რატომ არ აწყობს რუსეთს ანაკლიის პორტის აშენება

რატომ არ აწყობს რუსეთს ანაკლიის პორტის აშენება

ანაკლიის პორტის აშენების აუცილებლობასთან დაკავშირებით პოლემიკა არ წყდება. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, პორტის მშენებლობის იდეა, რომელსაც 30-წლიანი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა. პირველი პროექტი 2001 წელს ინჟინერ სპარტაკ ერაგიას ავტორობით შეიქმნა, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობით არ იყო დაინტერესებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქმედი პორტი ბათუმში, ფოთში, ყულევში და სუფსაში, ვერ შეძლებდა იმდენი ტვირთის გატარებას, რამდენსაც ანაკლიის პორტი.

რა დატვირთვა აქვს ქვეყნის განვითარების პერსპექტივაში ანაკლიის პორტის მშენებლობას, ამის შესახებ "მთელი კვირა" პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პოლიტოლოგ კორნელი კაკჩიას თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას ქვეყნისთვის აქვს როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა.

"საქართველოსთვის, რომელსაც არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და მას ექნება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური დატვირთვა.

"ეს პორტი იქნება ქვეყნის კარიბჭე და დამაკავშირებული დასავლეთსა და აღმოსავლთს შორის. შეიქმნება დიდი ეკონომიკური ჰაბი და როცა ასეთი დატივირთვის პორტი გაქვს, ტვირთების გამტარიანობის თვალსაზრისით, ყოველთვის ჩნდება პოლიტიკური ინტერესი.

"რაც შეეხება ამ პორტის მშენებლობით რუსეთის დაინტერესებას. რუსეთს ანაკლიის პორტის აშენება, რა თქმა უნდა არ აწყობს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

"ეკონომიკური კუთხით იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი ნოვოროსიისკის პორტს ტვირთების ნაწილს წაართმევს, ანუ ეკონომიკურად ამ პროექტის განხორციელება მისთვის მიუღებელია.

"პოლიტიკური თვალსაზრისით კი, თუ ეს პროექტი დასავლეთის ინვესტიციებით განხორციელდა, გარკვეულ პრობლემებს უქმნის რუსეთს. ის კარგავს გავლენას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე და დასავლეთის ინვესტიციებით აშენებულ პორტს ვერ გააკონტროლებს.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება პორტის მშენელობასთან დაკავშირებული მოვლენები. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე დატოვეს თანამდებობები. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა და გამოჩნდება, ლობირებს თუ არა სხვა პროექტებს, (გახსოვთ იყო საუბარი ფოთის პორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით) თუ წინაღმდეგობრივი პოლიტიკა მხოლოდ ამ ჯგუფის მიმართ ქონდათ"- განაცხადა "მთელ კვირასთან" კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას თქმით, ანაკლიის პორტი შავი ზღვის აუზში იქნება ყველაზე მოკლე გზა, რომელიც აერთიანებს ევროპას და აზიას.

"შავი ზღვის აკვატორიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება არის სტრატეგიული ბიზნეს მიღწევა. თუ ნოვოროსიისკის პორტი 6 თვის მანძილზე ჩერდება, ქართული პორტები 2 თვით არის მხოლოდ უმოქმედო, ეს დიდი უპირატესობაა.

"თანაც ღრმაწყლოვანი პორტი ამ აკვატორიაში მხოლოდ ერთია -კონსტანცა. ასევე, ანაკლიის პორტი შავი ზღვის აუზში იქნება ყველაზე მოკლე გზა, რომელიც აერთიანებს ევროპას და აზიას. ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით კი ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

"ასევე ჩნდება ჰაბის გაკეთების საშუალება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ დაბალანსდება სიტუაცია, რადგან ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით რუსეთის, ჩინეთის და ამერიკის ინტერესები მნიშვნელოვან დონეზე იკვეთება"- განაცხადა "მთელ კვირასთან" ვახტანგ მაისაიამ.