ადეიშვილის კადრებისთვის, რომლებმაც ნინო ბურჯანაძეს წყნეთის აგარაკი ჩამოართვეს, ახალ ხელისუფლებაშიც მოიძებნა ადგილი(VIDE0)

ადეიშვილის კადრებისთვის, რომლებმაც ნინო ბურჯანაძეს წყნეთის აგარაკი ჩამოართვეს, ახალ ხელისუფლებაშიც მოიძებნა ადგილი(VIDE0)

For.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ ახალ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის კადრები ინიშნებიან. კერძოდ, კახი კალაძის მოადგილედ გრიგოლ გობეჯიშვილი განიხილება, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ კი გიორგი ბაქრაძე დაინიშნება.

შეგახსენებთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრები წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად დავით ნარმანიას წარდგენისას განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში დაგეგმილია ამ სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტად გადაქცევა და დავით ნარმანია ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბოლოოდ ნარმანია ფინანსთა მინისტრის მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გახდება, მისი მოადგილე კი გიორგი ბაქრაძე იქნება.   

ახლა რაც შეეხება გრიგოლ გობეჯიშვილისა და გიორგი ბაქრაძის ე.წ. „ბექგრაუნდს“, გრიგოლ გობეჯიშვილი ჯერ კიდევ ნიკა გილაურის მინისტრობის დროს ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, ხოლო როდესაც გილაური ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, გობეჯიშვილს შემოსავლების სამსახური ჩააბარეს და ფინანსური პოლიციაც მას ექვემდებარებოდა. გრიგოლ გობეჯიშვილმა შემოსავლების სამსახურში შექმნა აუდიტის დეპარტამენტი, მძლავრი ფუნქციებით, დეპარტამენტის ხელმძღვანელად კი თავისი მეგობარი გიორგი ბაქრაძე დანიშნა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე ეკონომიკის  სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ. გობეჯიშვილი მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, გიორგი ბაქრაძე კი - სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსად. როგორც for.ge-ს წყარო იტყობინება, გობეჯიშვილისა და ბაქრაძის სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალიას დანიშვნის შემდეგ შეფერხდა. წყაროს ცნობით, პრეზიდენტ სააკაშვილს გობეჯიშვილზე ვერა ქობალიამ გარკვეული კომპრომატები მიაწოდა და ყველას გვახსოვს გაცეცხლებულმა სააკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილს "გათავხედებული და გაქსუებული მოხელე" რომ უწოდა.

პრეზიდენტმა ყვარელში მთავრობის გასვლით სხდომაზე ის დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომლის თანახმად ერთ-ერთი ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროს 3 ათასი კვადრატული მიწის ფართობის ყიდვას სთხოვდა და ამ მიზნით უწყებას წერილობით მიმართავდა. სააკაშვილმა ინვესტორის საპასუხოდ გობეჯიშვილის მიერ მიწერილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ინვესტორი ფოთის მერიაში გადაამისამართა.

"გრიგოლ გობეჯიშვილი თავის სამეგობროში ალბათ კარგ ბიჭად ითვლება. კარგი მჭამელია, კარგი მსმელი და ალბათ ქელეხებშიც დადის. ის ალბათ ბავშვებსაც ნათლავს და ქორწილებშიც დადის, მაგრამ მას საქართველო ალბათ არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის საქართველოს მთავარი პრობლემა და არა უცხოური აგრესია", - ყვიროდა მაშინ სააკაშვილი.

რა თქმა უნდა, გობეჯიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს და მას მიყვა ბაქრაძეც. For.ge-ს წყარო იტყობინება, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის კიდევ ერთ მოადგილედ სავარაუდოდ კახა ცერცვაძეც განიხილება, რომელიც ასევე ეკონომიკის სამინისტროშია ნამუშევარი. გიორგი ბაქრაძის შესახებ კი ჩვენთვის ის არის ცნობილი, რომ იგი კარგი შემსრულებელია, მაგრამ ინიციატივებით დიდად არ გამოირჩევა, რასაც დაავალებდნენ, უსიტყვოდ ასრულებდა. For.ge-ს წყაროს ცნობით, ბაქრაძეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და პროგრესულად მოაზროვნეც არ არის.

და ბოლოს, გრიგოლ გობეჯიშვილისა და გიორგი ბაქრაძის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მოხდა ნინო ბურჯანაძისთვის წყნეთის აგარაკის ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც ბაქრაძე მაშინ ქართული ტელეარხების ობიექტივშიც მოვხდა.