„შსს-ში ყვარყვარეები ამოძრავდნენ“

„შსს-ში ყვარყვარეები ამოძრავდნენ“

ახალი მინისტრები უკვე მუშაობას შეუდგნენ და ნელ-ნელა საკუთარი უწყებების თანამშრომლებსაც ეცნობიან. „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ დეკლარირებული გეგმების თანახმად, ნებისმიერ უწყებაში მხოლოდ ხელმძღვანელი რგოლი შეიცვლებოდა, ხოლო ქვედა რგოლებბის თანამშრომლები საკუთარ ადგილებზე გააგრძელდებნენ მუშაობას. მინისტრები შეიცვალნენ, უკვე რამდენიმე მათგანის მოადგილის ვინაობაც ცნობილია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა უწყებაში ელოდებიან, ვის მოხსნიან და ვის დატოვებენ თანამდებობებზე. გთავაზობთ ინტერვიუს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთან, რომელიც ამ უწყებაში დასანიშნი კადრების, მოლოდინებისა და განწყობების შესახებ გვესაუბრება. ჩვენმა რესპოდენტმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ამიტომ პირობითად მას ქალბატონ ნინოდ მოვიხსენიებთ.

ქ-ნი ნინო (შსს-ს თანამშრომელი): „მოგეხსენებათ საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი გადადგა და მასთან ერთად პრაქტიკულად მთელი მისი გუნდი წავიდა, ანუ თანამდებობა დატოვა გრიგალაშვილის მოადგილე ბოლქვაძემ, ასევე საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსმა, რომელიც ასევე გრიგალაშვილის უახლოესი გარემოცვიდან იყო. საერთოდ, საპატრულო პოლიცია პრაქტიკულად არის სამინისტრო სამინისტროში, რადგან მასში თავმოყრილია პატრული, კრიმინალისტი, ექსპერტი, გამომძიებელი და ა.შ. მხოლოდ საკუთარი პროკურატურა და სასამართლო არ აქვს, თორემ დანარჩენი ყველაფერია საპატრულო პოლიციის სამმართველოში თავმოყრილი.

თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ შეიძლება დაინიშნოს გიორგი გრიგალაშვილის მაგივრად?

- საუბარია ვინმე ტალახაძეზე, რომელსაც აქებენ, კარგი ბიჭიაო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ადამიანი საპატრულო პოლიციაში მუშაობს და იმასაც ამბობენ, რომ მისი დანიშვნა კარგი მესიჯია, ანუ წესიერი კადრების წამოწევა იწყებაო, თუმცა ამავდროულად მის მოადგილეებად ისეთი ხალხი დასახელდა, ვინც მიუღებელია ბევრისთვის, და შესაბამისად, ალბათ საზოგადოებისთვისაც. საუბარია ვინმე ვერულაშვილზე, რომელიც ასევე პატრულში მუშაობს და რომელიც როგორც ამბობენ, „მიშისტია“. მას ჰყავს ასევე ძმა, რომელიც ექსპერტიზის სამმართველოში მუშაობს. თავის დროზე გრიგალაშვილმა ეს ვერულაშვილი სამმართველოს უფროსად დანიშნა, მაგრამ მან თავი ვერ გაართვა, რადგან ხელმძღვანელობა არ იცის და ამიტომ შემდეგ ის ისევ ჩამოაქვეითეს. ასევე საუბარია ვინმე ბენიძეზე, რომელიც თავის დროზე კეზერაშვილის და ახალაიების კადრად მოიაზრებოდა და, როგორც ამბობენ, ახლა დაწინაურების ამბიცია აქვს.

ამჟამად სად მოღვაწეობს ეს ბენიძე?

- ამჟამად იგი ქალაქის კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ყველაფერ ამის გამო, რაზეც ახლა გესაუბრებით, შსს-ს თანამშრომლებში გაჩნდა განცდა, რომ ხელმძღვანელ რგოლში ყველაზე მაღლა კარგი ტიპები ინიშნებიან, მაგრამ მათ ქვემოთ ისევ ის ძველი კადრები, რომლებიც საკმაოდ დისკრედიტირებულები არიან.

თვითონ პატრულში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. მაგალითად, არის გრიგალაშვილის მოადგილე, ოქიტაშვილი, რომელსაც საკუთარი სახე არასდროს დაუკარგავს, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია. ის რომ არ დატოვო და ვიღაც-ვიღაცეები მოიყვანო, ეს ძალიან ცუდ განწყობას გააჩენს უწყებაში. მისი გაშვება თავის დროზეც სურდათ, მაგრამ შემდეგ რომ ნახეს, პროფესიონალია და თავის საქმეს კარგად აკეთებს, დატოვეს, თორემ ის არც „ნაციონალების“ წევრი ყოფილა და არც ვინმეს მხარდამჭერი. ჯერ კიდევ ე.წ. „გაი“-ში მუშაობდა და იქიდან მოყოლებული ამ სტრუქტურაში მუშაობს და მისთვის ხელი არავის უხლია, რადგან თავისი საქმის პროფესიონალია. მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი უნდა დატოვონ და წამოწიონ, ხოლო ვინც წინა ხელისუფლებას იყო მიტმასნული, ახლა ახალ ხელისუფლებასაც რომ ეტმასნებიან, ძალიან ცუდი იქნება, ასეთები რომ დატოვონ, და მით უმეტეს, დააწინაურონ.

ზემოთ აღვნიშნე, რომ საპატრულო პოლიცია სამინისტროა სამინისტროში. მის შემადგენლობაში შედის ასევე ახალი სამსახური „112“, სადაც საკმაოდ პროფესიონალი კადრები მუშაობენ. ეს ადამიანები, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიყვანეს ამ სამსახურში, მთლად გაშვება არ უნდოდათ, მაგრამ უნდოდათ, რომ ეს ადამიანები არ ჩანდნენ და ამიტომ გადაისროლეს ამ სამსახურში. არ ვიცი, მათი ბედი ახლა როგორ გადაწყდება. საყურადღებოა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო, სადაც ხელმძღვანელობაში ძირითადად არაპროფესიონალები, სულ გარედან მოსული ხალხი მუშაობდა. ექსპერტიზა კი, მოგეხსენებათ, ძალიან სპეციფიური სფეროა და თუ სამმართველოს უფროსი არ იქნება პროფესიონალი, მისი მოადგილეები, განყოფილებების უფროსები და ქვედა რგოლის თანამშრომლები მაინც უნდა იყვნენ პროფესიონალები. ამჟამად კი ამ სამმართველოში განყოფილების უფროსების ზემოთ კვალიფიციური კადრები ფაქტობრივად არ მუშაობენ.

ეს არაპროფესიონალები დღესაც ინარჩუნებენ თანამდებობებს?

- დიახ და იმედი აქვთ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ და წინ წასვლაზეც ფიქრობენ. მაგალითად, საექსპერტო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე არის ვინმე ალთუნაშვილი, რომელიც „ნაციონალების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. ახლა კი თავს ამ გუნდის წევრად აღარ თვლის. ამიტომ ასეთი ყვარყვარეების გამოჩენა ჩვეულებრივ ამბად იქცა.

საინტერესოა, ასეთი ადამიანები თანამშრომლებში როგორ განწყობას იწვევენ?

- ეს ყველაფერი ძალიან ცუდ განწყობას იწვევს. ისეთი სიტუაციაა, რომ თუ ასეთი ხალხი დარჩა, ალბათ ბევრი წავა სამინისტროდან. ალბათ, ვიღაც იტყვის, ერთი პატრული წავა და მას სხვა ჩაანაცვლებსო, მაგრამ საერთო ჯამში კადრების ასეთი დინება საქმისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ეს რაც შეეხება პატრულს, მაგრამ ექსპერტიზაში საქმე უფრო რთულად არის, რადგან იქაური კადრების ჩანაცვლება ცოტა უფრო რთულია. საბოლოო ჯამში ალბათ ყველას ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ სამართლიანობის პრინციპი ხომ უნდა იყოს დაცული. ყველა სამსახურში არიან პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულად შეუცვლელები არიან. მაგალითად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში არის ვინმე ბოჭორიშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, ხელს არავინ ახლებს, რადგან თავისი საქმის პროფესიონალია და ჩუმად, წყნარად აკეთებს საქმეს. ასეთი ადამიანები უნდა დაფასდნენ. როდესაც ადამიანი ქვედა რგოლში თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებს და ბუნებრივია, დაწინაურების სურვილიც აქვს, როდესაც შენ მას უფროსად ვინმე არაპროფესიონალს დაუნიშნავ, ეს ადამიანი ხომ იჩაგრება?

ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი პოლიციის აკადემიაში, რადგან მართალია იქ ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი ასწავლის, მაგრამ ხელმძღვანელობაში იქაც უმეტესობა არაპროფესიონალია. ამდენად, შეიძლება გარედან ისე ჩანს, რომ ახალი მინისტრი მოვა და ძალიან მარტივად დაიწყებს მუშაობას, მაგრამ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება მას ძალიან გაუჭირდება.

ამდენად, თქვენი საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავეები შეცვალონ და თუ შესაძლებელია, თავად სამინისტროს ქვედა რგოლიდან მოხდეს ადამიანების დაწინაურება?

- დიახ, სწორედ ასეა. საერთოდ, სამინისტროში ასეთი ჭორიც დადის, რომ დაგეგმილია, სამი თვით ყველა თავის თანამდებობაზე დარჩეს, რათა ახალი მინისტრი დააკვირდეს, ვინ მუშაობს კარგად და ვინ არა, ხოლო ვინც ვერ იმუშავებს, სამი თვის შემდეგ შეიცვლება. ცოტა აბსურდულად მეჩვენება ასეთი მიდგომა, რადგან თუკი ადამიანს აქამდე არაფერი უკეთებია, იმ სამ თვეში რაღა უნდა გააკეთოს? პირიქით, ასეთი ადამიანები საქმეს უკან წაიყვანენ. რაც მერაბიშვილი შსს-ს ჩამოაშორეს და კონტროლი მოეშვა, ბევრი საქმე უკან წავიდა. მათ შორის ახალაიას მოსვლის შემდეგ ძალიან დიდი არეულობა იყო საფინანსო მთავარ სამმართველოში და იქ ძლივს დაალაგეს სიტუაცია.

აქვე გეტყვით, რომ პატრულს ჰყავს მონიტორინგის სამსახური, რომელიც პრაქტიკულად გენინსპექციის დუბლირებაა და გარკვეული სადამსჯელო ფუნქციები გააჩნია. მონიტორინგი შეიძლება იყოს საქმის ადგილზე გაცნობა, შესწავლა, დაკვირვება და ა.შ. შეიძლება დაიდოს დასკვნა, რომ ვიღაც რაღაცას კარგად ვერ აკეთებს და გადაწყვეტილებები უკვე უშუალო ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. ეს მონიტორინგის სამსახური კი თითოეული წვრილმანის გამო ეგრევე ყრიდა სამსახურიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ პატრულს მონიტორინგის ეს სამსახური სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდა, ისეთ კონტროლში ჰყავდა, რომ პატრულის თანამშრომლები ერთმანეთშიც კი ვერ ბედავდნენ ღიად საუბარს. ყოფილა შემთხვევები, რომ სრულიად უმიზეზოდ გაუშვიათ ადამიანი სამსახურიდან, რადგან მისი ვინმეთი ჩანაცვლება სდომებიათ. ამიტომ ამ მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებითაც ისეთი მოლოდინია, რომ თუ საერთოდ დასაშლელი და გასაუქმებელი არა, ყოველ შემთხვევაში იქ სერიოზული რეორგანიზაციაა ჩასატარებელი.

ახლა ისეთი სიტუაციაა, ბევრი ცდილობს ახალ მინისტრს კარგად მოაჩვენოს თავი და ფასადური მუშაობაც ძალიან კარგად იციან. საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლებიდან გამომდინარე, ბევრი ფიქრობს, რომ იგი შეძლებს ამ საქმეს თავი გაართვას, თუ მართლა იმას შეასრულებს, რასაც ამბობს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სამინისტროს საქმიანობის შესწავლისას ყველა რგოლამდე ჩამოვა და ყველაფერში ჩაიხედავს. პარალელს გავავლებ – როდესაც ვანო მერაბიშვილი დაინიშნა მინისტრად, იგი მართლაც ყველა რგოლამდე ჩამოვიდა, მივიდოდა განყოფილებაში, პირად შემადგელობაში მყოფ ადამიანებს ყველას ესაუბრებოდა, რაღაცეებს ეკითხებოდა და ა.შ. პატრულში – მით უმეტეს, ეკიპაჟებსაც კი სცნობდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ყველა ყველაფერზე ღიად საუბრობდა, შემდეგ უკვე ქვედა რგოლის თანამშრომლებს მათი უფროსები აკონტროლებდნენ და მინისტრთან და დანარჩენ ხელმძღვანელობასთან რაიმე პრობლემაზე საუბარს უკრძალავდნენ. ახლაც ბევრს არ ჯერა, რომ უკვე ღიად საუბარი შეიძლება.

აქვე აუცილებლად მინდა შევეხო, სამინისტროს საფინანსო სამსახურის მუშაობას, რომელსაც ვინმე ამირანაშვილი ხელმძღვანელობს და საკმაოდ კარგი პიროვნებაც არის, მაგრამ სამინისტროს თანამშრომლებში სერიოზული უკმაყოფილებაა მაგალითად პრემიების განაწილებასთან დაკავშირებით, რადგან პრემიები სულ მხოლოდ ხელმძღვანელობზე ნაწილდებოდა, საშუალო და ქვედა რგოლს კი არაფერი ხვდებოდა. ამიტომ ეს ყველაში უსამართლობის განცდას იწვევს. ძირითადად ხომ ყველგან ქვედა რგოლი მუშაობს და როდესაც ხელმძღვანელი პრემიებს ღებულობს, ხოლო ქვედა რგოლი - არა, ეს რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდას აჩენს.

ასეთი განწყობა არ არის მხოლოდ განსაკუთრებულ და სპეცდანიშნულების ნაწილები რომ არის, როდესაც მინისტრის მოადგილე ჯანაშვილი კურირებს. ამ ნაწილებში ჯანაშვილის მიმართ ძალიან კარგი განწყობაა და ალბათ იქ ყველაფერი უფრო სხვანაირად არის დალაგებული“.