„რუსთავი 2“ ღია აუქციონზე გამოდეს - ვინ დაინტერესდა ტელეკომპანიის ყიდვით?

„რუსთავი 2“ ღია აუქციონზე გამოდეს - ვინ დაინტერესდა ტელეკომპანიის ყიდვით?

„რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის და კონკურსს აცხადებს. ტელევიზიის ყიდვის სურვილი ღიად პრორუსული მედიასაშუალება „საქინფორმის" რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა გამოთქვა. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარი გამოცემის ვებგვერდზე გაავრცელა. „რუსთავი 2"-ის შესაძლო მყიდველთა შორის განიხილებიან ასევე გავლენიანი ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და გია ჯოხთაბერიძე.

ტელეკომპანიის სავარაუდო მყიდველებთა სია მხოლოდ ამით არ იწურება: ესენი შეიძლება იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია „იბერიის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდორმარე ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი და „ტელეიმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე.

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ყიდვას არ აპირებს და შესაბამისად, არც ქიბარ ხალვაშის მიერ გაცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ყიდვის მსურველთა შორის შესაძლოა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოიაზრებოდეს. მისი თქმით, „არ გაუშვებს აწყობილ სტრუქტურას მიხეილ სააკაშვილი ხელიდან და დღეიდან „რუსთავი2"-ისთვის ახალი ბრძოლა დაიწყება."

„პერსპექტივა შეიძლება იყოს რამდენიმე. ერთი, რომ იყიდოს ისეთმა ვინმემ, ვისაც სთხოვენ, რომ იყიდოს. მე არ მგონია, რომ ღიად მოინდომოს ვინმე დამოუკიდებელმა ფიგურამ „რუსთავი 2"-ის ყიდვა.

„ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს, თუ გაყიდვას გამოაცხადებს ხალვაში, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი ან ერთი პიროვნება, რომელიც ცხოვრობს დასავლეთში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სთხოვს, რომ იყიდოს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფული შეიძლება იყოს სხვისი, მაგრამ თხოვონ სხვას, რომ იყიდოს.

„ქიბარ ხალვაშის სურვილია გამჭირვალე კონკურსის წესით გაყიდოს, მაგრამ რეალობა როგორი იქნება, კაცმა არ იცის. არ გაუშვებს აწყობილ სტრუქტურას მიხეილ სააკაშვილი ხელიდან, გამორიცხულია. ყველანაირად შეეცდება, რომ მისმა კულუარულმა წარმომადგენლებმა იყიდონ, შეიძლება ეს ადამიანი იყოს ანგლოსაქსური გვარის მატარებელი. ასევე, შესაძლებელია ხელისუფლების მხრიდანაც იყო „რუსთავი 2"-ის ყიდვის სურვილი. ახლა ახალი ბრძოლა დაიწყება „რუსთავი2"-სთვის, რომელიც აწყობილი სტრუქტურაა და ბრენდიც," - განუცხადა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს."

ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.

კიწმარიშვილი ამბობს, რომ კომპანია „პანორამას" კუთვნილი წილების გასხვისება სხვა პირებზე იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ არ დასრულდება დავა მასა და „პანორამას" შორის ტელეკომპანიის 30%-იანი წილის მისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოტენციურ მყიდველებს კი მოუწოდებს, „ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს".

„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა.

„მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან სულ მცირე ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებას და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრის და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას.

„მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა რაც „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებების და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში.

„მაშინდელი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ქმედებით ისინი შეძლებდნენ ე.წ „კეთილსინდისიერ" მყიდველად გაესაღებინათ მომდევნო მფლობელები, თუმცა წლების შემდეგ ამ თვალთმაქცური გარიგებების მთავარმა გმირმა ქიბარ ხალვაშმა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მომდევნო მყიდველები ზეწოლაში და თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დღევანდელმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა აღნიშნული დავა და ყველა მომდევნო მყიდველი არაკეთილსინდისიერებად სცნო და „რუსთავი 2" ისევ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ ერთი ერთში მეორდება 2004 წელს „რუსთავი 2"-ის დაუფლების და სხვისი ქონებით უკანონოდ გამდიდრების მცდელობის მიზნით, ერთხელ უკვე გამოყენებული თაღლითური სქემა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით და შესრულებით.

„მათ ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ ამ სქემამ ერთხელ უკვე დააზარალა კომპანიის დამფუძნებლები (კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე) და ყველა მომდევნო მფლობელი და მოვუწოდებ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ნუ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს და ნუ დაეუფლებიან სადავო ქონებას," - ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში.

„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა განაცხადა, რომ ია კიწმარიშვილს სრული უფლება აქვს, „რუსთავი 2"-ის წილზე პრეტენზია გამოაცხადოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ია კიწმარიშვილი არის სამართალმემკვიდრე და მას აქვს სრული უფლება, პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო "რუსთავი 2″-ის წილების წაღების საქმეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე არ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მოხდა წილების დათმობა. მე და ჯარჯი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გავდიოდით იმ წნეხს... ჩვენზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა და ეროსისთან ცალკე მუშაობდნენ.

„ჩემთვის ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, რაზე შეთანხმდნენ, იყო თუ არა იძულება და ა.შ. მე მახსოვს, ეროსი იძახდა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ მე და ჯარჯის წაგვართვეს ტელევიზია, გამოძიებამ წესით იგივე უნდა აჩვენოს მასთან დაკავშირებითაც", - განაცხადა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში, სადაც ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, „რუსთავი 2-ის" საკუთრების დავის თემაზე დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა მიმდინარეობდა.