ომი თბილისის დინამოსთვის

ომი თბილისის დინამოსთვის

გემახსოვრებათ, ორი თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ შავი პიარი აგორდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულ კამპანიას ჰგავდა. ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას „დინამოსთვის“ ხელახალი ბრძოლა მოჰყვა.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის დაბრუნებას მისი ყოფილი მმართველები - მერაბ ჟორდანია და ლერი სულაბერიძე აპირებენ.

არის ვერსია, რომ ძველი მეპატრონეებისთვის „დინამოს“ დაბრუნების ინიციატორი იგივე ხალხია, ვინც ფეხბურთის ფედერაციაში ცვლილებები განახორციელა. რა თქმა უნდა, ჟორდანიასა და სულაბერიძეს არ ვგულისხმობთ. ისე ჩანს, თითქოს სამთავრობო ჯგუფისა და კლუბის ყოფილ მეპატრონეთა ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ყოველ შემთხვევაში, ოთხწლიანი დუმილის შემდეგ ჟორდანიას ასეთი მკვეთრი გამოსვლა სხვაგვარად ვერ აიხსნება. ის საჯაროდ მხოლოდ 18 ივნისს, დავით ყიფიანის სახელობის საბავშვო ტურნირის ფინალისას გამოჩნდა, გუშინწინ კი გაამხილა, რომ „დინამოს“ ყოფილი მეპატრონეები კლუბის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

ჟორდანიამ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ რეკეტიორობაზე ილაპარაკა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სპორტსაზოგადოება „დინამოს“ კუთვნილი საფეხბურთო კლუბი უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

„დინამო“ კლუბი შპს „ბერმუხა 92-მა“ (პრეზიდენტი მერაბ რატიანი) და მისმა პარტნიორებმა შეიძინეს. მათი მიწვევით, მერაბ ჟორდანია ისლანდიიდან (სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა) სამშობლოში დაბრუნდა, კლუბის პრეზიდენტი გახდა და აქციათა 10 პროცენტი ჩაიბარა, ამდენივე ერგო სპორტსაზოგადოება „დინამოსაც“.

„დინამო“ ქვეყნის პირველი კლუბის სტატუსს ინარჩუნებდა. ყველა კონკურენტს ერთი თავით აღემატებოდა, მაგრამ ყველაფერი მას მერე აირია, რაც 1995 წელს კლუბს საგადასახადო შეღავათები დაუწესეს. ამან „დინამოს“ მმართველებს შემდგომ წლებში უამრავი პრობლენა შეუქმნა.

1996 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნულმა კახა თარგამაძემ „დინამოს“ ბუღალტერიაში ჩაიხედა და ხსენებული შეღავათების პერიოდში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. მისი სამინისტრო ისეთი გაპარტახებული აღარ იყო, როგორც სამოქალაქო ომის დროს და გაჩნდა კლუბის დაბრუნების სურვილი. გახსოვთ თარგამაძის ცნობილი განცხადება - 117 ტრანსფერიდან კლუბის ბიუჯეტში ოფიციალურად არაფერი შესულაო.

...და დაიწყო ჭიდაობა „დინამოს“ დაბრუნებისთვის, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციური მეთოდები, გადაბირებისა და კლუბის მმართველთა ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობა. ჟორდანიას, აქციათა 49 პროცენტის საფასურად, მერაბ რატიანის „მოტეხვა“ შესთავაზეს, დანარჩენი 51 პროცენტი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩებოდა. ჟორდანიამ მეგობრებს არ უღალატა და შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

თუმცა წლების შემდეგ ჟორდანია მიხვდა, რომ ძველებური ფორმატით კლუბს ვეღარ შეინარჩუნებდა. საამისოდ, „დინამოს“ რეფორმირება გახდა საჭირო. 1999 წელს ჟორდანიას სიტყვებს - „დინამოს“ ახალი სისხლი“ სჭირდება“ - მისი მეგობრების განრისხება და ერთმანეთში დაპირისპირება მოჰყვა.

„დინამოს“ თავკაცი გერმანიაში საქართველოს მაშინდელი ელჩის კოტე გაბაშვილის კაბინეტში მოლაპარაკებას მართავდა ინგლისში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან. ამ უკანასკნელს „დინამოს“ აქციათა ნაწილის მიყიდვა თვით მუჰამედ ალ-ფაიედისთვის სურდა. „დინამო“ უნდა გაწევრიანებულიყო „ენიკის“ ჯგუფში, რომელიც იმ დროისთვის „ჩელსის“, „აეკ“-სა და პრაღის „სპარტას“ ფლობდა.

შეთანხმება ჩაიშალა იმის გამო, რომ რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა, ხოლო ქაღალდზე - დამოუკიდებელი სპორტსაზოგადოება „დინამო“, თავისი წილის გაზრდას ითხოვდა. მოკლედ ინგლისურმა ინვესტიციამ ჩაილურის წყალი დალია.

ამასობაში კახა თარგამაძე გააქტიურდა და თავისას მაინც მიაღწია: ჟორდანია და კომპანია კლუბს ჩამოაშორა, „დინამოს“ დაფინანსება კი სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტიდან გადაწყვიტა. ჟორდანიამ ამაზეც ღიად ილაპარაკა - თარგამაძემ „დინამო“ იარაღის ძალით წამართვაო. შსს-მ მშვენივრად გამოიყენა იმ ყბადაღებული საგადასახადო შეღავათების დროს აღმოჩენილი უამრავი დარღვევა, რომელშიც, სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის ბევრი ცნობილი ვეტერანის სახელიც ამოტივტივდა.

2001 წელს „დინამოს“ მთავარი აქციონერი მერაბ რატიანი ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით დააკავეს. ის სამ თვეში გაათავისუფლეს, სამინისტრომ კი „დინამო“ უკვე სრულად, 100 პროცენტით გადაიბარა, ხოლო პრეზიდენტად რევაზ არველაძე მოიყვანა.

თუმცა შსს-ს „დინამოს“ საპატრონოდ არც ცოდნა გააჩნდა და მით უმეტეს, არც ფინანსები. თარგამაძემ რუსეთში დაიწყო ბიზნესჯგუფების ძებნა. მოსკოვის „სპარტაკის“ მეპატრონეებს 51 პროცენტის შესყიდვა სურდათ, მაგრამ უარით გაისტუმრეს - ამ დროს, ჰორიზონტზე ბადრი პატარკაციშვილი გამოჩნდა...

„დინამოს“ აქციათა 80 პროცენტის მფლობელი მერაბ რატიანი კლუბის დაბრუნებას ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ითხოვდა. მას გვერდით ბიზნესმენი ჯონი გიგანი დაუდგა, მაგრამ... „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი“? აქ უფრო მნიშვნელოვანი არა პატარკაციშვილის, არამედ თარგამაძის ფიგურა გახლდათ - ბადრი დაპირისპირებას ყოველთვის ერიდებოდა...

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კლუბის მფლობელი მისი ოჯახია, ჟორდანია კი ამტკიცებს - „დინამოს“ მეპატრონის, ლონდონში მყოფ ვირტუალურ მმართველთა ვინაობა რეალურად უცნობიაო. ძველი მეპატრონეებიდან კი ყველაზე წონიანი წილის (80 პროცენტი) მფლობელი მერაბ რატიანი ამჟამად დაპატიმრებულია. მანამდე, ქართულ ფეხბურთში ის თბილისის „მერანის“ პრეზიდენტის რანგში გამოჩნდა, თუმცა ამ პოსტზე მხოლოდ ერთი თვე იმუშავა.

სხვათა შორის, საზოგადოებისთვის უცნობია ერთი დეტალი - ჟორდანიას მეგობრებმა კლუბის გამოსყიდვაზე პატარკაციშვილთან მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ილაპარაკეს და კომპენსაციაც შესთავაზეს, შეიგულეს ბიზნესჯგუფებიც, რომლებიც 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი დოლარის დაბანდებასა და „დინამოს“ აღორძინებას აპირებდნენ.

ჟორდანიას განცხადებებზე „დინამოს“ თავკაცები კომენტარისგან თავს იკავებენ. ბუბა ტყავაძის თქმით, ის ჯერ კარგად გაეცნობა ბრალდებებს და პასუხსაც ამის შემდეგ გასცემს.

და რა არის ამ ყველაფრის მორალი? კლუბი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ანუ ფეხბურთის ფედერაცია) სახელმწიფოსგან დაწესებულ შეღავათს არასდროს უნდა დათანხმდნენ, რადგან საბოლოო ჯამში, ეს მათი „ყურებით დაჭერის“ საშუალებაა. ამაზე მიუთითებს 1995 წელს დაწესებული შეღავათებიც, რაც მერე „დინამოს“ მმართველთა წინააღმდეგ გამოიყენეს. ამით სახელმწიფო ფეხბურთს სატყუარას უგდებს. როგორც უინსტონ ჩერჩილი იტყოდა - უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

სხვა საქმეა, ფეხბურთის განვითარებით სახელმწიფოს გულწრფელი დაინტერესება. შეღავათები და რეალური დახმარება სხვადასხვა რამაა.