ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას აანონსებს. „Lazika TV“ ასე ერქმევა ახალ არხს.
„მე კრიზისმენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა“, - ამბობს ნიკა გვარამია და მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელისა და სამართლიანობის გუშაგის გარეშე.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი არ მალავს, რომ ერთი დღის განმავლობაში ფიქრობდა ქვეყნიდან წასვლას და დალაგებულ ცხოვრებაზე უცხოეთის მშვიდ ქვეყანაში, თუმცა ამგვარი ფიქრები მალევე განაგდო, რადგან ახალ ტელევიზიაზე დაიწყო ფიქრი, რომელიც გახდება ამ ქვეყნის მთავარი და საუკეთესო ტელევიზია.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამისთვის ინვესტიციებია საჭირო, ინვესტიციები არის კიდეც, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია. ამიტომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი აპირებს ძალიან მალე დაიწყოს საჯარო კამპანია ახალი ტელევიზიის დასახმარებლად და ამ საქმეში იმ ადამიანების იმედი აქვს, ვინც გულშემატკივრობს „რუსთავი 2“-ს.
ვინ გაიღებს თანხებს „Lazika TV“-დ გარდაქმნილი „რუსთავი 2“-ისთვის?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სათან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილმა, ვინც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და, ვისაც გააჩნია ფინანსური რესურსები, შეიძლება ერთჯერადი აქტი განახორციელოს და გარკვეული რესურსები გაიღოს გვარამიას ტელევიზიისთვის, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ტელევიზიის ასამუშავებლად, ეს კიდევ საკითხავია.
„ვფიქრობ, ეს გვარამიას მორიგი პროპაგანდისტული ფანდია. სინამდვილეში, მას ფონდები და ფინანსური სახსრები ახალი ტელევიზისთვის უკვე მოძიებული აქვს. მას რომ სახსრები არ ჰქონდეს, სხვანაირად ამ განცხადებას ნამდვილად არ გააკეთებდა. ვერ გეტყვით, საიდან მოიძია გვარამიამ ეს სახსრები - სააკაშვილისგან, ოფშორებისგან, ერთიც და მეორეც შეიძლება რეალური იყოს, რადგან, მოგეხსენებებათ, „ნაციონალებმა“ ბევრი ფული წაიღეს საქართველოდან და როგორმე ტელევიზიის გასახსნელ საწყის კაპიტალს გამონახავენ. რაც შეეხება საზოგადოების მხარდაჭერას, დონაციისა და შემოწირულობის გაკეთებას, გვარამიას ეს სჭირდება პროპაგანდისტული სურათის შესაქმნელად, რათა აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს ეს არის ხალხის ტელევიზია. რეალურად, „რუსთავი 2“-ის კოლექტივი დარწმუნდა იმაში, რომ ქიბარ ხალვაშთან ერთად ვერ მოძოვდნენ, ამიტომაც გადაწყვიტეს ახალი ტელევიზიის შექმნა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განმარტებითაც, გვარამიას განცხადება ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
ანალიტიკოსის თქმით, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან „ნაცმოძრაობა“ მედიასაშუალების გარეშე ვერ დარჩებოდა და ტელევიზიის გარეშე არსებობა „ნაცმოძრაობისთვის“ სერიოზული დარტყმა იყო. ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, „Lazika TV“ იქნება სრულმასშტაბიანი ტელევიზია, რადგან ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი წვდომა ინტერნეტთან. ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 50%-ს აქვს და, ვისაც აქვს ინტერნეტი, რატომ უყურებს მაინცდამაინც გვარამიას ტელევიზიას?
ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ახალი ტელევიზიის გახსნა ბიუროკრატიულ ბარიერებთან აღარ არის დაკავშირებული, სავსებით შესაძლებელია, გვარამიამ ახალი ტელევიზია გააკეთოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სათან საუბრისას აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს იმის პოტენცია ნამდვილად აქვთ, შექმნან კარგი ტელევიზია. უბრალოდ, ახალ ტელევიზიას დასჭირდება ფინანსები.
„გულწრფელად გითხრათ, ძალიან გამიკვირდება, თუმცა გამიხარდება კიდეც, რომ ასეთი ფინანსების მობილიზება „რუსთავი 2“-მა შეძლოს საზოგადოებრივი მხარდაჭერით. გვარამიასა და „რუსთავი 2“-ს ინვესტორები თუ ჰყავთ, ისინი შეძლებენ ახალი არხის შექმნას, მაგრამ მეეჭვება, მათ ინვესტორები ჰყავდეთ. უფრო მეეჭვება ის, რომ გვარამიას ისეთი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდეს, ახალი ტელევიზია შექმნას. ახლა მამუკა ხაზარაძე არ დააფინანსებს ამ საქმეს, ხაზარაძეს თავისი პრობლემები და მიზნები აქვს, „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებისთვის ხაზარაძე არ იბრძოლებს. რაც შეეხება სახელწოდებას, „ლაზიკა ტივი“ პირდაპირაა მინიშნება ლაზიკაზე, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზია, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია, ძალიან კარგიც იქნება, თუკი ახალი ტელევიზია შეიქმნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.