„დაღმაშენებელს“ მუშებიც აგინებენ

„დაღმაშენებელს“ მუშებიც აგინებენ

„ვარდების რევოლუციის“ მერვე წლისთავზე, სააკაშვილმა განახლებული აღმაშენებლის გამზირი გახსნა და თითქმის საათნახევრიან ისტერიულ მონოლოგში პლეხანოვი მეორე შანზ ელიზედ წარმოგვიდგინა.

„მინდა მოგილოცოთ ის, რომ ჩვენი პლეხანოვი, ჩვენი აღმაშენებელი, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ასე ლამაზად და ბრწყინვალედ წარმოდგენილი თბილისში. ჩვენ თბილისს ჩავბერეთ ახალი სიცოცხლე, ძირითადი პერსპექტივები განახლდა ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა“, - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა იმ დღეს „ნაცმოძრაობის ბელადმა“ საზოგადოებას და იქვე დასძინა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში თურმე სიღარიბე 52%-დან 17%-მდე შემცირებულა...

ცხადია, სააკაშვილის ამ მორიგ შიზოფრენულ გამოსვლაში შთამბეჭდავი და მით უფრო განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, რომ ამ თემას ორი კვირის შემდეგ ხელახლა მივბრუნებოდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი მოქალაქის კომენტარს, რომელიც წერდა, რომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ ათასამდე მუშახელს ორი თვის ხელფასი დღემდე არ მიუღია, რაზეც მერია, უბრალოდ, დუმს და განმარტებას არ იძლევა.

„საქართველო და მსოფლიო“, ბუნებრივია, დაინტერესდა ამ საკითხით და გასულ კვირას გამზირზე მუშები პირადად მოვინახულე. ადგილზე მისულს ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად მდგომი ასობით უკმაყოფილო მოქალაქე დამხვდა. როგორც აღმოჩნდა, უკვე თვეებია, ისინი მერიისგან კუთვნილი ჯამაგირის მიღებას ამაოდ ელიან. ჩემი მხრიდან მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთი მათგანი ინტერვიუზე ან თუნდაც მოკლე კომენტარზე ვერ დავითანხმე. მეტიც, როგორც კი ვუთხარი, კორესპონდენტი ვარ გაზეთიდან და იქნებ დამელაპარაკოთ-მეთქი, გამერიდნენ და ჩემგან, როგორც „საფრთხისგან“, თავი შორს დაიჭირეს. ზოგმა საერთოდ უარყო, რომ ხელფასი არ მიუღიათ, ზოგმაც პირდაპირ მითხრა, ველოდებით, ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ მოგვცემენ, რომ დაგელაპარაკოთ, შეიძლება საერთოდ მშრალზე დაგვტოვონო.

ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ ინტერვიუზე არც ერთი მუშა არ დამთანხმდებოდა, ოდნავ მოშორებით სხვა ობიექტებთან მივედი და იქ მყოფ მუშებს თავადაც მუშად გავეცანი - სამუშაოს ვეძებ და მაინტერესებს, აქ რა პირობებია-მეთქი. ამის თქმა და ერთმა შუახნის კაცმა, რომელიც იქვე, ხარაჩოზე კედელს ლესავდა, ირონიულად გადმომძახა, -  აქ რა სამუშაოს იშოვი, ვინც იყო, ისინიც აღარ სჭირდებოდათ და დაითხოვესო.

აღმოჩნდა, რომ იმ ერთ კონკრეტულ ობიექტზე (რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ) 23 ნოემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა სააკაშვილმა გამზირის გახსნა იზეიმა, ასი მუშიდან ოთხმოცი გაუთავისუფლებიათ და მხოლოდ ოცი დაუტოვებიათ. თანაც იმ ოთხმოცი მუშისთვის ხელფასიც არ მიუციათ და უთქვამთ, ზედმეტი აყალ-მაყალი არ გაგვაგონოთ, თორემ ასე და ისეო. მოკლედ, ხალხი ისე დაუშინებიათ, რომ ვერც ერთმა მათგანმა ხმის ამოღება და პროტესტის გამოხატვა ვერ გაბედა...

ამის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ულუკმაპუროდ დარჩენილი მუშები ქუჩაში იდგნენ და ელოდნენ, როდის გამოიჩენდა ხელისუფლება მოწყალებას, მაგრამ ამაოდ, - კუთვნილი ხელფასები მათ დღემდე არ მიუღიათ და, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არც მერიისგან მოუსმენიათ ამასთან დაკავშირებით რამე ახსნა-განმარტება.

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ათასამდე გაჭირვებული, ფაქტობრივად, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოქალაქე საკუთარი შიზოფრენული ამბიციების დასაკმაყოფილებლად თვეობით ამუშავა, გამოიყენა და ბოლოს, როგორც იტყვიან, ხახამშრალი დატოვა, თანაც ამ გამწარებულ, მშიერ-მწყურვალ და შეურაცხყოფილ მოქალაქეებს იმის „შანსიც“ არ დაუტოვა, რომ გამოსულიყვნენ და გული პროტესტის გამოხატვით მაინც ეჯერებინათ.

„არმაშენებელმა“ სააკაშვილმა, რომელიც 23 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირის სილამაზით ამაყობდა, იმავე აღმაშენებლის გამზირის აღმდგენი და გამლამაზებელი მოქალაქეები პირშიჩალაგამოვლებული დატოვა უკიდურესად გაძვირებული ყოფისა და უჩვეულოდ ცივი ზამთრის პირისპირ.

სხვათა შორის, ზემოთ პროტესტის გამოხატვა ვახსენე და, ერთადერთი ფორმა, რითაც „ნაცების“ მიერ პირშიჩალაგამოვლებული მუშები ამას ახერხებენ, სამშენებლო ობიექტებზე - შენობების კედლებზე ცნობილი საპროტესტო ლოზუნგების დატოვებაა. ერთ-ერთ შენობაზე თავადაც უხვად წავაწყდი ისეთი შინაარსის წარწერებს, როგორიცაა, მაგალითად, „მიშას რა“, „გვშია“, „ნუ გვატყუებთ“ და ა. შ. არაფერს ვამბობ უკმაყოფილების გამომხატველ იმ „პორნოგრაფიულ“ გამოსახულებებზე, რომლებიც ასევე უხვადაა მშენებარე ფასადებზე დატოვებული...

მოკლედ, როგორც ხედავთ, სააკაშვილის ხელისუფლებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ თითოეულ მოქალაქეში, მათ შორის კალატოზში, ხუროსა და მებათქაშეში ლოზუნგების ავტორი, დაუოკებელი მეამბოხე გააღვიძა. ასე რომ, „ნაცმოძრაობის მამამთავარს“ ურჩევნია, არჩევნები აღარ გააყალბოს და თავისი გზით წავიდეს, თორემ ერთ მშვენიერ დღეს კეფაში ან ქაფჩა, ან თარაზო, ან გონიო მოხვდება, სხვა, უფრო მძიმე, ბლაგვ და, შესაბამისად, მეტი ზიანის მომტან სამშენებლო ხელსაწყო-იარაღებზე რომ არაფერი ვთქვათ...