რისთვის ამზადებენ სოხუმის აეროპორტს - მოსკოვის საიდუმლო გეგმა

რისთვის ამზადებენ სოხუმის აეროპორტს - მოსკოვის საიდუმლო გეგმა

“საქართველოსთან ფრენების აკრძალვის შემდეგ უნდათ, რომ ეს ტურისტები გადაანაწილონ ყირიმსა და აფხაზეთში”

„საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებენ, რადგან ამას ესაჭიროება საქართველოს თანხმობა. რუსეთი ამას მხოლოდ თავისი ხაზებისთვის აკეთებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის ყველას ეკრძალება სოხუმის აეროპორტში ფრენა.

"რაც შეეხება თავად აეროპორტის შენობას, ომის შემდგომ რა მდგომარეობაშიც იყო, ისევეა ახლაც", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ლევან კიკნაძემ სოხუმის აეროპორტის განახლებისა და 26 ივლისს სოხუმის აეროპორტისთვის კოდ URAS-ის მინიჭების საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილად გამოაცხადა.

ამჟამად რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც მომდევნო თვის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს.

აფხაზური მედიით ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი უკვე მიიღო.

"იგულისხმება ის, რომ იქ განთავსდება როგორც სამოქალაქო ავიაცია, ასევე, სახელმწიფო ავიაცია - ეს არის სამხედრო ავიაცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური, სანიტარული ავიაცია", - აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრის განმარტებით, სოხუმის აეროპორტიდან ვერცერთი საერთაშორისო ფრენა ვერ განხორციელდება, რადგან ამისთვის აფხაზეთს სჭირდება საქართველოს ნებართვა. კიკნაძის თქმით, სოხუმის აეროპორტში ფრენებს ვერ განახორციელებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნებიც.

„(სოხუმის აეროპორტიდან) საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებენ, რადგან ამას ესაჭიროება საქართველოს მხრიდან თანხმობა, საქართველოს ნებართვა. ერთადერთი რა ფრენებიც შეიძლება, რომ განხორციელდეს, ეს იქნება რუსეთის ტერიტორიებიდან აფხაზეთის მიმართულებით, თორემ საზღვარგარეთ სოხუმის აეროპორტიდან ვერცერთი თვითმფრინავი ვერ გავა.

„ეს ტერიტორია აღიარებულია საქართველოს იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიად და საქართველოს თანხმობის გარეშე ვერცერთი ფრენა საზღვარგარეთ ვერ განხორციელდება. რუსეთი ამას მხოლოდ თავისი ხაზებისთვის აკეთებს.

"ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის, რომელიც დამოკიდებულია დღეს, ყველას ეკრძალება სოხუმის აეროპორტში ფრენა. რუსები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდონ აფხაზეთში. პრინციპში, ასეა თუ ისე, აფხაზეთი ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია თავისი ბუნებისა და ძეგლების გათვალისწინებით", - დასძინა მან.

ლევან კიკნაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის ტურიზმისთვის აფხაზეთს ძალიან დიდი მნშვნელობა აქვს და საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ის ეცდება, რომ სოხუმის აეროპორტი გამოიყენოს სათავისოდ:

„კრემლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ორი მიმართულება დარჩა - ყირიმი და აფხაზეთი. შესაბამისად, საქართველოსთან ფრენების აკრძალვის გამო, უნდა რომ ეს ტურისტები გადაანაწილოს ყირიმსა და აფხაზეთში. ამიტომ დაიწყო სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია, რომ იქ სწორედ, რუსი ტურისტების მიზიდვა მოხდეს.

„აფხაზებს ჩვენთან არ უნდათ არანაირი ურთიერთობა, თორემ ურთიერთობის ნება რომ იყოს, ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელოთ ფრენები. აქ არის პოლიტიკური საკითხი, თორემ იურიდიულად საქართველოდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება გვაქვს", - მიიჩნევს კიკნაძე.

მისივე თქმით, ამჟამად აეროპორტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან საქართველო-აფხაზეთის ომის შემდეგ მისი რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ კრემლს სოხუმის აეროპორტი დასჭირდა, სავარაუდოდ, შეძლებენ ერთ თვეში მის განახლებას.

„რაც შეეხება თავად აეროპორტის შენობას, ომის შემდგომ რა მდგომარეობაშიც იყო, ისევეა ახლაც. მაგრამ ისე, რომ ამ აეროპორტმა სრულფასოვნად იმუშაოს, ამის საშუალება მას დღესდღეობით არ აქვს.

"ტექნიკურად არის გაუმართავი, უფრო სწორად არ არის გამართული იმ დონემდე, რომ ფუნქციონირება დაიწყოს. ამიტომ გადაწყვიტეს მისი რეკონსტრუქცია. თუ კრემლმა მიზნად დაისახა მისი ამოქმედება და რეკონსტრუქცია ერთ თვეში, როგორ ვერ მოახერხებენ? რა თქმა უნდა, შეძლებენ",-აცხადებს ლევან კიკნაძე.