სოსო ცინცაძე: ბარამიძემ დიდი დრო დაკარგა დითირამბებზე, ბობოხიძე დედა ტერეზას ეჯიბრებოდა მიმტევებლობაში

სოსო ცინცაძე: ბარამიძემ დიდი დრო დაკარგა დითირამბებზე, ბობოხიძე დედა ტერეზას ეჯიბრებოდა მიმტევებლობაში

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში პარლამენტში უმცირესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას იხსენებს და ორივე მხარის შეცდომასა და უპირატესობაზე საუბრობს.

- გოგი ოჩიაურსა და ნუგზარ წიკლაურთან ბიძინა ივანიშვილის შეკამათებით დავიწყოთ. წიკლაური თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან თავაზიანობითა და ელემენტარული ტაქტით არასდროს გამოირჩეოდა. ამჯერადაც არავის დაუთმო პრიმადონას როლი და როგორც ყოველთვის, ყველაზე უხეში, უტაქტო იყო. იგი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი უწოდა ბიძინა ივანიშვილს. ეს გიჟს ნიშნავს. თუმცა ეს წიკლაურის პრობლემაა და მისი სტილია. მასზე საუბარიც არ ღირს. ჩემთვის უფრო საოცარი იყო კაკო ბობოხიძე. ასეთი თავაზიანი, ასეთი ტოლერანტული, ასეთი მშვიდობისმოყვარე და მაჰათმა განდის სამოსელში გამოწყობილი კაკო ბობოხიძე მე არ მინახავს. უბრალოდ, დედა ტერეზას ეჯიბრებოდა მიმტევებლობაში მაშინ, როდესაც მისი არგუმენტი ოპონენტებთან ხშირად მუშტი ყოფილა და არა გონებრივი არგუმენტები.

რაც შეეხება მხცოვან გოგი ოჩიაურს?
- საერთოდ აღარ მინდა, ხნიერ ადამიანზე ცუდი ვთქვა, მაგრამ მისი ქალიშვილი ხათუნა ოჩიაური არ ჩანს. ჩვეულებრივ, ისე ხდება ხოლმე, რომ ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა. აქ კი რატომღაც უკუღმა მოხდა - ნაციონალებს ყველაფერი უკუღმა ჰქონდათ, ეს შემთხვევაც უკუღმართია. თანაც, რომელი კანონმდებელი შეიძლება იყოს გოგი ოჩიაური?! ამიტომ, თუ ნუგზარ წიკლაურისთვის საპატიო და საამაყოც იქნებოდა, რომ გოგი ოჩიაურის გვერდით გამოდიოდა და ერთ ჰანგზე აკრიტიკებდნენ ბიძინა ივანიშვილს, არა მგონია, გოგი ოჩიაურისთვის ეს დიდად საამაყო იყოს და მას ღირსებას ჰმატებდეს. უკვე გამოიკვეთა ბარიერი, საიდანაც დაიწყებს უმცირესობა საპარლამენტო სესიებზე უმრავლესობის მისამართით ყველა შეტევას. აქ იქნება დაპირებების შესრულება-შეუსრულებლობის თემა.

 მათ შორის, პენსიები, აფხაზეთი და სამაჩაბლოს თემა?!
- ნუ ახლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა მხოლოდ მალაშხიას ინტერესის სფეროა. მალაშხიამ უკვე დაკარგა კომფორტული ცხოვრება, დროებითი კომისია... ნაციონალებს რომ გაემარჯვათ ახლა, სანამ ისინი იქნებოდნენ პარლამენტში, მანამდე დიდი ხნით იქნებოდა მალაშხიას დროებითი კომისიაც, შესაძლოა, 10-20 წლის მანძილზეც გაგრძელებულიყო მისი საქმიანობა. მალაშხიამ კი დაკარგა ეს პრივილეგია და ახლა იგი რიგითი დეპუტატია.

სწორედ ჩვენთვის მტკივნეული რეგიონებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საშიშროების შესახებ აღნიშნა მალაშხიამ და ამ იდეის გამზიარებლად პაატა ზაქარეიშვილი დაასახელა.
- მართალია, რესპუბლიკელებს საამისოდ თავიანთი კონცეფცია აქვთ, მაგრამ მალაშხიას პრობლემაა, რომ მან პირველად გაიგო რესპუბლიკელების კონცეფციის თაობაზე. თუმცა იმ კონცეფციაში, რომელიც რესპუბლიკელებმა ჯერ კიდევ 2003 წელს გამოაქვეყნეს, დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ არის საუბარი, იქ ფართო ავტონომიაზეა ლაპარაკი, კიდევ ბევრ პრივილეგიაზე, მაგრამ დამოუკიდებლობის აღიარებაზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. ეტყობა, მალაშხია არ იცნობს იმ კონცეფციას და ამიტომ მოხდა ამის გაზვიადება.

რას ემსახურებოდა გოგა ხაჩიძის ცინიკური გამოსვლა?
- მას დიდი ხანია ვიცნობ და კარგ ბიჭად ვთვლიდი, წესიერი, თავაზიანი იყო, თუმცა - უპრინციპო, რადგან პირადად მქონდა მასთან ურთიერთობა. მემკვიდრეობით მიღებული მაქვს პატარა აგარაკი ბაზალეთის ტბის რაიონში და იქ ბოლო წლებში ტყის საშინელი ჩეხვა მიმდინარეობს. რამდენჯერმე მივმართე გოგა ხაჩიძეს, ტყეს მიხედე, ბიჭო-თქო, თანაც, ტყის ჩეხვა გამიგია, მაგრამ ახალგაზრდა მუხებს ჭრიან. ახლაც, ერთი თვის წინ, ასევე, ორი-სამი წლის წინაც გამალებით ჭრიდნენ ახალგაზრდა მუხებს. გოგა ხაჩიძე სულ მპირდებოდა, გენერალურ ინსპექციას გავგზავნიო, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, როდესაც ახლა გოგა ხაჩიძე ტყის დამცველად გამოდის, ძალიან მერიდება, მაგრამ შეიძლება, მას შევახსენო, რომ ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ.

თავდაპირველად გია ბარამიძე სიტყვით რომ გამოვიდა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ინანიებდა. თუმცა შემდეგ მისი პოზიცია ნაციონალების სტილში გადაერთო.
- დიახ, ასე იყო. ბარამიძემ ძალიან დიდი დრო დაკარგა დითირამბებზე, შემდეგ უკვე რეგლამენტში ვეღარ ჩაეტია და ბოლოს შეკუმშულად, სქემატურად წარმოთქვა, რისი თქმაც უნდოდა. თუმცა ბარამიძესთან მიმართებით ერთი მომენტია აღსანიშნავი - სხვათა შორის, იგი სხვებზე ჭკვიანურად გამოვიდა. ჩემი ახალგაზრდობის დროს თბილისში ასეთი გამოთქმა იყო „სტოპერიოდი“ დაიჭირაო, ანუ მან თადარიგი დაიჭირა იმით, რომ თქვა, ყველა მთავრობაში არიან დამნაშავენი და შეიძლება, ჩვენს მთავრობაშიც გამოჩნდნენო. ე.ი. ბარამიძეს ესმის პასუხისმგებლობის მომენტი. თანაც, იცის, ვისაც აქვს ერთი ადგილი ძალიან სველი. ეს ყველაზე კარგად ბარამიძემ იცის. მან ისიც იცის, რომ ივანიშვილის ტონიდან გამომდინარე, მას აშკარად ეტყობოდა, რომ ივანიშვილი არ იქნება ისეთნაირად განწყობილი - რაც იყო-იყო, მორჩა და დავივიწყოთო. არა, ივანიშვილი განწყობილია იმისთვის, რომ ყველა დამნაშვე გამოაშკარავდეს.

დემაგოგიაში გამოცდილ ნაციონალებს ივანიშვილი გაუმკლავდა?
- მაინც ჩანდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად გამოცდილია, ვიდრე ისინი. ისინი ყველა „ტრუბაში“ არიან გადამძვრალნი და ყველა ღობეზე არიან გადამხტარნი. მართალია, ივანიშვილი ამბობს, სულ ერთი წელია, პოლიტიკაში ვარო, თუმცა ის ერთი წელიწადი იგი ოპოზიციაში იყო, დიდ პოლიტიკაში კი არ ყოფილა. ის, რომ მას აყადაღებდნენ, ქონებას ართმევდნენ, არ ნიშნავს მის დიდ პოლიტიკაში ყოფნას. ამიტომ ეტყობოდა, რომ ივანიშვილი ძალზე ემოციური იყო, გულთან ახლოს მიჰქონდა ყველა ნათქვამი, პირდაპირ ეკამათებოდა, ეს გამოუცდელობით მოსდიოდა. იგი არ არის საჯარო პოლემისტი პოლიტიკოსი, რომელმაც ზოგიერთი რამ ერთ ყურში უნდა შეუშვას, მეორედან გაატაროს. ბევრი რამ, რაზეც მან უპასუხა, არ იყო საპასუხო.

შეეძლო, არ ეპასუხა და თავი არ გაეყადრებინა?
- რასაკვირველია, კომენტარის გარეშე უნდა დაეტოვებინა. მართლაც ბევრ შეკითხვაზე, პირდაპირ რომ ვთქვათ, თავი არ უნდა გაეყადრებინა.

მაინც რომელ შეკითხვაზე არ უნდა ეპასუხა?
- თუნდაც იმაზე, რომ მას შეეძლო, ირონიული ერთი წინადადებით ეპასუხა გოგი ოჩიაურისთვის, რადგან გოგი ოჩიაურის გაღიზიანება და ღია აგრესიული სტილი საპასუხო შეკამათებას არ მოითხოვდა. თუ როდესმე კიდევ დადგება დრო და ივანიშვილი კვლავაც წარდგება პარლამენტში ოპოზიციის წინაშე, მაშინ ეჭვი არ მეპარება, ის სხვანაირად ილაპარაკებს. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილმა გუშინ კარგი გაკვეთილი მიიღო, თუ როგორ უნდა მოიქცეს ღიად პროვოკაციული და დემაგოგიური შეკითხვების ფონზე.

თქვენ აცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო გამოცდილი დემაგოგიური შეკითხვების საპასუხოდ, მაგრამ, იქნებ, ზუსტად ამ ინტრიგებსა და პროვოკაციებში გამობრძმედილ ნაციონალებთან სწორედ საკუთარი სიმართლითა და გულწრფელობით მოიგო?
- შესაძლოა, მაგრამ ეს ყველაფერი ივანიშვილის ნერვების საფასურად ხდება. ხომ იცით, რუსები როგორ ამბობენ, ნერვული უჯრედები არ აღდგებაო. ახლა ნერვიულობა არ ღირს. იცით, ივანიშვილს მომავალში კიდევ რამდენი სანერვიულო ექნება? იმავე ბიუჯეტთან, პენსიების ზრდასთან, დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით. არა მგონია, ახლა მალაშხია და კიდევ სხვები, მათ შორის, ჩიორა თაქთაქიშვილი, ისეთი დონის იყვნენ, რომლებთანაც უაზრო კამათში დრო უნდა დახარჯოს. თანაც, ივანიშვილმა უთხრა კიდეც რომელიღაც მათგანს, მე ვიცი, თქვენ მაინც ვერ დაგარწმუნებთო. როცა იცი, რომ მათ ვერ დაარწმუნებ, მათთვის დროც არ უნდა დაკარგო. ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულის პოზიციიდან უნდა ელაპარაკოს სხვას და თავის მართლების რეჟიმში არ უნდა გადავიდეს. ახლა ოპოზიციის მიზანია, ახალი ხელისუფლება, მინისტრებიდან დაწყებული, პრემიერით დამთავრებული, პრესის ქვეშ გამუდმებით ჰყავდეს, რათა მათ მუდმივად თავი იმართლონ, რომ დანაპირები ვერ შევასრულეთ, რადგან თქვენგან ცუდი მემკვიდრეობა გვერგოო. ახლა ნაციონალებზე კარგად დემაგოგია ვის ეხერხება?!

თავის დროზე გახსოვთ, ალბათ, ცხონებული ზურაბ ჟვანია გვიმტკიცებდა, მილიონი სამუშაო ადგილი შევქმენიო, რადგან მიწა დავარიგეო. ამაზე მეტი დემაგოგია რა გინდათ?! არადა, მიწა კი დაარიგა, მაგრამ ის მიწა დღესაც მოუხნავია, ანუ წლების წინ ჟვანიას მიერ დარიგებული მიწები დღესაც მოუხნავია. იქ ერთი მარცვალი ხორბალიც არავის მოუყვანია, რადგან ძვირი ჯდება, ხალხი მიწას ვერ ამუშავებს. მაგათ დემაგოგიაში ვინ აჯობებს?! მათი უმეტესობა ჟვანიას გაზრდილები არიან.

იმ ფონზე, როცა ნაციონალები ხედავენ, როგორია ქვეყნის რეალობა და შესაძლოა, მათთვის ეს გამოსვლები საბოლოოც იყოს და გამოიძიებენ მათ საქმეებს, საინტერესოა, მაინც რატომ აქვთ ასეთი გონორი და შემტევითი ტონი? ეს ძველი ტრადიციის გაგრძელებაა თუ კიდევ რაღაცის იმედი აქვთ, თუნდაც დასავლეთისგან მიღებული გარანტიების?
- იცით, რაშია საქმე? ნაციონალების ეს გუნდი, ვინც პარლამენტში მოხვდა, ფაქტობრივად, ტანკში სხედან. მათ საპარლამენტო ხელშეუხებლობა აქვთ. ამიტომ შოკიდან გამოვიდა მათი პარტია. სხვათა შორის, ეს ცუდი არ არის. შესაძლოა, ეს კარგიც იყოს იმ მხრივ, რომ უმრავლესობა არ დაკარგავს ბრძოლის უნარიანობას პარლამენტში ისე, როგორც ყოფილმა უმრავლესობამ დაკარგა. რატომ იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის მთელ წინასაარჩევნო კამპანიას ერთი კაცი ატარებდა?! ეს ერთი კაცი იყო სააკაშვილი, რომელიც დილით ერთ რაიონში ჩადიოდა, ჩაის ერთგან სვამდა, შუადღეს - მეორეგან გახლდათ, სადილზე - სხვაგან იყო და ვახშმობით კი სულ სხვაგან ვახშმობდა. იგი ყველგან გამოდიოდა და ხალხს ხვდებოდა. ახლა სხვა საკითხია, ეს ხალხი როგორ ჰყავდათ შეგროვილი. დანარჩენი ნაციონალები კი არ ჩანდნენ. წინასაარჩევნო კამპანიაში ბარამიძეც არ მინახავს, არც წიკლაური, გოკა გაბაშვილი, მხოლოდ ერთ კაცს ვხედავდი - ეს იყო სააკაშვილი, იმიტომ, რომ მაშინ უმრავლესობამ ბრძოლისუნარიანობა დაკარგა. უმრავლესობის მაქსიმა მაშინ ის იყო, რაც ძალიან გენიალურად გამოხატა თავის დროზე მაია ნადირაძემ. მან თქვა, თქვენ რაც არ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენს საქმეს გავაკეთებთო. ანუ, ეს ნიშნავდა, კამათის ღირსადაც არ გაგხდითო. ეს იყო მისი პასუხი, მაგრამ ახლა ეს აღარ იქნება. ამიტომ, ნაციონალები საბრძოლველად სულ მზად იქნებიან.

რისი რესურსი აქვს უმცირესობას, თუკი მათ საქმეებს საგამოძიებო ინსტანცია შეისწავლის და შესაძლოა, დღე-დღეზე მათი ადგილი იქ იყოს, სადაც იმსახურებენ?!
- ჯერჯერობით, ეს არის საზოგადოების განწყობაზე თამაში. პარლამენტში ივანიშვილისა და უმცირესობის შეხვედრას უსმენდა მთელი საქართველო. მაგალითად, ჩვენთან, ე.წ. შანხაის დიპლომატიურ აკადემიასთან, როგორც წესი, მანქანები გაჭედილია და ვერ გავდივარ, ახლა კი, მთელი დღის მანძილზე ცარიელი იყო. ქუჩაში არ გამოსულა არავინ და ყველანი ტელევიზორებთან ისხდნენ. რატომღაც უმცირესობამ გადაწყვიტა, რომ უმრავლესობისთვის დაპირებები ხაფანგი იქნებოდა. გადაწყვიტეს, ამ ხაფანგში გააბან და აქ გამოიჭირონ ახალი უმრავლესობა. ამიტომაც აწვებიან. სხვათა შორის, ამის სიგნალი მათ მერაბიშვილმა მისცა, როდესაც სპეციალურად გვერდით მოისვა ფინანსთა მინისტრი და თითო-თითო ლარი დაათვლევინა, თუ რამდენია ბიუჯეტში, რამდენი რესურსია უცხოური ვალუტა. სამი მილიარდი დოლარი უცხოური ვალუტა გამოვიდა, 2 მილიარდი ლარი კი თურმე ბიუჯეტში დევს. მერაბიშვილმა თქვა ერთი საინტერესო ფრაზა, ახალ მთავრობას ჩვენ ვუტოვებთ იმდენ ფულს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ყველა დანაპირების შესრულება.

სინამდვილეში, მათი დანატოვარი მხოლოდ 200 მილიონი ლარია და არა - 2 მილიარდი.
- ხადური ტყუილს არ იტყვის, რადგან ხვალვე გამოიჭრენ. მე მას ვიცნობ, ერთად ვიყავით თავის დროზე ნინო ბურჯანაძის ფონდში, ამიტომ, 200 მილიონსა და ორ მილიარდს შორის სერიოზული განსხვავებაა. შესაძლოა, სადღაც ვიღაცა ქსენია დიასახლისმა, რომელსაც უცებ არ მოუმატებენ პენსიას, თქვას, რომ მერაბიშვილი ხომ აცხადებდა, ახალ მთავრობას ყველანაირი დაპირების შესრულება შეეძლოო, ე.ი. ამ ფულს სადღაც სხვაგან ხარჯავენო.

ანუ ეს ქართველი ხალხის უკმაყოფილებაზეა გათვლილი თუ დასავლეთზე?
- თავად ის ფაქტი, რომ უმცირესობა იძულებული გახდა, რეიტინგით ჟონგლიორობა დაეწყო, მხოლოდ მათ სისუსტეზე მეტყველებს. ხალხს რეიტინგების მხოლოდ მაშინ სჯერა, როდესაც ამას გრძნობს საკუთარ ჯიბესა და მაცივარზე.

ბიძინა ივანიშვილმაც მათ ეს უთხრა.
- დიახ, ეს უთხრა სწორედ. თუ მაცივარი და ჯიბე ცარიელია, ბოდიში თქვენთან და, ეს რეიტინგები ცოცხივით გაიკეთონ ერთ ადგილას.

მათ არ აქვთ შიში, რომ, შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოში ზუსტად მათი სახელები გამოჩნდეს? თუ მათი ზედმეტი კრიტიკა მათთვის ერთგვარი გადარჩენის საშუალება იქნება, რომ ისინი პარლამენტში გამოთქმული მართალი სიტყვის გამო იდევნებიან?
- როდესაც დაიწყება ძიებები, რა მივიღეთ ჩვენ წიკლაურის გენიალური იდეით - ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით?! მთავარია, ქვეყანამ რა მიიღო. მათ ექნებათ საბაბი იმისთვის, რომ თქვან, ეს პოლიტიკური დევნაა. ბევრ მათგანს, ვინც დღეს პარლამენტშია, არა მგონია, სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი.  ხოლო, ვისაც დევნის ეშინია, ის უკვე საქართველოდანაა გაქცეული.

მაგრამ ბიზნესის მფარველობა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა მათი მხრიდან აუცილებლად იქნებოდა.
- ბევრისთვის იქნება, მაგრამ უმრავლესობისთვის, არა მგონია. არა მგონია, იგივე მალაშხია ან ოჩიაურის ქალი ვინმეს მილიონიანი გარიგების ობიექტად ექცია. ელიტარული კორუფცია იმიტომ ჰქვია, რომ ეს ელიტური კორუფცია იყო. ნაციონალების მთელი პარლამენტი კი ელიტა არ ყოფილა. ელიტა იყო მხოლოდ აისბერგის წვერი, წყალს ზემოთ ნაწილი.

ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვთ, ვინმეს შენიშვნა მისცენ.  
- ეგ არ შეიძლება, რადგან პარლამენტი საკანონმდელო სალაპარაკო ადგილია. დამნაშავე, როგორც ტერმინი, შეიძლება, გამოიყენოს მხოლოდ სასამართლომ. მანამდე, იმავე ამერიკაში, რიგითი პოლიციელი მკვლელს როცა იჭერს და ხედავს, რომ იქვე მოკლულიც არის და პისტოლეტიც დევს, დამნაშავეს მაინც ეჭვმიტანილს ეძახის. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია თქვას, რომ იგი მკვლელია.

უცხოელ დიპლომატებს რა შთაბეჭდილება დარჩებოდათ ამ დებატისგან?
- უცხოელი დიპლომატები ერთ რამეს დაინახავდნენ, რომ ძალიან საინტერესო პარლამენტი იქნება. მაგალითად, თავის დროზე მე პარლამენტის ქუთაისში გადატანის მომხრე გახლდით. ქუთაისში კი არა, სვანეთის ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც რომ გადაეტანათ პარლამენტი, ამის მომხრეც ვიქნებოდი. მაშინ გაზეთში დავწერე კიდეც, პარლამენტი კი არა, ერთი სამი სამინისტროც რომ გააყოლონ, უკეთესი იქნება-თქო. მაგრამ ეს პარლამენტი უკვე აღარ მემეტება ქუთაისისთვის, რადგან ძალიან საინტერესო იქნება. ამიტომ თბილისისთვის მინდა. ქუთაისელებს პარლამენტი მაინც გულზე არ ეხატებათ. მათ სხვა პრობლემები აქვთ. მე თვითონ მეუბნებოდნენ ქუთაისელები, მოდით, მუდმივი წყალი გაგვიკეთეთ და ეს პარლამენტიც თქვენი იყოს და კიდევ რაც გინდათო. მათ დასალევი წყალი არ აქვთ და ახლა პარლამენტი ედარდებათ?! ამიტომ პარლამენტი თბილისში უნდა გადმოვიდეს, ეს საინტერესო იქნება. სუპერუმცირესობად ქცევის პროცესი შეუქცევადია. მაგალითად, დღეს არ მესმოდა, რატომ იმართლებდა ივანიშვილი თავს და ამბობდა, თუ ვინმემ ნახა, რომ იქ თავისი ადგილი არ არის, ის ჩვენთან გადმოვაო. ამაზე პასუხიც არ უნდა გაეცა და უნდა ეთქვა, როცა თქვენ სიებს ადგენდით, რატომ შეიყვანეთ იქ ისეთი ხალხი, რომლის ერთგულებაშიც დარწმუნებულნი არ იყავით?! ე.ი. თქვენ ერთგულები ვერ შეარჩიეთ, რადგან ქვეყანაში აღარ იყო თქვენი ერთგული. სწორედ ეს უნდა ეთქვა ივანიშვილს. ვინ გარბის გემიდან, რომელიც იძირება?! კაპიტანი არ გარბის, არამედ გარბიან ვირთხები. დღეს შეიძლება, ჩაიძიროს მათი გემი, თუმცა კი, პრეზიდენტმა თქვა, ჯადოქრები ვართ და ბევრ საოცრებას გაჩვენებთო. სიმართლე თუ გინდათ, მე არ გამიხარდება, ნაციონალური მოძრაობა საერთოდ რომ გაქრეს. გამიხარდება, თუ ის შეიცვლება, ტრანსფორმირდება და ძლიერ პარტიად გადაიქცევა. ჩემი ბროლის ოცნებაა, ძლიერი ორპარტიული სისტემა. ისეთი, როგორიც ამერიკაშია, ბრიტანეთშია, საფრანგეთშია. ორი-სამი ძლიერი პარტია და არა ისევ ის, რომ დავუბრუნდეთ ერთ ოლიგარქიულ პარტიას, ერთ მონოპოლისტს და ორ-ორ ან სამ-სამ კაციან წარმომადგენლობებს პარლამენტში, როგორც ეს ადრე იყო. ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან დღეს არ ჩანს რეალურად მესამე პარტიის პერსპექტივა. ერთადერთი, თუ ნინო ბურჯანაძემ გააძლიერა თავისი პარტია, მას აქვს შანსი, რადგან სხვა პარტიები, 215 პარტიიდან ვინც იყვნენ, ისინი ვერასდროს გადალახავენ პარლამენტის მინიმუმს. ამიტომ, თუ ნაციონალებიც გაქრნენ და, როგორც თავად ამბობს, ივანიშვილიც წავიდა „ქართული ოცნებიდან“, კიდევ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. ეს მე უკვე სამჯერ ვნახე - გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს. მეოთხედ აღარ მინდა, ვნახო. დღევანდელი ნაციონალებიდან ბევრი მათგანი ამორტიზებული პოლიტიკოსია, მათი დრო წავიდა, მაგრამ, შეიძლება, ბირთვი დარჩეს, ანუ საზოგადოებაში ნაკლებად უარყოფითი განწყობის მქონე ადამიანები დარჩნენ და ამ ბირთვის ბაზაზე ახალი პარტია შეიქმნას. შეიძლება, სხვა სახელიც დაირქვან, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ნაციონალური მოძრაობის სახელი. იმავე ბრიტანეთში ზოგიერთმა პარტიამ ხუთჯერ შეიცვალა სახელი. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის, რომ სულ დაიშალოს ნაციონალური მოძრაობა, ქვეყნისთვის ცუდი იქნება, თუ საპირწონე პარტია არ იქმნება. ნაციონალურ მოძრაობაში რომ არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ეს ივანიშვილის პარლამენტში შეხვედრისასაც დავინახეთ. ჩვენ ვნახეთ იმავე ბარამიძის გამოსვლა, რაც დიპლომატიურად სწორად იყო აგებული. მართალია, რეგლამენტი ვერ ეყო და ვერ მოზომა, მაგრამ გამოსვლაში შეცდომა არ დაუშვია. დარწმუნებული ვარ, უცხოელები, რომლებიც მას უსმენდნენ, იმედგაცრუებულნი არ დარჩებოდნენ.