ტოტალური დევალვაციის შემდეგ, როგორც იქნა, მთავრობა და ეროვნული ბანკი გონს მოეგნენ და ლარის გამყარებაზე დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მათი განცხადებები თუ გეგმა უკვე იმდენად მკაფიოა, რომ უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტა პირველი აგვისტოდანვე დაიწყებს გამყარებას და მნიშვნელოვანად გაიუმჯობესებს პოზიციას.
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.
ამ მიზნით, ეროვნული ბანკი 1-ელ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.
ლარის გამყარება რომ მოსალოდნელია, ამაზე მიანიშნებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილის განცხადებაც.
„არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, გამოვიყენებთ როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. არ დავუშვებთ ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის რეზერვების დონეც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია.
მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ დავიწყებთ ინტერვენციებს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა, თუმცა სებ-მა არავითარ ვადებს აღარ დაუცადა და უკვე 1-ლი აგვისტოდან იწყებს სავალუტო ბაზარზე დოლარის გამოტანას.
ლარის გამყარებას პროგნოზირებს ეკონომიკის მინისტრიც. თუკი რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავა ამ კუთხით არაფერს ამბობდა, დღეს, პირიქით, დადებით ტენდენციებზე საუბრობს. მინისტრის თქმით, ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში შექმნილი პრობლემები, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური საინფორმაციო ფონით და გარკვეული სპეკულაციური მოლოდინებითა და განცხადებებით.
„ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, ინფლაცია გეგმის ფარგლებში. მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა ლარის კურსთან დაკავშირებით - აქ ცალსახად ვხედავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ნეგატიური საინფორმაციო ფონი, სპეკულაციური განცხადებები. ზოგი ამას ნებსით აკეთებს, ზოგი - უნებლიედ და არის გარკვეული პანიკური განწყობების დათესვის მცდელობები. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას არანაირი ორგანული საფუძველი არ გააჩნია.
„ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ლარი დღეს ზედმეტად არის გაუფასურებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, ლარი არ უნდა იყოს ახლა ამ ნიშნულზე, რადგან ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე მოხდება საინფორმაციო ფონის ნორმალიზაცია, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველა, მათ შორის, სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უფრო სწრაფად მივიღებთ პროცესების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეკონომიკური პარამეტრები სრულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი უფრო ნორმალიზაციისკენ წავა. ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ამას ხელი“, - განაცხადა თურნავამ.
უფრო მკაფიო და კონკრეტულ პროგნოზს აკეთებს ფინანსთა მინისტრი, რომელიც ბოლო დრომდე საერთოდ დუმდა დევალვაციასთან დაკავშირებით. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ამას აცხადებს სრული პასუხისმგებლობით. ეს კი მოხდება უახლოეს დღეებში და კვირებში.
მინისტრის თქმით, თუ გაუფასურებულმა ლარმა დააგვიანა გამყარებისკენ სვლა, რაც მისი ორგანული და ბუნებრივი მდგომარეობაა, ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მოახდინოს ჩარევა ე.წ. ინტერვენცია, რათა ბაზარს მისცეს სიგნალი და პანიკა და ზედმეტი სპეკულაციებისთვის სივრცე მაქსიმალურად შეამციროს.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ჩაერევა თუ არა, ლარი მაინც დაიწყებს გამყრებას, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. დღეს ისაა არაბუნებრივად - ზედმეტად გაუფასურებულია. ეს მოვლენა უკავშირდება, რა თქმა უნდა, ბოლოდრონიდელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.