"მინდა ვაიპოლიტიკოსებს შევძახო, - ავოიეეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არა გაქვთ?!.."

დღეს, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მისი უწყების სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებას გააკეთებს, ამის შესახებ "ალიასთან" საუბარში თავად მინისტრმა, განაცხადა "ამ თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს, საზოგადოებაში არ უნდა დარჩეს კითხვები!" ამ ცხელი თემის ირგვლივ, ვნებათაღელვა არ ცხრება, ფაქტობრივად, თავდაცვის უწყების განცხადებამ, "რესპუბლიკური" პარტია ოპოზიციაში გადააბარგა. მართალია, ისინი იურიდიულად ოპოზიციაში გადაბარგებას ჯერ არ აფორმებენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, "რესპუბლიკური" პარტია ალიანსს კრავს ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებთან"...

რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე მოსკოვიდან დაბრუნებული რეჟისორი გოგა ხაინდრავა? რა მიზნით იმყოფებოდა რუსეთში? სადაა ფოტო გადაღებული, რომელიც სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა, სადაც გოგა ხაინდრავა რუს რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინთან და მსახიობ ვერა გლაგოლევასთან ერთადაა (გოვორუხინი 2005 წლიდან პარტია "ედინნაია როსიას" წევრია. 2011 წელს კი მან "ედინნაია როსიას" ყრილობაზე ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. გოვორუხინი იყო პუტინის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ასევე დუმაში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე)?

მაშ ასე, "ალიას" კითხვებს გოგა ხაინდრავა პასუხობს:

თქვენს მოსკოვურ ვიზიტს დიდი ხმაური მოჰყვა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ვიზიტამდე პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზად არის, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას. თქვენი ვიზიტი უკავშირდებოდა თუ არა რაიმე ფორმით პუტინთან საქართველოს ხელისუფლების შეხვედრის წინამოსამზადებელ სამუშაოს?

- ჩემი ვიზიტი მოსკოვში უკავშირდება კინოს. ვიღებ დოკუმენტურ ფილმს საქართველოზე. მოსკოვის გარდა, ვიზიტს ვგეგმავ თურქეთში, აშშ-ში, ევროპაში და ბუნებრივია რუსეთში, რადგან რუსეთის გარეშე საქართველოს ბედი არ წყდება. ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე პრიმაკოვთან. მოგეხსენებათ,  ის წარმოშობით საქართველოდან არის, უკანასკნელი 30-წლეულის განმავლობაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა რუსულ პოლიტიკაში. რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა მასთან მოლაპარაკება, რომ ინტერვიუ მოეცა, ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერე. 85 წლის შესრულდა, სამწუხაროდ, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს... ინტერვიუში ლაპარაკია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ფიგურებთან მექნება ინტერვიუ, ზუსტად დღეს მქონდა აშშ-ში მოლაპარაკებები, გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთ ფიგურასთან ვწერ ინტერვიუს, რომელიც თავის დროზე მსოფლიოს ბედს განაგებდა, ასევე იქნება თურქეთში, ირანში, ევროპაში. ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი, რაც მთავარია, ქართული...

რაც შეეხება იმ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ის ადამიანები, ვინც ჩემთან ერთადაა ფოტოზე, მეგობრები არიან, გოვორუხინს 30 წელია ვიცნობ, ვერა გლაგოლევა ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარია. რაც შეეხება გოვორუხინს, ის ჩემთვის პოლიტიკოსზე მეტია, ის გახლდათ პუტინის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ის იყო რეჟისორი და რეჟისორად დარჩა. ერთად ვიყავით ჩვენი ახლობლის დაბადების დღეზე. სხვის მონასტერში როცა შედიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, მე არ ვწყვეტ, ვის მოიწვევენ იქ სტუმრად, გოვორუხინის გარდა, იქ იყო უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მიშა ლავროვსკი და ა.შ ყველას გვარს ახლა ვერ ჩამოგითვლით, სია გრძელია...

ვლადიმერ პუტინთანაც გეგმავთ ინტერვიუს ჩაწერას?

- არა, მასთან ნამდვილად არ მექნება ინტერვიუ, არ მგონია, ასეთი შესაძლებლობა მომეცეს. თუმცა გომბეშოების გასაგონად ერთ რამეს გეტყვით, შესაძლებლობა თუ მომეცემა, პუტინთან ინტერვიუს აუცილებლად ჩავწერ. ვფიქრობ, რომ გიჟებისა და მტრების მეტი არავინ ცდილობს ახლა რუსეთთან დაპირისპირებას, რადგან დღეს რუსეთთან დაპირისპირება არის მხოლოდ ჭკუიდან გადასული ადამიანის აზრი. ურთულესი მდგომარეობაა ჩვენს გარშემო, მიდის პრაქტიკულად გამოცხადებული ომი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მტრის მხარეზე მონაწილეობენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და მათ კვერს უკრავს უამრავი ვაიპოლიტიკოსი საქართველოში და რაც მთავარია, პრესა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიზანმიმართულად იხერხება ის ტოტი, რომელზეც ზის საქართველო, გუშინწინდელ წუმპეში დარჩენილი ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობენ, საქართველო დააბრუნონ იმ ბნელ დროში, როდესაც ჩვენ მონები ვიყავით, მაშინ როცა ზოგს თავისი უკანალი რუსეთისკენ ჰქონდა გაწეული, ზოგს ამერიკისკენ, დღესაც კი პოლიტიკოსების უმრავლესობა ჩოქბჯენში დგას და ზოგის ჩოქბჯენის მისამართია რუსეთი და ზოგის ამერიკა. ფიქრობენ, რომ იქიდან შემოსული "ორგანოები" შეძლებენ ვითარების მართვას... ასე აღარ იქნება ამ ქვეყანაში! ჩვენ ეს გზა გავიარეთ, დავამთავრეთ, ომში ვერ ჩაგვითრევენ. ახლა მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, შეიძლება სწორ დროს არ იყო ნათქვამი, მაგრამ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ, იმიტომ, რომ სააკაშვილი და ეს ბოროტმოქმედები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს ცეცხლში ჩაგდებას. მათი მიზანია ჩვენი ჩათრევა ომსა და უბედურებაში. მათ სხვა დანიშნულება და დავალება არასდროს არ ჰქონიათ არც რუსეთიდან და არც ამერიკიდან.

უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი შეუერთდებათ მათ, ფიქრობთ, რომ ეს მოწოდებები ძვირად დაგვიჯდება?

- ეს იარაღასხმული ვაჟბატონები, ტელევიზორში რომ მოუწოდებენ ქართველ მებრძოლებს, ახალაიას უახლოესი გარემოცვაა, ესენი არიან "ზონდერები", არც უკრაინისთვის მებრძოლები არიან და არც საქართველოსთვის, როგორ შეიძლება "ზონდერი" მებრძოლი იყოს?! ბოროტმოქმედები არიან, "ნაიომნიკები", მამაძაღლები, მინდა მათ ვუთხრა, - მამაძაღლები იყავით საქართველოში, როდესაც ახალაიას ბანდებში ბრძანდებოდით და ისეთივე მამაძაღლები ხართ, ოღონდ ამ მამაძაღლობას ახლა უკრაინაში სჩადიხართ. აქ ვერ გაგივიდათ, ახლა ცდილობთ, ის ქვეყანა გახვიოთ ცეცხლში და მოახერხეთ უკვე, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ეს "ზონდერები" ტყუილად არ იყრიან იქ თავს, ეს "ზონდერები" საქართველოსთვის მზადდებიან. იმ საწყალ ბიჭს რას ვერჩი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა უკრაინაში, იქ ადამიანები კეთილი ნებითაც იბრძვიან და მათ წინაშე ქედს ვიხრი, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი შემართებით აქ უნდა გვებრძოლა 2008 წელს. თუ ასეთი მეომრები გვყავდა, დღე-ნახევარში ომი არ უნდა წაგვეგო! საკუთარი სამშობლოს დაცვა ვერ შევძელით, სხვისი სამშობლო როგორ უნდა დავიცვათ. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივია ცხონებულ ალექსანდრე გრიგოლაშვილს მეტსახელი, მას "ჩუჟოი" ერქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული, ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე, მაგრამ ადამიანი, რომელიც შენ გვერდით შენი ქვეყნის დასაცავად იბრძვის, მას "ჩუჟოი" არ უნდა დაუძახო...

"ნაციონალურ მოძრაობას", ხელისუფლების კრიტიკაში "რესპუბლიკელებმა" თავზე გადაუფრინეს, სიტყვის ჩასაგდები ადგილიც არ დაუტოვეს, რა თამაშს თამაშობენ, ხომ არ იცით?

- ესენი არიან მამაძაღლები თავისი პოზიცია-ოპოზიციიანად. ვინც ეს დღეები "ურტყამდა" თავდაცვის მინისტრს, ყველანი არიან პოლიტიკური სპეკულანტები, პოლიტიკური "პროსტიტუტკები", სხვა მეტი ამას არავინ გააკეთებდა... დღეს ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ომში გახვევას, პირველად ხდება ის, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენთან არ გიზგიზებს ეს ცეცხლი, მაგრამ სააკაშვილი და მთელი "ნაციონალური" დაჯგუფება უკრაინაში გადავიდა, იმიტომ, რომ იქიდან დაატრიალონ უბედურება და გახვიონ ცეცხლის ალში. აქ კი ეს ვაიპოლიტიკოსები, ფარჩაკები, პოლიტიკური ფუნიდან ბიძინა ივანიშვილის ამოყვანილები, საქართველოს ებრძვიან. იმასაც ვერ ბედავენ, პირდაპირ თქვან, ბიძინა ივანიშვილს ვებრძვითო... დაბალი ღობე ნახეს ღარიბაშვილი და უტევენ. სინამდვილეში ბიძინას უპირისპირდებიან, მაგის უკანალი უნდა გქონდეს გამოხვიდე და თქვა, ვის ებრძვი, მაგრამ ვისთან მებრძოლები არიან, ეგ პოლიტიკური ფარჩაკები, ვეღარ "გაგულავდებიან" ამ ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მე უკრაინა მეცოდება, თორემ ისე უქნიათ, მთელი "ნაცმოძრაობა" წაუყვანიათ და მთავრობაში დაუნიშნავთ. რაც აქ მიიღეს, იქ უარესს მიიღებენ...

ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიისგან გასაკვირი არ არის ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ოპოზიციაში არიან, მაგრამ საოცარია "რესპუბლიკელების" მიზანმიმართული აგრესიული კამპანია ღარიბაშვილის წინააღმდეგ...

- "რესპუბლიკელებიც" ოპოზიციაში წავიდნენ, ის, რასაც დათო ბერძენიშვილი აკეთებს, მაგას ოპოზიცია ჰქვია. როცა იძახი, მთავრობას ტყავს გავაძრობო, კი მაგრამ, ეს შენი მთავრობა არ არის, შე კაიდედმამიშვილო?!. მაგ კოალიციის წევრი არ ხარ?! მაგათაც "თავისუფალი დემოკრატებივით" გამოსდით, ოპოზიციაში კი გადავედით, მაგრამ პარლამენტში თანამდებობებს ვერ დავთმობთო, ასე არიან "რესპუბლიკელებიც", კოალიციაში კი არიან, მაგრამ ოპოზიციონერობენ, თან ამერიკისკენ აქვთ უკანალი მიტრიალებული და იქიდან შესდით ენერგეტიკა, მაგრამ საქართველოში აღარც ამერიკული და აღარც რუსული ენერგეტიკა აღარ იქნება, თუ ვინმესთვის ქართული ენერგეტიკა იგივეა, რაც რუსული, ეს მისი პრობლემაა.

და მაინც, როგორ ფიქრობთ, რატომ გაერთიანდნენ "რესპუბლიკელები", "ნაციონალები" და "თავისუფალი დემოკრატები" ღარიბაშვილის წინააღმდეგ? მთავრობის გადაყენება უნდათ?

- მეც ეგ მაინტერესებს, რა უნდათ?! მაგათი ვერაფერი გავიგე, ახლა ვეკითხები მათ, რატომ ხერხავთ იმ ტოტს, რომელზეც სხედხართ? წარმოიდგინეთ, რამხელა დარტყმები ხდება შიგნიდან თუ გარედან, ვისაც არ ეზარება და ვისაც მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, ვისაც ხელი არ გაუშვია სააკაშვილის ერთ ორგანოზე, ყველა მაგათ აგინებს და ლანძღავს. ამის მიუხედავად, ქვეყანა რთულად, მაგრამ მაინც წინ მიდის. თუ ევროპისთვის დემოკრატიაა ის, რომ ბოროტმოქმედ, ძებნილ სააკაშვილს, მოქმედ პრეზიდენტზე წინ დასვამ ევროპარლამენტის დარბაზში, გავარტყი მე ეგეთ დემოკრატიას! ვისაც ჰგონია, რომ ბრიუსელსა და ვენაში, ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდება საქართველოს ბედი, მინდა ვუთხრა, აქ მოუწევთ ხალიჩაზე გამოსვლა, ქართველი ხალხი იქნება გადამწყვეტი და აქ ვიჭიდავებთ, ამ მოედანზე!

არის ვერსია, რომ "თავისუფალი დემოკრატები", "ნაციონალები" და "რესპუბლიკელები" გაერთიანებული ძალებით შეუტევენ მომავალშიც ხელისუფლებას და ეცდებიან ძალაუფლების ხელში აღებას.

- უკვე უტევენ, "დემოკრატები" და "ნაციონალები" რეზოლუციებით პარლამენტში ერთად გამოდიან. პირდაპირ ჩანს, რა დავალებაც მიიღეს იმ ბნელი ძალებიდან და მაკკეინისგან, მათ დავალებას ასრულებენ იმის იმედით, რომ ხელისუფლებაში მოვლენ. ჰგონიათ, მაკკეინი ვაშინგტონიდან მოიყვანს ხელისუფლებაში. ვერ მოიყვანს, ვერა! დასავლეთის ბნელ ძალებს არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვავს და არც მოსკოვის. ჩვენი ხელისუფლება მათთან თანამშრომლობს და მეტი რა უნდა გააკეთოს. ყველაზე დიდი ჯარი მთელ მსოფლიოში საომრად ჩვენ გვყავს გაგზავნილი, ყველაფერზე თანახმა ვართ და მეტი რა გავაკეთოთ?.. მაგრამ არა, მაგათ მონები სჭირდებათ, ისეთი, თითს რომ დააჭერ, გამოხტება სააკაშვილი და ყეფას დაიწყებს, როცა მოუნდებათ, თითის დაჭერით ლომაია ამოხტება და დაიწყებს ყეფას... ღარიბაშვილი ასე არ იქცევა და მით უმეტეს ივანიშვილი, იმიტომაც მიდის ეს შეტევა. ივანიშვილს უტევენ, იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, დღეს მუხა არის ივანიშვილი, ის უნდა მოიჭრას და ამაზეა ყველა დაგეშილი.

როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა გარდაუვალია?

- მაგას ივანიშვილის ნაცვლად მე ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა არის უმადურობა, დღეს ქართველ საზოგადოებას და განსაკუთრებით ქართულ პრესას, დიდი უმადურობა დაემართა. ეს არის ღმერთის სასჯელი, თორემ ივანიშვილმა თავისი გზა იცის, ჩვენ ვიკითხოთ. სულაც არ მადარდებს, ვინ რას დაწერს ჩემზე, მაგრამ ერთი რამ მინდა ვიკითხო, ხვალ დილას რომ გავიღვიძებთ და აღმოჩნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აღარ არის, როგორ იქნება საქმე? რას ფიქრობს ამაზე პრესა, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები? იქნება ვინმე გამოვიდეს და თქვას, - ხაინდრავა, ბიჭო, შე მეხოტბე, შენა, შე ივანიშვილის მთავრობის მოყვარულო, ჩვენა ვართ აგერ ის ძალა, რომელიც დაუდგება საქართველოს და ჭაპანს გასწევს. აიღოს ვინმემ თავის თავზე პასუხისმგებლობა, ვინ არის ასეთი?

თუკი ივანიშვილი დატოვებს საქართველოს, დიდი ალბათობით ჩვენ გავიღვიძებთ მოდერნიზებული სააკაშვილის საქართველოში...

- დედისმაგისამ, მიშას საქართველო დამთავრდა!.. მას მერე, რაც ბიძინამ გააკეთა, მიშას აწი ჩვენც ვეყოფით, მაგრამ ბნელი ძალების მეტი რა არის, გინდა ჩრდილოეთით, გინდა დასავლეთით, ის ძალები არსად არ წასულან, იმათ არ უნდათ თავისუფლად მოაზროვნე საქართველო, მათ დამონებული, "დაჩმორებული" საქართველო უნდათ!.. მეძავი საქართველო, რომელიც ფულზე იქითაც იძლევა და აქეთაც. ახლა აღარ არის ასეთი საქართველო და ერთ ადგილზე არიან გახეთქილები...

როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება უნდა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს?

- არ ვიცი, დღეს ვითარება რთულია, ასეთი დაძაბული ვითარება მსოფლიოში არც მახსოვს, როდის იყო. პრაქტიკულად, სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს უკრაინაში. ცენტრალურ ევროპაში ომი მიდის და არც ერთი მხარე აღარ მალავს, აღმოსავლეთში ომია, ცეცხლი უკიდია ნახევარ მსოფლიოს. თქვენ გესმით, რა ხდება მსოფლიოში, სად ვყოფთ თავს?.. რუსეთის ხელისუფლებამ ნატოსთან მიმართებაში კატეგორიული განცხადება გააკეთა, მინდა ვაი-პოლიტიკოსებს შევძახო, - ავოიეეე, თქვენ ყველას შიგ ხომ არა გაქვთ?!. რა გინდათ ამ საქართველოსგან, რას გადაეკიდეთ?.. ვიყოთ ჩვენთვის წყნარად, თუ რამის მიცემა შეიძლებოდა, "ნაციონალებმა" რუსეთს ყველაფერი მისცეს, კოდორი, ცხინვალი, ახლა იქიდან ცდილობენ, როგორმე თბილისიც წაგვართვან. აი, "ნაცების" ამ რიტორიკას არიან აყოლილები ექსპერტები, ჟურნალისტები, არასამთავრობოები. დღეს ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ნომერ პირველი მტერი ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი და სააკაშვილი არის საქართველოს ღირსება. ეს გაქცეული კურდღელი სააკაშვილი, ის ვითომმეომრები სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში?.. გამაგებინეთ, რატომ არ დავიცავით ჩვენი სამშობლო? აგერ უკვე მერამდენე თვეა, უკრაინა ომობს და ჩვენ დღე-ნახევარში დავნებდით... უკრაინას იანუკოვიჩის ხელში, ფაქტობრივად, ჯარი არ ჰყავდა და იქ რუსულ რეგულარულ ჯარს ებრძვიან მოხალისეები. გამაგებინეთ, ხალხო, აქ რატომ არ ვიომეთ, უკრაინიდან თითს რომ გვიქნევენ ასეთი მაგარი "მეომრები", აქ რომ ჩამოვლენ, იმ თითებს დავამტვრევთ! შეიძლება "ზონდერი" მებრძოლი იყოს?!. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა გვაქვს დასაცავი? ყოველდღე ცხინვალში კაცს იტაცებენ, გორთან დგანან რუსი სამხედროები. მართლაც ფურთხის ღირსია ეს საქართველო, სამარცხვინოა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ფარჩაკების ხელშია ეს ქვეყანა.

ამ კვირაში ტელეკომპანია "მაესტრო", ფაქტობრივად, დაიშალა და წამყვანებმა პრორუსულ კურსში დასდეს ბრალი "მაესტროს" მფლობელს კოტე გოგელიას...

- ნინო ჟიჟილაშვილი ხომ ვერ გიპასუხებთ, გოგელია აქამდე ფულს საიდან აძლევდა?! გუშინ ხელფასს საიდან იღებდა?.. ჩინეთში ცხოვრობდა ის გოგელია?!. ახლა გაახსენდა 25 ჟურნალისტს, რომ თურმე რუსული ტელევიზია კეთდება?.. აბა, აქამდე ჩინური იყო ეს ტელევიზია?.. როგორი რუსულიც მანამდე იყო, ახლაც ზუსტად იგივეა. "თავისუფალი დემოკრატებისა" არ იყოს, წამოვიდნენ და მერე აღმოაჩინეს, თურმე კურსი შეიცვალა. სანამ იქ იყვნენ, ეგ არ ჩანდა?!. ვერც "რესპუბლიკელები" ხედავდნენ ვერაფერს, ვერც "დემოკრატები" და ახლა აეხილათ თვალი... ყველა მიიღებს თავის საზღაურს, დარჩებიან თავის სამპროცენტიან არეალში, სადაც იყვნენ, ხოლო "ნაცები" მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნით, ოღონდ უფრო მწარედ. კოაბიტაციის ხალხი კი მაგათ უკან დაჰყვება. აქამდე არც მიფიქრია, რადგან ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ნეტავ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, მაგათ ვაჩვენებ, რა შედეგს მიიღებენ. ესენი გაჰყვებიან "ნაციონალურ" ნაგავს, "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები" და ისინი, ვინც კოაბიტაციაში იყვნენ "ნაცებთან". აქვე მინდა იმ არასამთავრობოებს მივმართო, დღეს რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ერთ ღამეში "ნაციონალურმა" რეჟიმმა დაიჭირა 200 ქალი, ეს ფაქტი ისე გაატარეს, თითქოს არც არაფერი მომხდარა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. სად იყო მაშინ ეს სამი არასამთავრობო "ლებედ, რაკ და შუკა" ენა რომ აქვთ გადმოგდებული?! ყველა "დაჩმორებული" იყავით, ახლა კი "გაგულავდით!" ვფიქრობ, რომ ასეთი დემოკრატიული ვითარება საქართველოში, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა, ჩვენს სამეზობლოში მსგავსი დემოკრატიის ნიშნებიც არ არის და მაგას ვერ პატიობენ, იმიტომ, რომ მონობას არიან მიჩვეული. ივანიშვილმა აჩვენა, აი, როგორია დემოკრატიული სამყარო, რაც გინდა თქვი, რაც გინდა გააკეთე, უკანონოდ არავის ჩაგრავენ და არავის იჭერენ, მაგრამ ამათ ხომ ზღვარი არაფერში აქვთ, ეს არის უტრაკოების ქვეყანა და ამათმა ზღვარგადასულობამ შექმნა სრული ბაკქანალია.