საქართველო ქაოსის ძალების წინააღმდეგ

საქართველო ქაოსის ძალების წინააღმდეგ

საქართველოში ამ თვეში გამართული გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ, ახალი პრემიერმინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი იმას არკვევენ, თუ როგორ შეეწინააღმდეგონ იმას, რომ მათი პერსონალური მტრობა ღია ომში არ გადაიზარდოს.

ამ კვირის დასაწყისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტი შაშკინი ქვეყნიდან გაიქცა: „მე გადავწყვიტე დამეტოვებინა საქართველო იმ იმედით, რომ დავბრუნდები და მექნება შესაძლებლობა კვლავ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს“, გაამხნევა თავისი მხარდამჭერები შაშკინმა თავისი Facebook-ის გვერდით.

ფართოდ გავრცელებული ეჭვის თანახმად, შაშკინი იმიტომ გაიქცა, რომ თავი აერიდებინა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის პატიმრების წამებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელსაც ის 2009 წელს მართავდა. ამბავი ამ სკანდალის შესახებ ცნობილი გახდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ქართველმა ამომრჩეველებმა არჩევანი შაშკინის პოლიტიკური პატრონის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გააკეთეს.

ამ არჩევნებში ექსცენტრულმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ახალი კაბინეტის დაკომპლექტების შემდეგ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად. ივანიშვილის კარიერა მრავალფეროვანია: ღარიბი ადამიანი, რომელიც ოლიგარქი გახდა; გულუხვი ქველმოქმედი და საიდუმლო განდეგილი. მაგრამ ახლა ქართველებს აინტერესებთ, იქნება თუ არა ის საკმარისად ძლიერი ლიდერი, რომელიც შეძლებს ქვეყნის გაერთიანებას ღრმად პოლარიზებული არჩევნების შემდეგ.

სუსტი მმართველები საქართველოსთვის სახიფათოა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ქვეყანამ გადაიტანა სამოქალაქო ომი და ორი სასტიკი ტერიტორიულ-ეთნიკური კონფლიქტი, დიდწილად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნაციონალისტური პოლიტიკის გამო, რომელიც ქვეყანას 1991-92 წლებში მართავდა.

თუმცა, გაცილებით ძლიერი პოლიტიკოსი და გამსახურდიას მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძეც კი საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა იმ დაპირისპირებული კლანების გაკონტროლების საქმეში, რომლებიც ქვეყანაში 1991-93 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ გაჩნდნენ.

ქვეყნის დასავლელ მოკავშირეებს, კერძოდ კი შეერთებულ შტატებს, უზარმაზარი დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება დასჭირდათ იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და თავიდან აეცილებინათ ბინძური პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ახასიათებდა ყველა ახალი მთავრობის მოსვლას საქართველოში იმ დღიდან, რაც ქვეყანა გამოეყო საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელი გახდა 1991 წლიდან. აშშ-ის ახლადდანიშნულმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ივანიშვილი ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ცენტრში მოაქცია. (ნორლანდის სიმტკიცემ ზოგიერთ ხუმრობასაც კი დაუდო სათავე, მაგალითად იმას, რომ როდესაც ივანიშვილი დილით იღვიძებს, შეერთებული შტატების ელჩი უკვე სამზარეულოშია და ყავას ამზადებს).

არჩევნებიდან სამი კვირის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთელი ეს მძიმე სამუშაო დაფასდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღირსეულად აღიარეს მარცხი, და ივანიშვილიც დღემდე თავს იკავებს შურისძიების აქტებისგან მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. თუმცა წინ ბევრი პოტენციური საფრთხეა.

თავად ივანიშვილის პოლიტიკური ძალა, კოალიცია „ქართული ოცნება“, ნაკლებად წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. ის ცხრა განსხვავებული პარტიის ჭრელი ნაკრებია, პარტიებისა, რომლებსაც განსხვავებული პროგრამები აქვთ და ხშირად საკუთარი ძლიერი ლიდერით არიან წარმოდგენილნი. დღემდე ივანიშვილი შთამბეჭდავად ახერხებდა კოალიციის შენარჩუნებას. თუმცა, სერიოზული საფუძველი არსებობს დავფიქრდეთ, შეძლებს კი ის მომავალშიც თავისი მოკავშირეების კონტროლს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ივანიშვილს, შევარდნაძის მსგავსად, გაუჭირდება თავს მოახვიოს საკუთარი ნება იმ ოჯახურ კავშირებს, რომელიც საქართველოში ძლიერია. ეს წუხილი, რომელიც მის ერთწლიან კამპანიას გასდევდა, გამძაფრდა მაშინ, როდესაც მასთან დაახლოებული ადამიანების, მაგალითად, კოალიციის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის სატელეფონო საუბრის სავარაუდო საიდუმლო ჩანაწერები გამოქვეყნდა, დაკავშირებული შავ სამყაროსთან. სანიკიძე, რომელიც პარლამენტში შევარდნაძის მთავრობის დროსაც მუშაობდა, ამ ჩანაწერის მიხედვით, ამბობს, რომ მას არჩევნებში გამარჯვება იმისთვის სჭირდება, რომ მდიდარი გახდეს. არსებობს ფართოდ გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებიდან განდევნილ იქნა 2003 წლის სააკაშვილის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ივანიშვილის აღმავლობას აღიქვამს, როგორც შანსს იმისა, რომ საკუთარ სიმდიდრესა და ძალაუფლებას დაიბრუნებენ.

არასტაბილურობასთან დაკავშირებულ შიშებს დაემატა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ სულ რაღაც 18 თვეში ის პოლიტიკის დატოვებას გეგმავს. ერთი შეხედვით, ეს პოზიტიური ნიშანია, კეთილგონივრული ჟესტი, რომელიც ხაზს უსვამს იმის წინაპირობას, რომ დესპოტი არ გახდება. თუმცა ხელოვნური ლიმიტების დაწესებით იმ ვადებზე, რომელიც მან თანამდებობაზე უნდა დაჰყოს, პოტენციურად ზღუდავს მის ძალაუფლებას და ხელს უწყობს კონკურენტებს შორის ბრძოლის წაქეზებას შემდეგი თორმეტი თვის განმავლობაში, იმ დროს როდესაც საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში იქნება.

ოპონენტები შემდეგ კითხვასაც სვამენ: არის კი ივანიშვილი ამ საქმისთვის მზად? ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ მილიარდერს ორი კვირა დასჭირდა ეკონომიკური გუნდის შემადგენლობაზე ჩამოყალიბებისთვის, რითაც აძლიერებენ შიშებს იმის თაობაზე, რომ კოალიცია ხელისუფლებაში ისე მოვიდა, რომ არ გააჩნია სრულად გააზრებული გეგმა. მეტიც, მისი ზოგიერთი რჩეული კაბინეტში (პირველ რიგში, ფეხბურთის ვარსკვლავი და შემდეგ ბანკირად ქცეული კახი კალაძე, რომელსაც ორგანიზებულ კრიმინალთან კავშირში ადანაშაულებენ) აღძრავს შიშებს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის მთავრობა დაშორდება იმ ანტიკორუფციულ რეფორმებს, რომელიც დამკვიდრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის მიერ დასახელებულ რამდენიმე კანდიდატს იმაზე მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე სააკაშვილის მიერ დანიშნულ მათ წინამორბედს. (ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურად აღქმული კანდიდატურა თეა წულუკიანია, ადამიანის უფლებათა იურისტი, რომელიც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა). თუმცა, ბევრ სხვა შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღების ქაოტური პროცესი, რომელიც თან ახლავს ამ დანიშვნებს, ხაზს უსვამს წუხილს იმის თაობაზე, რომ ახალი პრემიერმინისტრი შეიძლება მზად არ არის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, კამპანიის ცხელი დღეების დასრულების შემდეგ.

სხვა დამკვირვებლები ღელავენ, რომ ივანიშვილს შეიძლება პრობლემები შეუქმნას იმან, რომ არ აქვს მკაფიო პოლიტიკური მრწამსი – პოტენციური პრობლემა, რომელიც ხაზგასმული იყო რამდენჯერმე მისი პოზიციის დრამატული ცვლილებით არჩევნების შემდგომ კვირებში. დღეისთვის, მისი განცხადებები იმის ვარაუდს აჩენს, რომ ის კოალიციის იმ პროგრესული წარმომადგენლების გავლენის ქვეშ იმყოფება, როგორებიც არიან რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები – მკვეთრად პროდასავლური ძალები. კამპანიის დროს, ივანიშვილი საკმაოდ ფრთხილი იყო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებაში, და ზოგჯერ მინიშნებასაც კი აკეთებდა, რომ ნაცვლად არჩევანისა პრომოსკოვურ ან პრონატოსეულ კურსს შორის, საქართველო უნდა დარჩეს ნეიტრალური. ახლა მან განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას პირველი ვიზიტით ევროკავშირს ეწვევა, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე თქვა, რომ უცხოეთში მისი პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში იქნებოდა.

მან დაადასტურა ასევე, რომ განავითარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სტრატეგიას, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება მის კამპანიისდროინდელ განცხადებებს, რომ გააუმჯობესებდა ურთიერთობებს რუსეთთან, რაც გაყინულია 2008 წელს ორ ქვეყანას შორის ომის შემდეგ. ეს ის ერთი შემთხვევაა, როდესაც მისი მხრიდან გადახვევა წინასაარჩევნო დაპირებებიდან შეიძლება მართლაც კომფორტული იყოს ბევრი ქართველისთვის (და საქართველოს ზოგიერთი მოკავშირისთვის), რომლებიც ღელავდნენ, რომ ივანიშვილი, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდოდა, პრორუსულ კურსს განავითარებდა. ეს იყო საფრთხე, რომელსაც ხაზს უსვამდნენ სააკაშვილი და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

მოსკოვის რეაქცია ივანიშვილის გამარჯვებაზე უხმო გახლდათ. კრემლმა ქვეყანას მიულოცა, და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები იმის იმედს აჩენს, რომ საქართველო მზად არის მეზობლებთან, მათ შორის, ორ პრომოსკოვურ გამოყოფილ ტერიტორიასთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – ურთიერთობების „ნორმალიზებისთვის“. თბილისი ამ რეგიონებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. მხოლოდ რუსეთმა და რამდენიმე ქვეყანამ აღიარა მათი დამოუკიდებლობა. ივანიშვილის კაბინეტის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ განაახლებს რუსეთთან ურთიერთობებს მანამ, სანამ მოსკოვს „საელჩოები“ ექნება ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქებში.

მართალია, ორივე პოლიტიკურმა ბლოკმა პირობა დადო, რომ ერთად იმუშავებდა, თუმცა დაძაბულობა იზრდება. 24 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა პარლამენტს მთავრობისთვის თავისი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, სხდომა ივანიშვილს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მწვავე ურთიერთბრალდებების სერიად გადაიქცა; სააკაშვილის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ივანიშვილს და ბრალი დასდეს, რომ ის უკვე მიღწეული წარმატებებისთვის ძირის გამოთხრას გეგმავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ უკვე დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ კოალიცია, რომ ის ზეწოლის გზით უმცირესობის წევრების გადაბირებას ცდილობს.

ეს, როგორც ჩანს, თავდაცვითი ნაბიჯია სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კოალიციას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მას გააჩნია სერიოზული შესაძლებლობა იმისა, რომ დაიწყოს გამოძიება ბოლო რვა წლის განმავლობაში ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. სააკაშვილის სამი მაღალი რანგის მოკავშირე (და ყოფილი მინისტრები) უკვე გაიქცნენ ქვეყნიდან. ყველაზე ცნობილი მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი შაშკინია. ბაჩო ახალაია გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ციხის სკანდალის შემდეგ სექტემბერში (მანამდე ახალაია იყო თავდაცვის მინისტრი, ასევე ციხეებზე პასუხისმგებელი პირი) და ქვეყანა დატოვა მალევე არჩევნების შემდეგ. ქვეყნიდან გაიქცა ასევე იუსტიციის ყოფილი ძლევამოსილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
foreignpress.ge