„ომამდე სააკაშვილი გამუდმებით ცდილობდა პროვოკაციების მოწყობას, - საეჭვო ვითარებაში ფეთქდებოდნენ ოსი ექსტრემისტები“

„ომამდე სააკაშვილი გამუდმებით ცდილობდა პროვოკაციების მოწყობას, - საეჭვო ვითარებაში ფეთქდებოდნენ ოსი ექსტრემისტები“

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთს ომი იმთავითვე სურდა და საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა. რუსეთის სურვილი განპირობებული იყო კოსოვოს პრეცედენტით... გარდა ამისა, რუსული მხარე პირად საუბრებში თურმე არ მალავდა, რომ ჩრდილო კავკასია ითხოვდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას. ვაშაძე ირწმუნება, რომ აგვისტოს ომამდე სააკაშვილის ხელისუფლება ყოველნაირად ახერხებდა პუტინის აგრესიის მოთოკვას.

პარალელურად, სააკაშვილიც იხ, სენებს პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის ნათქვამს, რომ რუსეთს საქართველოზე თავდასხმის გეგმა ჰქონდა.

ჯერ კიდევ 2006-ში პუტინმა გენშტაბს დაავალა, შეედგინა საბრძოლო მოქმედებების გეგმა საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებლად. ვლადიმერ პუტინის აღიარებით, უკვე 2006-07 წლებში მზად იყო აღნიშნული გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში. მზად იყო საიდუმლო კონვერტებიც, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი, რომელი სამხედრო ნაწილი როდის შემოვიდოდა საქართველოში როკის გვირაბით, სად უნდა გადასროლილიყო არტილერია და რომელი სამიზნეები უნდა დაებომბათ რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს ტერიტორიაზე.

რუსი გენერლების მტკიცებით, ბრძანების მიღებიდან ექვს საათში რუსული საბრძოლო დანაყოფები ჩრდილო კავკასიიდან ცხინვალის მისადგომებთან უნდა ყოფილიყვნენ გადასროლილნი, ხოლო ავიაციას უფრო ადრე - საათნახევარში უნდა დაებომბა ქართული პოზიციები.

გრიგოლ ვაშაძის ნათქვამს, თითქოს სააკაშვილის ხელისუფლება აგვისტოს ომამდე ყოველნაირად ახერხებდა პუტინის აგრესიის მოთოკვას, არ იზიარებს პაატა ზაქარეიშვილი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აგვისტოს ომამდე სააკაშვილის ხელისუფლება არანაირად არ ცდილობდა რუსეთის აგრესიის შეჩერებას, პირიქით, აღიზიანებდნენ კიდეც რუსებს.

პაატა ზაქარეიშვილი რამდენიმე ფაქტს იხსენებს, მათ შორის, ხურჩაში ავტობუსების დაწვის ფაქტს, რომელიც გამოძიებული არ არის, თუმცა ყველამ იცის, ვინც ჩაიდინა ეს საქმე. ეს მოხდა იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ყურადღება ამაზე გადატანილიყო. იყო კიდევ სხვა ფაქტებიც, კერძოდ, 2008 წლის 3 ივლისს ცხინვალში დიმიტრი სანაკოევის ესკორტზე მოხდა თავდასხმა, რომელსაც ვითომ ოსები დაესხდნენ თავს.

„სააკაშვილის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობდა კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების მოწყობას, სხვადასხვა დროს საეჭვო ვითარებაში ფეთქდებოდნენ ოსი ექსტრემისტები. გახსოვთ, ალბათ, როცა კოკოითმა ჩვენი ბიჭები აიყვანა ტყვედ, 60 ქართველი პოლიციელი დააჩოქა ცხინვალის ცენტრში. კოკოითის მხრიდან ეს სამარცხვინო საქციელი იყო, მაგრამ, ვინც დააჩოქა, ის ოსები სათითაოდ ყველანი დაიღუპნენ ტერაქტებისას. ოსებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ ქართულმა მხარემ მათზე შური იძია. სწორი იყო ქართული მხარის მხრიდან ეს საქციელი, თუ არასწორი, ამის განსჯაში ახლა არ შევალ, უბრალოდ, ასეთი მოქმედებები ტემპერატურას სწევდა. ამიტომ იმის თქმა, რომ ქართული მხარე ცდილობდა, სიტუაცია ომამდე არ მიეყვანა, არასწორია. ქართველებს რომ გაემარჯვათ ომში, მაშინ „ნაციონალები“ იტყოდნენ, რა მაგრები ვართო, მაგრამ მას შემდეგ, რაც წააგეს ომი, ტყუილებზე გადავიდნენ. განსაკუთრებით ახლა ტყუიან, თითქოს აგვისტოს ომამდე სიტუაციას აჩერებდნენ“, -აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, დასავლეთის იმედად ხომ არ სწევდნენ „ნაციონალები“ ტემპერატურას, განმარტავს, რომ „ნაციონალებს“ იმის იმედი ჰქონდათ, რუსეთი ვერ გაბედავდა ომს.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამას წინათ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მიშას მაკკეინი აქეზებდაო, არც ეს გამოირიცხება. თვით ამერიკელი სპეციალისტები აღიარებენ, რომ იმ პერიოდში ამერიკიდან ორი სხვადასხვა მესიჯი მოდიოდა. ერთი მესიჯი იყო სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ საომარი მოქმედებები, რადგან ეს იქნებოდა საქართველოსთვის კატასტროფა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული, იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, საქართველო არ წამოგებოდა პროვოკაციას და არ გაეღიზიანებინათ რუსეთი. თუმცა მოდიოდა მეორე მესიჯიც პრეზიდენტობის კანდიდატ მაკკეინისდგან, რომელსაც ანტირუსული კამპანია წინასაარჩევნოდ სჭირდებოდა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ლოგიკურია ნინო ბურჯანაძის მოსაზრება, რომ მაკკეინის ბანაკიდან მოდიოდა მესიჯები, „ბიჭებო, ნუ გეშინიათ, რუსეთი მაინც ვერ დაიწყებს ომს, ეს ძალიან რთული იქნება მისთვის და არ შერჩება, ამიტომ გააღიზიანეთ რუსეთი“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეს იგივეა, გალიაში მყოფი დათვის რომ არ გეშინია, ჯოხით აღიზიანებ მას და ამ დროს აღმოჩნდება, რომ თურმე გალია დაკეტილი არაა და ამის შემდეგ როლები იცვლება. ასე მოხდა 2008 წელსაც, სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ ეგონათ, დათვი გალიაში იყო გამოკეტილი, მაგრამ რუსეთი არ ყოფილა გალიაში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს, გია ბარამიძეს, სააკაშვილს და სხვა „ნაციონალებს“ შეუძლიათ, თქვან ყველაფერი, რაც კი მოესურვებათ. სამწუხაროდ, მათ კარგად იციან, რომ ჩვენი ხალხი თავს არ მოიკლავს იმით, ეს ყველაფერი გადაამოწმოს. ამიტომაც ავრცელებენ ასეთ ნარატივს, რომ როგორმე საზოგადოებრივი აზრი მათ სასარგებლოდ ჩამოაყალიბონ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პირადად მათ აგვისტოს ომის ინიცირებაში სერიოზული წვლილი მიუძღვით.

„ლოგიკურნი ვიყოთ, მათი ნათქვამის შემდეგ რამდენ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, წავიდეს, ჩაატაროს კვლევა, მოიძიოს მასალები და გადაამოწმოს ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ალბათ, ძალიან ცოტას, რაღაც ნაწილი მათ დაუჯერებს კიდეც. რაც შეეხება რუსეთის სურვილს აგვისტოს ომამდეც შემოჭრილიყო საქართველოში, თუნდაც ისეთ სახელმწიფოს, როგორიცაა რუსეთი, მასაც კი სჭირდება, ჰქონდეს ხელში მყარი საბაბი იმისთვის, რომ განახორციელოს სამხედრო აგრესია. რუსებმა იციან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ასე თუ ისე, მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა. სწორედ იმან, რომ მოხდა ცხინვალის დაბომბვა და მასზე შეტევის განხორციელება, რუსების სამხედრო და პროპაგანდისტულ მანქანას ხელში საბაბი მისცა, რომ მათ ეთქვათ, ეს იყო ჩვენი მხრიდან საქართველოს იძულება მშვიდობისკენ, ჩვენ ამით დავიცავით ოსი ერი განოციდისგან. რუსებმა ისიც იციან, რომ ეს ნარატივი მოქმედებს ევროპელ და ამერიკელ აუდიტორიაზე, იქაურ ისტებლიშმენტზე. სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს საბაბი რუსებს ხელში ჩაუგდო, რისი აღიარებაც „ნაციონალებს“ დღეს აღარ უნდათ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

არაგველი641 ქვეყნის მოღალატე-გამყიდველი ნაცბოზბანდა - ციხეში!
4 წლის უკან