ლარის მორიგმა ანტირეკორდმა იმდენად გააღიზიანა საზოგადოება, რომ უკვე ყველა სფეროს წარმომადგენელი უკმაყოფილებას დაუფარავად გამოთქვამს. ისინი უკვე კურსის არათუ დასტაბილურებას, არამედ გამყარებას მოითხოვენ და თანაც რაც შეიძლება მალე. არ დარჩა დარგი, რასაც ლარის დევალვაციას დიდი დარტყმა არ მიაყენა.
ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, მცდარია მიდგომა, თითქოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ხელს აძლევდეს და მხოლოდ იმპორტიორებისთვის იყოს წამგებიანი.
„იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ძალიან ხშირად ყოფენ და მიიჩნევა, თითქოს ექსპორტიორები ლარის გაუფასურებით ბედნიერი უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. პატარა, დოლარიზებული ეკონომიკა გვაქვს და ბიზნესი მისთვის საჭირო ფინანსურ კაპიტალს დოლარში ან ევროში იზიდავს. შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილება ერთ ნაწილში ექსპორტიორს ხეირს აძლევს, მაგრამ მეორე მხრივ, ფინანსური ვალდებულებები, რაც დოლარში აქვთ, გასასტუმრებელია.
საბოლოო ჯამში, არ მგონია, ლარის გაუფასურება მათთვის რამე განსკუთრებული ხეირი იყოს. ეს მცირე, დოლარიზებული ეკონომიკებისთვის თავის ტკივილად მიიჩნევა. 50-წლიანი კვლევა არსებობს, რომლის ანალიზიც ეკონომიკის ბევრ სახელმძღვანელოში დევს, თუ როგორ აფერხებს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკის განვითარებას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. დევალვაცია დაახლოებით 0.5-დან 1,5 პროცენტამდე აკლებს მშპ-ს“, - განმარტა ვეფხვაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
საფინანსო საკითხებში ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე კი ამტკიცებს, რომ შექმნილი ვითარება ნეგატიურმა მოლოდინმა გამოიწვია.
„კურსმა რყევა დაიწყო 25 ივნისის შემდეგ, მანამდეც ხდებოდა გაუფასურება, მაგრამ ეს უკვე პირდაპირ არის დაკავშირებული 20-21 ივნისის მოვლენებთან. რეალურად აქ საქმე გვქონდა რევოლუციურ სცენართან. სიტუაცია იყო რევოლუციური, დაკავებები და კადრები ადასტურებს ამ ფაქტს. ეს არის დიდი ნეგატიური მოლოდინის შემქმნელი, ადამიანები უყურებენ, რომ შეიძლება, რევოლუციური ცვლილებები მოხდეს. იმის შიშით, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება, მოქალაქეები იწყებენ უცხოური ვალუტის შეძენას, სწორედ ეს მოქმედებს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
ლარმა არსებობის ისტორიაში 2,92-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე დევალვაციას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს, რომელთა შორის სამ ძირითად ფაქტორს - რუსეთის, შიდა პოლიტიკურ პროცესებისა და „თიბისი ბანკის“ საქმეს გამოყოფს.
20-21 ივნისის ღამე, ასევე რუსეთის „რბილი ემბარგო“, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ნეგატიურად აისახა, რამაც ლარზე ცალსახად ნეგატიური გავლენა იქონია. რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ საქმის გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ნეგატიურ მოლოდინს ქმნის საზოგადოებაში, რაც ლარზე თავისთავად ისახება.
ქვეყნაში და მის გარეთ მიმდინარე ფაქტორებით ხსნის ლარის მკვეთრ გაუფასურებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.
„ბევრი საკითხის ერთობლიობა დაემთხვა, რომელმაც ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაზე, ესენი იყო თუნდაც არასწორი მონეტარული პოლიტიკა, ეროვნული ბანკის ჩაურევლობა, რიგითი ადამიანების პროვოკაცია, რომელმაც ლამის ჩამოშალა ეკონომიკა, ეგზოგენური ფაქტორები. თუ გავიხსენებთ, პირველად მდგომარეობა თურქეთის ფაქტორის შემდეგ დამძიმდა, როდესაც თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ დათმო პოზიციები. როგორც გვჩვევია, ამას ვუპასუხეთ სრული იგნორით, არ მოხდა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ბერკეტების გამოყენება, მერე ამას დაემატა სხვა ნეგატიური ფაქტორებიც“, - აცხადებს ბაირახტარი.
რაც შეეხება გამოსავალს, ეროვნული ვალუტის კურსის მდგომარეობის გაუმჯობესების გზად ექსპერტი ეროვნული ბანკის ჩარევას ხედავს.
„დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები. ქვეყანაში ნაკლები ვალუტა შემოდის, ჩამორჩენა გვაქვს ორი წელია ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეროვნული ბანკის არის ეროვნული პასუხისმგებელი ვალუტის კურსზე. ეროვნული ბანკის დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს ცალმხრივად ჩარევას ან ჩაურევლობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ლარს“, - განაცხადა ექსპერტმა.
აღშფოთებულნი არიან ბიზნესმენებიც. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია უახლოეს დღეებში კობა გვენეტაძისგან ითხოვს დიდი კონფერენციის ჩატარებას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარადგენს ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების რეალურ დასკვნას.
„რაღაც ცუდ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია წყნარად ჯდომა, როდესაც ყველაფერი ინგრევა გარშემო. ჟურნალისტებს უნდა ვთხოვოთ, რომ ყველა გადაცემა იწყებოდეს ლარის კურსით და ეკონომიკით, ხოლო მეორე საკითხი იყოს პოლიტიკური თემა. ჩვენ პირველ საკითხად გვაქვს პოლიტიკური თემა და მეორე - ეკონომიკა. ამიტომ ვართ დანგრეულები“, - ამბობს ჭყონია.
სტატისტიკოსო არჩვაძევ, თხაზარაძე-ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე პროცესები საზოგადოებას ისე კიდია ერთ ადგილზე, როგორც თხაზარაძე-ჯაფარიძეს ეკიდა ... საზოგადოება!