„ვისაც ტვინი არ აქვს და ვერ ხვდება, რა ხდება ქვეყანაში, ის ისევ უტვინოდ დარჩება და დაისჯება“

„ვისაც ტვინი არ აქვს და ვერ ხვდება, რა ხდება ქვეყანაში, ის ისევ უტვინოდ დარჩება და დაისჯება“

ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ცდილობს. ვინაიდან საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ მოვიდა და მთავრობაც მთლიანად კოალიციამ დააკომპლექტა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოზიციების გამყარებას ახლა უკვე რეგიონებში ცდილობს. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ რეგიონებში საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს ხელფასები გაუზარდეს, რითაც „ნაცმოძრაობა“ სავარაუდოდ მათ მომადლიერებას გეგმავს. მაგალითად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი (რომელიც 2300 ლარი იყო) 2650 გახდა, შრომის ანაზღაურება მის მოადგილესაც გაეზარდა და 1700 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სასწრაფო წესით დანიშნა რამდენიმე რეგიონის რწმუნებული.

მაგალითად, ბათუმის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ოთხი მილიონი ლარით შემცირდა, მათ შორის ისეთი პროექტების, როგორიც არის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. სამაგიეროდ, ბათუმის მერიასა და საკრებულოში დამატებითი საშტატო ერთეულები შეიქმნა და თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს.

დღესდღეობით ადგილობრივ თვითმმართველობებში სწორედ „ნაციონალები“ არიან უმრავლესობაში. ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ორხელისუფლებიანობის და პოლიტიკური კრიზისის წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, რას აპირებს ამ მიმართულებით ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ და რას დაუპირისპირებს იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ ქმედებებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დავით საგანელიძე გვესაუბრება.

დავით საგანელიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ისინი ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ, რა მოხდა ქვეყანაში. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ ქვეყანაში უბრალოდ ერთმა პარტიამ კი არ წააგო საპარლამენტო არჩევნები, არამედ საზოგადოება გამოვიდა იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გავცდეთ კანონს, არ გავცდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შესაბამისად, არ დავემსგავსოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, გახსოვთ, ალბათ, ადამიანებს ბინებში კამერებით უვარდებოდა, სატელევიზიო დაჭერებს აწყობდა და ა.შ. ალბათ, მაშინ იყვნენ ყოფილი ჩინოვნიკები პასუხისგებაში მისაცემები, მაგრამ რომ შევადაროთ, დღეს ათჯერ უფრო მეტნი არიან ასეთი ყოფილი ჩინოვნიკები.

როგორც ჩანს, „ნაციონალებმა“ კარგად ვერ გაიგეს, ქვეყანაში რა ხდება. ამის მიზეზი, ალბათ, ის უაზრო კონსტიტუციაა, რომელიც მათ შექმნეს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ხელისუფლების სათავეში კიდევ დიდხანს იქნებოდნენ. კონსტიტუცია გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს რაღაც გავლენები, მაშინ, როდესაც პრემიერი უკვე შემოვიდა თავისი ძალაუფლებით. „ნაციონალებს“ სურთ, თავისიანებს აჩვენონ, რომ კიდევ არსებობენ და რაღაც პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ეს არის აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის ქმედება. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთ რაღაცეებში ჩავერიოთ, რაც კანონის ფარგლებს გასცდება.

ცოტა ხანში აღარ იქნებიან გუბერნატორები. ამასთანავე, ცოტა ხანში საკრებულოს შემადგენლობა იმდენად შეიცვლება, რომ საკრებულოს უმრავლესობა გამგებლად სხვას აირჩევს და ა.შ. დღეს ეს ადამიანები მოსწრებაზე არიან, რომ ხელფასები გაიზარდონ, ან სურთ, ვიღაცას დაანახონ, რომ კიდევ რამეს წარმოადგენენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ვაკვირდები, რომ გარკვეული თანამდებობის პირები, რომლებიც აქამდე საერთოდ არსად ჩანდნენ, ცდილობენ პოლიტიკურად აქტიურები გახდნენ. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, შემდეგ ეცდებიან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოირგონ, თითქოს, მათი დევნა მათ პოლიტიკურ აქტიურობას მოჰყვა და არა იმ დანაშაულებრივ საქმიანობას, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში სჩადიოდნენ. ბუნებრივია, საზოგადოება ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს, აღარ შეუძლიათ იმის ატანა, რომ ისევ იმ კორუმპირებული, ბანდიტი ხელისუფლების ნაშთები რჩებიან თანამდებობებზე და ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვენ მათ მოცილებას. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ ამის კანონიერი უფლება ჩვენ არ გვაქვს.

ბუნებრივია, ახალი მინისტრები აღმასრულებელ ხელისუფლებას ნელ-ნელა გაწმინდავენ. რაც შეეხება თვითმმართველობას, ჩვენი პოზიციაა, რომ რეგიონებს მაქსიმალურად ძლიერი თვითმმართველობა უნდა მივცეთ. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ჯერ არ გვინდა იქ ჩავერიოთ და კანონიერად ჯერ ვერც გავაკეთებთ ამას, თორემ იქ ერთი რომ ხმამაღლა შეუყვირო, ალბათ, ყველა გაიქცევა. ამას არ ვაკეთებთ, რადგან კანონის დარღვევა არ გვინდა. ისინი კი ალბათ ამას ვერ ხვდებიან და ჰგონიათ, რომ კიდევ რაღაც ძალა გააჩნიათ. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ ვერ დაინახეს ის ძალა, რასაც საზოგადოების ძალა ჰქვია, მაგრამ არა უშავს, მალე დაინახავენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიმახსოვრებთ, ვინ რას და როგორ სჩადის.

თქვენ ამბობთ, რომ სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ რას უზამთ იმ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც ირჩევს საკრებულო?

- წესით ვერაფერს ვუზამთ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ ის საკრებულო ვინც აირჩია, თავად ის ხალხია შეცვლილი. არის რაიონები, სადაც მხოლოდ საკრებულოს წევრებს აქვთ გარკვეული პოლიტიკური პოზიცია, დანარჩენ მოსახლეობას, მთელს სოფელსა თუ თემს განსხვავებული აზრი აქვს. დღეს ის ხუთი, თუ თერთმეტი კაცი (ვინც საკრებულოს შემადგენლობაშია), თუ დროზე ჭკუაზე არ მოვა, ან ლინჩის წესით მოაცილებენ, ან მანამდე თავად საკრებულოში შეიცვლება სიტუაცია. დღეს უკვე ძალიან ბევრს უნდა საკრებულოს იმ რიგების დატოვება, სადაც ხედავენ, რომ სიბინძურის მეტი არაფერი ხდება.

თვითმმართველობის ორგანოების გარდა, „ნაციონალური მოძრაობაგუბერნიებშიც ცდილობს საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას, რისთვისაც რამდენიმე გუბენრატორიც დაინიშნა

- გუბერნატორი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი. პრეზიდენტი ჯერჯერობით თავის უფლება-მოსილებაში რჩება. იგი ვერ მიხვდა, რომ თვითონ დაეწერა განცხადება და გადამდგარიყო, დადის ახლა და თავის დარჩენილ გუბერნატორებს და კიდევ ვიღაცეებს აგულიანებს, რომ თითქოს, ხელისუფლებაში ისევ მოვა. ეს მთლად ნორმალურ გონებაზე მყოფი ადამიანის პოზიცია არ არის და ნუ გააკეთებენ იმას, რომ ქვეყანა დაპირისპირებაში შეიყვანონ. როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, აღარ იქნება გუბერნატორის ინსტიტუტიც. არავისთან ძალას არ ვიყენებთ, ვფიქრობთ, რომ თვითონვე მიხვდებიან და გაიგებენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეცვლილია. თუ ვერ გაიგებენ, თავიანთ თავს დააბრალებენ მაშინ, როდესაც კანონით უფლება-მოსილება შეუწყდებათ. დღეს რომ საბოტაჟზე და რაღაცეების დატაცებაზე არიან, ამის გამო ყველანი აგებენ პასუხს.

გუბერნატორების დანიშვნა და თანამდებობიდან მოხსნა როგორ ხდება?

- გუბერნატორს ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი, როცა მოუნდება, დანიშნავს გრიშას და როცა მოუნდება, გაანთავისუფლებს ვანოს.

ანუ ისინი რაიმე გარკვეული ვადით არ ინიშნებიან?

- არა, სააკაშვილი როდესმე რამეში ვადებს იცავს? მინდა გითხრათ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 134 მინისტრი შეიცვალა. გარემოს დაცვის სამინისტროში 6 წელიწადში 9 მინისტრი შეიცვალა, რომელ ვადებზე და როტაციებზეა საუბარი? ერთი აბსოლუტურად თავგასული ადამიანის ნება-სურვილზე იყო ყველაფერი.

თქვენ თქვით, რომ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, აღარ იქნებიან გუბერნატორებიც. რას გულისხმობთ ამაში?

- ამაში გუბერნატორის ინსტიტუტს ვგულისხმობ. ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ბატონმა ბიძინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალური გაძლიერების მომხრეა, ანუ ადგილობრივ მმართველობას მაქსიმალური ავტონომია უნდა მიეცეს და ცენტრზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ცენტრზე დამოკიდებული ის იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ ხალხი ჰყოლოდათ იქ, ეკონტროლებინათ რეგიონები და ეს კონტროლი, პირველ რიგში, გამოიხატებოდა იმაში, რომ არჩევნების დროს ნაციონალების ყულაბაში საარჩევნო ხმები ჩაეყარათ. ასეთი რამ აღარ მოხდება.

ბატონო დავით, მიხეილ სააკაშვილი მომდევნო წლის ოქტომბრამდე იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და სავარაუდოდ კიდევ გაატარებს რაღაც ღონისძიებებს იმისათვის, რომ რეგიონებში ძალაუფლება შეინარჩუნოს. ხომ არ იგეგმება რაიმე საკნონმდებლო ცვლილებების გატარება ამ მიმართულებით, მაგალითად, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ გაუქმდეს გუბერნატორის ინსტიტუტი, ან რაიმე სხვა?

- იგეგმება მხოლოდ ერთი რამ, ვინც პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას, ის ამას გააკეთებს, ვინც დამნაშავეა, ის პასუხისგებაში მიეცემა, ხოლო ვინც კეთილი კაცია, საქმიანობას გააგრძელებს. აი ეს იგეგმება, ოღონდ კანონის ფარგლებში, ხოლო ვისაც ტვინი არ აქვს და ვერ ხვდება, რა ხდება ქვეყანაში, ის ისევ უტვიონდ დარჩება და დაისჯება.

ჩაგეკითხებით თუ შეიძლება, როდესაც თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე საუბრობთ, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდეს?

- ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდება, მაგრამ კონკრეტულ თარიღს ნუ მომთხოვთ, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ თარიღებით არ ვსაუბრობთ. კონკრეტული თარიღები სააკაშვილის მოგონილი იყო, მაგალითად იტყოდა, რომ ვთქვთ გიორგობაზე უნდა აშენებულიყო რაღაც სისულელე, აშენებდნენ ფურთხით და მერე დაინგრეოდა. მერე დარბოდა მაკრატლით, ჭრიდა ლენტებს და შემდეგ ხან წყალი ჩადიოდა, ხან ჭერი ჩაინგრეოდა, ხან ქარს მიჰქონდა შენობები და ა.შ.