. სხვა რომ არაფერი, „ნიუ ირკ თაიმსში“ იყო ჩამოყალიბებული მოსაზრება, როს საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ექსტრაორდინალური რესურსები ჩადო ამერიკამ, იმიტომ რომ საქართველო განიხილება, როგორც ენერგო და სამხედრო სატრანზიტო არეალი და პლაცდარმი. ეს რეალობაა და ამ ფუნქციით შენ ამერიკას არანაკლებ სჭირდები, ვიდრე აზერბაიჯანი – თავისი რესურსებით. ამდენად, ჩვენი ხელისუფლები ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ გვაქვს ფუნქცია, რომელიც საჭიროა მსოფლიოსთვის და, ამდენად, თავი უნდა დავანებოთ ვასალურ დამოკიდებულებას. შენ მიმართ ინტერესი არ იზომება, მაინცდამაინც, შენი პოზიციით. შენდამი ინტერესი იზომება შენი მდებარეობით და შენი ეს მდებარება უნდა აქციო შენთვის მომგებიან კოზირად და არ დარჩე ისეთად, როგორიც აქამდე იყავი.

გასათამაშებელ კარტად?

– და, მეორე, პირდაპირი სამხედრო აგრესიის ობიექტად. გონიერი და რეალურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების პირობებში ამის დაძლევა შესაძლებელია. ამ მდებარეობით ძალიან ბევრი რამ შეიძლება, მოიგო და ამის შემდეგ ამერიკაც მოერგება ამ შენს საგარეო ხედვას და პრიორიტეტებს და რუსეთიც.

ხშირად გვსმენია, რომ ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გამხდარა ვაჭრობის საგანი დასავლეთ-რუსეთს შორის ურთიერთობაში. სირია და საქართველო არის თანაბარ წონის სუბიექტები? შეიძლება, სირიის გამო ამერიკამ დაუთმოს საქართველო რუსეთს?

– მე, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ ამას ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლების არჩევისთანავე ამერიკის საოცარი აქტივობაა. ამერიკა რომ საქართველოს გასაცვლელად ემზადებოდეს, ის, რაც ოქტომბრის განმავლობაში ხდება  თბილისში, არ მოხდებოდა. პირველი ოქტომბრიდანვე ცდილობდა ამერიკა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ცარიელი არ დაეტოვებინათ საგარეო პოლიტიკური სივრცე. საათობრივად ავსებდნენ ამ სივრცეს თავისი იქ ყოფნით: ამერიკის ელჩი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ნატოს გენმდივნის წარმომდგენელი, ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლები ასე შემდეგ. თან, ერთია, რომ ავსებდნენ  და, მეორე, აკეთებდნენ იმ განცხადებებს, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ქვეყანა, რომელსაც ამერიკა უმზადებს აქტიურ როლს თურქეთ-სირიის, მოგვიანებით კი, ირანის კონფლიქტში, თან ავღანეთის ფონზე, ნამდვილად არ შეიძლება, განვიხილოთ ქვეყნად, რომელსაც გასაცვლელად ამზადებენ.  მე ამას გამოვრიცხავ. მეორე მხრივ, რუსეთისთვისაც ცალსახად გასაგებია, რომ სირიის დაკარგვა მისთვის იმ მასშტაბის დარტყმა  იქნება, რომ, თუნდაც, საქართველოს სრული დაკავება ამას ვერ დააკომპენსირებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის მარტივი თამაში, როდესაც ვიღაცის პოზიციებს უნდა მოვერგოთ. საქართველომ უნდა დაიწყოს იმგვარი საგარეო პოლიტიკის გატარება, როდესაც ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორებსაც კი მოუწევთ ჩვენი ინტერესების გათვალისწინება და ისინი გაცილებით ღრმა ურთიერთობაზე წამოვლენ, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში.