გოგლა ჟვანია: „სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე იყვნენ შეკრებილები და მსჯელობდნენ, რა მიეტანათ იმ ბინაში და როგორ დაელაგებინათ“

გოგლა ჟვანია: „სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე იყვნენ შეკრებილები და მსჯელობდნენ, რა მიეტანათ იმ ბინაში და როგორ დაელაგებინათ“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები პრემიერის გარდაცვალების დეტალებზე უკვე ღიად საუბრობენ. შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გამთენიისას საბურთალოს ქ.N53-ში მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მასთან ერთად იმავე ბინაში ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, რაულ იუსუფოვის გვამი იყო აღმოჩენილი. მათი გარდაცვალების მიზეზად მაშინვე გამათბობლიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია დასახელდა, თუმცა მოგეხსენებათ, ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

დღეს კი დეპუტატი გოგლა ჟვანია უკვე ღიად ადებს ხელს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა. ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ ისაუბრა.

„ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იყო აბსოლუტური ტყუილი და საპირისპიროს მეტყველებს ის მტკიცებულებები, რაც არსებობს. ზურას თანაგუნდელები, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე დღემდე ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან ზურას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სინამდვილეში. არც ბარამიძეს და არც მაჭავარიანს არ ჰქონიათ სურვილი, როცა შეკითხვები დავსვი, მოსულიყვნენ და დაინტერესებულიყვნენ, საიდან გამიჩნდა ეს კითხვები. ისინი ყოველთვის იყვნენ რუპორები და აკეთებდნენ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა. ხელისუფლებას კი სურდა სიმართლის მიჩქმალვა“, - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.

იგი მიიჩნევს, რომ გიორგი ბარამიძეს ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან, ჟვანიას განცხადებით, სუფრის სცენის ინსცენირებაში სწორედ ბარამიძე მონაწილეობდა.

„იმ ბინაში მიიტანეს საკვები, ბორჯომი, კონიაკი, როცა უბედური შემთხვევის სცენა დადგეს. ამას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და ამაში მონაწილეობდა ბარამიძე. ბუნებრივია, მას მოუწევს პროკურატურასთან ამაზე საუბარი. ვინ დაგეგმა ეს, ამას გამოძიება დაადგენს. არის კვალის წაშლის მცდელობა, დადგება პრობლემა მოწმეებთან დაკავშირებით და გაუჩინარდება ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ სიმართლეს მაინც დავადგენთ. მომხდარის უბედურ შემთხვევად გაფორმებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე. სხვები არ ვიცი“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საქმის მასალების გაყალბება პირადად ზურაბ ადეიშვილს ევალებოდა, ის აძლევდა მითითებებს თანამშრომლებს, რა მიმართულებით წაეყვანათ საქმე. გარდაცვლილი პრემიერის ძმა აცხადებს, რომ ადეიშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბარამიძისა და დაცვის წევრების ჩვენებები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მიერ მოკვლევის დასაწყებად მისი ძმის, დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადება საკმარისი საფუძველია.

აღნიშნულ თემაზე for.ge გიორგი ჟვანიას ესაუბრა.

გიორგი ჟვანია: „ეს ადამიანები - მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და ბარამიძე იყვნენ შეკრებილები და მსჯელობდნენ, როგორ მოეწყოთ ამის გაფორმება, რა მიეტანათ იმ ბინაში, სად და როგორ დაელაგებინათ და ა.შ. ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუფოვი უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

თუ გაქვთ ინფორმაცია, ვის მიერ მოხდა იმ ბინაში საკვების, სასმელის და სხვა ნივთების მიტანა?

- ეს ადამიანები, ვინც მე ჩამოთვალე, ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდნენ, მაგრამ კონკრეტულად ვინ მიიტანა ბინაში ნივთები ჩემთვის უცნობია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შესაძლებელია ეს დაცვის თანამშრომელს გაკეთებინა.

თქვენ ასახელებთ წინა ხელისუფლების პირველ პირებს. თქვენი აზრით, ამ საქმეში ისინი იმიტომ მონაწილეობდნენ, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ, თუ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ამას უკვე გამოძიება დაადგენს, რატომ მონაწილეობდნენ ამ საქმეში ეს ადამიანები და რა იყო მათი ინტერესი, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებდნენ. რატომ აყალბებდა გენერალური პროკურატურა ადეიშვილის ხელმძღვანელობით ამ საქმის მასალებს, ესეც გამოძიების დასადგენია.

ბატონო გიორგი, თქვენ საუბრობთ ზურაბ ჟვანიას უახლოეს გარემოცვაზე, რომელსაც წესით კარგად უნდა სცოდნოდა მისი ჩვევები და ბევრი ისეთი დეტალი, რაც უცხო ადამიანებისთვის უცნობი იყო. მიუხედავად ამისა, იმ ბინაში იყო ძეხვი, რომელსაც თქვენი ძმა არ მიირთმევდა, სიგარეტის ნამწვავებთან და ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებითაც (რაც ბინაში იყო ნაპოვნი) მაშინვე გაჩნდა კითხვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანებს, რომლებსაც თქვენ ასახელებთ, ამგვარი უზუსტობები რატომ გაეპარათ?

- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი ლაფსუსია და ხელახალი გამოძიების პირობებში სწორედ ეს ლაფსუსები იქნება ჩვენთვის ხელჩასაჭიდი. რატომ გაიპარა ასეთი დეტალები, იყო ეს არაპროფესიონალიზმის ბრალი, აჩქარების თუ ზერელე დამოკიდებულების, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა. კიდევ გავიმეორებ, რომ ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ბატონო გიორგი, თქვენ დღეს ამ ყველაფერზე ღიად საუბრობთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანია დაიღუპა, თუ გქონიათ მცდელობა, რომ ადამიანებს, ვისაც დღეს თქვენ ასახელებთ, დალაპარაკებოდით და მათთვის დაგესვათ კითხვები, რომლებიც გაწუხებდათ?

- მე შევხვედრივარ ბარამიძესაც, სააკაშვილსაც და ადეიშვილსაც. ბუნებრივია, შეკითხვები დამისვამს ამ ადამიანებისთვის, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ იმის ნაცვლად, დახმარებოდნენ (პირველ რიგში, სააკაშვილს და ადეიშვილს ვგულისხმობ), ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქმის მასალები გაეყალბებინათ, ამ ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობა შევწყვიტე.

რა თქმა უნდა, თქვენ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან, მაგრამ როგორც ცნობილია, ზურაბ ჟვანიას საქმეში ძალიან ბევრი მტკიცებულება გადანდგურებულია. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თუ არსებობს ისეთი ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარება?

- მე საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი. ბუნებრივია, არის მცდელობები, რომ მტკიცებულებები გაქრეს, ალბათ, ზოგიერთი მოწმეც გაუჩინარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამ საქმის მალე გახსნას.

ბატონო გიორგი, ხათუნა ხოფერიამ გააკეთა განცხადება, რომ არსებობს მაღალჩინოსანი, რომელსაც კონკრეტული პიროვნებისთვის უთქვამს, „ამ ხელებით დავახრჩვე ზურაბ ჟვანიაო“. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ არის ის ადამიანი?

- დიახ, მე ვიცი, ვინც არის ეს ადამიანი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ადამიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ მასთან დაკავშირებული ინფორმაციაც გადასამოწმებელია, ასე ხელაღებით ყველაფერს ვერ ვენდობით. გამოძიებამ ყველა ვერსია უნდა გაიაროს, ყველა ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გამოტანა.

ამ საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს?

- სავარაუდოდ გენერალურ პროკურატურაში შესაბამისი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება და ის გამოიძიებს ამ საქმეს.